ბურანო

ვენეციაზე ამასწინანდელი წერილი იმით დავიწყე, თუ როდის შევიტყვე პირველად ამ მშვენიერი ქალაქის შესახებ. და რადგან კუნძულები მურანო და ბურანო იტალიის მარგალიტის განუყოფელი ნაწილია, ამ პატარა ჩანახატსაც მსგავსი დასაწყისი ექნება.
2000ების გარიჟრაჟზე ტელეკომპანია იმედი ყოველ კვირა საღამოს გიორგი თარგამაძის საავტორო გადაცემა დროებას გვთავაზობდა, რომელიც საინტერესო სიუჟეტების გამო მომწონდა – ჟურნალისტები საქართველოსა და უცხოეთში მომზადებულ რეპორტაჟებს გვთავაზობდნენ.
ერთ დღესაც დროების რეპორტიორი, თუ არ ვცდები გოგონა, მურანოზე და ბურანოზე გაემგზავრა და, როგორც დამამახსოვრდა, ძალიან ფერადი სიუჟეტიც მოამზადა.
ასე გავიცანი ეს ორი ულამაზესი და კოხტა კუნძული. ის ვიდეოდღიური ძალიან მომეწონა: ფერად-ფერადი სახლები და ქალაქები მანამდეც მიყვარდა, ზღვა ხომ ისედაც ჩემი სისუსტე იყო, ამას დამატებული საოცარი ნაკეთობები და… იმ ათწუთიანმა ჩანახატმა კი იქაურობის მონახულება გადამაწყვეტინა.

მას მერე დიდი დრო გავიდა. ორი წლის წინ კი, როცა ვენეციას ვესტუმრე და იქაურობას სამი დღით შევრჩი, ერთი სწორედ მურანოს და ბურანოს დავუთმე.

მე და ნინომ ორივე კუნძული ერთ დღეში მოვიარეთ და რადგან მურანოზე წინა ჩანახატში დავწერე, ამიტომ ახლა ბურანოზე გატარებულ საათებს გავიხსენებ.

თავშივე უნდა ვთქვა: ტურისტები ბურანოს ანიჭებენ უპირატესობას. ვენეციაში კუნძულების ამბავი რომ მოვიკითხეთ, გვირჩიეს პირდაპირ ბურანოზე წადითო, მაგრამ ჩვენ საკმაო დრო გვქონდა და მურანოს გამოტოვება დაუშვებლად მივიჩნიეთ. თუმცა ის კი უნდა ვთქვა, რომ კეთილისმსურველების რჩევები ნაწილობრივ მაინც გავითვალისწინეთ და ამ პატარა კუნძულს ბურანოსთან შედარებით ნაკლები დრო დავუთმეთ.

არაფერი წაგვიგია – ბურანო უკეთესი გამოდგა, თუმცა არც იმას ვიტყვი, რომ მურანოზე სანახავი არაფერია.

ვენეციიდან დილით გავედით და კუნძულამდე სულ ცრიდა. უცხოეთში დასასვენებლად წასულს ყველაზე ძალიან უამინდობის მეშინია და გემზე ასული იმას ვფიქრობდი, ვაითუ კუნძულებზე გამგზავრებით შეცდომა დავუშვით-მეთქი.

ვენეციიდან მურანომდე დაახლოებით ნახევარი საათი ვიმგზავრეთ. კუნძულზეც ავდარი დაგვხვდა, თუმცა დაახლოებით იმავე დროის და მანძილის დაფარვის შემდეგ, ბურანოზე მისულებს, უკვე მზე დაგვნათოდა და ეს ძალიან გამეხარდა.

მურანოსთან შედარებით ბურანო კიდევ უფრო ფერადი გამოდგა და ტურისტების სიმრავლეც აშკარად იგრძნობოდა: არავის არსად ეჩქარებოდა, ყველა აუღელვებლად სეირნობდა, ლამის ყოველ კუთხეში ფოტოებს იღებდნენ, ვიწრო ქუჩებსა და პატარა მოედნებზე, მაქსიმუმ ათ ტურისტზე გათვლილი კაფეები კი თითქმის სულ სავსე იყო.

ბურანოს არხები და ფერად-ფერადი სახლები იმდენად ლამაზია, რომ დრო თითქოს ჩერდება. და როცა მორიგ კაფეს ჩაუვლი და არომატული ყავის ან ახალგამომცხვარი პიცის სუნი თავბრუს დაგახვევს, მხოლოდ მაშინ მიხვდები რომ შესვენება და სულის მოთქმა აუცილებელია.

ამ ამბავში ძალიან გამიმართლა: ერთ პატარა მოედანზე ზუსტად იმ კაფეში შევედით, სადაც ჩემი საყვარელი ტურინის იუვენტუსის ლეგენდის, ალესანდრო დელ პიეროს მაისურები და სხვა რამე-რუმეები იყო გამოფენილი. მოკლედ, სანამ ნინო ისვენებდა, მე იქაურობას გულდასმით ვათვალიერებდი და ყველა ნივთის წარწერას ვკითხულობდი…

ცივი წვენის ან ყავის თანხლებით კაფეში დასვენება და თან ტურისტების შეთვალიერება ცალკე სიამოვნებაა. ათასი ფიქრი გაგიელვებს თვალში და ბოლოს, როცა გზის გაგრძელებას დააპირებ, უნებურად იმასაც გაიფიქრებ, რომ ცხოვრება მშვენიერია და მოგზაურობა კიდე ერთ-ერთი საუკეთესო საქმიანობაა.

მე თუ მკითხავთ, ბურანოზე ერთი-ორი დღის გატარებაც დიდებული იქნება. საითაც გინდა შეუხვიე, არსად დაიკარგები, სანახავი კიდე, მთავარი არხების გარდა, ტურისტებისთვის დაფარულ ქუჩებშიც ძალიან ბევრია. ფოტოგადაღებაზე ჩემსავით შეყვარებული კი ლამის ყოველ სახლთან თუ ხიდზე რაიმე საინტერესოს აღმოაჩენს.

მოკლედ, ვენეციისკენ თუ გასწევთ, მურანო და განსაკუთრებით ბურანო აუცილებლად გაითვალისწინეთ. მთავარია კარგი ამინდი იყოს, სიამოვნება – გარანტირებულია!

და ბურანოდან ვენეციაში გემით დაბრუნება კიდე არანაკლებ რომანტიულია. ლამპიონებით განათებულ ვენეციას ლამის წრე შემოვუარეთ და ძალიანაც ვისიამოვნეთ. ეს ქალაქი, მგონი, ზუსტად ამისთვის შექმნეს.

საუკეთესო სურვილებით 😉

 

ლაშა გოდუაძე
ჩემივე ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
ბურანო, იტალია; 2019 წლის 4 ოქტომბერი

ka_GEGeorgian