კალჩოს ქართველი რჩეული
საქართველოს ეროვნული ლიგიდან იტალიის სერია ა-ში გადასულმა ხვიჩა კვარაცხელიამ უდიდესი როლი ითამაშა ნაპოლის ისტორიულ, მესამე ტრიუმფში – სადებიუტო ჩემპიონატის 33 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.
განვლილი ცხრა თვის განმავლობაში ის სამჯერ გამოარჩია სერია ა-მ – აგვისტოში, თებერვალსა და მარტში. კვარაცხელია გახდა პირველი, რომელმაც ერთ სეზონში (თან სადებიუტო!) სამჯერ მოიგო თვის ფეხბურთელის წოდება, მათ შორის ზედიზედ. ამ ყოველივეს გათვალისწინებით ლოგიკურია, რომ სერია ა-მ ხვიჩა 2022-2023 წლების ჩემპიონატის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ აღიარა.
აღმოჩენაა!..
დიდებულია!..
ფანტასტიკურია!..
ზღაპრულია!..
ხატავს!..
კვარავაჯო…
კვარადონა…
აგვისტოში, ვერონაში გოლით აღნიშნული დებიუტის შემდეგ, ჩვენ ხშირად ვისმენდით ხვიჩათი აღფრთოვანებული იტალიელი და ევროპელი საფეხბურთო სპეციალისტების კომენტარებს. რამდენიმე საათის წინ ოფიციალური აღიარების დროც დადგა.
სერია ა 2018-2019 წლების სეზონიდან აჯილდოებს საუკეთესოებს. კვარაცხელია მთავარი ნომინაციის მეხუთე გამარჯვებულია კრიშტიანუ რონალდუს (2019; იუვენტუსი), პაულო დიბალას (2020; იუვენტუსი), რომელუ ლუკაკუს (2021; ინტერი) და რაფაელ ლეაუს (2022; მილანი) შემდეგ.
ორგანიზატორებს ასეთი წესი აქვთ: ერთ სეზონში ორ პრიზს ვერავინ მოიგებს. ეს აკრძალვა რომ არა, დიდი შანსია ქართველს საუკეთესო 23-წლამდელის ჯილდოც მიეღო, რომელიც იუვენტუსელ ნიკოლო ფაჯიოლის ხვდა წილად.
ხვიჩას, სეზონის მწვრთნელად აღიარებულ ლუჩანო სპალეტის, ჩემპიონატის ნომერ პირველ მცველს მინ ჯაე კიმს და საუკეთესო თავდამსხმელს ვიქტორ ოსიმენს სერია ა-ს თასები ხვალ, გენუის სამპდორიასთან მატჩის წინ გადაეცემათ. ხვალვე, ოღონდ მატჩის შემდეგ მიიღებს ნაპოლი ჩემპიონის თასს. იტალიის ეს ჩემპიონატიც, რომელმაც დაუვიწყარი ამბები გვაჩუქა, ამით დასრულდება.
ლაშა გოდუაძე
2023 წლის 3 ივნისი