კალჩო ახალ სარბიელებზე

იტალიური კლუბები სტადიონების განახლებას იწყებენ. გაძეტა დელო სპორტის ინფორმაციით, სერია ა-ს არაერთმა გუნდმა გამოისყიდა არენები და უახლოეს მომავალში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებსაც შეუდგება.

აპენინური საფეხბურთო ინფრასტრუქტურა არაერთხელ გააკრიტიკეს ფიფა-უეფას მაღალჩინოსნებმა. ბოლო ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო გახლდათ, რომელმაც რომში, სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც იტალია დიდი საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას ვერ იღებს, სწორედ დაბალი დონის სტადიონებია.

სერია ა-ს 20 კლუბის სარბიელიდან მხოლოდ 2 შეესაბამება უეფას საერთაშორისო სტანდარტებს: იუვენტუსის ალიანც არენა და უდინეზეს დაჩია არენა (ყოფილი ფრიული). სხვები, იგივე მილანის სან სირო და რომის სტადიო ოლიმპიკო კრიტიკას ვერ უძლებს.

ბოლო ინფორმაციით ატალანტამ ბერგამოს მერიიდან 9 მილიონად გამოისყიდა სტადიონი და ზაფხულში დაიწყებს ატლეტი აძური დ’იტალიას რეკონსტრუქციას. სამუშაოები 35 მილიონ ევროდაა შეფასებული და 2021 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს. ბერგამოს ახალი სარბიელი 23 ათას ქომაგს დაიტევს.

ფროზინონეს საკუთრებაშია ბენიტო სტრიპეს სახელობის სტადიონიც, რომელიც 16 ათას გულშემატკივარზეა გათვლილი. კლუბი არენას დამატებით 20 მილიონ ევროს მოახმარს.

სტადიო სანტა ელიას სრული რეკონსტრუქცია კალიარის დაახლოებით 60 მილიონი ევრო დაუჯდება. ქალაქის მერიამ უკვე დაადასტურა პროექტი. სამუშაოები ზაფხულიდან აიღებს სტარტს.

რაც შეეხება ფიორენტინას, ვენეციას და ემპოლის, ბოლო ინფორმაციით მათი წადგენილი პროექტების განხილვა დასასრულს უახლოვდება და ამ კლუბებსაც მალე მიეცემათ სტადიონების გარემონტების ან ახლის აგების საშუალება.

ყველაზე დიდი ინტერესით დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებას ელიან. გავრცელებული ინფორმაციით ოლიმპიკოს ნაცვლად ახალი სარბიელი სტადიო დელა რომა აიგება, რომლისთვისაც კლუბი დაახლოებით 600 მილიონ ევროს დახარჯავს.

გაძეტა დელო სპორტის ინფორმაციით, 2023 წლისთვის სერია ა-ს კლუბების უმეტესობას ახალი, თანამედროვე სტადიონები ექნება. ასეთ შემთხვევაში იტალია უპრობლემოდ მოიპოვებს მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 8 მარტი)

ka_GEGeorgian