კარლიტო

13 დეკემბერს, როცა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასული თექვსმეტი კლუბი დაწყვილდა, მადრიდის რეალს პარი სენ-ჟერმენი ერგო. მიუხედავად იმისა, რომ კარლო ანჩელოტის გუნდმა ჯგუფში მშვენივრად ითამაშა და პირველი ადგილი დაიკავა, წყვილის ფავორიტად პარიზული კლუბი ჩავთვალე.

საფრანგეთის დედაქალაქში ბოლო წამს წაგებული შეხვედრის შემდეგ რეალი სანტიაგო ბერნაბეუზეც მარცხდებოდა – საფინალო სასტვენამდე ნახევარი საათით ადრე ფრანგები კილიან მბაპეს გოლით იგებდნენ, ორი მატჩის ჯამში კი ამდენივე გოლით ლიდერობდნენ.

მაგრამ მერე ყველაფერი თავდაყირა დადგა: კარიმ ბენზემამ თავი გაიგიჟა და ჰეთ-თრიქით შეუძღვა კლუბს მეოთხედფინალში – 3:2.

იქ რეალს ჩელსი ერგო, თასის მფლობელი და მშვენიერ ფორმაში მყოფი გუნდი. მეც უპირატესობა კიდევ ერთხელ მივანიჭე ესპანელთა მეტოქეს. ბენზემამ ამჯერად სტემფორდ ბრიჯზე გაიბრწყინა და კვლავ სამი გოლით დატოვა მინდორი, თუმცა იმ 3:1ის მიუხედავად ვგრძნობდი, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი არ იყო და დიდებული მეორე სერია გველოდა.

ჩემი მოლოდინი მადრიდში ნაწილობრივ გამართლდა – ბრწყინვალე თამაში ვნახე, მაგრამ წყვილის გამარჯვებული ვერ გამოვიცანი. მიუხედავად იმისა, რომ სერიის დასრულებამდე თხუთმეტი წუთით ადრე ჩელსი 4:3ს იგებდა, მაინც ანჩელოტის ბიჭებმა გაიხარეს: ჯერ როდრიგომ გაისროლა, მერე ბენზემამ დაამატა და შინ 2:3ის მიუხედავად, სამეფო კლუბმა დუელი 5:4 მოიგო.

და რომ მეგონა ამ რეალის მაქსიმუმი ვიხილე-მეთქი, ზღაპრული ნახევარფინალების და დრამატული ფინიშის მომსწრე გავხდი: ფავორიტად ისევ ესპანელთა მეტოქე მიმაჩნდა და მანჩესტერული 4:3ის შემდეგ ვფიქრობდი, რომ სიტი ბერნაბეუზეც მოიგებდა. ასეც ხდებოდა 90ე წუთამდე და მეც მშვიდად ველოდი მსაჯის სასტვენს, მაგრამ ანჩელოტის ჯადოქრობებმა ისევ ააფეთქა სანტიაგო ბერნაბეუ და აი, სამწლიანი შესვენების შემდეგ რეალი ფინალშია.

და ეს ძალიან კარგია, რადგან კარლოს გუნდი ამ ფლეი-ოფში იყო ლამაზი, ეფექტური, ბოლომდე მებრძოლი და საოცრად შემტევი. ორჯერ წააგო პირველი შეხვედრა, ყველა ეტაპზე დათმო თითო ბრძოლა, მაგრამ მოიგო სამივე ომი! თან გაიმარჯვა შემტევი, სანახაობრივი ფეხბურთით და გულახდილად რომ ვთქვა, ვერც ვიხსენებ ლიგის სხვა ფინალისტს, რომელიც ფლეი ოფის სამივე ეტაპის ექვსივე თამაშში იყო ასეთი თავზეხელაღებული.

28 მაისს რეალი-ლივერპულია.

უპირატესობას კიდევ ერთხელ მივანიჭებ ესპანელთა მეტოქეს. საგაზაფხულო ამბების გათვალისწინებით, მგონია რომ იურგენ კლოპის დღევანდელი ლივერპული უფრო ძლიერი და მომაკვდინებელია, ვიდრე თუნდაც 2018 წლის მაისში იყო. თან, ისინი არნახულ ამბებს უმიზნებენ – სეზონის ოთხი თასით დაგვირგვინება სურთ.

მაგრამ ერთია რას ვფიქრობ მე, მეორე – თუ რას აპირებს კლოპი და მესამე, რას გადაწყვეტს ჭაღარა კარლიტო.

ამ რეალის საოცარი გაზაფხულის მთავარი შემოქმედი სწორედ ანჩელოტი მგონია და არა რომელიმე ვარსკვლავი, ბენზემასადმი, მოდრიჩისადმი, როდრიგოსადმი და მათი თანაგუნდელებისადმი პატივისცემის მიუხედავად.

იტალიელს, ვინც ამ დღეებში საოცარი რეკორდები დადო, საკმაო დრო აქვს ფინალისთვის მშვიდად და მაქსიმალურად კარგად მოსამზადებლად.

კარლო ანჩელოტიმ მშვენივრად იცის როგორ მოუგოს ლივერპულს ლიგის ფინალი.

2005 წლის სტამბოლური სიგიჟეც, ალბათ, არ დავიწყებია.

ხოლო ის, რომ ურთულესი სიტუაციებიდან შეუძლია თავის დაძვრენა, ამ გაზაფხულზე რამდენჯერმე ვნახეთ.

ასე რომ, ჩემი ფავორიტი წითლები პირველ რიგში ამ თმაშევერცხლილ ჯადოქარს უნდა უფრთხოდნენ, ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს საკლუბო მწვრთნელს.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 5 მაისი)
ფოტო: UEFA.com

ka_GEGeorgian