ჭადრაკი ფილმებში: არაჩვეულებრივი გამოფენა
…ქალებით ნუ გაერთობი! ქალი მეომრის პირველი მტერია, განსაკუთრებით ევროპის ტერიტორიაზე!
…სპილო ადამიანის ერთგული მეგობარია. უერთგულესი მეგობარია!
…მე რომ მოვკვდები, ჩემი დაზოგილი ფულით შვილები იმ წუთში ვოლგას იყიდიან!
ეს ფრაზები ელდარ შენგელაიას მიერ 1968 წელს გადაღებული სუპერპოპულარული ფილმიდანაა – „არაჩვეულებრივი გამოფენა“ პროვინციელი მოქანდაკის აგული ერისთავის (გურამ ლორთქიფანიძე) თავგადასავალს მოგვითხრობს. აგულის მამის, ჭადრაკის დიდი მოყვარულის, თადარიგის პოლკოვნიკის პიპინია ერისთავის როლს კი ვასილ ჩხაიძე (ფოტოზე) ასრულებს.
„არაჩვეულებრივი გამოფენის“ სცენარის ავტორი დღევანდელი იუბილარი, სახელოვანი ქართველი მწერალი, რეჟისორი, არაერთი პოპულარული ფილმის თანაავტორი, მხატვარი და უბრალოდ საოცარი ხელოვანი რეზო გაბრიაძე გახლავთ.
ბატონი რეზო 1936 წლის 29 ივნისს დაიბადა ქუთაისში. დღეს ის 82 წლის გახდა.
„სერენადა“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „არ დაიდარდო“!, „ფეოლა“, „ქვევრი“, „შერეკილები“, „მიმინო“, „ქინ-ძა-ძა“!, „პასპორტი“ – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ფილმებისა, რომელთა სცენარზეც ბატონმა რეზომ იმუშავა და რომლებიც საბჭოთა კავშირისა თუ უცხოეთის კინოფესტივალებზე არაერთი ჯილდოთი გამოარჩიეს.
მრავალი პრემიის ლაურეატი 1981 წლიდან მის მიერვე დაარსებულ მარიონეტების თეატრს ხელმძღვანელობს.
43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი ულოცავს ბატონ რეზოს დაბადების დღეს, ჯანმრთელობას და მხნეობას უსურვებს!
ლაშა გოდუაძე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 29 ივნისი)