ჭადრაკის დაფიდან მწვერვალებამდე
სპორტული ლიტერატურის მოყვარულებისთვის 2018 წელი გამორჩეული გამოდგა: საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის და სხვადასხვა გამომცემლობის თუ სპორტული ფედერაციის ძალისხმევით, რამდენიმე საინტერესო წიგნი დაიბეჭდა.
5 მარტს TBC გალერეაში ვეტერანი სპორტული ფოტოკორესპონდენტის, არაერთი პრემიის ლაურეატის, კოტორას – ალექსანდრე კოტორაშვილის გამოფენა და ალბომის „ალექსანდრე კოტორაშვილის 100 ფოტო“ პრეზენტაცია შედგა. საღამოს ორგანიზატორი სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია გახლდათ.
ქართული სპორტული ჟურნალისტიკის ვეტერანი წლების განმავლობაში მუშაობდა გაზეთ ლელოსა და სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებში, რამდენიმე ოლიმპიადაზე იყო აკრედიტებული, ბევრი ეფექტური და ლამაზი ფოტოს ავტორია, ალბომში კი ყველაზე გამორჩეული ნამუშევრები მოხვდა. გალერეაში მოეწყო კინოდოკუმენტალისტის გოგი თორაძის მიერ მის შესახებ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ფოტორეპორტიორის ჩვენებაც.
2018 წელს ქართულ სპორტში ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა შემოდგომით ბათუმში გამართული 43ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა იყო. ასეთ დიდ შეჯიბრს საქართველომ პირველად უმასპინძლა: ბათუმს თითქმის 5 ათასი სტუმარი ეწვია მსოფლიოს 180 ქვეყნიდან!
სწორედ ოლიმპიადის დღეებში გაიმართა ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის ზურაბ აზმაიფარაშვილის შესახებ გამოცემული ორტომეულის – საქართველოდან ევროპისკენ – პრეზენტაცია. უხვად ილუსტრირებული წიგნი-ალბომის პირველი ნაწილი მის კარიერაზე მოგვითხრობს, მეორე ნაწილი კი ევროპის ჭადრაკს ეთმობა. გეცოდინებათ: აზმაიფარაშვილი 2014 წლიდან ხელმძღვანელობს ევროპის საჭადრაკო კავშირს.
საქართველოდან ევროპისკენ ავტორი საერთაშორისო დიდოსტატი კომპოზიციებში, საჭადრაკო ეტიუდების შედგენაში მსოფლიოს 2გზის ჩემპიონი დავით გურგენიძე გახლავთ.
მთამსვლელობის და თავგადასავლების მოყვარულები ვეტერანმა სპორტულმა ჟურნალისტმა ავთანდილ გურასაშვილმა მორიგი საინტერესო გამოცემით გაახარა: „შვიდ მწვერვალზე ბედის მაძიებელნი“ გამორჩეულ ალპინისტთა თავისებურ შეჯიბრზე მოგვითხრობს, რომელიც ყველა კონტინენტის უმაღლესი მწვერვალის დალაშქვრას გულისხმობს. წიგნი, რომელიც სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ გამოსცა, უცხოური თუ ქართული ალპინიზმის მთავარი მიღწევების ამსახველი ფოტოებითაა ილუსტრირებული.
„სენაკი – ჩემპიონთა საბუდარი“ – ანზორ ცაგურიას და ვაჟა დანელიას წერილების კრებული სამეგრელოს ამ პატარა ქალაქსა და რაიონში დაბადებულ სპორტსმენებს ეძღვნება.
ვაჟა დანელიამ მეორე წიგნითაც გაახარა სპორტის მოყვარულები. „ათენის ათინათი“ – ასე ეწოდება გამოცემას, რომელიც 14 წლის წინ საბერძნეთის დედაქალაქში ჩატარებულ ოლიმპიადაზე და ზოგადად, თამაშების ისტორიაზე მოგვითხრობს.
საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი განვლილი წლის ერთ-ერთი უდიდესი სპორტული მოვლენა იყო და გასაკვირი არაა, რომ ჟურნალისტებმა მას 3 წიგნი მიუძღვნეს.
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ეგიდით დაისტამბა ლაშა გოდუაძის „მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია“. 216გვერდიან გამოცემაში თითოეულ პირველობას ქვეთავებად დაყოფილი წერილი ეძღვნება, რომელსაც თან ერთვის კონკრეტული ტურნირის მთავარი სტატისტიკური მონაცემები: ფინალის სრული ოქმი, საუკეთესო მოთამაშე, ბომბარდირი და ახალგაზრდა ფეხბურთელი, სიმბოლური ნაკრების შემადგენლობა… გამოცემის პრეზენტაციას ჩემპიონატის მსვლელობისას თბილისის ღვინის ქარხანამ უმასპინძლა.
ფიფას ოქროს თასის გათამაშებას მიეძღვნა 8 ჟურნალისტის ავტორობით გამოსული „ფეხბურთის 8 განზომილება“. ტარიელ (ტატო) კინწურაშვილი, არჩილ ბენაშვილი, თეა თაბაგარი, გოჩა კაჭარავა, ვახტანგ ხუციშვილი, ტატო ბაციკაძე, დავით კვიტატიანი და გიორგი ფულარიანი იმ გუნდებზე მოგვითხრობენ, რომლებმაც სხვადასხვა დროს აღმართეს მთავარი საფეხბურთო ჯილდო.
მსოფლიო ჩემპიონატს ეხმაურება მამუკა კვარაცხელიას წერილების კრებული „ადიდასი, მერსედესი, ფეხბურთი“. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის კიდევ ერთ, 136გვერდიან გამოცემაში თავმოყრილია 12 წლის წინ, 2006 წელს გერმანიაში ჩატარებული მსოფლიო პირველობის დროს ქართულ პრესაში გამოქვეყნებული ჩანახატები.
გამომცემლობა არტანუჯმა ზვიად ბერეკაშვილის მიერ შედგენილი საფეხბურთო ისტორიები სიმბოლური სახელწოდებით 45+45 გამოსცა. 184გვერდიანი წიგნი არტანუჯის პოპულარული სერიის „თან საკითხავის“ ნაწილია.
ქართულ ფეხბურთს სპორტულმა ჟურნალისტებმა 3 წიგნი მიუძღვნეს.
დემიკო ლოლაძემ წლების წინ რამდენჯერმე გამოცემული ალბომი „ვიტალი დარასელია“ კიდევ ერთხელ შეავსო ლეგენდარული ფეხბურთელისადმი მიძღვნილი მოგონებებით და ფოტოებით და ამჯერად 208გვერდიანი გამოცემა უსახსოვრა ფეხბურთის მოყვარულებს. წიგნი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ძალისხმევით დაისტამბა.
ჟურნალ ათიანის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა გია გორგოძემ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ეგიდით „ოქროს ბიჭების თაობა“ გამოსცა. ვეტერანი სპორტული ჟურნალისტების წერილების კრებული 4ტომიანი სერიის – „ქართული ფეხბურთის საუკუნე“ – მე2 ნაწილია და იმ თაობას ეძღვნება, რომელმაც ქართულ ფეხბურთს პირველი ტიტული მოუტანა, 1964 წლის საბჭოთა ჩემპიონატის ოქროს მედალი.
2018 წლის სპორტული გამოცემებიდან უდაოდ გამოსარჩევია ალექსანდრე ქურდობაძის ნაშრომი „ქართული ფეხბურთის ქრონიკები“.
596გვერდიან წიგნში უამრავი საინტერესო ისტორიაა თავმოყრილი, მათ შორის ბევრი ქართული ფეხბურთის ქომაგისთვის უცნობია. ლიტერატურული ნაწილის გარდა წიგნის უდიდესი პლუსია სტატისტიკა: წლების განმავლობაში დაგროვილი, გადამოწმებული და დაზუსტებული ცნობებით ავტორმა ჩვენი ფეხბურთის წარსულით დაინტერესებულებს ფასდაუდებელი საქმე გაუკეთა. უცნობი მატჩების საბოლოო შედეგები, ეგრეთ წოდებული ჭადრაკულა ცხრილები, თარიღები და სხვადასხვა გუნდების შემადგენლობები, წლების მიხედვით დალაგებული საკავშირო თუ საქართველოს ჩემპიონატის სატურნირო ბადეები… ერთი სიტყვით, ქართული ფეხბურთის ისტორიის მოყვარულებმა ალექსანდრე ქურდობაძისგან სამაგიდო წიგნი მიიღეს.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ალექსანდრე ქურდობაძის ნაშრომი ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემიაზე წარადგინა.
ლაშა გოდუაძე (ჟურნალი სპორტი და ახალგაზრდობა; 2018 წელი)