ჩაის მაგიდა, ზღვის ლომი და… 6 საბურავი
ავტოსპორტში მთავარი შეჯიბრება ფორმულა 1-ია, რომელიც XX საუკუნის შუა წლებიდან იღებს სათავეს.
სამეფო რბოლის ისტორიას ბევრი დიდი პილოტი, კონსტრუქტორი და გუნდი ახსოვს, თუმცა ისეთი მოდელებიც გვხვდება, რომლებიც მატიანეს წარუმატებლობებით და უცნაური დიზაინით შემორჩნენ.
დღეს ფორმულა 1-ის ისტორიაში 5 ყველაზე უსახურ მოდელს გავიხსენებთ.
1971 – მარჩ 711
ფორმულა 1-ში ეს გუნდი 1970-92 წლებში ასპარეზობდა. სახელწოდება დამფუძნებლების გვარ-სახელებითაა ნაწარმოები: მაქს მოსლი, ალან რიისი, გრემ კოაკერი და რობინ ჰერდი.
1971 წელს გუნდმა ორი მოდელით იასპარეზა: 701-ით და 711-ით. ჟურნალისტების და სპეციალისტების ყურადღება სწორედ 711-მა მიიქცია, რომელსაც მთავარი კონსტრუქტორების რობინ ჰერდის და ფრენკ კოსტინის ერთი უცნაური გადაწყვეტილების გამო „ჩაის მაგიდაც“ უწოდეს – ბოლიდს უცნაური წინა ანტიფრთა გამოარჩევდა, რომელსაც ხელმძღვანელთა ჩანაფიქრით, მანქანის აეროდინამიკური თვისებები უნდა გაეუმჯობესებინა.
ჰერდის და კოსტინის ამ გადაწყვეტილების გამო მარჩ 711 ნამდვილად არ გამხდარა უკონკურენტო – ერთი დიდი პრიზიც ვერ მოიგო, მაგრამ რბოლების ისტორიაში ყველაზე უსახურ მოდელთა შორის კი ნამდვილად მოხვდა.
1976-77: ტაირელ P34
ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი უცნაური მოდელი: P34-ს 6 საბურავი ჰქონდა!
1976 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე ტაირელის მთავარმა დიზაინერმა დერეკ გარდნერმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო: ბოლიდის აეროდინამიკური თვისებები რომ გაეუმჯობესებინა, წინა საბურავების ზომის შემცირება გადაწყვიტა. ამ ნაბიჯს მოჰყვა ის, რომ მანქანა რთულად სამართავი გახდა – ტრასას ცუდად ეჭიდებოდა, თუმცა კონსტრუქტორმა ახალი, არანაკლებ მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა – წინ ერთი წყვილი დაამატა!
ამ მოდელის პიკი 1976 წლის შვედეთის დიდი პრიზი იყო: ჯოდი შექტერმა რბოლა მოიგო, პატრიკ დეპაილე კი მეორე ადგილზე გავიდა. შექტერი გახდა პირველი პილოტი (და ერთადერთი), ვინც ფორმულა 1-ის ეტაპი 6-საბურავიანი ბოლიდით მოიგო!
მიუხედავად ამ წარმატებისა, დერეკ გარდნერის ეს ქმნილება, საბოლოო ჯამში, მაინც წარუმატებელი გამოდგა: 30 ეტაპზე იასპარეზა და მხოლოდ თითოჯერ შეძლო დიდი პრიზის და საკვალიფიკაციო რბოლის მოგება.
1977 წლის მიწურულს, იმის გამო, რომ 6 საბურავი უამრავ ტექნიკურ პრობლემას ქმნიდა, ტაირელმა მოდელი საბოლოოდ იუარა.
1991-92: ბრებემ BT60B
ბრიტანული გუნდის დებიუტი ფორმულა 1-ში 1962 წელს შედგა, 1992 წელს კი ბრებემი სამეფო რბოლებს საბოლოოდ დაემშვიდობა. ბოლო ორი, განსაკუთრებით წარუმატებელი სეზონის შემდეგ ხელმძღვანელობა მიხვდა, რომ მათი დრო წასულიყო.
1991 და 1992 წლებში ბრებემმა თითქმის ერთი და იმავე ბოლიდით იასპარეზა: BT60B-ს წინამორბედი BT60Y-ით გუნდმა 1991 წელს მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა და კონსტრუქტორთა თასზე X ადგილი დაიკავა.
მომდევნო სეზონი საერთოდ კოშმარული გამოდგა – მანქანა იშვიათად ახერხებდა საკვალიფიკაციო რბოლის დაძლევას.
სეზონში საუკეთესო შედეგი – 11-ე ადგილი – უნგრეთის დიდ პრიზზე აჩვენა დებიუტანტმა დეიმონ ჰილმა (მომავალმა მსოფლიოს ჩემპიონმა), რომელიც თითქმის 4 წრით ჩამორჩა გამარჯვებულ აირტონ სენას! სხვათა შორის, ჰილი სეზონის შუაში მივიდა ბრებემში – გუნდიდან გაშვებული 29 წლის იტალიელი ქალბატონი ჯოვანა ამატი შეცვალა…
2004: უილიამს FW26
ტიტულიანი გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მოდელი.
სეზონის წინ ფრენკ უილიამსი და ხელმძღვანელობა ახალ ბოლიდზე დიდ იმედებს ამყარებდა – წარმატებული 2003 წლის სეზონის შემდეგ კვლავ პირველობის და კონსტრუქტორთა თასის მოგება იგეგმებოდა, მაგრამ 18 რბოლიდან FW26-მა ერთადერთი მოიგო, ერთხელაც საკვალიფიკაციოში იმარჯვა.
ფრენკ უილიამსმა ფერარიდან ჯერ კიდევ 2003 წლის დასაწყისში გადაიბირა ანტონია ტერცი, რომელსაც ახალი ბოლიდების აეროდინამიკაზე უნდა ემუშავა. ტერცი ფერარის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული F2002-ის თანაავტორი გახლდათ…
2004 წლის დასაწყისში უილიამსში სწორედ ტერცის ინიციატივით შეიცვალა ბოლიდის წინა ნაწილი, თუმცა ექსპერიმენტი იმდენად უსახური გამოდგა, რომ პრესამ მანქანა პრეზენტაციის მსვლელობისთანავე აითვალწუნა – ზღვის ლომს შეადარეს.
საბოლოოდ, FW26-მა კონსტრუქტორთა თასზე ფერარის, ბარ-ის და რენოს შემდეგ მე-4 ადგილი დაიკავა, რაც ჩავარდნად შეფასდა. ამ წარუმატებლობის გამო გუნდი დატოვა ტექნიკურმა დირექტორმა პატრიკ ჰედმა, ანტონია ტერციმ კი პრესის ზეწოლას ვერ გაუძლო და საერთოდ წავიდა ფორმულა 1-დან. უილიამსმა ორივე პილოტიც დაკარგა: კოლუმბიელმა ხუან პაბლო მონტოიამ და გერმანელმა რალფ შუმახერმა დარჩენა აღარ ისურვეს.
2007-08: ჰონდა RA107/RA108
ჰონდას ძრავებს სამეფო რბოლებში არაერთი გამარჯვება უზეიმია. იაპონური ავტოკონცერნისთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა გასული საუკუნის 80-90-იან წლებში მაკლარენთან თანამშრომლობა, მაგრამ XXI საუკუნის პირველი ათწლეულის დასასრულს ჰონდასთვის მხოლოდ კოშმარული თუ ეთქმის.
2007 წელს ბრიტანელმა ჯენსონ ბატონმა და ბრაზილიელმა რუბენს ბარიკელომ RA107-ით 17 ეტაპზე იასპარეზეს. გუნდმა მხოლოდ 6 ქულა მოიპოვა – ბატონი ორჯერ გავიდა მერვე ადგილზე, ერთხელაც მეხუთეზე.
2008 წელს, მცირე ტექნიკური დეტალებით განსხვავებულ RA108-ს კვლავ ბატონი და ბარიკელო მართავდნენ, გუნდმა შედარებით მეტი, 14 ქულა მოიპოვა, მაგრამ საერთო ჯამში 35 რბოლაში ერთადერთი პოდიუმი (რუბენს ბარიკელოს მესამე ადგილი 2008 წელს, დიდ ბრიტანეთში) სახელოვანი გუნდისთვის სამარცხვინო იყო და სხვა არაფერი.
სეზონის დასრულებისთანავე ჰონდამ სამეფო რბოლა დატოვა, ხსენებული მოდელების მთავარმა დიზაინერმა შუჰეი ნაკამოტომ კი ჰონდას სარბოლო კორპორაციაში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.
ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 23-29 აპრილი)