ჩარლზ ბარკლი: ასე მგონია, რომ ოჯახის წევრი დავკარგე
კობი ბრაიანტის ტრაგედიას ყოველ დღე უამრავი ადამიანი ეხმაურება: ვეტერანი და მოქმედი კალათბურთელები, სპორტსმენები, პოლიტიკოსები, სხვადასხვა ქვეყნების მეთაურები, დიდი ორგანიზაციები.
არ დარჩენილა NBA-ის თუნდაც ერთი ვარსკვლავი, რომელსაც ლოს ანჯელეს ლეიკერსის ლეგენდარული მოთამაშის შესახებ თბილი სიტყვები არ ეთქვას. 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიადის ოცნების გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი ჩარლზ ბარკლი ESPN-ს ესაუბრა:
„ასე მგონია ოჯახის წევრი დავკარგე… კობი და ჯანა… ახლაც ვერ ვიაზრებ, რომ ეს სიმართლეა! მე და ჩემი ოჯახი ყოველ დღე ვლოცულობთ მათი და ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულებისთვის. კობი ბრაიანტი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კალათბურთელი იყო… და ჩემი მეგობარი“!
41 წლის კობი ბრაიანტი 26 იანვარს, დილით გარდაიცვალა. შვეულმფრენი, რომლითაც ის, მისი 13 წლის ქალიშვილი და კიდევ 7 ადამიანი საკალათბურთო მატჩზე მიემგზავრებოდა, ჩამოვარდა.
ტრაგედიის გამო ლოს ანჯელეს ლეიკერსის და კლიპერსის მატჩი გადაიდო.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 28 იანვარი)