ჩელსი Vs არსენალი: ბაქოზე, მხითარიანსა და მოლოდინებზე

თავშეკავებულობით ცნობილი ბრიტანელების რამდენიმე არცთუ კორექტული გამონათქვამის მიუხედავად, რაც ბოლო პერიოდში მოვისმინეთ თუ წავიკითხეთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აზერბაიჯანის დედაქალაქი ევროპალიგის ფინალისთვის მზადაა.
მასპინძელთათვის გულსატკენი აჟიოტაჟი ორიოდ კვირის წინ დაიწყო, როცა ლივერპულის გერმანელმა თავკაცმა იურგენ კლოპმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე თქვა, არც კი ვიცი, სად არის ბაქო და სად ითამაშებენ ჩელსი და არსენალიო. ამას უეფას გადაწყვეტილებაც დაერთო – ლონდონური კლუბის ფანებს მხოლოდ 6-6 ათასი ბილეთი რომ გამოუყო და ტალღაც აგორდა: ჯერ არსენალის მხარდამჭერებმა დაიჩივლეს, ევროპალიგის ფინალი ბაქოში არ უნდა ტარდებოდეს, ძალიან შორიაო, ჩელსის ქომაგებმაც არ დააყოვნეს – აზერბაიჯანი ევროპის კიდეა და იქ ჩასასვლელად ხალხს დიდი ხარჯის გაწევა უწევს, ამის გამო ბევრს მგზავრობაც არ უღირსო…

თითქოს მარტო „სპორტული“ პრობლემები არ იყო საკმარისი და ერთი კვირის წინ საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International გააქტიურდა: ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები ხშირად ირღვევა და თავისუფალი სიტყვაც იზღუდება, მსგავსი მაღალი დონის საერთაშორისო შეჯიბრი არ უნდა ტარდებოდესო. AI-მ არსენალის სომეხი ფორვარდის გენრიხ მხითარიანის გადაწყვეტილებაც ახსენა – უსაფრთხოების გამო ბაქოში ვერ ჩადის, XXI საუკუნეში ეს გაუგონარი ამბავიაო…

თქვენის ნებართვით თავს შევიკავებ ევროპალიგის ფინალის პოლიტიკურ ჭრილში განხილვაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა თუ სხვა ამგვარ საკითხებზე საუბრისგან, ხოლო რაც შეეხება ინგლისელთა არცთუ მოსაწონ შეფასებებს, განსაკუთრებით ბაქოს მდებარეობას რომ ეხება, აუცილებლად უნდა ვთქვა: ევროპის საფეხბურთო რუკის „გაფართოებამ“, უეფას პრეზიდენტის პოსტზე მიშელ პლატინის მისვლით რომ დაიწყო, მხოლოდ და მხოლოდ სიკეთე მოუტანა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. გავიხსენოთ პოლონეთსა და უკრაინაში გამართული კონტინენტის ჩემპიონატი, ევროფინალები კიევში, ტალინში, ბუქარესტში, პრაღასა და ვარშავაში, ევროპის სუპერთასების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო თამაშად აღიარებული თბილისური ბარსელონა-სევილია… ასაკობრივ ჩემპიონატებზე აღარაფერს ვამბობ, იგივე 2017 წლის ზაფხულში საქართველოში გამართულ 17-წლამდელთა ევროჩემპიონატზე…

ხსენებული ჩამონათვალიდან რომელიმე თუ ჩამოუვარდებოდა თუნდაც ერთი კომპონენტით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გამართულ მსგავსი დონის ტურნირებს? არა. რადგან უეფამ ევროპის აღმოსავლეთში ჩატარებული თასის ყველა გათამაშება თუ ფინალი საუკეთესოდ შეაფასა! არადა, თუ ვინმე ზრუნავს, ვთქვათ, ჩემპიონთა ან ევროპალიგის გადამწყვეტ მატჩებზე და დაინტერესებულია ასეთი დონის თამაშების უნაკლო გამართვით, პირველ რიგში სწორედ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია.

ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გუშინ და დღეს უეფას უამრავი წარმომადგენელი ვნახე, მასპინძლებსაც ვერ დავუწუნებ მონდომებას, რადგან მოხალისეებით დაწყებული, უსაფრთხოებით დამთავრებული, ყველა სათანადო პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს, ეს ყველაფერი კი ნამდვილად მაძლევს იმის გარანტიას, რომ დღევანდელი ფინალი ჩინებულად ჩაივლის.

ხოლო ის, რომ ვთქვათ, იურგენ კლოპმა ან სხვებმა არ იციან სად არ ის ბაქო, პრობლემა არაა – გაიგებენ.

არც ზარმაცების გამო შფოთავს უეფა: შვეიცარიაში ყველაზე უკეთ იციან, რომ ერთგულ ფანებს მანძილი, ამინდი და სხვა ასეთი წინაღობები ვერ აშინებთ – ვისაც საყვარელი გუნდის მხარდაჭერა სურს, ის შეძლებს კიდეც. ლონდონშიც, მადრიდშიც, სტამბოლსა თუ ბაქოში.

არსენალის სომეხი ფორვარდის გენრიხ მხითარიანის არჩასვლაზე კი ყველაზე მარტივად და გასაგებად აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციამ ისაუბრა: „მას უსაფრთხოების სრული გარანტია აღვუთქვით. ისევე, როგორც არსენალის და ჩელსის სხვა წევრებს და ზოგადად, ქვეყნის ყველა სტუმარს. ამის მიუხედავად, გენრიხ მხითარიანმა საკუთარი სურვილით იუარა ბაქოში ჩამოსვლა. ეს მისი არჩევანია და საუბრები მასთან დაკავშირებულ შესაძლო პროვოკაციებზე, უადგილოა“.

შენიშვნის სახით: 2015 წლის ზაფხულში, ბაქოში გამართული ევროპის პირველი თამაშების მსვლელობისას, აზერბაიჯანის დედაქალაქს სომხეთის გუნდიც სტუმრობდა. ორ ქვეყანას შორის რთული და დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, სომეხი სპორტსმენების უფლებები იმ დღეებში არავის შეულახავს და არც მათი სიმშვიდე დაურღვევია ვინმეს. და ეს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში ამოკითხული სიტყვები არაა, საკუთარი თვალით ვნახე ბაქოში ივნისის იმ ცხელ დღეებში თითქმის სამკვირიანი სტუმრობისას. ასე რომ, მხითარიანის გადაწყვეტილება პირადი მოტივებითაა ნასაზრდოები და მისი პოლიტიკურ ჭრილში განხილვა რეალურ სურათს დაგვაშორებს.

„ჩვენი სურვილია აზერბაიჯანმა კუთვნილი და ღირსეული ადგილი დაიკავოს ევროპის რუკაზე. სპორტზე უკეთესი ელჩი ძნელად მოიძებნება და დარწმუნებული ვარ, ევროპას ზუსტად ვეტყვით სათქმელს“, – ეს სიტყვები აზერბაიჯანის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა აზად რახიმოვმა 2015 წლის ზაფხულში, ევროპის პირველი თამაშების დღეებში განაცხადა.

მას შემდეგ ბაქომ არაერთ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლა: ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატები სხვადასხვა სახეობებში, ფორმულა 1-ის დიდი პრიზი რამდენიმე წელია სამეფო რბოლის კალენდარშია, ივლისში ქალაქი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს იღებს…

ევროპალიგის დღევანდელი ფინალი კარგად გააზრებული გეგმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია. კარგი გუნდები, ამინდი და თამაში – ასეთია დაუვიწყარი საფეხბურთო მოგონებების თითქმის იდეალური ფორმულა.

ბაქოელებს და მის სტუმრებს ძალიან გაგვიმართლა: ლონდონური დერბის – ჩელსი-არსენალის ხილვას, ბევრი ქომაგი ისურვებდა.

ამინდიც ჩინებულია: ქარების ქალაქში მზე ჩვეულად აცხუნებს.

დარჩა მხოლოდ ფინალური თამაში. და რამდენიმე საათი.

გული კარგს მიგრძნობს.

ლაშა გოდუაძე ბაქოდან (www.adjarasport.com; 2019 წლის 29 მაისი)
ფოტო:
uefa.com

ka_GEGeorgian