ჩელსი Vs არსენალი: 14 ამბავი

არსენალი 1886 წლის ოქტომბერში დაარსდა ისლინგტონში. თეთრ-წითლები, სხვანაირად რომ ვთქვათ „მეთოფეები“, რამდენიმე თვეში 133-ე დაბადების დღეს იზეიმებენ.
ჩელსი ევროპალიგის დღევანდელი ფინალის პირობითი მასპინძელია. და ის 19 წლით ახალგაზრდაა – 1905 წლის 10 მარტს დაარსდა ლონდონის სხვა, პრესტიჟულ უბან ფულემში.
დედაქალაქური კლუბების გზა პირველად 1907 წლის 9 ნოემბერს გადაიკვეთა – ჩელსიმ 2:1 სძლია არსენალს. იმ თამაშს, სტემფორდ ბრიჯზე რომ გაიმართა, 65 ათასი მაყურებელი დაესწრო.
სტემფორდ ბრიჯი კვლავ ამაყად დგას, მეტოქეებს არც ქომაგები აკლიათ – მათი რაოდენობა მილიონებით იზომება, დაპირისპირებების 112-წლიანი ისტორია კი დაუვიწყარ თამაშებს, ლეგენდარულ სახელებს, ტკბილ-მწარე მოგონებებს, ტიტულებსა თუ მარცხებს აერთიანებს. მოკლედ, რომ ვთქვათ, ჩელსი არსენალის წინააღმდეგ – ეს მარადიული ბრძოლაა!

დღეს, ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე ჩელსი და არსენალი 198-ედ დადგებიან პირისპირ. თითქმის ორი ასეული მატჩიდან უმეტესობა ინგლისის ჩემპიონატის ეგიდით გაიმართა – 164, 20-ჯერ ითამაშეს უძველეს საფეხბურთო ტურნირში – ფეხბურთის ასოციაციის თასზე, 8-ჯერ ინგლისის ლიგის თასისთვის, 3-ჯერ ქვეყნის სუპერთასზე, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგაშიც მოსინჯეს ძალები, ევროპალიგაზე კი პირველად ხვდებიან.

სტატისტიკა ასეთ სურათს გვაძლევს: არსენალმა 76-ჯერ გაიმარჯვა, 63 შეხვედრაში ჩელსი აღმოჩნდა ძლიერი, 58 პაექრობა კი ფრედ დასრულდა. ბურთების სხვაობაც არსენალის უპირატესობაზე მეტყველებს: 275:256.

მაგრამ მოახლოებული ევროფინალის წინ ეს ყველაფერი ლამაზი ისტორიაა და სხვა არაფერი: მაურიციო სარის და უნაი ემერის ვარსკვლავ-ბიჭები მსაჯის სასტვენისთანავე ყველაფერს თავიდან დაიწყებენ. დანდობა, ისევე, როგორც შორეულ 1907 წელს, არ იქნება.

აჭარასპორტის გუნდი ბაქოში გუშინ ჩამოვედით და მთელი დღე ქალაქის სხვადასხვა უბანსა და ოლიმპიურ სტადიონზე გავატარეთ. ნანახსა და განცდილს ამ მოკლე გადმოგცემთ:

…ევროპალიგის ფინალის მასპინძლობა ნდობასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა. ბაქოს ოლიმპიურ სტადიონს სამხედრო ქვედანაყოფები მთელ პერიმეტრზე იცავენ. სამართალდამცავები მანქანებითაც პატრულირებენ.

…მედია-აკრედიტაციები, ავტომობილების საშვები და სხვა ოფიციალური საბუთები სტადიონის ტერიტორიაზე, სპეციალურ შენობაში გაიცემა. მოკლე რიგი, ღიმილიანი მოხალისეები და საშვი მზადაა! ახლა თავისუფლად შეიძლება მუშაობა. აქვე გეტყვით, რომ ფინალის აკრედიტაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობის უფლებას იძლევა: მეტრო, ტრამვაი, ავტობუსები… როცა გნებავთ და საითკენაც.

…მშენებლობის დასრულებისთანავე – 2015 წლის 6 მარტი – ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება გაიმართა, მათ შორის აქ გაიხსნა და დაიხურა ევროპის პირველი თამაშები, სხვანაირად რომ ვთქვათ, ევროპის ოლიმპიადა. ეს გრანდიოზული, შთამბეჭდავი და ლამაზი სტადიონი სწორედ ამ ტურნირისთვის აშენდა სულ რაღაც 4 წელიწადში.

…ოფიციალური ინფორმაციით, ევროპალიგის დღევანდელი ფინალის პირდაპირი ტელერეპორტაჟი მსოფლიოს 191 ქვეყანაში გადაიცემა. ტექნიკურ სამუშაოებს საერთაშორისო სპეციალისტებით დაკომპლექტებული გერმანული კომპანია ახორციელებს.

…პატივისცემა – ეს უეფას ერთ-ერთი მთავარი დევიზია. და უეფამ ათიანში მოარტყა! როცა პატივისცემა ორმხრივია, პრობლემები უკვალოდ ქრება. სამუშაო პროცესში ოლიმპიურ სტადიონი ფუტკრების სკას ჰგავდა, მაგრამ თითოეული დავალებას სხვის შეწუხების გარეშე ასრულებდა. ესეც პატივისცემაა, პირველ რიგში საკუთარი თავის.

…ჩელსი და არსენალი აქედან გავლენ სეზონის უკანასკნელ მატჩზე. წმინდა საფეხბურთო სტადიონებს მიჩვეულ ვარსკვლავებს ბაქოს ოლიმპიური სტადიონის ბილიკები, შესაძლოა, უცნაურად ეჩვენოთ. თუმცა ისიც ვიცით, რომ ლონდონელების გაკვირვება უკიდურესად ძნელია.

…ტელეკამერების უმეტესობა დასავლეთ ტრიბუნაზე, VIP-ლოჟის თავზეა დამონტაჟებული, პრეს-ლოჟის წინ. ყველაფერი ჩინებულადაა ორგანიზებული. ეს ფოტო შუადღით გადავიღეთ – სტადიონის შენობის რკალი განათებული არ იყო და ამიტომაა თეთრი.

…ოლიმპიური სტადიონი ეფექტური ნაგებობაა, სპეციალური განათების სისტემა კი, რომლითაც მთელი გარე ფასადია აღჭურვილი, მშვენიერ ეფექტს ქმნის. დროდადრო სტადიონი აზერბაიჯანის დროშის ფერებში – ლურჯი-მწვანე-წითელი – ნათდება.

…სავარჯიშოდ პირველი არსენალი გავიდა: ლონდონელთა ესპანელი მცველი ნაჩო მონრეალი, გაბონელი მთავარმეგოლე პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ბერძენი უკანახაზელი სოკრატის პაპასტათოპულოსი. აქვე გეტყვით, რომ უნაი ემერის გუნდი ფინალს დანაკლისის გარეშე ხვდება. თუ, რა თქმა უნდა, გენრიხ მხითარიანის ამბავს არ ჩავთვლით.

…ჩელსიმ გვიან ივარჯიშა, მაურიციო სარის პრესკონფერენციის შემდეგ. ჟურნალისტებთან შეხვედრისას ვეტერანმა იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ ძირითად შემადგენლობაზე მატჩის დღეს, დილით საბოლოოდ ჩამოყალიბდებოდა. სარის ყველაზე ძალიან ნგოლო კანტე აფიქრებდა. თქვა, რომ 28 წლის ფრანგის შანსები 50/50-ზეა.

…მედია-ტრიბუნიდან მინდორი საკმაოდ შორსაა, თუმცა თითოეული ჟურნალისტისთვის სამუშაო მაგიდაზე მცირე ზომის ეკრანია დამონტაჟებული. არაფერს ვამბობთ ინტერნეტის სიჩქარეზე, ამ მხრივ ყველაფერი დიდებულადაა. ამ კადრში ჩელსის ბრაზილიელი ლეგიონერები დავიდ ლუიზი და ვილიანი აღვბეჭდეთ: პირველმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, ვილიანი კი, ალბათ იცით, გათამაშების ლიდერია საგოლე გადაცემებით – 7-ჯერ გაატანინა თანაგუნდელებს.

…ბაქოს ოლიმპიური სტადიონის აგება 2011 წელს დაიწყო, როცა აზერბაიჯანში ფეხბურთის 100 წლის იუბილე იზეიმეს. ოფიციალურად 68 700 მაყურებელს იტევს. რეკორდული დასწრება – 67 200 – 2017 წლის 27 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის მატჩზე დაფიქსირდა ყარაბაღსა და რომას შორის. აზერბაიჯანელები იმედოვნებენ, რომ დღეს უეფას თასის და ევროპალიგის ფინალებზე დასწრების რეკორდი მოიხსნება. ამ წუთისთვის საუკეთესოდ 20 წლის წინანდელი 61 ათასი ითვლება. სწორედ ამდენი გულშემატკივარი მივიდა 1999 წელს მოსკოვში, ლუჟნიკებზე პარმასა და მარსელის ოლიმპიკის ფინალის სანახავად.

…ჩელსის ფანები მთელი დღის მანძილზე არსად შეგვინიშნავს, მაგრამ გვიან, სტადიონიდან გასვლის წინ, მათ ოლიმპიურ სტადიონთან შევხვდით. სხვათა შორის არსენალს ბაქოში გაცილებით მეტი ქომაგი ჰყავს. ამის მიზეზი ისიცაა, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს ჩელსიმ ოლიმპიურ სტადიონზე 4:0 დაამარცხა ყარაბაღი. რამდენიმე ბაქოელმა გვითხრა, რომ ჩემპიონთა ლიგის იმ მატჩის შემდეგ ჩელსიზე ხელი აიღეს.

…28 მაისის საღამო არსენალის ქართული ფან-კლუბის წევრების გარემოცვაში გავატარეთ. ბევრი უკვე ბაქოშია, უფრო მეტმა წამოსვლა ვერ მოახერხა, მაგრამ ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს: სადაც არ უნდა ითამაშოს არსენალმა, ბიჭები და გოგოები ყველგან უერთგულებენ!

ლაშა გოდუაძე ბაქოდან (www.adjarasport.com; 2019 წლის 29 მაისი)
ფოტო: 
uefa.com

ka_GEGeorgian