ჩელსის პირველი ლიგა

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის ჩელსიმ მიუნხენის ბაიერნი პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა და თასი მეორე ცდით მოიგო. ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. ჩელსი მეხუთე ინგლისური კლუბი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა თასი აღმართა. ლონდონელებამდე ეს მანჩესტერ იუნაიტედმა, ლივერპულმა, ნოტინგემ ფორესტმა და ასტონ ვილამ შეძლეს. ლიგის ფინალს მიუნხენის ალიანც არენამ უმასპინძლა.

გერმანიის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასის გათამაშების გადამწყვეტი მატჩი მეოთხედ ჩატარდა: 1979 წელს ფინალი ინგლისის ნოტინგემ ფორესტმა მოიგო, 1993 წელს – საფრანგეთის ოლიმპიკმა, ოთხი წლის შემდეგ კი გერმანულმა კლუბმა, დორტმუნდის ბორუსიამ.

წელს ალიანც არენაზე ის გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის ბოლო ფინალები წააგეს: მასპინძლები, ბაიერნის ფეხბურთელები 2010 წელს მილანის ინტერთან დამარცხდნენ, ჩელსიმ კი 2008 წელს მანჩესტერ იუნაიტედთან პენალტების სერიაში წააგო.

ტურნირის ისტორიაში ეს იყო მეექვსე გადამწყვეტი მატჩი, რომელშიც ინგლისის და გერმანიის კლუბები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. უცნაურია, მაგრამ წინა ხუთი ფინალიდან გერმანელებმა ერთადერთხელ მოიგეს: 1975 წელს ბაიერნმა ლიდს იუნაიტედს სძლია.

„ჩვენ ვოცნებობდით, რომ ფინალი აქ გვეთამაშა. დღეს მე და ჩემი თანაგუნდელები ძალიან ბედნიერნი ვართ, რადგან ჩემპიონთა თასისთვის ალიანც არენაზე ვიბრძოლებთ“, – ფინალისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტთა კითხვებს ბაიერნის კაპიტანმა ფილიპ ლამმა უპასუხა.

თავდაჯერებული იყო სტუმართა ლიდერი ფრენკ ლამპარდიც: „ოთხი წლის წინ ჩელსი ფინალში დამარცხდა, მაგრამ იმ წაგებას უშედეგოდ არ ჩაუვლია – მარცხიდან ბევრი ვისწავლეთ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრას მეტოქის მოედანზე ჩავატარებთ, მჯერა, ამჯერად თასს ჩვენ ავწევთ”!

მეტოქეები ფინალს დანაკლისით შეხვდნენ: დისკვალიფიკაციის გამო გერმანელებმა დავიდ ალაბა, ჰოლგერ ბადშტუბერი და ლუის გუსტავო მოისაკლისეს, ჩელსის კი კაპიტანი ჯონ ტერი, ბრანისლავ ივანოვიჩი, რაულ მეირელეში და რამირესი დააკლდნენ.

უეფას გადაწყვეტილებით, ფინალის წინ ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის ახალი ვერსია შესრულდა. ეს პატივი გერმანელ მომღერალ იონას კაუფმანს ერგო.

მეტოქეებმა ტრადიციული სამოსით ითამაშეს: მიუნხენის ბაიერნმა წითელი ფორმით, ჩელსიმ – ლურჯით. მთავარი მსაჯი პორტუგალიელი პედრო პროენშა გახლდათ, რომელსაც თანამემამულეები – ბერტინო მირანდა და რიკარდუ სანტუში ეხმარებოდნენ.

ფინალი მასპინძლების უპირატესობით დაიწყო: იუპ ჰაინკესის გუნდი ზედიზედ აწვდიდა კუთხურებს, გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი ვერ გამოიყენა წლევანდელი გათამაშების ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა მარიო გომესმა, ფლანგებიდან სახიფათოდ უტევდნენ არიენ რობენი და ფრანკ რიბერი…

ჩელსის მთავარი ამოცანა გოლის არგაშვება იყო: პეტრ ჩეხს არაერთხელ მოუხდა კარის გადარჩენა, მეტოქის ოთხი მცველის წინააღმდეგ კი დიდიე დროგბა თითქმის მთელი შეხვედრა მარტო იბრძოდა.

პირველად მასპინძლებმა გაიხარეს: ტონი კროოსის მიერ მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი თომას მიულერმა 83-ე წუთზე თავით გაუტანა ჩეხს – 1:0.

ამ გოლით ბაიერნმა თითქოს თასი გაინაღდა, მაგრამ ზუსტად 5 წუთში ჩელსიმ პირველი კუთხური ჩააწოდა და დიდიე დროგბამ ასევე თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

2008 წლის მოსკოვური ფინალის შემდეგ გადამწყვეტ მატჩში პირველად დაინიშნა დამატებითი დრო, რომლის მე-5 წუთზე ბაიერნს კვლავ წინ გასვლა შეეძლო, მაგრამ არიენ რობენმა პენალტის ნიშნულიდან ჩეხს ვერ აჯობა – მეკარემ ჰოლანდიელის დარტყმული ბურთი მოიგერია. 11-მეტრიანი საჯარიმო კი მას შემდეგ დაინიშნა, რაც დროგბამ ფრანკ რიბერი წააქცია.

დარჩენილ წუთებში გოლი აღარ გასულა და მსაჯმაც ფინალისტები პენალტების შესასრულებლად იხმო.

„საფეხბურთო ლატარეა“ ჩელსიმ დაიწყო: ხუან მატამ მანუელ ნოიერს ვერ აჯობა – 1:1. შემდეგ ყველამ გაიტანა: ფილიპ ლამმა, დავიდ ლუისმა, მარიო გომესმა, ფრენკ ლამპარდმა, თავად ნოიერმა…

ბაიერნის მე-4 პენალტი ივიცა ოლიჩმა შეასრულა – ჩეხმა დარტყმა უკუაგდო, ეშლი კოულმა კი ნოიერს აჯობა და ანგარიში გაათანაბრა – 3:3.

მიუნხენელთა ბოლო, მე-5 პენალტი ბასტიან შვაინშტაიგერმა შეასრულა – ვერ გაიტანა, დროგბამ კი, ვინც უეფამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, შეაგდო და ლონდონის ჩელსიც ევრომწვერვალზე ავიდა.

„ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უბედნიერესი დღეა“, – განაცხადა ჩელსის კაპიტანმა ფრენკ ლამპარდმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

„დროგბა ფინალის გმირია – მან ფანტასტიკური გოლი გაიტანა“! – ეს უკვე ლონდონელთა გმირი მეკარე პეტრ ჩეხია.

„ბიჭებს დიდ მადლობას ვუხდი – მათ ყველაფერი გაიღეს გამარჯვებისთვის და თასი დაიმსახურეს! დღეს უბედნიერესი ვარ – ასეთი გუნდის მწვრთნელობა საამაყოა“! – განაცხადა რობერტო დი მატეომ. შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი ჩელსის მთავარ მწვრთნელად დროებით, სეზონის ბოლომდე დაინიშნა მარტში, პორტუგალიელი ანდრეშ ვილიაშ-ბოაშის გათავისუფლების შემდეგ.

31 აგვისტოს, მონაკოში, ლონდონური კლუბი ევროპის სუპერთასზე უეფას ევროპალიგის გამარჯვებულ მადრიდის ატლეტიკოს შეხვდება.


19 მაისი, 2012. ჩემპიონთა ლიგის ფინალი. გერმანია, მიუნხენი, ალიანც არენა. 62 500
ბაიერნი (მიუნხენი, გერმანია) 1:1  (დდ, 3:4 პენ) ჩელსი (ლონდონი, ინგლისი)
გოლები: 0:1 თომას მიულერი (83), 1:1 დიდიე დროგბა (88)
95-ე წუთზე პეტრ ჩეხმა არიენ რობენის პენალტი მოიგერია
პენალტების სერია: ფილიპ ლამი – 1:0, ხუან მატა – X, მარიო გომესი – 2:0, დავიდ ლუისი – 2:1, მანუელ ნოიერი – 3:1, ფრენკ ლამპარდი – 3:2, ივიცა ოლიჩი – X, ეშლი კოული – 3:3, ბასტიან შვაინშტაიგერი – X, დიდიე დროგბა – 3:4
ბაიერნი: მანუელ ნოიერი, ჯერომ ბოატენგი, ფილიპ ლამი (კაპ), დიეგო კონტენტო, ანატოლი ტიმოშჩუკი, ბასტიან შვაინშტაიგერი, ტონი კროოსი, ფრანკ რიბერი (ივიცა ოლიჩი 96), არიენ რობენი, თომას მიულერი (დანიელ ვან ბუიტენი 87), მარიო გომესი
მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი
ჩელსი: პეტრ ჩეხი, ეშლი კოული, დავიდ ლუისი, ჟოზე ბოსინგვა, გარი კეჰილი, რაიან ბერტრანი (ფლორენ მალუდა 73), ჯონ ობი მიკელი, ფრენკ ლამპარდი (კაპ), სალომონ კალუ (ფერნანდო ტორესი 84), ხუან მატა, დიდიე დროგბა
მწვრთნელი: რობერტო დი მატეო (იტალია)
გაფრთხილება: ბასტიან შვაინშტაიგერი, ეშლი კოული, დავიდ ლუისი, დიდიე დროგბა, ფერნანდო ტორესი
მსაჯები: პედრო პროენშა; ბერტინო მირანდა, რიკარდუ სანტუში (ყველა პორტუგალია)


საინტერესო ფაქტები
…მიუნხენის ბაიერნი ბოლო 28 წლის მანძილზე გახდა პირველი კლუბი, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასის გადამწყვეტი მატჩი შინ ჩაატარა. 1984 წელს ეს იტალიის რომამ მოახერხა. უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ბაიერნის დარად, რომაც პენალტების სერიაში დამარცხდა. თასი მაშინაც ინგლისის კლუბმა, ლივერპულმა მოიგო.
…მიუნხენში გამართულ ყველა ფინალში იმ გუნდმა გაიმარჯვა, ვისაც მანამდე არასდროს მოეგო ჩემპიონთა თასი: 1979 წელს ნოტინგემ ფორესტმა გაიხარა, 1993 წელს მარსელის ოლიმპიკმა, რომელიც სულაც თასის მომგები პირველი ფრანგული კლუბი იყო, 1997 წელს კი დორტმუნდის ბორუსიამ. მათ რიგებს ახლა ლონდონის ჩელსი შეუერთდა.
…ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული ზედიზედ მეოთხედ მოიგო ბარსელონის არგენტინელმა თავდამსხმელმა ლეო მესიმ – ამ სეზონში სამხრეთამერიკელმა 14 გოლი გაიტანა!
…ინგლისის კლუბებმა მეთორმეტედ მოიგეს ეს თასი. წინ მხოლოდ ესპანეთია, რომლის აქტივში 13 ტრიუმფია. საგულისხმოა, რომ ნისლიანი ალბიონიდან ხუთმა კლუბმა მოახერხა ჩემპიონთა თასის აღმართვა, ესპანეთიდან კი მხოლოდ ორმა: მადრიდის რეალმა (9) და ბარსელონამ (4).

 

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012)

ka_GEGeorgian