ჩემი ალბომები: ალექსანდრე დიუმას მოგზაურობა კავკასიაში (I ნაწილი)

1858 დეკემბერში ჟურნალი ცისკარი წერდა:
დეკემბრის პირველითგან ქალაქ ტფილისში იმყოფება ფრანციის უწარჩინებულესი მწერალი ალექსანდრე დიუმა, რომელიცა იყო ამ ახლოს ხანში ჩუენის ცისკრის ტიპოგრაფიაში, სადაცა გასინჯა ყოველი კუთვნილება რედაკციისა. მთელს ხმელეთზედ გამოჩენილი მწერალი ესე მოგზაურობს. ვისაც წარუკითხავსგრაფი მონტე ქრისტო, ის უეჭველია კარგათ იცნობს ამ მწერალს და ვისაც არ წაუკითხავს, ვეცდებით მომავალს წელს წავაკითხოთ, რადგანაც კიდეცა გვაქვს რედაკციაში გადმოთარგმნილი“.
გრაფი მონტეკრისტო, სამი მუშკეტერი, სამი მუშკეტერიოცი წლის შემდეგ, დედოფალი მარგო, გრაფინია დე მონსორო ეს მცირე ჩამონათვალია იმ რომანებისა, რომელმაც ალექსანდრ დიუმაუფროსს მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი.
რომანისტმა და დრამატურგმა 1858-59 წლების შესაყარზე იმოგზაურა რუსეთის იმპერიაში, საქართველოში გატარებული ორი თვის შემდეგ კი ფოთიდან საფრანგეთს გაემგზავრა.
1859 წელს პარიზის გამომცემლობა Calmann-Levy- ალექსანდრე დიუმას ჩანახატების კრებული – Le Caucase (კავკასია)დაბეჭდა. იმავე წელს წიგნი ბელგიაშიც გამოიცა Hetzel et Co- მიერ.
ამბობენ, რომ ალექსანდრე დიუმა კავკასიას ანა დრანსეს წიგნისშამილის ტყვე ქალებიწაკითხვის შემდეგ ეწვია. ანა დრანსე რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალმაიორის დავით ჭავჭავაძის ოჯახში მსახურობდა და 1854 წელს წინანდალს შესეულმა შამილის რაზმმა ქართველი თავადის ოჯახთან ერთად დაატყვევა. დავით ჭავჭავაძის ოჯახმა (მეუღლე, შვილები, ახლო ნათესავები, მოახლეები…) შამილის ტყვეობაში ნახევარ წელზე მეტი გაატარა და დიდი გამოსასყიდის სანაცვლოდ დაბრუნდა საქართველოში
ამ ალბომში თავმოყრილი ფოტოების ტექსტები სწორედ დიუმას კავკასიიდანაა ამოკრეფილიძალიან სახალისო წიგნიდან გამორჩეულად საინტერესო ამბების გადმოტანა ვცადე. რამდენად გამომივიდა, ეს თქვენ გადაწყვიტეთ.
კავკასია ერთი ამოსუნთქვით იკითხება, განსაკუთრებით ამბები საქართველოზე, რომელსაც ავტორი ჩვეული იუმორით, ხალისით და მრავალფეროვნებით გვიყვება. ერთი სიტყვით, ვისაც XIX საუკუნის საქართველოს ამბები იზიდავს, მათთვის კავკასია მისწრებაა.
რაც შეეხება ფოტოებს: ალბომში თავმოყრილი ყველა ფოტო (ნახატების და საფოსტო მარკის გარდა) დმიტრი ერმაკოვისაა (ან მისი კოლექციიდანაა) და სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. მათი ნაწილი უკიდეგანო ინტერნეტში ხეტიალისას შევაგროვე ან ძველი თბილისის თემით დაინტერესებული მეგობრებისგან მოვიპოვე.
მართალია ფოტოები დიუმას მოგზაურობიდან 25-30 წლის შემდეგაა გადაღებული (ან უფრო გვიანდელია), მაგრამ მგონი, მეტნაკლებად ასახავს დიუმასდროინდელ თბილისს და სხვა ქალაქებს
მოკლედ, თუ გაინტერესებთ, ისიამოვნეთ.
საუკეთესო სურვილებით!

ლაშა გოდუაძე
2016 წლის 2 მარტი


მთელ ღამეს ვიარეთ, მხოლოდ ორი საათით შევჩერდით სადგურ სართიჭალაში.
ამ სადგურიდან უთენია გავედით, რადგანაც კიდევ 35 ვერსი გვქონდა გასავლელი საქართველოს დედაქალაქამდე. მაგრამ გზა ისეთი საძაგელი აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ნაშუადღევის ორი საათი იქნებოდა, როცა ჩვენმა მეეტლემ ერთი მთის წვერიდან დაგვანახა მოლურჯო ორთქლი, რომელშიც ძლივს გავარჩიეთ რამდენიმე პატარა თეთრი წერტილი და გვითხრა: აი, თბილისიც.
ისე გამიკვირდა, თითქოს ვინმეს ეთქვას: აი, სატურნი, ან აი, მერკურიო. ჩვენ უკვე გადაწყვეტილი გვქონდა, რომ თბილისი ისეთი პლანეტაა, რომელსაც ვერასდროს მივაღწევთ, მით უმეტეს, არაფერი გვაუწყებდა, თუ რომელიმე ქალაქს და განსაკუთრებით დედაქალაქს ვუახლოვდებოდით – არცერთი ხე, არავითარი დამუშავებული მიწა…


პირველად, ისევე, როგორც პეტერბურგში შესვლისას, თვალში მოგვხვდა ორი უხეირო შენობა, რომლებიც, ალბათ, ყაზარმებს წარმოადგენდნენ და სევდიანად თავი გავაქნიეთ: ნუთუ თბილისი, ეს ქართული სამოთხე, რომელსაც ამდენ ხანს ველოდით, მხოლოდ ოცნებაში დარჩა? უნებურად ამოვიოხრეთ.
მაგრამ აი, უეცრად სიხარულისგან შევყვირეთ: გზის გადაღმა, უფსკრულის სიღრმეში ბობოქრობდა მტკვარი, მთის ფერდებზე კი იარუსებად გაშლილიყო და მდინარის ნაპირებამდე ეშვებოდა ქალაქი თავის სახლებით, მსგავსად დაწიოკებული ჩიტების გუნდისა, რომლებიც თითქოს ისე დამსხდარიყვნენ აქა-იქ, როგორც მოხვედროდათ.
ჩვენ გავიარეთ ხის ხიდი, რომელიც ვერ გავიგე როგორც ეკიდა სამოცი ფუთით მდინარეზე.
ქვემოთ, მტკვრის ფართო ქვიშიან ნაპირზე, ასამდე აქლემი იწვა. ქალაქში გარეუბნიდან შევდიოდით…


-რა აზრის ხართ ქართველებზე? – ვკითხე ბარონ ფინოს, ჩვენს კონსულს თბილისში, რომელიც სამი წელია იქ ცხოვრობს.
-არავითარი ნაკლი მათ არ გააჩნიათ, მხოლოდ ღირსებებით არიან დაჯილდოებულნი, – მიპასუხა მან.
ხედავთ როგორ ხოტბას ასხამს ქართველებს ფრანგი, რომელსაც ყველა ადამიანივით სხვისი გაქირდვა უყვარს, ყველაზე უფრო კი თავი მოსწონს?..
ერთი სიმამაცით განთქმული რუსი, გვარად შერემეტიევი მეუბნებოდა: ქართველები უნდა ნახოთ ომში, როცა მათ თავიანთი წყეული ზურნის ხმა ესმით, რომელიც თოჯინების ასაცეკვებლადაც კი არ ვარგა. ამ დროს ისინი ნამდვილ ტიტანებს მოგვაგონებენ და მზად არიან ცაზე მიიტანონ იერიში!
ახლა სუფრაზე უნდა ნახოთ ქართველები, – მეუბნებოდა ერთი პატივსაცემი გერმანელი, რომელიც სიამაყით იგონებდა, როგორ დალია ჰაიდელბერგის ლუდხანაში 12 კათხა ლუდი შუადღისას – მათ შეუძლიათ შესვან 15, 18, 20 ბოთლი ღვინო, ისე, თითქოს აქ არაფერიაო!
ფინოც მართალს ამბობდა, რუსიც და გერმანელიც.


ფინომ გვითხრა, რამდენ ხანსაც არ უნდა დარჩეთ თბილისში, ჩემთან სვით და ჭამეთო. მე ეს წინადადება შორს დავიჭირე.
-სადამდის აპირებთ დარჩენას? – მკითხა მან.
-ასე, ერთ თვეს.
-ერთი თვე აქ სამი ათასი მანეთი დაგიჯდებათ. გაქვთ მაგდენი?
-არა, ამდენი არ მაქვს.
-მაშინ გირჩევთ, ისევე მიიღოთ ჩემი წინადადება, როგორც ზუბალაშვილის მასპინძლობა მიიღეთ…
ფინოს თბილისში თაყვანს სცემენ. 153 ფრანგ ქალსა თუ კაცში, აქაურ კოლონიას რომ შეადგენს, ერთიც არ გამოერევა მას ქებით რომ არ იხსენიებდეს. ეს ქება თავაზიანობიდან კი არ არის გამოწვეული, არამედ გულიდან მოდის.


-ახლა კი ეტლში ჩავსხდეთ და თეატრში გავწიოთ, – მითხრა ბარონმა ფინომ.
-რას ამბობთ, მოედნის გადასასვლელად რა საჭიროა ეტლი?
-თუ ოდნავ წამოწვიმა, კოჭებამდე ტალახში ჩავიძირებით. თუ წვიმა გაგრძელდა, ხვალ მუხლებამდე ამოვილუმპებით, ხოლო თუ კიდევ არ გადაიღო, ზეგ უკვე ქამრამდე მოგვწვდება ლაფი! თქვენ არ იცით რას ნიშნავს თბილისური ტალახი, ჩემო მეგობარო – მას კარგად გაიცნობთ საქართველოს დედაქალაქში ყოფნისას. 1856 წლის 28 აგვისტოს საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. და ამ მთებიდან ტალახი ისეთ ნიაღვრებად წამოვიდა, რომ 30 სახლი მთლიანად დაანგრია, 62 კაცი დაიხრჩო და რამდენიღაც ეტლი მდინარეში გაიტანა!
ეტლი მართლაც გვიცდიდა. ჩავსხედით და 10 წუთში თეატრის ვესტიბიულში ვიყავით…


უნდა გამოვტყდე: ვესტიბიულში შესვლისთანავე ორნამენტის სადა და დახვეწილმა სტილმა განმაცვიფრა – თითქოს პომპეუსის თეატრის ვესტიბიულში შევედი! ზემოთა ფოიეში ორნამენტი არაბული ჩუქურთმით შეიცვალა.
დარბაზში შევედით, რომელიც ფერიათა სასახლე გეგონებათ. არა მისი მდიდრული მორთულობით, არამედ იმით, რომ უფაქიზესი გემოვნებითაა შესრულებული. შესაძლებელია იქ სულ 100 მანეთის ვარაყიც კი არ არის დახარჯული, მაგრამ უყოყმანოდ შეიძლება ითქვას, რომ თბილისის თეატრისნაირი თვალწარმტაცი დარბაზი ჩემ სიცოცხლეში არსად მენახა!
ისიც უნდა დავძინო, რომ პირმშვენიერი მანდილოსნები კიდევ უფრო ამშვენებდნენ ამ ლამაზ დარბაზს…


თბილისის მთავარი ქარვასლა სომხის აშენებულია. იმ კაცს მარტო მიწაში, რომელიც სიგანით 8, ხოლო სიგრძით 40 საჟენია, 80 ათასი ფრანკი მიუცია! აქედან ჩანს, რომ თბილისში, სადაც მიწა არცთუ ცოტაა, სხვა საქონელზე იაფი არ ღირს.
ქარვასლა საინტერესო სანახავია. მის ყველა შესასვლელში აქლემებით, ცხენებითა და ჯორებით აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენელნი: თურქები, სომხები, სპარსელები, არაბები, ინდოელები, ჩინელები, ყალმუხები, თურქმენები, თათრები, ჩერქეზები, ქართველები, მეგრელები, ციმბირელები და კიდევ რა ვიცი ვინ აღარ შედის და გამოდის. ყველა თავისებური ტიპია, ყველას თავის ტანისამოსი, იარაღი, სახე და განსაკუთრებით თავსამკაული აქვს.
ქარვასლას სავაჭრო ქუჩების ქსელი უერთდება, რომელიც სრულიად გამოყოფილია ქალაქის არისტოკრატიული ნაწილისგან. ყოველ ქუჩას თავის წარმოების სახე აქვს. არ ვიცი, რა სახელები აქვთ ამ ქუჩებს თბილისში, მე კი მათ ოქრომჭედელთა, ჭონების, მეიარაღეთა, მეხილეთა, თოქმაჩების, თერძების, ხარაზთა, მეფლოსტეთა და მექოშეთა ქუჩებს დავარქმევდი…


თბილისის მრეწველობაში, სადაც ვგულისხმობ თათართა, სპარსელთა, სომეხთა და ქართველთა ვაჭრობას, ასეთი წესია: მეჩექმე არ ამზადებს სხვა ფეხსაცმელს, ხარაზი არ ამზადებს ფლოსტებს, მეფლოსტე კი ფლოსტების მეტს არაფერს აკეთებს. უფრო მეტიც: მეჩექმე, რომელიც ქართულ ჩექმას კერავს, არ კერავს ჩერქეზულს.
ყველა ხალხის ყოველი სამოსელის თითოეულ ნაწილს თავის ოსტატი ჰყავს. თუ გინდათ რომ შეუკვეთოთ ხმალი, ჯერ ყიდულობთ ხმლის პირს, შემდეგ უკვეთავთ ტარსა და ხის ქარქაშს, შემდეგ ამ ქარქაშისთვის უნდა იყიდოთ ტყავი ან ტარსიკონი და ბოლოს ტარი და ქარქაში ჩაასმევინოთ ვერცხლის ბუდეში. ეს ყველაფერი ცალ-ცალკე კეთდება…


ოსტატთა ქუჩებზე შუამავლობა აკრძალულია. უეჭველია, ამგვარი ვაჭრობა უფრო იაფია, მაგრამ ეს ეკონომია ისეთ ქვეყნებში არსებობს, სადაც დროს არავითარი ღირებულება არ აქვს. ამერიკელი მოუთმენლობისგან ერთ კვირასაც ვერ გასძლებდა თბილისში.
ყველა დუქნის ფასადი ღიაა, ყველა ხელოსანი ხალხის თვალწინ მუშაობს.
მეტად საინტერესოა თბილისის ქუჩებში სეირნობა – უცხოელს ეს არასოდეს მოსწყინდება!
მე თითქმის ყოველდღე დავდიოდი ქუჩებში.
მოგზაურნო, ვინც ჩემ შემდეგ ესტუმრებით თბილისს: დიდ ჩექმასა და ტანისამოსს გთავაზობთ!


იარაღის ერთ მაღაზიაში ხანჯალს ვყიდულობდი. გაიარა თავადმა გიორგი ერისთავმა, ინფანტერიის გენერალმა, რომელსაც ოთხი კაცი ახლდა. ერთმანეთს არ ვიცნობდით. როცა მოახსენეს ვინც ვიყავი, მოგვიახლოვდა და ჩემ თარჯიმანს უთხრა: „ბატონ დიუმას გადაეცით, ამათგან არაფერი იყიდოს. ფულს დასტყუებენ და უხეირო საქონელს მისცემენ“.
თავად ერისთავს კეთილი რჩევისთვის მადლობა გადავუხადე და გზა განვაგრძე, თან ქამარში გაკეთებულ ხანჯალს გავაყოლე თვალი.
შინ რომ დავბრუნდი, თავადი ერისთავისგან გამოგზავნილი სურათი და ხანჯალი დამხვდა. ხანჯალი 80 მანეთის ღირებულების იყო, სურათი კიდევ უფრო ძვირფასი!
გაითვალისწინეთ, რომ ქართველს, რომელიც რაიმეს გთავაზობთ, უარი არ ეთქმის. უარი ქართველის შეურაცხყოფაა!


ბარონი ფინო მთელი დღე გვპირდებოდა, საღამოსთვის ერთ სიურპრიზს გიმზადებთო.
ეტლში ჩავსხედით. აბანოში! – თქვა მან რუსულად.
იმდენი რუსული კი ვიცოდი, რომ ეს სიტყვა გამეგო და გაკვირვებულმა ვკითხე:
-როგორ თუ აბანოში, აბანოში რა გვინდა?
-გაქვთ რამე ამის საწინააღმდეგო? – მიპასუხა მან.
-აბანოს საწინააღმდეგო რა უნდა მქონდეს, მაგრამ თქვენგან დიდი თავხედობაა, თუ გგონიათ, რომ აბანო ჩემთვის ასეთი სიურპრიზია.
-სპარსული აბანო თუ გაგიგონიათ ოდესმე?
-გამიგონია.
-თუ დაგიბანიათ ასეთ აბანოში?
-არა.
-ჰოდა, სიურპრიზიც სწორედ ეს არის!


ხუთ წუთში აბანოს შესასვლელთან ვიყავით. იქ უკვე გველოდნენ – ბარონს დილიდანვე დაეკვეთა ჩვენთვის ერთი ნომერი.
წოწოლა ქუდიანმა სპარსელმა ჯერ ერთ გალერეაში გაგვატარა, რომელიც ზედ მორევზე ეკიდა, შემდეგ ვრცელ აბანოში შეგვიყვანა და როდესაც დავაკვირდი, დავინახე, რომ აბანო ქალებით იყო სავსე.
-სამშაბათი ქალთა დღეა, განზრახ ავირჩიე, – თქვა ფინომ, – თუ სიურპრიზია, ბოლომდე სიურპრიზი იყოს.
მაგრამ ეტყობოდა, იმ ქალებისთვის ეს არ იყო ისეთი სიურპრიზი, როგორც ჩვენთვის, რადგან მათ სრულიად არ ეტყობოდათ გაკვირვება.
მე, ცოტა არ იყოს, სინანულითაც კი შევატყვე, რომ ჩვენმა გავლამ ამ ქალებზე არავითარი შთაბეჭდილება არ მოახდინა…


აბანოს წინა ოთახში ტანსაცმელს იხდიან. ოთახს შესანიშნავად ანათებდა იატაკზე დადგმული ხის კანდებლარი 6 სანთლით.
ტანზე გავიხადეთ, ზეწრები ავიღეთ (რა თქმა უნდა იმისთვის, რომ სახეები დაგვემალა, თუ ქალები გაივლიდნენ) და აბანოში შევედით. უნდა გამოგიტყდეთ: საჩქაროდ უკან გამოვვარდი, რადგანაც ჩემ ფილტვებს იმ ორთქლში სუნთქვის ძალა არ შესწევდა. მას თანდათან უნდა შევჩვეოდი და ამიტომ, წინა ოთახის კარი ღია დავტოვე, რომ ორივე ოთახში ჰაერი გათანაბრებულიყო.
ინტერიერს ბიბლიური სისადავე აქვს. ის მთლიანად მოპირკეთებული ქვისაა, სამი ქვის ოთხკუთხი აბაზანით. მათში მოდის სხვადასხვა ტემპერატურის თბილი წყალი, ანუ უფრო სწორად, ბუნებრივად ცხელი წყალი.
აბანოს დიდი მოყვარულნი პირდაპირ 40 გრადუსამდე გაცხელებულ აბაზანაში ჩადიან და შიგ მამაცურად წვებიან. შედარებით ზომიერი ტემპერატურის მოყვარულნი 35-გრადუსიან აბაზანაში, ახალბედა მობანავენი კი ფრთხილად და დარცხვენით ჩადიან მესამე, 30 გრადუსით გამთბარ აბაზანაში.
ბარონი ფინო უშიშრად გაემართა 40-გრადუსიანი აბაზანისკენ. მე ვურჩევ სატანას განსაკუთრებული ქვაბი მოამზადოს იმ დღისთვის, როცა საფრანგეთის კონსული ფინო ჯოჯოხეთში იქნება მიღებული…


აბანოდან რომ ამოვედი, მექისეთა ხელში აღმოვჩნდი. სწორედ მაშინ ჩამიგდეს ხელში, როცა ნაკლებად ველოდი. თავის დაცვა რომ მოვინდომე, ფინომ დამიყვირა: ნუ გაუძალიანდებით, თორემ რამეს მოგტეხენ!
„ჯალათებმა“ ხის ტახტზე დამაწვინეს, თავქვეშ სველი ბალიში ამომიდეს და ხელ-ფეხი გამაჭიმინეს. მერე სათითაოდ ხელებში მეცნენ და სახსრების მტვრევა დამიწყეს. ეს „ოპერაცია“ მხრებიდან დაიწყო და თითქმის უკანასკნელი სახსრებით გათავდა.
შემდეგ ფეხებს მიჰყვეს ხელი. ფეხებს რომ მორჩნენ, კეფაზე, ხერხემალზე და წელზე გადავიდნენ. ეს ვარჯიში, რომელსაც თითქოს სახსრების სრული დამტვრევა უნდა გამოეწვია, სრულიად ბუნებრივად მიმდინარეობდა და არამცთუ უმტკივნეულო იყო, არამედ სასიამოვნოც! თუმც ჩემ სახსრებს თავის დღეში ამგვარი არაფერი განუცდიათ, ისე გაუძლეს ამ „მტვრევას“, თითქოს მთელი სიცოცხლე ასე მევარჯიშნოს.
პირსახოცივით რომ დამკეცონ და კარადის თაროზე დამდონ, მაინც არაფერი მეტკინება-მეთქი, ვფიქრობდი…

ზელვის პირველი ეტაპი რომ დაასრულეს, მექისეებმა შემატრიალეს და ვიდრე ერთი მათგანი, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ხელებს მიზელდა, მეორე ზურგზე ცეკვას შეუდგა.
უცნაურია, რომ ეს კაცი, რომელიც, ალბათ, 120 გირვანქას იწონიდა, პეპელასავით მსუბუქი მეჩვენებოდა. ის ზურგზე მაძვრებოდა, შემდეგ გადადიოდა, ისევ მაძვრებოდა და ეს ქმნიდა შეგრძნებათა მთელ ჯაჭვს, რომელიც აუწერელ ნეტარებას მგვრიდა!
ისე ვსუნთქავდი, როგორც არასდროს! კუნთებში სრულიად არ ვგრძნობდი დაღლილობას, პირიქით, ისინი უფრო მოქნილნი გახდნენ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენებოდა.
იმ წუთში სანაძლეოს დავდებდი, რომ გაშლილი ხელებით მთელ კავკასიას ავწევდი!


ტანის ზელა დამთავრდა და მექისეები უკანასკნელ ეტაპზე გადავიდნენ – ეს არის გასაპნვა. ერთ-ერთმა მექისემ იღლიაში ამომიდო და ისე წამომსვა. ამასობაში მეორე მექისემ მარჯვენა ხელზე ძუის თათმანი წამოიცვა და ტანის ზელა დამიწყო, მესამე კი ამ დროს 40-გრადუსიანი აბაზანიდან ვედროთი წყალს იღებდა და კეფასა და ზურგზე მასხამდა.
მალე ქისიანმა კაცმა გადაწყვიტა, ჩვეულებრივი წყალი საკმარისი აღარ არისო და აიღო პარკი. უეცრად დავინახე, რომ პარკი გაიბერა და გამოუშვა საპნის ქაფი, რომელშიც თავით ფეხებამდე გავეხვიე. თვალები ოდნავ მეწვოდა, თორემ ამგვარი სასიამოვნო გრძნობა ჯერაც არ განმიცდია.
როგორ მოხდა, რომ პარიზში, ამ გრძნობიერ სიტკბოებათა ქალაქში, ჯერ არავინ შემოიღო სპარსული აბანო? ნუთუ ვერცერთმა სპეკულანტმა ვერ გამოიწერა თბილისიდან ორი მექისე? თან ფილანთროპულ მიზანს განახორციელებდა და რაც უფრო უეჭველია, აურაცხელ სიმდიდრეს დაიგროვებდა!
როცა თავით ფეხებამდის რძესავით თბილსა და თეთრ, ჰაერივით მსუბუქ ქაფში გამხვიეს, აბაზანასთან მიმიყვანეს და მეც ისეთი განუსაზღვრელი გატაცებით ჩავხტი, თითქოს მასში დასახლებული ყოფილიყვნენ ნიმფები!


აბაზანიდან რომ გამოვედით, წინა ოთახის ტახტებზე გრძელი, ქათქათა ზეწრები იყო გაშლილი. ერთ წუთს შეგვცივდა, მაგრამ ამანაც ახალი სიამოვნება მოგვგვარა.
ტახტებზე რომ წამოვწექით, ჩიბუხები დაგვირიგეს. ახლა მესმის რას ნიშნავს თამბაქოს წევა აღმოსავლეთში, სადაც თუთუნი ნელსურნელებას წარმოადგენს. შეგვეძლო აგვერჩია ყალიონი, ჩიბუხი და ჰუკა და ჩვენი სურვილის თანახმად თურქი, სპარსელი ან ინდოელი „გავმხდარიყავით“.
იმ საღამოს რომ არაფერი დაჰკლებოდა, ერთმა მეაბანოემ ხელში რაღაც გიტარის მსგავსი საკრავი აიღო, რომელიც ერთ ფეხზე ტრიალებდა იმგვარად, რომ ქამანდი კი არ ეძებდა სიმებს, არამედ სიმები ქამანდს და დაუკრა სევდიანი ჰანგი საადის ლექსების აკომპანიმენტზე. ამ მელოდიამ ისე ტკბილად დაგვარწია, რომ თვალები მივლულეთ და ხელიდან გაგვცვივდა ვის ყალიონი, ვის ჩიბუხი და ვის – ჰუკა.
იმ თვენახევრის განმავლობაში, რაც თბილისში დავყავი, ყოველ ორ დღეში ერთხელ სპარსულ აბანოში დავდიოდი!


ფინო დამპირდა, თავად ჭავჭავაძის მეუღლესთან წაგიყვანო, მაგრამ პირველ მისვლაზე ის შინ არ დაგვიხვდა. ფინომ აბანოს მიღების მეორე დღესაც გამოგვიარა ნაშუადღევის 2 საათზე. ამჯერად მასპინძელი შინ იყო და მიგვიღო.
თავად ჭავჭავაძის მეუღლე საქართველოში, ამ ლამაზი თვალებით სახელგანთქმულ ქვეყანაში, ცნობილია, როგორც ულამაზესი თვალების მქონე მანდილოსანი.
შეხედვისთანავე გაოცებთ მისი წმინდა ბერძნული პროფილი, უკეთ რომ ვთქვათ, მისი წმინდა ქართული პროფილი, რაიცა გულისხმობს ბერძნულ სიწმინდეს, თუ მას სიცოცხლეს მივუმატებთ. საბერძნეთი არის გალათეა, ოღონდ მარმარილოსი, საქართველო კი სულჩადგმული და ქალად ქცეული გალათეაა!
ამ საუცხოო პროფილიდან თავადის მეუღლის სახეს ღრმა სევდის იერი გადაჰკრავს. რა უნდა იყოს საწყისი ამ მელანქოლიისა? ის ხომ ბედნიერი ცოლი და მრავალი შვილის დედაა! იმიტომ ხომ არ არის ის სევდიანი, რომ ბუნებამ ისურვა მეტისმეტად დიდი სილამაზით დაეჯილდოებინა, როგორც ზოგიერთ ყვავილს აჯილდოებს იმდენად დიდი სილამაზით, რომ მათ სურნელების გარეშე არსებობა აღარ შეუძლიათ? ან, იქნებ დღემდე გრძელდება მოგონება იმ საშინელი შემთხვევისა, რომლის მიზეზითაც თავადი ჭავჭავაძის მეუღლე თითქმის ერთ წელიწადს იყო თავის ოჯახს მოშორებული?


თავად ჭავჭავაძის მეუღლეს თბილისიდან 45 ვერსის დაშორებით საუცხოო მამული აქვს, რომელსაც წინანდალი ეწოდება. ეს მამული მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე. კახეთის ეს ერთ-ერთი საუკეთესო კუთხე თელავიდან რამდენიმე ვერსზე მდებარეობს.
წინანდალი ივნისის თვეში ფერიების სასახლე გეგონებათ: იქ ერთმანეთში არეულია ყვავილები, ყურძენი, ბროწეული, ლიმონი, ნარინჯი, ცხრატყავა, ვარდები…
მცენარე და ხილი ერთდროულად ყვავის, იფურჩქნება და მწიფდება. ჰაერი გაჟღენთილია მრავალი ერთმანეთში არეული სურნელებით!


ქალაქიდან სოფელში გადაბარგება აქ დიდი საქმეა – თვით ყველაზე უფრო მდიდრებსაც, თითქოს ყველაფერი მხოლოდ სადღეისოდ აქვთ მზად.
მათ ქალაქისა და სოფლის სახლი ერთდროულად არ აქვთ მოწყობილი. როცა მამულში მიდიან, ავეჯი თან მიაქვთ, ხოლო როცა ბრუნდებიან, უკან ჩამოაქვთ, ქალაქში.
გარდა ამისა, თბილისში ხომ ძნელია სანოვაგის შოვნა, სოფელში უარესი მდგომარეობაა და ყველაფერი თბილისიდან უნდა წაიღონ: ჩაი, შაქარი, საბაყლო სანოვაგე, ფართალი მოსამსახურეთათვის და სხვა. ყოველივე ამას ალაგებენ ურმებში, რომელთაც წინ მიუძღვის ტარანტასი. კავკასიის გზებზე მხოლოდ ურმები და ტარანტასები დადიან…


სახელწოდება თბილისი ანუ „თბილი ქალაქი“ წარმოსდგება თბილი წყლებისგან, რომელთა წყალობით ეს ქალაქი მოგზაურებს იმ სახელგანთქმულ სპარსულ აბანოებს სთავაზობს.
იმ ეპოქაში, საიდანაც ქრისტიანული ერა იწყება, თბილისი მხოლოდ დაბა იყო, საქართველოს დედაქალაქად კი მცხეთა ითვლებოდა. მაგრამ 469 წელს მეფე ვახტანგ გორგასალმა ქალაქი თბილისი დააარსა, დედა ახალი თბილისისა.
ახლად დაარსებული ქალაქი ხაზარებმა დაანგრიეს, შემდეგ ის კვლავ აღადგინა ემირმა აგარიანმა, მცხეთის დანგრევის შემდეგ კი თბილისი ბაგრატიდთა, დღევანდელი ბაგრატიონების წინაპართა დინასტიის რეზიდენცია გახდა.


მდინარე მტკვარი ქალაქს ორ ნაწილად ჰყოფს, ანდა, უფრო სწორად, ქალაქს გარეუბნებისგან გამოჰყოფს. გარეუბნები ესენია: ისანი, რიყე და გერმანელთა კოლონია.
1795 წელს თბილისი აღა მაჰმად ხანმა ერთიანად დაანგრია. კლაპორტის ცნობით, იმ დროს ქალაქი ისეთი მჭიდრო ყოფილა, რომ ყველაზე განიერ ქუჩაზეც კი ძლივს დადიოდა ურემი. მაშინ თბილისის მოსახლეობა 15 ათას მცხოვრებს აღწევდა.
როცა 1820 წელს ჩვენი კონსული, კავალერი გამბა თბილისში ჩამოვიდა, ქალაქის ყველა ქუჩა ნანგრევებით იყო სავსე. ადგილობრივი მოსახლეობა თითქმის ნახევრად მიწურ სახლებში ცხოვრობდა, რომელთაც ოთხი ფუტის სიმაღლის შესასვლელები ჰქონდათ.
ვინც თბილისს მხოლოდ კლაპორტისა და გამბას აღწერით იცნობს, დღეს ვერ მიხვდება, თუ ეს მოგზაურთა მიერ აღწერილი ის ქალაქია. ამჟამად თბილისში 75 ათასამდე მცხოვრებია.
ქუჩები 60 ფუტის სიგანისაა. სასახლეები, მოედნები, ქარვასლები, ბაზრები, თეატრი და ეკლესია ხელოვნების შედევრებს წარმოადგენენ…
უნდა გამოვტყდე: როცა თბილისში მოვდიოდი, მეგონა, რომ ვნახავდი ნახევრად ველურ ქალაქს, რაღაც ბაქოსა და ნუხის მსგავსს, მაგრამ უფრო დიდს.
თურმე ვცდებოდი: ფრანგული კოლონიის წყალობით, რომელიც უმთავრესად პარიზელი მკერავებისა და მოდისტკებისაგან შედგება, ქართველ მანდილოსნებს შეუძლიათ იტალიური თეატრისა და განდის ბულვარის მოდას მისდიონ, მხოლოდ ორი კვირის დაგვიანებით.
იმ დროს, როცა საქართველოს დედაქალაქში ჩავედი, ქალები ძალზე გართული იყვნენ ერთი რამით: თავადი გ-ს მეუღლეს პლასტიკური კორსეტი ჩამოეტანა და ქ-ნ ბლოსთან ტევა აღარ იყო ამ ახალი გამოგონების მთხოვნელებისა. ქ-ნ ბლოსაც ქ-ნ ბონვალესთვის მიეწერა, რომ თბილისში იმ კორსეტების მთელი საპალნე გამოეგზავნა.
თუ თბილისში პარიზულ კორსეტებს იცნობენ, ვეჭვობ, რომ პარიზში იცოდნენ რას წარმოადგენს სუფრა თბილისში. რასაკვირველია, ქართული სუფრა.
ქართულ სუფრაზე ჭამენ ყველაფერს, რაც კი მოხვდებათ. საჭმელი აქ ყველაზე უმნიშვნელო ნაწილია სადილისა, რომელიც შედგება განსაკუთრებით ახალი მწვანილისა და მისი ძირებისაგან: სალათა უზეთოდ და უძმროდ, მწვანე ხახვი, გვერდელა, ტარხუნა, ბოლოკი…
ქართველ თუ უცხოელ სტუმარს, რომელიც კი არ ჯდება, არამედ უნდა ჩაცუცქდეს ქართულ სუფრასთან, შეუძლია თავის ნებაზე ჭამოს, სმა კი, ნურას უკაცრავად, თავის ნებაზე არ შეუძლია.
ქართულ სუფრაზე ჩვეულებრივი მსმელები 5-6 ბოთლ ღვინოს სვამენ, უფრო დიდი მსმელები კი 12-15 ბოთლს! გამოერევიან ისეთებიც, რომლებიც ბოთლებით კი არა, ტიკობით სვამენ – 20-25 ბოთლამდე ადიან. საქართველოში სასახელოა, თუ მეზობელზე მეტი დალიე.
ღმერთმა ქართველ მსმელებს კახური ღვინო მისცა, ესე იგი, ის საუცხოო ღვინო, რომელიც არ ათრობს, ან, უფრო სწორად, თავში არ უვარდება მსმელს.
ქართველი მსმელები მრავალ ფანტასტიკური ფორმის სასმისებს იყენებენ: გოგრას გრძელი ღეროთი; წვენის ჩამჩას, რომლის ფსკერზეც არ ვიცი რატომ, მოოქრული ირმის თავია გაკეთებული მოძრავი რქებით; საწვნეების მაგვარ ფართო ჯამებს; მოვარაყებულ რქებს, რომელთა შორის უმცირესში ბოთლი ღვინო ჩადის და აუცილებლად გადაკვრით, სულისამოუთქმელად უნდა დასცალო.
სადღეგრძელოს მთქმელი წარმოთქვამს იდუმალ სიტყვებს: ალაჰვერდი!
მიმღები უპასუხებს: იახშიოლ!
ამ გამოწვევის შემდეგ ან უნდა სვა, ან უნდა მოკვდე…
ქართველს დიდ ღირსებად მიაჩნია, თუ იგი საუკეთესო მსმელად ითვლება. როცა იმპერატორი ნიკოლოზი კავკასიაში ჩამოვიდა, გრაფმა ვორონცოვმა მას თავადი ერისთავი წარუდგინა და უთხრა: მეფეო, პატივი მაქვს წარმოგიდგინოთ საქართველოს უპირველესი მსმელი.


ახლა წარმოიდგინეთ, რა წამებას მიქადდა ქართული სადილი მე, ვისაც თავის დღეში წყლის მეტი არაფერი დაულევია. მაინც ვაჟკაცურად მივიღე მიპატიჟება და დანიშნულ საათზე სადილად მივედი. ჩემ პატივსაცემად დაპატიჟებული იყო ორი თუ სამი ცნობილი მსმელი, რომელთა შორის იყვნენ თავადი ნიკოლოზ ჭავჭავაძე და პოლონელი ჟოზეფ პენერეპსკი. ამას გარდა, ჩვენ გვყავდა ერთი პოეტი და ერთი მემუსიკე. პოეტი იყო ევანგულ ევანგულოვი, მასპინძელი – ივანე კერესელიძე, ჟურნალ ცისკრის რედაქტორი.
პირველი, რაც დარბაზში შესვლისთანავე თვალში მეცა, ეს იყო ვეებერთელა კოკა, იმის მსგავსი, ალიბაბას და მის 40 ავაზაკს რომ უდგიათ. 80 თუ 100 ბოთლი ღვინო, რომელიც იმ კოკაში იდგა, ჩვენი გამოსაცლელი იყო!
იატაკზე ეგო დიდი ხალიჩა ზედ გაშლილი სუფრით. სუფრა ჩვენთვის, ვინც ფუფუნებას ვიყავით შეჩვეული, გაწყობილი იყო თეფშებით, დანა-ჩანგლითა და კოვზებით. ადგილობრივ სტუმრებს კი ძველი პატრიარქალური ჩვეულების თანახმად, ხელით უნდა ეჭამათ.
საპატიო ადგილას დამსვეს – სუფრის თავში. ჩემს პირდაპირ მოთავსდა მასპინძელი, მარჯვნივ მომისვეს თავადი ნიკოლოზი, მარცხნივ ბ-ნ პენერეპსკი…


არ ვიცი სათვალავი დალეული ღვინისა, მაგრამ ეტყობა, რაოდენობა საგრძნობი იყო, რადგან სადილის დასასრულს წარმოიშვა საკითხი, ჩემთვის მოეცათ მოწმობა, სადაც დადასტურებული იქნებოდა ჩემი არა გონებრივი, არამედ ფიზიკური გამძლეობა.
ეს აზრი ყველამ ერთხმად მოიწონა. აიღეს ქაღალდის ნაჭერი და თვითოეულმა მათგანმა თავის ხელმოწერით დაამოწმა სახლის პატრონის მიერ დაწერილი ცნობა: „ბ-ნ ალექსანდრე დიუმა ეწვია ჩვენს უბადრუკ რედაქციას, სადაც მისთვის გამართულ სადილზე ქართველებზე მეტი ღვინო დალია. 1858 წლის 28 ნოემბერი. ქართულ ჟურნალ ცისკრის რედაქტორი ივანე კერესელიძე“.
ამფიტრიონის ხელმოწერას მოსდევდა თავად ნიკოლოზის შემდეგი მინაწერი: „მე ვესწრებოდი სადილს და ვადასტურებ, რომ ბ-ნ დიუმამ ნამდვილად ქართველებზე მეტი ღვინო დალია. თავადი ნიკოლოზ ჭავჭავაძე“…

I ნაწილის დასასრული

ka_GEGeorgian