ჩემი ალბომები: ალექსანდრე დიუმას მოგზაურობა კავკასიაში (II ნაწილი)

1858 დეკემბერში ჟურნალი ცისკარი წერდა:
დეკემბრის პირველითგან ქალაქ ტფილისში იმყოფება ფრანციის უწარჩინებულესი მწერალი ალექსანდრე დიუმა, რომელიცა იყო ამ ახლოს ხანში ჩუენის ცისკრის ტიპოგრაფიაში, სადაცა გასინჯა ყოველი კუთვნილება რედაკციისა. მთელს ხმელეთზედ გამოჩენილი მწერალი ესე მოგზაურობს. ვისაც წარუკითხავსგრაფი მონტე ქრისტო, ის უეჭველია კარგათ იცნობს ამ მწერალს და ვისაც არ წაუკითხავს, ვეცდებით მომავალს წელს წავაკითხოთ, რადგანაც კიდეცა გვაქვს რედაკციაში გადმოთარგმნილი“.
გრაფი მონტეკრისტო, სამი მუშკეტერი, სამი მუშკეტერიოცი წლის შემდეგ, დედოფალი მარგო, გრაფინია დე მონსორო ეს მცირე ჩამონათვალია იმ რომანებისა, რომელმაც ალექსანდრ დიუმაუფროსს მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი.
რომანისტმა და დრამატურგმა 1858-59 წლების შესაყარზე იმოგზაურა რუსეთის იმპერიაში, საქართველოში გატარებული ორი თვის შემდეგ კი ფოთიდან საფრანგეთს გაემგზავრა.
1859 წელს პარიზის გამომცემლობა Calmann-Levy- ალექსანდრე დიუმას ჩანახატების კრებული – Le Caucase (კავკასია)დაბეჭდა. იმავე წელს წიგნი ბელგიაშიც გამოიცა Hetzel et Co- მიერ.
ამბობენ, რომ ალექსანდრე დიუმა კავკასიას ანა დრანსეს წიგნისშამილის ტყვე ქალებიწაკითხვის შემდეგ ეწვია. ანა დრანსე რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალმაიორის დავით ჭავჭავაძის ოჯახში მსახურობდა და 1854 წელს წინანდალს შესეულმა შამილის რაზმმა ქართველი თავადის ოჯახთან ერთად დაატყვევა. დავით ჭავჭავაძის ოჯახმა (მეუღლე, შვილები, ახლო ნათესავები, მოახლეები…) შამილის ტყვეობაში ნახევარ წელზე მეტი გაატარა და დიდი გამოსასყიდის სანაცვლოდ დაბრუნდა საქართველოში
ამ ალბომში თავმოყრილი ფოტოების ტექსტები სწორედ დიუმას კავკასიიდანაა ამოკრეფილიძალიან სახალისო წიგნიდან გამორჩეულად საინტერესო ამბების გადმოტანა ვცადე. რამდენად გამომივიდა, ეს თქვენ გადაწყვიტეთ.
კავკასია ერთი ამოსუნთქვით იკითხება, განსაკუთრებით ამბები საქართველოზე, რომელსაც ავტორი ჩვეული იუმორით, ხალისით და მრავალფეროვნებით გვიყვება. ერთი სიტყვით, ვისაც XIX საუკუნის საქართველოს ამბები იზიდავს, მათთვის კავკასია მისწრებაა.
რაც შეეხება ფოტოებს: ალბომში თავმოყრილი ყველა ფოტო (ნახატების და საფოსტო მარკის გარდა) დმიტრი ერმაკოვისაა (ან მისი კოლექციიდანაა) და სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. მათი ნაწილი უკიდეგანო ინტერნეტში ხეტიალისას შევაგროვე ან ძველი თბილისის თემით დაინტერესებული მეგობრებისგან მოვიპოვე.
მართალია ფოტოები დიუმას მოგზაურობიდან 25-30 წლის შემდეგაა გადაღებული (ან უფრო გვიანდელია), მაგრამ მგონი, მეტნაკლებად ასახავს დიუმასდროინდელ თბილისს და სხვა ქალაქებს
მოკლედ, თუ გაინტერესებთ, ისიამოვნეთ.
საუკეთესო სურვილებით!

ლაშა გოდუაძე
2016 წლის 2 მარტი


კალინოსა და ტორიანის თანხლებით ვორონცოვის ხიდისკენ გავწიე, რომელიც თბილისში ერთადერთი ქვის, უფრო სწორად, ერთადერთი აგურის ხიდია. არ ვიცი, ასე ეწოდება მას თუ არა, მაგრამ მგონი, ასე უნდა ერქვას, რადგანაც თავადი ვორონცოვის აშენებულია.
თბილისში, როგორც აღმოსავლეთის ყველა ქალაქში, განსაკუთრებით სასიამოვნოა ის, რომ რაც უნდა სასაცილოდ და ექსცენტრიულად გეცვათ, არავინ გაქცევთ ყურადღებას. ეს იმიტომ ხდება, რომ თბილისს, დედამიწის ყველა ხალხთა შეყრის ადგილს, მსგავსად ჭეშმარიტი ზანტი ქართველი ქალისა, იმდენი მოცალეობა არა აქვს, რომ ასი ათასი მოგზაურის ყველა უცნაურ ტანსაცმელს მიაქციოს ყურადღება: თბილისის ქუჩებში თურქები, ჩინელები, ეგვიპტელები, თათრები, ყალმუხები, რუსები, ყაბარდოელები, ფრანგები, ბერძნები, სპარსელები, ინგლისელები თუ გერმანელები ირევიან…


ქართველები დიდი მფლანგველები არიან. ამის საბუთი მათ ზედ აწერიათ: თითქმის მთელი ქართველობა გაღატაკებულია. ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთის მთავრობა დიდად დაეხმარა მათ ამ „საქმეში“.
ქართველები დედამიწის ზურგზე პირველი ღვინის მსმელები არიან, ხოლო თავაზიანობა, რომლითაც მე ცნობა მომცეს, მათ სახელს ვნებას ვერ მიაყენებს. ასეთი მოწმობა, როგორც მრავალი სხვაც, ალბათ, მათი შემწყნარებლობის შედეგია.


ქართველები უმამაცესი ხალხია. ამაში უკვე აღარავის შესდის ეჭვი, თვით ყველაზე მამაც რუსებსაც კი. ისინი გვიამბობენ ქართველთა ვაჟკაცური სისადავის შესანიშნავ ფაქტებს.
მაგალითად, გრაფ ვორონცოვის მიერ მოწყობილ ერთ-ერთ ექსპედიციაში ჯარი წაადგა ტყეს, რომელზეც ამბობდნენ, მთიელები იცავენო.
-ტყეს ორი ფინდიხით დატენილი ზარბაზანი დაუმიზნეთ და ესროლეთ, – ბრძანა გრაფმა, – ვნახოთ, როგორ იცავენ მას მთიელები.
-რაზე დავკარგოთ დრო და ფინდიხი, თქვენო უგანათლებულესობავ, – უპასუხა იქვე მყოფმა თავადმა ერისთავმა, – თვითონ წავალ და ვნახავ.
ერისთავმა ცხენი გააჭენა, ტყე მოათვალიერა, დაბრუნდა და ვორონცოვს ანტიკური სისადავით მოახსენა:
-ტყეში არავინაა, თქვენო უგანათლებულესობავ!


ქრისტიანობის შემოსვლამდე საქართველოში და მეტადრე მის სატახტო ქალაქ მცხეთაში ცეცხლთაყვანისმცემლობა ბატონობდა…
ხიდის გავლის შემდეგ შევდივართ მცხეთაში, საქართველოს ძველ სატახტო ქალაქში. დღეს ეს ერთი საცოდავი დაბაა, რომელიც ძველ ნაქალაქარზე მდებარეობს არგვისა და მტკვრის შესართავთან. ხალხური გადმოცემით მცხეთა ააშენა მცხეთოსმა, ქართლოსის ვაჟმა, რომელიც მოსეს ექვსი თაობის შემდეგ ცხოვრობდა.
დაარსებიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ მცხეთა მნიშვნელოვანი ქალაქი გახდა, მოგვიანებით კი საქართველოს მეფეებმა იგი თავის რეზიდენციად აირჩიეს. ერთმა მისმა მმართველმა, ჩამომავლობით სპარსმა, სახელად არდამმა, მტკვარზე, ხიდთან მას ზღუდე შემოავლო, ააგო სიმაგრე, რომლის ნაანგრევებიც ახლაც ჩანს, ხოლო მეორე ასეთივე სიმაგრე ჩრდილოეთის მხრიდან აუშენა.
ალექსანდრე დიდის მეფობაში, ღებრების დევნის დროს, მცხეთის ზღუდეები არანმა დალეწა, თუმცა შემდეგ ისევ ააშენა მეფე ფარნავაზმა.


მეფე მირიანმა, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით 255-318 წლებში მეფობდა, მცხეთაში ხის ეკლესია ააშენა, სადაც ქრისტეს კვართი ინახებოდა. საქართველოს 26-ე მეფემ მირდატმა, რომელიც იმავე საუკუნის დამლევს ბრწყინავდა, ეკლესიის ხის სვეტები ქვის სვეტებით შეცვალა. ამ ეკლესიას „სამირონე“ ეწოდება.
მისგან ჩრდილოეთით იმავე მეფემ ააშენა ეკლესია „ღვთაებისა სამთავრო“, შემკული მშვენიერი გუმბათით. იქ საქართველოს 43-ე მეფე მირიანია დაკრძალული, რომელიც VII საუკუნის დასასრულს ცხოვრობდა.
დაახლოებით 1304 წელს მტრისგან განადგურებული ქალაქი აღდგენილ იქნა 72-ე მეფის გიორგის მიერ, მაგრამ ის ხელახლა დაანგრია თემურ-ლენგმა, რომელსაც ქართველები ლანგ-თემურსაც უწოდებენ.
მცხეთა ისევ აღსდგა ნაანგრევებიდან საქართველოს 77-ე მეფის ალექსანდრეს ხელში, რომელმაც აქ გუმბათიანი ქვის ეკლესია ააშენა. ბოლოს ეს ეკლესია დიდად გაალამაზა ვახტანგ მეფემ დაახლოებით 1722 წელს. აქ დაკრძალულია მრავალი ქართველი მეფე და სხვათა შორის, უკანასკნელი გიორგი, რომელიც თუ არ ვცდები, 1811 წელს გარდაიცვალა.


469 წელს მცხეთა უკვე აღარ არის საქართველოს მეფეთა სატახტო ქალაქი, ვინაიდან ვახტანგ გორგასალი აშენებს თბილისს და თავის რეზიდენცია იქ გადააქვს. როგორც ამბობენ, მაშინ ძველი დედაქალაქი ჩრდილოეთიდან სამხრეთით ექვს ვერსზე იყო გაჭიმული.
ამჟამად მცხეთა სახელგანთქმულია მხოლოდ თავისი ვარიებით, რომლებიც, როგორც ამბობენ, თავისუფლად გაუწევენ მეტოქეობას მონსის ვარიებს და კალმახით, რომელიც არაფერს უთმობენ როპშის კალმახს.
მცხეთიდან ორი თუ სამი ვერსის მანძილზე ვხვდებით მთა ზადენს, რომელზეც შემორჩენილია მეოთხე ქართველი მეფის ფარნაჯომის მიერ აგებული სამაგრის ნანგრევები. მან ამ მთაზე დადგა კერპი ზადენი, რის გამოც მთამ ეს სახელწოდება მიიღო…


დუშეთში რომ შევედით, ბნელი, უფრო სწორად თეთრი ღამე იყო, რადგანაც თოვლი, რომელიც მთელ ღამეს მოდიოდა მთებში, ახლა ბარშიც მოსულიყო. დუშეთს ეძინა, მხოლოდ ერთი დალეული სანთელი ძლივს ბჟუტავდა სადგურში. იმ სანთელზე ჩვენი სანთლები და სამოვარი ავანთეთ, შემდეგ საგზალი ამოვიღეთ და წავივახშმეთ.
მუშაობას შევუდექი, რადგანაც ყველა უსიამოვნებასთან ბრძოლაში მუშაობა ჩემთვის დიდი ნუგეშია – განვაგრძე საკუთარი შთაბეჭდილებები კავკასიაში მოგზაურობისა. ღამის სამი საათი იყო, როცა ჯუბაში გავეხვიე და ტახტზე დავწექი.
შვიდ საათზე გამეღვიძა. თენდებოდა, თუ ამას შეიძლება გათენება ვუწუდოთ – ნისლი თითქმის ხელშესახები გახდა. იგი ჰგავდა მოძრავ კედელს, რომელიც მიახლოებისთანავე უკან იწევდა.
სადგურის ზედამხედველი გაჯავრდა ასეთ ამინდში გზის გაგრძელება რომ მოვინდომეთ. ანანურამდე როგორმე მიაღწევთ, მაგრამ იმის იქით ვეღარ წახვალთო – ამბობდა ის.


ჩაიმ, საუზმემ და ზედამხედველის უარმა ათის ნახევრამდე ვერ დაგვძრა ადგილიდან. ბოლოს გავემგზავრეთ. სამი საათი რომ გავიდა, ესე იგი შუადღისას, უკვე ანანურში ვიყავით.
ღრუბლებში გამოჭრილ დღის პატარა შუქზე ნათლად გავარჩიეთ ანანურის ციხე, რომელიც მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე დგას. უწინ ეს იყო არაგვის ერისთავთა ციხე-სიმაგრე.
ანანურის ციხეში ორი საყდარია, ორივე ღვთისმშობელისა და საქართველოში პატივისცემით სარგებლობს. დღეს მათი მხოლოდ ნანგრევებიღაა დარჩენილი. ლეკებმა ორივე დაანგრიეს და გაძარცვეს – მათ ხანჯლებით ამოთხარეს თვალები კედელზე მიხატულ მოციქულებსა და წმინდანებს. მოგვიანებით იქ ლაზარეთი იყო გამართული, სადაც კარანტინში ატარებდნენ რუსეთიდან საქართველოში ჩამოსულთ.


უნდა ითქვას, რომ მდინარეთა სწრაფი ძალა კავკასიაში საშინელ უბედურებას წარმოადგენს. დარიალის ხეობაში გადებული ერთი გრანიტის ხიდი, რომლის პირველი ქვა დიდმა მემკვიდრემ, ახლანდელმა იმპერატორმა დიდი ზარ-ზეიმით ჩადო, სამი წლის განმავლობაში აშენეს, ხუთი ათასი მანეთი დაჯდა და დიდის ამბით გახსნეს, ერთ მშვენიერ დღეს ნაფოტივით წაიღო ადიდებულმა მდინარემ.
კიდევ ორ ხიდს ეწვია ასეთი ბედი გორთან ახლოს, მტკვარზე. იმ ხიდების აგება ერთ ინგლისელ მექანიკოსს, გვარად კეილს ჰქონდა დავალებული. ჩვენ რომ გორში გავიარეთ, კვალიც არ ჩანდა იმ ხიდებისა.
თბილისში ამბობენ: თუ ის ფული შევაგროვეთ, რაც 50 წლის განმავლობაში თბილისისა და ვლადიკავკავის გზაზე დაიხარჯა, ამ გზის მანეთებით მოკირწყვლა შეიძლებაო.
რუსეთს ომი 100 მილიონზე მეტი უღირდა, გზებზე კი 300 ათასი ფრანკი იყო ასიგნებული. ამიტომაც არ არსებობს გზები კავკასიაში…


გადავწყვიტეთ თბილისიდან რუსული სტილით 29 დეკემბერს, ესე იგი ჩვენებურ 10 იანვარს წავსულიყავით, მაგრამ როცა თავად ბარიატინსკისთან დასამშვიდობებლად მივედით, მისგან ფორმალური განცხადება მივიღეთ, რომ ის, როგორც კავკასიის მეფის ნაცვალი, ნებას არ გვაძლევს წავიდეთ, თუ მასთან ერთად არ შევხვდით ახალ წელს. რუსეთში ახალი წლის შეხვედრა ნიშნავს მეგობრების ერთად შეკრებას 31 დეკემბერს ღამით და ერთმანეთის გვერდით ყოფნას, როცა საათი 12-ჯერ დარეკავს.
მეფისნაცვლის დარბაზები სავსე იყო საუცხოო შეკერილობისა და ფერის კოხტა ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილი ქართველებით. ბრწყინვალე კაბებში შემოსილ ქალებს ზურგზე გრაციოზულად ეფინათ თავზე მოხვეული ხავერდის სალტეებიდან ჩამოშვებული ოქრომკედით ნაქარგი ლეჩაქები.
მამაკაცთა სარტყლებში კრიალი გაჰქონდა იარაღს. მანდილოსანთა შუბლებზე ალმასები ბრწყინავდნენ. ყველაფერ ამას XVI საუკუნეში გადაყავდით. რუს ოფიცერთა მოხდენილი მუნდირები, პარიზიდან მადამ ბლოს შემწეობით შემოსული მანდილოსანთა ტუალეტები ამ ბრწყინვალე მთლიანობას ავსებდნენ. თვალისმომჭრელ სიჭრელეზე მხოლოდ რამდენიმე შავი ფრაკი ქმნიდა ლაქას. ამათგან ორი ლაქა, ბუნებრივია, მე და მუანე ვიყავით…


ზედმეტია იმის თქმა, რომ აქ იყვნენ ყველაზე ლამაზი და ყველაზე მომხიბვლელი თბილისელი მანდილოსნები. გაკვრით უნდა ვთქვათ – მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ქალების სილამაზე საქვეყნოდაა ცნობილი, აქ იყო ორი თუ სამი ევროპელი მანდილოსანი, რომელთა დასახელებას მიშლის გერმანული თავდაჭერილობა და რომლებიც ქართველებს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ, მიუხედავად არახელსაყრელი ახალი ტუალეტებისა.
12 საათს რამდენიმე წუთი აკლდა, როცა დარბაზებში მსახურნი შემოვიდნენ სინებით – შამპანურის ჭიქებში ოქროსფერი კახური ღვინო თხიერი ტოპაზივით ელვარებდა. უცხოური ღვინის დალევა, თუნდაც ეს ფრანგული ღვინო იყოს, ქართული ღვინის შებღალვად ითვლება.
ათი წუთი რომ გავიდა, თავადს შეატყობინეს, სუფრა მზად არისო – 60-მდე მაგიდა იყო გაშლილი. თავადი თავის სუფრასთან თვითონ იწვევდა მამაკაცებს და ანიშნებდა, ვის რომელი მანდილოსნისთვის მიეცა მკლავი. მე მივიღე მოწვევა თბილისის გუბერნატორის მეუღლის ქ-ნ კაპგერთან ერთად.
ორი საათი იქნებოდა, როცა დავიშალენით…


ვისარგებლე თბილისში ყოფნით, ჩემი სახლის პატრონის ზუბალაშვილის შესანიშნავი მასპინძლობით და კედელს იქით მცხოვრები ახალგაზრდა მილანელი ბარიტონის ტორიანის მელოდიების აკომპანიმენტზე მოგზაურობის ერთი ნაწილი დავასრულე. სხვათა შორის, უნდა მოგახსენოთ, რომ ჩემ ცხოვრებაში არსად ასეთი სიამოვნებით არ მიმუშავია, როგორც აქ.
თბილისში თავით ფეხებამდე მელანში ვიბანავე და იქამდე მივედი, რომ სულ მალე ქაღალდი შემომელია. გამომელია ჩემი დიდი ცისფერი თაბახის ქაღალდი, რომელზეც აგერ უკვე 20 წელია ვწერ. ამ ქაღალდს ისე სულელურად შევეჩვიე, როცა დამაკლდება, უსუსურ მდგომარეობაში ვვარდები.
მთელი თბილისი შემოვირბინე, რომ იმ ზომისა და ფერის ქაღალდი მეშოვა. მაგრამ თბილისში დიდი ზომის ცისფერი ქაღალდის საჭიროება, ჯერჯერობით, არ იგრძნობოდა. ქართველებს, ჩემზე ბედნიერ ადამიანებს, ქაღალდი არ სჭირდებათ იმისთვის, რომ ჭკუა გაჩვენონ.


სიცივის მიუხედავად, მთელი თბილისი ადგილიდან იყო დაძრული: ხალხი აღმართებიდან ჩამოდიოდა და მტკვრისკენ მიედინებოდა, როგორც ჭრელი ლავა. ქალაქი, მდინარის ორთავ მხარეზე ამფითეატრივით აღმართული, თითქოს ამ დღესასწაულისთვის იყო აგებული.
მდინარის მთელი ნაპირი ხალხით იყო სავსე, ყველა სახურავი დახუნძლული იყო ნაირფეროვან ტანისამოსში გამოწყობილი მაყურებლებით. აბრეშუმი, ატლასი, ხავერდი, თეთრი ოქრომკედით ნაკერი ლეჩაქები ისე ფრიალებდნენ ქარზე, როგორც გაზაფხულის ნიავზე. ყოველი სახლი ყვავილების კალათს ჰგავდა.
მიუხედავად ვლადიკავკავიდან მონაბერი ცივი ქარისა, მიუხედავად 10-12 გრადუსი ყინვისა, რამდენიმე უშიშარი ფანატიკოსი მდინარის ნაპირზე ტანთ იხდიდა, რათა, როგორც კი მიტროპოლიტი ჯვარს წყალში ჩაჰყოფდა, შიგ გადაშვებულიყო და ცოდვები ყინულოვან წმინდა წყალში განებანა.


კვირას, 11 იანვარს, ნაშუადღევის ორ საათზე თბილისიდან გავედით. გემში უნდა ვმსხდარიყავით 21 იანვარს.
წიფის შემდეგ ჩვენ უკვე იმერეთში ვიყავით. იმერეთიც საქართველოა, მაგრამ მისი ენა თითქმის ისევე განსხვავდება ქართული ენისგან, როგორც, მაგალითად, ჩვენი პროვანსული განსხვავდება ფრანგულისგან.
ძველად იმერეთი კოლხეთის ნაწილი იყო, რომლის ისტორია ხანდახან რომაელთა ისტორიას ერეოდა, ხანდახან სპარსელთა და თითქმის ყოველთვის ქართველთა ისტორიას.
1240 წლიდან იმერეთი დამოუკიდებელი პროვინცია გახდა და მას თავისი მთავრები ჰყავდა. უკანასკნელი იყო სოლომონ II, რომელიც 1819 წელს ტრაპიზონში გარდაიცვალა.
იმერეთის გარდა კოლხეთში შედიოდა კიდევ ორი დამოუკიდებელი სამთავრო: გურია და სამეგრელო.


ევროპაში წარმოდგენაც არა აქვთ კოლხეთის ხალხთა სილამაზეზე. განსაკუთრებით ლამაზი ტანადობა და სიარული აქვთ მამაკაცებს. სულ უბრალო მსახურსაც კი თავადიშვილის იერი აქვს. იმერეთში ფაფახს ვერსად შეხვდებით – აქ თავზე ყაბალახს ატარებენ.
დღე არ გავა, რომ ლაზები საზღვარზე არ გადმოვიდნენ და არ მოიტაცონ ქალი ან ბავშვი ტრაპიზონში გასაყიდად. რამდენიმე თვის წინ მათ მთელი ოჯახი მოიტაცეს.
ქართლელი, იმერელი, გურული და მეგრელი ქალები მოტაცებაზე თრთიან, თავს იცავენ, იბრძვიან, რომ ტყვედ არ ჩავარდნენ. მაგრამ ეს ქალები ისეთი ლამაზები არიან, რომ ხშირად ფაშები და მდიდარი თურქები მათ ყიდულობენ და სიკვდილამდე მდიდრულად აცხოვრებენ…


კაცებს აცვიათ ქართული ან ჩერქეზული ტანისამოსი. წოწოლა ქართული ან მრგვალი ჩერქეზული ფაფახის მაგივრად მათ ყაბალახი უკეთიათ, როგორც ჩვენ ნაცნობ იმერელ ლუკას. მდაბიო ხალხს ახურავს შავი ფერის ქუდი, შემოკერებული მწვანე ან წითელი სირმით.
თავადებსა და საერთოდ, მდიდარ მემამულეებს თეთრი, წითელი ან ცისფერი ოქრომკედით ნაქარგი ქუდებიც ახურავთ. მე ორი ასეთი ქუდი მაქვს: ერთი სამეგრელოს მთავრის ვაჟმა, 10 წლის მშვენიერმა ბიჭუნამ, თავადმა ნიკომ მაჩუქა, მეორე კი თავადმა სოლომონ ინგერაძემ.
ეს ბუნებით მეომარი ხალხი გამუდმებით ხიფათშია, ამიტომ სიცოცხლეს არაფრად აგდებენ და მუდამ მზად არიან საბრძოლველად…


ჩვენი ნაცნობი იმერელი ვახშამზე მივიპატიჟეთ, მაგრამ მარხვის დღე იყო და უარი გვითხრა. თვითონ ცოტაოდენი მარილიანი თევზი ჰქონდა და ისე ძმურად შემოგვთავაზა, რომ უარი ვერ ვუთხარით.
უცნაური ზომიერება ახასიათებთ ამ გაკოტრებულ მემამულეებს. თითქმის ყველანი მაღალ წოდებას ეკუთვნიან და მათ შეხვდებით გზებზე ცხენით მავალთ, მხარზე შევარდნით. ისინი ჩონგურზე უკრავენ და ზანტად ღიღინებენ სევდიან სიმღერას, უკან კი თავით ფეხებამდე ოქრო-ვერცხლსა და საუცხოო იარაღში ჩამჯდარი ორი მსახური მოსდევთ.
ერთ მსახურს კალათში რამდენიმე მარილიანი თევზი უწყვია სამარხვო დღეებისთვის, მეორეს – ქათამი სახსნილო დღეებისთვის. ისინი ჩერდებიან ფოსტის სადგურზე და თხოულობენ ჩაის, რაც აუცილებელი სასმელია. შემდეგ სამივენი ნახევარ თევზს შეჭამენ ან ნახევარ ქათამს, ზედ დააყოლებენ ღვინოს და მეორე დღემდე ეს არის მათი საჭმელი. ორ დღეში 30-40 ლიე გალიეს და 50 კაპიკის მეტი არ დაუხარჯავთ…


ჩვენ ნაცნობ იმერელს არ ჰყავდა შევარდენი, მაგრამ მას ჰქონდა ჩონგური. საღამოს, ნასადილევს, საკრავის ხმა შემოგვესმა და მის ოთახში შევედით, ვითომდა მადლობის სათქმელად.
იმერელი ოთახის ერთ კუთხეში თურქულ ყაიდაზე, ფეხმორთხმით იჯდა, იქვე წამოწოლილი მისი მსახურები კი უსმენდნენ. ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს უფრო ლამაზი, მიმზიდველი და პოეტური სცენა!
ჩვენ შესვლაზე მასპინძელმა ადგომა დააპირა, მაგრამ ნება არ მივეცით. უნდოდა ჩონგური დაედო, მაგრამ არც ეს დავანებეთ. პირიქით, ვთხოვეთ დაეკრა და ემღერა და მანაც შეგვისრულა თხოვნა.
აქაური სიმღერები უბრალო, გრძელი და სევდიანია, მაგრამ მათ შეიძლება საათების განმავლობაში უსმინო და არ მოგწყინდეს. ეს ჰანგები ნანას გიმღერიან, მაგრამ როდი გაძინებენ, მხოლოდ ოცნებებში გხვევენ.
საღამო სასიამოვნოდ გავატარეთ: იმერელი უდარდელად უკრავდა და მღეროდა, მე ვუსმენდი, მუანე კი მის პორტრეტს ხატავდა…


ქუთაისი უფრო დიდი სოფელია, ვიდრე ქალაქი. ეს არის თვალწარმტაც ადგილზე განსაზღვრული რიცხვის სახლების შენაერთი, რომლებიც ისე არიან განლაგებულნი, როგორც მოეხერხებათ.
სახლები აშენებულია თიხაში არეული წნულით და გარედან კირითაა შელესილი. თავადებს, მემამულეებს და საერთოდ, მდიდართ, ხის სახლები აქვთ. არასიმეტრიულობა ამ ქალაქს ერთ-ერთ ულამაზეს და თვალწარმტაც ქალაქად ხდის.
ჩვენ გერმანულ სასტუმროში გავჩერდით, სადაც მოჩვენებითი ევროპული კომფორტი ვიპოვეთ.
ბაზარი აღმოსავლეთის ყველა ქალაქის გულია. ასეა ქუთაისშიც. ბაზრის გარშემო თავს იყრის ყველანაირი მოძრაობა. ქუთაისის ბაზარი ჩვენ მიერ ნახულ ბაზრებში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბია. იქ მხოლოდ ორი ღირსშესანიშნავი ნივთი ვნახე: ალექსანდრეს ოქროს მედალი და ვერცხლში ჩასმული ორი შანდალი არწივის ბრჭყალებზე…


გელათის ტაძრის დათვალიერება მინდოდა, სადაც როგორც დაგვარწმუნეს, ქალაქ დარუბანდის ერთ-ერთი ძველი რკინის კარი ინახება. პოლკოვნიკმა რომანოვმა თავის სამსახური შემომთავაზა – მის თავლაში იმდენი ცხენი იყო, რამდენსაც მოვისურვებდით.
ტაძარში რომ მივედით, მხოლოდ მაშინ გადავხედეთ გარემოს უშიშრად. თოვლის მიუხედავად, ხედი მშვენიერი იყო. ზაფხული რომ ყოფილიყო, ეს იქნებოდა ჩვენი მოგზაურობის ერთ-ერთი საუკეთესო სურათი, მაგრამ ახლა თოვლი ყველაფერს ერთფეროვანს ხდიდა.
თვით ტაძარი წარმოადგენს ბიზანტიური ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშს. საუბედუროდ, კედლის მხატვრობა თითქმის მთლიანად წაშლილია და აღარც ძველი კანკელია თავის ადგილზე.
სამეფო კარიბჭის მარცხნივ პირველი ადგილი გელათის ღვთისმშობლის ხატს უჭირავს. ეს ხატი იმით არის შესანიშნავი, რომ წინაააღმდეგ მიღებული აზრისა, მასზე გამოსახულ წმინდა ქალწულს შავი თვალები აქვს. მოჭედილობა ხატისა მთლიანად კეთილშობილი ქვებითაა შესრულებული.
ამ ფასდაუდებელი ხატის გარდა, კიდევ არის საუცხოო ხატები. ერთზე გამოსახულია წმინდა გიორგი და როგორც გვითხრეს, მთლიანად ოქროთია გააკეთებული…


გელათში ასევე ინახება საეკლესიო სამოსელი, ძვირფასი ქვებით მოჭედილი ტიარები, მარგალიტით ნაქარგი შესამოსელი, სხვადასხვა სამკაულები და სხვათა შორის, იმერეთის მეფეთა გვირგვინი.
ძვირფას სამკაულთა მოყვარულთათვის იქ იყო ყველაფერი, რისგანაც შეიძლება ადამიანს გონება დაუბნელდეს. აღსანიშნავია, რომ მთელი ეს სიმდიდრე ძონძებშია გახვეული და გამოფენილია უძველეს ტაძარში, სადაც ყოველი კუთხიდან სიღარიბე იყურება.
ეს იყო სწორედ ის აღმოსავლური მხარე, რომელიც უკვე აღვნიშნე: მდიდარი, მხატვრული და… უსუფთაო.
ფანატიზმი და დაუდევრობა – აი, მთელი აღმოსავლეთი!
კიდევ დაგვრჩა სანახავი ერთი რამ, რაც მე ყველაზე უფრო მაინტერესებდა. ეს იყო დარუბანდის კარი. ერთი კუთხისკენ წამიყვანეს. საიდან მოვიდა აქ ეს ვეებერთელა კარი? რა მოგახსენოთ? თან არაფერი მქონდა, რომ გამეზომა, მაგრამ მგონია, რომ სიმაღლით ხუთი-ექვსი მეტრი, სიგანით კი ორი-ორმეტრნახევარი იქნებოდა.
ძალიან გვეჩქარებოდა, აუცილებლად იმავე დღეს უნდა წავსულიყავით, რომ 21-ში ფოთში ვყოფილიყავით. მარტო ორი დღე გვრჩებოდა, ამიტომ, გელათის ბერებს შესაწირავი დავუტოვეთ და ქუთაისში დავბრუნდით…


ქუთაისში რომ ვბრუნდებოდით, ჩერქეზულ ჩოხაში გამოწყობილი ერთი ახალგაზრდა გურული თავადიშვილი შეგვხვდა. თან ორი მსახური ახლდა, რომელთაც კეფაზე ფრონდის ფორმის წითელი, პატარა ოქროსირმაშემოვლებული ქუდები ეხურათ. შევჩერდით და თვალი გავაყოლეთ. ამ ლამაზ ახალგაზრდა კაცს არ სჭირდებოდა ეთქვა, ესა და ეს ვარო. მას შუბლზე ეწერა სიტყვა „თავადიშვილი“.
მე პატივი მქონდა პეტერბურგში გამეცნო სამეგრელოს მთავრის დადიანის მეუღლე – ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა. ძნელი იქნებოდა სილამაზის ამაზე უფრო მდიდარი ნიმუშის სადმე ნახვა! მას ერთიმეორეზე ლამაზი შვილი ჰყავს. დედასთან ერთად ისინი ქმნიან ანტიკური სიძველის ღირსეულ ჯგუფს!
ჩემი ყურადღება მიიქცია საუცხოო ფორმის ქუდმა, რომელიც პატარა თავადიშვილ ნიკოს ეხურა. თავადის მეუღლემ ეს შემამჩნია და შვილს უთხრა: გვირგვინი ჩამორთმეული გაქვს ჩემო ნიკო, ეგ ქუდი რაღა დასანანია!
ახალგაზრდა მთავარმა მაშინვე მოიხადა ქუდი და მაჩუქა…
სამეგრელოსა და იმერეთში, სადაც ეტლის გზები არ არსებობს, ქალები მამაკაცებივით ცხენით დადიან – ფართო წამოსასხამებით, იმის მიხედვით, თუ რომელ წოდებას ეკუთვნიან. თავად დადიანის წამოსასხამი, რომელიც პეტერბურგში ვნახე, წითელი იყო.
მამაკაცების დარად, ქალებსაც ჰყავთ შინაყმებისგან, ბაზიერებისგან, ცხენოსანთა და ქვეითი მსახურებისგან შემდგარი საკუთარი ამალა. თავადის მეუღლის ამალაში ჩვეულებრივ შედიან ხუცესი, ორი სეფექალი და ხუთი-ექვსი როგორც ქვეითი, ისე ცხენოსანი კაცი. თუ საჭირო გახდა, მღვდელიც თოფს ისვრის.
მთავარ დადიანის მეუღლეს თორმეტი სეფექალი ჰყავდა, რომლებიც თითქმის ყოველთვის თან დაჰყვებოდნენ. ამას გარდა, მას ორი რეზიდენცია ჰქონდა: ზამთრისა – ზუგდიდი და ზაფხულისა – გორდი…


სამეგრელო პატარა სამთავროა, რომელიც მოიცავს 30 ათას ოჯახს დაახლოებით 120 ათასი მცხოვრებით. აგრეთვე, ამას უნდა მივუმატოთ სვანეთის პატარა ნაწილი, რომელსაც სადადიანო ერქვა.
სვანეთის მეორე ნახევარს თავისუფალი სვანეთი ეწოდება, მესამე ნაწილი კი თავად დადეშქელიანის სვანეთია. ერთ-ერთმა დადეშქელიანმა ორი-სამი წლის წინათ ქუთაისის გუბერნატორი თავადი გაგარინი მოკლა…
სამეგრელოს მეორე გვერდით გურიაა, რომლის ნახევარი რუსებს ეკუთვნის, მეორე ნაწილი კი თურქებს. გურულები კავკასიის ტიროლელები არიან: ფალცეტით მღერიან და მათი ხმის რაკრაკი შვეიცარიულ სიმღერას ჰგავს. გურიის თურქული ნაწილი, ცხადია, მტრულ დამოკიდებულებაშია მეორე ნაწილთან.
მეგრელი ქალები, მეტადრე ქერა-შავთვალა და შავგვრემანი-ცისფერთვალა ქალები, ულამაზესნი არიან! საერთოდ, მთელი ძველი კოლხეთის ქალები მშვენიერი გარეგნობისანი არიან. მინდოდა მეთქვა, ისინი ქართველ ქალებზე უფრო ლამაზები არიანო, მაგრამ დროზე გამახსენდა, რომ უწინ იმერეთი, გურია და სამეგრელო საქართველოს მხარეები იყვნენ.
საუცხოო სანახაობას წარმოადგენს თავადთა დაკრძალვა. თუ კაცი მოკლეს ომში, ანდა იარაღით ხელში, მაშინ მასთან მიდის დეპუტაცია და ულოცავს სახელოვან სიკვდილს. დიდხანს გრძელდება ტირილი და გოდება.
როცა უკანასკნელი დადიანი გარდაიცვალა, ყველა ნათესავი და მეგობარი სათითაოდ შედიოდა საყდარში, ტიროდა, მოსთქვამდა, მკერდში ხელს ირტყამდა, ტანისამოსს იხევდა… ერთი სიტყვით, რაც კი შეეძლო ყველა ნიშანს გამოხატავდა მწუხარებისას. მოტირალს ორივე მხრიდან კაცები იჭერდნენ, რადგანაც იგულისხმება, რომ ის მწუხარებისაგან ფეხზე ძლივს დგას…


ერთი ღატაკი, ბარაბნიანი კაცი ყოველ სახლთან ჩერდებოდა, ბარაბანს ურახუნებდა, შემდეგ კი კითხულობდა განცხადებას, რომელსაც სახლის მცხოვრებნი გულგრილად უსმენდნენ: მეფის უკაზის მიხედვით, 1859 წლის 1 იანვრიდან ფოთი ქალაქად იქნა გამოცხადებული! ასეთივე უკაზით, ორი წლის წინათ, მეფემ ფოთი პორტად გამოაცხადა.
რაკი ამიერიდან ფოთი ქალაქად იქნა გამოცხადებული, ჩვენც დავმშვიდდით. ჩავთვალეთ, რომ უფლება გვქონდა მოგვეთხოვა მისგან ყველაფერი, რაც ქალაქს მოეთხოვება. უპირველეს ყოვლისა, მოვიკითხეთ ზეთი და ძმარი. მათი შოვნა ძნელი გამოდგა. ბოლოს, როგორღაც, გვიშოვეს ერთი ქილა ინგლისური პიკული და ერთი პატარა ბოთლი ლუკის ზეთი. წიწაკაც ვიშოვეთ დიდი გაჭირვებით.
ქალაქის თავზე უამრავი გარეული მტრედი დაფრინავდა და ისმოდა შაშვების გალობა. მუანეს და გრიგოლს თოფები მივეცი და შევთავაზე ნავით კუნძულზე წასულიყვნენ სანადიროდ. უცნაური სურვილი დამებადა: ფოთის ქალაქად გამოცხადება დღესასწაულით აღმენიშნა და თავად ინგერაძისთვის და ჩემი ნაცნობი თათარი ვაჭრისთვის ისეთი სადილი გამემართა, როგორიც ჯერ ფოთში არავის ენახა!


ორი საათის შემდეგ მუანე და გრიგოლი დაბრუნდნენ, თან 12 შაშვი, 2 იხვი და 3 გარეული მტრედი მოიტანეს. ბასილამაც გვიშოვა 2 ვარია და 24 კვერცხი. როგორც ხედავთ, ყოველივე თავსაყრელი მქონდა და აი, მენიუც, შედგენილი ფოთის ქალაქად გამოცხადების აღსანიშნავად:
წვენი ჟულიენი (ბოსტნეულით); ღორის ხორცი ახალი კომბოსტოთი; მწვადი გაუმჯობესებული; ღორის თირკმელები შემწვარი სწრაფ ცეცხლზე (სოტე); ვარია პროვანსალურად; ორი შემწვარი იხვი და შემწვარი შაშვები; ფასოლი ინგლისურად; კვერცხი თირკმელების წვენში; სალათი მწვანე ბარდისა; ჩაროზად ხმელი ნიგოზი, ჩაი, ყავა, არაყი; ღვინო – მეგრული, კახური, გურული.
ყველა კერძი მე თვითონ მოვამზადე!
თავადმა ინგერაძემ და თათარმა ვაჭარმაც განაცხადეს, თავის დღეში ჩვენ ასეთ სადილს ვერ გავაკეთებდითო!


ჩვენი სადილები დღითიდღე უმჯობესდებოდა. ჩვენი ვარდისფერი თავადი ალბათ ნატრობდა სამუდამოდ ფოთში დავრჩენილიყავით. მისი კაცებიც ნეტარებაში იყვნენ: ჭამდნენ და ვერ ძღებოდნენ! მთელი სახლი ბასილას მეთაურობით განცხრომაში იყო, ჩვენი იქ ყოფნა რომ გაგრძელებულიყო, ალბათ, მთელ ფოთს გავაძღებდით.
ბასილას ძალიან დავუმეგობრდი. ერთხელ გრიგოლს ვუთხარი, საფრანგეთში ხომ არ წამომყვება-მეთქი. მან სიხარულისგან შეჰყვირა, ეგ იყო ჩემი ყველაზე დიდი ნატვრა, მაგრამ თქმას ვერ ვუბედავდიო. ერთი დაბრკოლება გვაფერხებდა: მისთვის საჭირო იყო პასპორტი – თვითონ გორელი გახლდათ და პასპორტის ასაღებად გორში წასვლა იყო საჭირო. ამაზე, სულ ცოტა, ათი დღე დასჭირდებოდა, ჩვენ კი მანამდე უნდა წავსულიყავით. ისიც ადგა და მეგობარს გამოართვა პასპორტი – ეს საბუთი ტრაპიზონამდე გამოადგებოდა, იქ კი ფრანგულ გემზე დავჯდებოდით და ვინაიდან ჩემ პასპორტში ეწერა „მსახურითურთ“, საქმე უბრალოდ მოეწყობოდა.
გრიგოლს დავავალე სასტუმროს პატრონისთვის ანგარიში გამოერთმია. ათი წუთის შემდეგ ის ყურებჩამოყრილი შემოვიდა და ძლივს წაილუღლუღა – 80 მანეთი, ესე იგი, 104 ფრანკი! 104 ფრანკიდან 24 მანეთი დაჯდა ჩემი ოთახი, რომელიც ოთხი ფრანკით მეტი ღირდა, ვიდრე ნომერი ლუვრის სასტუმროში! ამას გარდა, აღმოჩნდა, რომ შეგვისვამს 40 ფრანკის ჩაი.
თბილისიდან ფოთამდე 1 200 ფრანკზე მეტი დაგვეხარჯა!


ბასილამ იზრუნა, რომ ჩვენი ბარგი სასტუმროდან გემზე გადაეზიდათ. ჩვენ ბარგს გავყევით. თავადი ინგერაძეც ჩვენთან ერთად გავიდა ფოთიდან. მე იშვიათად თუ შემხვედრია ასეთი ეშხიანი, მშვენიერი შესახედაობის, მხნე, სიცოცხლით სავსე, მხიარული კაცი, როგორიც ეს ქართველი თავადი იყო.
ნახევარ საათში უკვე გემ „დიდ თავად კონსტანტინეზე“ ვიყავით. ადგილების ფული წინასწარ გადავიხადეთ – ფასი შედარებით ქრისტიანული იყო: თითოზე სამი მანეთი, ერთი მანეთიც ბასილასთვის ტრაპიზონამდე.
კაპიტნის თანაშემწეს ვესაუბრებოდი, როცა შემატყობინეს, რომ გემთან მოსულიყო ნავი 12 ჯარისკაცითა და ოფიცრით – ისინი ბასილას ითხოვდნენ, როგორც რუსეთის მეფის ქვეშევრდომს, რომელიც თავის სამშობლოს უპასპორტოდ სტოვებდა.
ბასილასი მის ამხანაგს შეშურდა და… დაასმინა!
რუსეთის კანონისადმი წინააღმდეგობა, მეტადრე რუსულ გემზე, არ შეიძლებოდა. ამიტომ ბასილა უდრტვინველად ჩავაბარეთ უკან. ნავში ჩაჯდომისას მან ამაღელვებელი სიტყვები მითხრა: „ოთხ დღეში პასპორტი მექნება და ერთი თვის შემდეგ პარიზში გეახლებით“.
ბასილას ბარათი მივეცი პოლკოვნიკ რომანოვთან, რომელსაც მისთვის პასპორტი უნდა ეშოვნა. გარდა ამისა, მივეცი შემდეგი შინაარსის განაცხადი: „ქართველ ბასილას, რომელიც ფოთში მემსახურებოდა და იძულებული გახდა უპასპორტობის გამო ჩამომრჩენოდა, რეკომენდაციას ვუწევ ყველა ადამიანის წინაშე, რომელსაც ის მიმართავს. უპირატესად ვთხოვ ამას ბატონებს, ფრანგულ გემთა უფროსებს და საკონსულოთა მდივნებს. რაც შეეხება ხარჯებს, თანახმა ვარ თამასუქების ტრასირება მოხდეს ჩემ სახელზე. პარიზი, ამსტერდამის ქუჩა #77. ალექსანდრე დიუმა. ფოთი, 1 თებერვალი“.
ეს ბარათები ბასილას ხელში ჩავუდე და ვუთხარი: „გასწი და თუ ისეთი ყოჩაღი ხარ, როგორიც მე მგონიხარ, აუცილებლად მიპოვი“.
ამ ქაღალდებსა და თავის მომავალს სრულიად მინდობილი ბასილა რუს ოფიცერსა და ჯარისკაცებს ჩაბარდა. მისი ნავი ჯერ კიდევ მოჩანდა, როცა „დიდმა თავადმა კონსტანტინემ“ ტრაპიზონისკენ აიღო კურსი.


ტრაპიზონში ჩვენი ბარგი დიდის ვაი-ვაგლახით „სიულიზე“ გადავზიდეთ და კონსტანტინეპოლისკენ ავიღეთ კურსი სამსუნის, სინოპისა და ინებოლის პორტებში შეჩერებით.
მომდევნო ხუთშაბათს, ნაშუადღევის 4 საათზე ღუზა ოქროს რქასთან ჩავუშვით, მაგრამ ჩვენი მოგზაურობა კავკასიაში არსებითად იმ დღეს დასრულდა, როცა ფოთი დავტოვეთ.
…ერთ მშვენიერ დილას, 6 საათზე, ოთახში მზარეული ქალი შემოვარდა და შეშინებულმა მითხრა: ბატონო, ქვემოთ ერთი კაცია, ვერც ერთ ენაზე ვერ ლაპარაკობს, მარტო მოსიე დიუმა, მოსიე დიუმაო, გაიძახის და მაინცდამაინც შემოსვლა უნდა.
მივხვდი, რომ ეს, შეიძლებოდა, ბასილა ყოფილიყო და სწრაფად ჩავირბინე კიბე.
არ შევმცდარვარ! ჩვენი ყოჩაღი ბასილა ქუთაისიდან პარიზში ჩამოსულიყო, 27 დღეს კონსტანტინეპოლში ეავადმყოფნა, გზაში 61 ფრანკი და 50 სანტიმი დაეხარჯა – და ეს ყველაფერი ისე გადაჰხდომოდა, რომ ფრანგული ერთი სიტყვაც არ იცოდა.
ახლა, ძვირფასო მკითხველო, თქვენ თავად დარწმუნდებით, თუ რა ფხიანი ბიჭი იყო ჩვენი ბასილა.

დასასრული

ka_GEGeorgian