ჩემი ალბომები: ჯონ სტაინბეკის რუსული დღიური (I ნაწილი)

1947 წელს ამერიკელმა მწერალმა ჯონ სტაინბეკმა ფოტოკორესპონდენტ რობერტ კაპასთან ერთად საბჭოთა კავშირში ორი თვით იმოგზაურა.
მოსკოვის, სტალინგრადის, კიევის და უკრაინის რამდენიმე სოფლის მონახულების შემდეგ ამერიკელები თბილისს და საქართველოს ესტუმრნენ.
რკინის ფარდის მიღმა ნანახი და განცდილი სტაინბეკმა ერთი წლის შემდეგ წიგნად გამოსცა და რუსული დღიური-
A Russian Journal – უწოდა. წიგნს თან ერთვოდა რობერტ კაპას ძალიან საინტერესო ფოტოები.
რუსული დღიურიდან ერთ სცენაზე გამორჩეულად ვიხალისე: სტაინბეკი და კაპა მოსკოვში მწერლებს ხვდებიან და საზოგადოებაში მწერლების როლზე საუბრობენ.
ამერიკაშიო, – ეუბნება სტაინბეკი მასპინძლებს, – მწერალი სელაპებზე ოდნავ მაღლა და აკრობატებზე დაბლა დგასო. არადა, იმ დროს ის პულიცერის პრემიის ლაურეატი გახლდათ…
საბჭოთა კავშირში მოგზაურობიდან 15 წელიწადში, 1962 წელს ჯონ სტაინბეკმა ლიტერატურაში ნობელის პრემია მიიღო. ის 1968 წელს, 66 წლისა გარდაიცვალა.
რაც შეეხება რობერტ კაპას, ლეგენდარული ჟურნალისტი 1954 წლის 25 მაისს, ვიეტნამში, მორიგი ფოტოს გადაღებისას ნაღმზე აფეთქდა.
2016 წელს პირველად სწორედ ჯონ სტაინბეკის რუსული დღიური წავიკითხე და რადგან კაპას საქართველოში გადაღებული ფოტოები ადრე დავაარქივე, ამ ალბომის მომზადება და გამოფენა გადავწყვიტე.
აქ მხოლოდ საქართველოში გადაღებულ ფოტოებს და მეტ-ნაკლებად შესაბამის ტექსტებს დავდებ, ისე კი გირჩევთ წიგნი წაიკითხოთ – ძალიან საინტერესოა და სახალისო.
საუკეთესო სურვილებით!
პ.ს.
ეს ტექსტი 2016 წლის 1 თებერვალს დავწერე და რობერტ კაპას ფოტოებიც ფეისბუქზე გამოვფინე სტაინბეკის წიგნიდან ამოკრეფილი ჩანახატებიანად.
მეგობრები კი არა, მეგობრების მეგობრების მეგობრების მეგობრები აზიარებდნენ ამ ალბომს!
რამდენიმე ათასი გაზიარება ჰქონდა და ფოტოები კიდევ, ცალ-ცალკე, უფრო მეტმა გამოფინა თავის კედელზე!
ნაღდად არ ველოდი, მაგრამ კი მესიამოვნა.
ყველაზე ძალიან კი ის გამიხარდა, რომ სტაინბეკის მონათხრობში აღწერილი დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ადგილიც დაზუსტდა. მაგალითად გავარკვიე, რომ როცა ჯონ სტაინბეკი ერთ-ერთი მეურნეობის მენეჯერთან სტუმრობას აღწერს, მას და რობერტ კაპას სოფელ ალამბარში, დურსუნ ნიჟარაძის ოჯახში დახვედრიან, იქ გაშლილა ის ლეგენდარული სუფრა, სტუმრები რომ გადარია და კინაღამ შეიწირა.
ეს ყველაფერი ფოტოს გაზიარებისთანავე დამიწერა სულხან ნიჟარაძემ. ცეკვის დროს ფოტოზე აღბეჭდილი ალიოშა (ალექსანდრე) ნიჟარაძე და მინირე ინაიშვილიც მან იცნო…
ეს კარგი ხალხი დღეს, მეეჭვება ცოცხალი იყოს, და თუ ასე არაა, ეგ არაფერი – მათი სახეები ხომ სამუდამოდაა აღბეჭდილი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფოტოგრაფის მიერ.
საუკეთესო სურვილებით!

ლაშა გოდუაძე
2016 წლის 1 თებერვალი და 2020 წლის 16 დეკემბერი


…სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, მოსკოვში, უკრაინასა თუ სტალინგრადში, ყველგან გამუდმებით საქართველოს ჯადოსნური სახელი გვესმოდა. ისინიც კი, ვინც არასდროს ყოფილან იქ, საქართველოზე მონუსხულები აღტაცებით საუბრობდნენ.
…ისინი ქართველებზე ისე ყვებოდნენ, როგორც სუპერმენებზე. დიდებული მსმელები არიან!.. დიდებული მოცეკვავეები!.. დიდებული მომღერლები!.. დიდებული მშრომელები და… საყვარლებიო!
…თან ისე ლაპარაკობდნენ, თითქოს ეს კავკასიის მთებსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ქვეყანა მეორე სამოთხე იყოს.
…ეგ კი არა, ისიც გვგონია, რომ ბევრ რუსს სჯერა: წესიერად და პატიოსნად თუ იცხოვრებს, სიკვდილის შემდეგ სამოთხეში კი არა, საქართველოში მოხვდება.
…საბჭოთა კავშირის კეთილდღეობაში დიდი ღვაწლის შეტანისთვის ადამიანი საქართველოში მოგზაურობით ჯილდოვდება.

…ქართველებს სხვანაირი გარეგნობა აქვთ: შავგვრემანები არიან, ბოშებს წააგვანან, ელვარე კბილები და გრძელი, ლამაზი ცხვირი აქვთ, თმა – ტალღოვანი. თითქმის ყველა კაცი ულვაშს ატარებს და ისინი ქალებზე ბევრად მიმზიდველები არიან – გამხდრები, ენერგიულები, შავი თვალები უციმციმებთ.
…ფიცხი, ამაყი და მხიარული ხალხია. რუსები აღტაცებულნი არიან მათით. ყოველთვის ქართველების ძალასა და ენერგიაზე, მათ მოხერხებულობაზე ლაპარაკობენ – დიდებული კავალერები და კარგი მებრძოლები არიანო.
…ქართველი კაცები რუს ქალებს შორის დიდი მოწონებით სარგებლობენ.
…პოეტი ხალხია, კარგი მოცეკვავეები და მომღერლები და როგორც ამბობენ, დიდებული საყვარლებიც.


…თბილისში შევედით. ლამაზ ქალაქში, რომელზეც მრავალი საუკუნის მანძილზე სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მიმავალი მთავარი გზა გადიოდა. აქა-იქ ძველი ციხესიმაგრეები გვხვდებოდა და ქალაქშიც მთის თხემზე სასახლე დგას.
…ხეობის მეორე მხარესაც ციხესიმაგრე დგას, რადგან ეს ვიწრო ხეობა სამხრეთიდან სპარსელების, ირანელების, ერაყელების, ჩრდილოეთიდან კი თათრების და სხვა მძარცველების გზად ქცეულიყო. ამ ვიწრო ხეობაში იმართებოდა ბრძოლები, ამიტომ ციხესიმაგრეები შენდებოდა.

…თბილისის ნაწილი ძალიან ძველია, ხეობას მდინარე კვეთს, რომელსაც ერთ მხარეს მაღალი კლდეები მიუყვება და ამ მაღალ კლდეებზე ძველისძველი სახლებია ჩამწკრივებული.
…მართლაც უძველესი ქალაქია. წელს მოსკოვი თავის მერვაასე იუბილეს აღნიშნავს, მომავალ წელს კი თბილისი ათას ხუთასი წლის იუბილეს იზეიმებს!
და თან თბილისი ახალი დედაქალაქია, ძველი კი ამავე მდინარის სანაპიროზე, ოცდაათი კილომეტრის იქითაა.
…ქალაქშიც და მთის კალთებზეც ძველი ეკლესიებია. საქართველოში ქრისტიანობა მეოთხე საუკუნეში შემოვიდა და ის ტაძრები, სადაც ახლაც მიმდინარეობს წირვა-ლოცვა, ჯერ კიდევ მაშინ აშენდა.
…თბილისი ძველისძველი ამბების შემნახველი ქალაქია და სავარაუდოდ, აქ მოჩვენებებიც ბინადრობენ.
…ერთი თქმულება არსებობს მუსლიმი ირანელი მეფისა, რომელიც ლაშქრით შემოესია ქალაქს. მან თბილისელები აიძულა ხიდზე დადებულ ღვთისმშობლის ხატზე გაევლოთ და მიეფურთხებინათ. ყველას, ვინც უარი განაცხადა, თავი მოაჭრეს. ამბობენ, რომ იმ დღეს მდინარეში ათასობით მოკვეთილი თავი ტივტივებდა…


…თბილისი წარმოუდგენლად სუფთაა! პირველი დაწკრიალებული აღმოსავლური ქალაქია, რომელიც ოდესმე მინახავს!
…მდინარეში, რომელიც ქალაქს შუაზე ჰყოფს, ასობით პატარა ბიჭი დაცურავს. და აქ არსად არაფერია დანგრეული, თუ ჟამთა სიავის გამო ჩამონგრეულ ძველისძველ სახლებს არ ჩავთვლით.


…კარგი მძღოლი შეგვხვდა, ყოფილი სამხედრო და მას არც მეტი, არც ნაკლები, ჯიპი ჰყავდა! ჯიპმა ამ სამხედრო კაცში კოვბოის სული გააღვიძა.
…უყვარდა თავის მანქანა, რადგან აღმართზე სვლა შეეძლო, კარგად მოხვევა და სანიაღვრე არხებსაც ახტებოდა. მდინარეში შეიჭრებოდა ხოლმე, წყლით გაიწუწებოდა და მეორე მხარეს გადიოდა. გიჟივით ატარებდა – მას არავის ეშინოდა.
…ყველაფერში უმართლებდა, ძალიან შეგვაყვარა თავი. პირველი კაცი იყო საბჭოთა კავშირში, ვისაც ჩვენნაირი განწყობა ჰქონდა პოლიციელების მიმართ. ტარების დროს ტალღოვანი თმა ეწეწებოდა, არასდროს უნდოდა გაჩერება.


…თბილისში ბევრი ეკლესია დგას. და უნდა იყოს კიდეც, რადგან თბილისი რელიგიური ტოლერანტობის ქალაქია – აქ ხომ ძველისძველი სინაგოგები და მუსლიმური ტაძრები დგას და არცერთი მათგანი არასდროს დაუნგრევიათ!
…მაღლა, იმ მთაზე, ქალაქს რომ გადაჰყურებს, მამა დავითის ეკლესიაა, რომელიც როგორც მახსოვს, მეშვიდე საუკუნეშია აშენებული. ძალიან უბრალო და ლამაზი ტაძარია.
…ჩვენმა მძღოლმა მანქანით იქამდე აგვიყვანა, სადაც სიარული შესაძლებელი იყო, აღმართი კი ფეხით ავლიეთ. ბევრი ადამიანი ადიოდა იმ მიხვეულ-მოხვეული გზით ეკლესიაში, ბევრი აღავლენდა იქ წირვა-ლოცვას.


…მამა დავითი, ეს ძველი ტაძარი, ქართველებს ძალიან უყვართ. იქვე, ეკლესიის ეზოში ქართველი მწერლების და კომპოზიტორების სასაფლაოა. სტალინის დედაც იქაა დაკრძალული და მის საფლავს ერთი უბრალო ქვა ადგას.
…ერთი კომპოზიტორის ძეგლთან სამი მოხუცებული ქალი და ერთი ბერიკაცი იდგა, რომლებიც ტკბილად, ძველებურ ყაიდაზე გალობდნენ.

…ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინებოდა და იქაც გალობდნენ. ხალხი ამოდიოდა, შემოდიოდა ეკლესიის ეზოში, თითოეული მათგანი იჩოქებდა და ტაძრის კედლებს კოცნიდა. ქალაქის ხმაურისგან მოწყვეტილი და მშვიდი ადგილი იყო.
…თბილისში იმდენი რამ იყო დასათვალიერებელი, დრო კი ისე ცოტა გვქონდა, რომ მთელი იქ ყოფნის მანძილზე სულ სადღაც დავრბოდით.


…ტაძრის ეზოდან კრამიტით გადახურული სახლები ჩანდა. ბოტანიკურ ბაღსაც ვხედავდით, რომელიც მეფე თამარს გაუშენებია, მეთორმეტე საუკუნეში მოღვაწე მითიურ მეფეს.
…თამარ მეფე ლამაზი და კეთილი იყო, სამეფოს მართვის და აღმშენებლობის შესანიშნავი უნარით დაჯილდოვებული. მან უამრავი ციხესიმაგრე ააგო, პოეტებსა და მუსიკოსებს კი ჩინებული პირობები შეუქმნა.


…მამა დავითის ეკლესიიდან რომ ჩამოვედით, საკათედრო ტაძრის ზარების რეკვა გავიგონეთ – მქუხარედ რეკდნენ. შევედით. მდიდრული ტაძარი იყო, საკმეველსა და დროს ფრესკები სულ გაეშავებინა. იქაურობა ხალხით იყო გადაჭედილი.
…წირვა-ლოცვას ჭაღარა მოხუცი კაცი უძღვებოდა, ოქროს მიტრა ემოსა და იმდენად ლამაზი იყო, ირეალურიაო, იფიქრებდით. ის კათოლიკოსი და საქართველოს ეკლესიის წინამძღოლი იყო, მისი კაბა კი ოქროს ძაფით ნაქსოვი.
…ღვთისმსახურება დიდებული იყო, მუსიკოსების გუნდიც წარმოუდგენლად ლამაზად გალობდა. საკმეველი ეკლესიის გუმბათამდე ადიოდა, გუმბათიდან კი ტაძარში მზე შემოდიოდა და იქაურობას ანათებდა.
…კაპამ ბევრი ფოტო გადაიღო. ისე ჩუმად მოძრაობდა და იღებდა ფოტოებს ტაძარში, რომ ვერავინ ამჩნევდა.

…შუადღით თბილისის და კიევის გუნდების საფეხბურთო მატჩზე წავედით. კარგად ითამაშეს დიდებულ სტადიონზე – სწრაფად და გააფთრებით. დაახლოებით ორმოცი ათასი მაყურებელი იქნებოდა, ხალხი ძალიან ემოციურად გულშემატკივრობდა გუნდებს, რადგან ეს თამაშები მეტისმეტი პოპულარობით სარგებლობს.
…მიუხედავად იმისა, რომ უხეში და სწრაფი მატჩი იყო, მოთმინება არავის დაუკარგავს. თამაშისას მსუბუქად წაკინკლავდნენ ვიღაცები, მატჩი კი ფრედ 2:2 დასრულდა. ბოლოს ორი მტრედიც გაუშვეს.
…ფეხბურთი საბჭოთა კავშირში ყველაზე პოპულარული სპორტია.


…თბილისის უნივერმაღები მოვიარეთ – ხალხით იყო გაჭედილი. თაროები სავსე იყო, მაგრამ ფასები, განსაკუთრებით ტანსაცმლის, ძალიან მაღალი იყო: პერანგი – 65 რუბლი, რეზინის მაღალყელიანი ფეხსაცმელი – 300 რუბლი, საბეჭდი მანქანა – 3000 რუბლი.


…მუშტაედის სკვერში ბავშვების მატარებელმა მოგვხიბლა! ნამდვილი ორთქლმავალი იყო, თუმცა პატარა – ყველა დეტალი იდეალური ჰქონდა, ინჟინერიც ჰყავდა, მეისრეც, სადგურის მმაართველიც… და ყველა ბავშვი იყო! მათ თავიანთი ადგილი დაეკავებინათ და მატარებელს მართავდნენ.
…ჩვენ იმ მატარებლით უზბეკი ბავშვების დელეგაციასთან ერთად გავისეირნეთ. ისინი თბილისელმა ბავშვებმა მიიპატიჟეს და ახლა მატარებლით სეირნობდნენ.
…ბავშვები ზედმიწევნით ბეჯითად ასრულებდნენ თავის საქმეს. თბილისში საბავშვო რკინიგზაზე მუშაობა დიდი პატივია და ყველა ძალიან ირჯება.


…ღამეები თბილისში ჯადოსნური იყო! მსუბუქი, მშრალი და რბილი ჰაერი… გოგო-ბიჭები უმიზნოდ დახეტიალობდნენ ქუჩებში და ასე ირთობდნენ თავს.
…ახალგაზრდა მამაკაცებს გემოვნებით ეცვათ. ძალიან მომხიბვლელები არიან ქართველი კაცები.
…ძველი სახლების აივნებიდან საღამოობით მუსიკის საამური ჰანგები გვესმოდა ხოლმე, რომელსაც აკომპანიმენტს იმ ინსტრუმენტით უწევდნენ, რომელსაც მანდოლინას ჟღერადობა ჰქონდა. დროდადრო ბნელ ქუჩებში ფლეიტაზეც უკრავდნენ…


…ქართველები სხვა რუს ხალხებთან შედარებით უფრო ლაღები, ფიცხები და მხიარულები ჩანდნენ. და იქნებ სწორედ ამიტომ ეთაყვანებიან მათ რუსები. იქნებ სწორედ ასეთები უნდათ რომ იყვნენ.
…დასავლეთით, მთების თავზე ვეებერთელა მთვარე ეკიდა და ქალაქს მისტიკურ, იდუმალ იერსახეს სძენდა, მთის თხემზე დიდი შავი სასახლე იდგა. და სამყაროში თუ სადმე მოჩვენებები არიან, ისინი უთუოდ აქ, ამ ქალაქში უნდა იყვნენ.


…მწერალთა კავშირმა მიგვიწვია. უნდა აღვნიშნო, რომ შეშინებული ვიყავით, რადგან ასეთი შეხვედრები ინტელექტუალურ სახეს იძენს, ჩვენ კი არც ისე წიგნიერი ხალხი ვართ.
…უკვე ისიც ვიცოდით, ქართველები თავიანთ ლიტერატურას სერიოზულად რომ ეკიდებიან – პოეზიითა და მუსიკით მათ დიდი წვლილი შეაქვთ მსოფლიო კულტურაში. პოეზიას განა ცოტა კითხულობს, ყველა კითხულობს!
…მათი ძალიან ძველი პოეტი, რუსთაველი, რომელმაც ეპიკური პოემა ვეფხისტყაოსანი დაწერა, ისევეა დაფასებული, როგორც საქართველოს ეროვნული გმირი. მის პოემას კითხულობენ და იზუთხავენ ბავშვები, მისი სურათები კი ყველგანაა.
…ერთმა კაცმა იმ ქართველებზე გვკითხა, რომლებიც ამერიკაში ცნობილნი არიან. ქორეოგრაფ ჯორჯ ბალანჩინის გარდა ჩვენ ის სამი ძმა გაგვახსენდა, რომლებმაც მილიონერი ამერიკელი ქალები ითხოვეს ცოლად. თანამედროვე ქართველ მწერლებს ძმები მდივნების გვარის გახსენება მაინცდამაინც არ მოეწონათ…


…ქართველი მწერლები მკაცრები და თავდაჯერებულები არიან. მათთვის რთულია იმის ახსნა, რომ მართალია სტალინმა თქვა, მწერალი სულის არქიტექტორიაო, მაგრამ ამერიკაში მწერალი არაფრის არქიტექტორი არაა – მხოლოდ მას შემდეგ თანაუგრძნობენ, როცა მოკვდება და მისი სიკვდილის შემდეგ ოცდახუთი წელი არავის მოაგონდება.
…საბჭოთა კავშირელი მწერლის საქმე სისტემის ქება-დიდებაა მაშინ, როცა ამერიკასა და ინგლისში კარგი მწერალი საზოგადოების დარაჯი ძაღლია.
…მხოლოდ დრო აჩვენებს, შეუძლია თუ არა სულის არქიტექტორს ისეთივე დიადი ლიტერატურის შექმნა, როგორიც საზოგადოების სადარაჯოზე მყოფ ძაღლს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სულის არქიტექტორთა სკოლას დიდებული ლიტერატურული ნიმუში ჯერ არ შეუქმნია.

…თბილისი ახალი დედაქალაქია, ათას ხუთასი წლის წინ კი ქვეყნის ცენტრი ჩრდილო-დასავლეთით, ოცდაათი კილომეტრის დაშორებით იყო. შუადღეს ჯიპში ჩავსხედით და ჩვენმა მძღოლმა იქ წაგვიყვანა. ქვაღორღიანი გზა იყო, გადატვირთული ურმებით, რომელთა უღელშიც ვირებიც შეებათ.
…გზა მდინარეს მიუყვებოდა და ორი ჰიდროელექტროსადგური შემოგვხვდა. მაგრამ კაპამ მათი გადაღება რომ მოინდომა, მყისიერად უარი მიიღო.


…ძველ დედაქალაქს მცხეთა ჰქვია, თუმცა ამ სახელს მე ჯერ ვერ წარმოვთქვამ.
…ქალაქთან ახლოს, მთის წვერზე მეხუთე საუკუნეში აშენებული ეკლესიაა, ნახევრად ნანგრევებად ქცეული და ძალზე შთამბეჭდავი. იქ რომ ახვიდე, მიხვეულ-მოხვეულ ბილიკს უნდა აჰყვე.
…ქალაქშიც იდგა ლამაზ გალავანში მოქცეული ეკლესია. კედლებს ქონგურები ჰქონდა და თავდაცვის მიზნით იყო აშენებული. ტაძრის კარი რკინისა იყო და გიგანტური ზომის ბოქლომი ედო.
…ქალაქის განაპირას მდებარე მონასტერიც მოვინახულეთ, რომელშიც კვლავ ცხოვრობენ მონაზვნები. მათ თავიანთი სამლოცველო და კომუნალური სახლები აქვთ.
…აქ ქრისტიანული ეკლესიები ჯერ კიდევ იმ დროს იგებოდა, როცა საფრანგეთში, გერმანიასა და ინგლისში კერპებს ეთაყვანებოდნენ.


…კარგი ვქენით, პარკში რომ მივედით, რადგან იქ ქართულ ჭიდაობაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს – იმ დღეს ფინალური შეხვედრა იყო. ეს შეჯიბრება ბოლო სამი დღის განმავლობაში იმართებოდა, იმ დღეს კი რესპუბლიკის ჩემპიონი უნდა გამოვლენილიყო.
…მრგვალი ფიცრის ღობის იქით არენის მსგავსი ადგილი იყო ყველა მხრიდან სკამებით გარშემორტყმული. უშუალოდ საჭიდაო დაახლოებით ოცდათხუთმეტი ფუტის დიამეტრისა იყო, ზედ ნახერხი დაეყარათ. ერთ მხარეს შეჯიბრის მაგიდა იდგა, რომლის უკან გასახდელი მოეწყოთ, სადაც მოჭიდავეები ტანსაცმელს იცვლიდნენ.
…ხალხი დიდ სტუმართმოყვარეობას იჩენდა ჩვენს მიმართ. ბილიკი ისე გაათავისუფლეს ხალხისგან, რომ კაპას დაუბრკოლებლივ შესძლებოდა გადაადგილება და ფოტოების გადაღება.
…საინტერესო ჭიდაობაა. ყველაზე მეტად, მგონი, ჯიუ-ჯიცუს ჰგავს. მონაწილეებს ერთმანეთისთვის სხეულის რომელიმე ნაწილში ხელის ჩავლების უფლება არ აქვთ, მხოლოდ პერანგში ან ქამარში.
…ჭიდაობა დიდხანს არ გრძელდებოდა. საკმარისია მებრძოლი დამარცხდეს, რომ მუსიკაც წყდება.

…მატარებელში ძალიან ცხელოდა და ჩვენს კუპეში ფანჯრები გავაღეთ. გამცილებელი მაშინვე მოვიდა და დახურა, თან პირქუშად გადმოგვხედა. როგორც კი წავიდა, ფანჯარა ისევ გამოვაღეთ. მაგრამ გამცილებელმა, ჩანს, იყნოსა აჯანყებას რომ ვუპირებდით – გავაღეთ თუ არა ფანჯარა, მყისიერად შემობრუნდა, დახურა და რუსულად დაგვმოძღვრა, თან თითს ცხვირწინ გვიტრიალებდა. იმდენად ცხარობდა იმ ფანჯრის გამო, რომ კიდევ ერთხელ გაღება ვეღარ გავბედეთ, არადა მატარებლის სიმხურვალეში ვიხრჩობოდით. რომ დავხოცილიყავით, მაინც არ გააღებდა ფანჯარას.
…არ ვიცით რა სასჯელი იყო მატარებლის კუპეში ფანჯრის გაღებისთვის, მაგრამ იმ გამცილებლის განწყობით რომ ვიმსჯელეთ, ვიფიქრეთ, ალბათ, თავისუფლების ათი წლით აღკვეთა მაინც გვემუქრებოდა.

I ნაწილის დასასრული

ka_GEGeorgian