ჩემი ალბომები: ლადო გუდიაშვილის მოგონებები (III ნაწილი)

დედაენის ბაღში ბუკინისტების თაროებს ვათვალიერებდი და ლადო გუდიაშვილის მოგონებების წიგნიც, სერაფიტას სერიით გამოცემული, მაშინ ვიყიდე.

მხატვრობის დიდი მცოდნე არ ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში ფერწერა სულაც არაა მნიშვნელოვანი: ისეთი საინტერესო მოგონებები იყო, თან იმდენ საქვეყნოდ ცნობილ ხელოვანზე რომ, რა გითხრათ, მხოლოდ გირჩევთწაიკითხეთ, ძალიან საინტერესოა: XX საუკუნის დასაწყისის თბილისი და პარიზი, ფიროსმანი, ცისფერყანწელები, ექვთიმე თაყაიშვილი, გალაკტიონი, ვაჟა, პაბლო პიკასო, ამადეო მოდილიანი, გოგლა ლეონიძე, კონსტანტინე გამსახურდია

გუდიაშვილს ყველა მათგანთან და კიდევ უფრო მეტთან პირადი ურთიერთობა აკავშირებდა, უშუალო თვითმხილველია ძველი თბილისის ნგრევის და ახლის შენების, ყარაჩოღლების, ტივზე ქეიფის, პარიზის ბოჰემური ცხოვრების

მოდი და ნუ იტყვი, რომ მისი მოგონებები ფასდაუდებელი არაა! ჩემი აზრით, ისინი ცოტა ზღაპრულიცაა. რატომ? ბევრ ქართველს იცნობთ, რომელიც პირადად იცნობდა, ვთქვათ, პიკასოს ან მოდილიანის?

ვკითხულობდი გუდიაშვილის მოგონებებს და დროდადრო ვფიქრობდი, რა ბედნიერი და წარმატებული იქნებოდა საქართველო გასაბჭოება როგორმე თავიდან რომ აეცილებინა, რკინის ფარდის ქვეშ რომ არ მოქცეულიყო, მართლა ნიჭიერი ხალხი ტვინგარეცხილებს რომ არ გაეწყვიტათ

ქვეყანა სხვანაირად განვითარდებოდა. და თან, მხოლოდ უკეთესობისკენ. ამის ღრმად მწამს!

გუდიაშვილის მოგონებები გაგანია ზასტოის პერიოდში, 1979 წელსაა გამოცემული. მიუხედავად იმისა, რომ მხატვრის მოგონებებში მაქსიმალურად შერბილებულია უნდობლობა და იმედგაცრუება საბჭოთა წყობის მიმართ, მაინც იგრძნობა, რომ მას სხვანაირ საქართველოში ცხოვრება სურდა: ლაღ, ფერად, თავისუფალ ქვეყანაში, ისეთში, როგორ პარიზში ნახა და მიეჩვია და როგორ ტილოებსაც თავად ქმნიდა. ნუ, მისმა მოგონებებმა ჩემზე ასეთი შთაბეჭდილება დატოვა და თქვენ, წიგნს რომ წაიკითხავთ, თქვენი თქვით.

რაც შეეხება ამ ალბომს, მასში შეტანილი ფოტოები წიგნის წაკითხვის შემდეგ მოვიძიე ინტერნეტში. რამდენიმეც მხატვრის ალბომიდან გადავიღე. ვეცადე ნახატები მაქსიმალურად თემატურად შემერჩია. როგორ გამომივიდა, ეს თქვენ გადაწყვიტეთ.
ერთი სიტყვით, სულ ესაა.

დაგვიანებით, მაგრამ მაინც: გილოცავთ ვიზალიბერალიზაციას!

ლაშა გოდუაძე
2017 წლის 4 აპრილი

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – მაია ქართველი

მახსოვს როგორი სიხარული ვიგრძენი, როცა საქართველოს სანაპირო დავინახე! მზით განათებული შემხვდა აჭარის მწვანე მთები. ხუთი წლის წინ მასთან განშორების სევდა და ტკივილი ახლა ისეთი სიხარულით მეცვლებოდა, რომ სუნთქვა შემეკრა! ალბათ ამქვეყნად ყველაზე დიდი ბედნიერება სამშობლოში დაბრუნებაა.
გემბანიდან დავინახე ჩემი ძმა ვახტანგი. ის თბილისიდან საგანგებოდ ჩამოსულიყო. წარმოუდგენელი განცდა დამეუფლა, როცა მშობლიურ მიწაზე დავდგი ფეხი, თითქოს ისევ ბავშვად ვიქეცი! მიხაროდა ქართული სახეების დანახვა, ქართული საუბრის მოსმენა.
შემდეგ კი დაიწყო ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული და ძნელი პერიოდი. ჩამოსვლისთანავე, რა თქმა უნდა, სურათების გამოფენაც გავმართე. რიცხვით ბევრი არ ყოფილა სურათები, სულ ოცი თუ ოცდაათი… რის წამოღებაც შევძელი. ეს ჩემი ერთგვარი ანგარიში იყო და, ცხადია, ვღელავდი. როგორც ყოველთვის, ადრეც, საფრანგეთში გამგზავრებამდეც, ახლაც მხარში მედგნენ ქართველი მწერლები, მამხნევებდნენ, იმედით მავსებდნენ…
გამოფენა საზოგადოებამ ინტერესით მიიღო. გამოვიდა კატალოგი, რომელსაც წამძღვარებული ჰქონდა ტიციან ტაბიძის წერილი. განსაკუთრებით მიყვარს ის წერილი – მასში ჩემთვის ძვირფასი და დაუვიწყარი მეგობრის გულის ძგერას ვგრძნობ.

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – ფერია რიწა

გამოფენამ საკმაო ხმაური გამოიწვია. ზოგი მაქებდა, ზოგი – მაძაგებდა. ამბობდნენ, ეს რომ გავრცელდეს, ახალგაზრდობას გზას ავურევთო.
ეს იყო პერიოდი, როცა საბჭოთა სახელმწიფო ნელ-ნელა იკრებდა ძალას. განვითარებას იწყებდა სრულიად ახალი ხელოვნება. სწორედ ამ დროს მიმდინარეობდა სოციალისტური რეალიზმის პრინციპების დადგენა…
მე მქონდა ჩემი სტილი, მანერა, ხასიათი, რომელიც ფოლკლორს, მითებს, ფრესკებს, ხალხურ შემოქმედებას ეყრდნობოდა. თუმცა ვცდილობდი ჩავწვდომოდი ახალ ცხოვრებას, მის შინაარსს: ვმოგზაურობდი რაიონებში, ვხვდებოდი მშრომელ ადამიანებს, დავდიოდი ქალაქების მშენებლობებზე…
ხშირად მაკრიტიკებდნენ, ფორმალისტს მიწოდებდნენ…
დავითი ძალიან განიცდიდა, უკვე ყველაფერი დამთავრდაო, ამბობდა…
ალბათ ამ განწყობის ბრალი იყო, რომ ერთხელ, როცა სახლში მარტო დავრჩი, ერთბაშად გადავწყვიტე: თუ ყველაფერი დამთავრდა, რაღად მინდა ეს სურათები-მეთქი და ღუმელში შევყარე! თექვსმეტი სურათი დავწვი! მათგან ერთი, რომელიც ჩემმა მეუღლემ ოთახში შემოსვლისთანავე ღუმელიდან სასწრაფოდ გამოიღო, „ფერია რიწა“ იყო. რამდენადაც შევძელი, შემდეგ აღვადგინე, მაგრამ ცეცხლის ნაკვალევი ახლაც აჩნია…
ხდება ხოლმე ამგვარი რამ. ეს სათქმელადაც ძნელია, თორემ განცდა ხომ ნამდვილი ნაშინელებაა.

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – პოეტესა

ზოგ-ზოგ კრიტიკოსს ვიღაც უნდა „დაემუშავებინა“, სხვანაირად არ შეეძლო. მაგრამ მე ჩემი გზისა მჯეროდა და ასე იოლად არ ვთმობდი პოზიციებს.
სხვათა შორის, იმასაც ამბობდნენ, გუდიაშვილს და კაკაბაძეს განზრახ არ სურთ ჩვენს პრინციპებს ყური ათხოვონ და ფორმალიზმისკენ უბიძგებენ ახალგაზრდებსო (მაშინ აკადემიაში ვასწავლიდით). ეს არ იყო სწორი. ჩვენს საქმიანობაში გულწრფელნი ვიყავით და მით უმეტეს, ახალგაზრდებთან ძალიან სათუთი დამოკიდებულება გვქონდა.
ყოველივე ამას ახლა გულისტკივილით ვიგონებ.
ასეთი შემთხვევებიც მახსოვს: ზოგი მხატვარი სავსებით გულწრფელად მოდიოდა და მასწავლიდა, დაკლაკნილ ხაზებს თუ აკეთებ, აი, ასე და ასე, სწორად დახატე და კარგად გამოგივაო.
ვერაფერი მიშველეს, ცუდი მოწაფე გამოვდექი!
მეც და დავითსაც იმ დროს სხვანაირი შეხედულებები გვქონდა მხატვრობის კანონებზე. ამიტომ გაგვიჭირდა. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ორივე გაგვრიცხეს მხატვართა კავშირიდან, თქვენნაირი მხატვრები არ გვჭირდებაო… ახალგაზრდებსაც უშლიდნენ ჩვენთან სიახლოვეს!
იმ დროს მხატვართა კავშირში რეკომენდებული იყო თემები: მოსავლის აღება, ყურძნის ჩაბარება, ინდუსტრიული თემატიკა – ხიდების, გზების, ჰესების მშენებლობა, მოწინავე მშრომელი ადამიანების პორტრეტები და სხვა…

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – პოემის დასასრულის მოლოდინში

ჩემი ჩამოსვლიდან ცოტა ხნის შემდეგ თბილისში სერგეი ესენინიც ჩამოვიდა. მას პარიზიდან ვიცნობდი, აქ კი ტიციანის საშუალებით კიდევ უფრო დავუახლოვდი. ესენინი აქ ყველას უყვარდა, თვითონაც ბედნიერად გრძნობდა თავს…
უყვარდა თბილისის ქუჩებში მარტოდმარტო სიარული, შემდეგ კი თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებდა. ერთხელ, დილაადრიან, ნარიყალაზე ასულა. დიდხანს მდგარა მის ნანგრევებთან. ქალაქს ჯერ ეძინა, მხოლოდ აქა-იქ ჩანდნენ გამვლელები, ახლო სოფლებიდან ჩამოსული მემწვანილეები და მემაწვნეები მიმოდიოდნენ ვიქრო ქუჩებში…
უნახავს მზის ამოსვლა და როგორც თვითონ ამბობდა, მოუსმენია „როგორ იწყებს სიმღერას თბილისი“. შემდეგ ბავშვური აღფრთოვანებით ჰყვებოდა ამ შთაბეჭდილებებზე…
ესენინი ძალიან მეგობრობდა ტიციანთან. საინტერესოა, რომ საქართველოს პოეტებისადმი მიძღვნილი თავისი ცნობილი ლექსის ერთი ვარიანტი, მელნის უქონლობის გამო, მან თითიდან გამოდენილი სისხლით დაწერა და ტიციანს საჩუქრად გადასცა. რამდენადაც ვიცი, ეს ხელნაწერი ახლაც არსებობს…

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – ბერიკაცის ფლირტი

ესენინი ხშირად ჰყვებოდა იეთიმ გურჯზე, რომელთანაც ის ჟურნალისტ შაქრო ბუსურაშვილს მიუყვანია.
ვერის ხიდის ზევით, სადაც მაშინ მტკვარზე ბორანი იყო, კლდესთან ორი ვიწრო ბილიკი ადიოდა. ამ ბილიკს აჰყოლიან და მალე პატარა ქოხთან მისულან. შიგნიდან სიმღერა მოისმოდა. კარი შეაღეს, ქოხში თითქმის ბნელოდა. პოეტის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა იმ ღარიბულ გარემოცვაში კედელზე შოთა რუსთაველის სურათი დაუნახავს, რომელიც პირდაპირ კედელზე იყო მიხატული, ხოლო იქვე, თიხის ჭურჭელში ორი დიდი თაიგული მოჩანდა. საშუალო ტანის ხანშიშესული მამაკაცი გამოეგებათ. ეს იყო იეთიმ გურჯი…
როცა ესენინზე უთხრეს, ეს რუსი პოეტია და შენი სიმღერის მოსასმენად მოვიდაო, იეთიმ გურჯმა დოქით ღვინო მოიტანა, ჩამოასხა და თქვა: ორი პოეტის შეხვედრა კაჟზე ფოლადის დაკვესებას ჰგავს, ის სინათლესა და სითბოს ბადებს, მე ცუდად ვიცი რუსული, მაგრამ პოეზიის ენა ყველგან ერთია და ჩემს ძმას ვთხოვ, რაიმე წამიკითხოსო.
ესენინმა თავის მშვენიერი ლექსი „ბულბულმა ერთი ლამაზი სიმღერა იცის“ იმღერა. იეთიმ გურჯმა პოეტი გარეთ გაახედა და უთხრა: ყველა სიმღერა კარგია, თუ ის გულის სიღრმიდან მოდის!
მე ამ შეხვედრის მოწმე არ ვყოფილვარ, მხოლოდ ნაამბობი მოვისმინე.

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – ძველი თბილისი ახალ შუქზე

იშვიათად მინახავს უფრო მომხიბვლელი ადამიანი, ვიდრე პაოლო იაშვილი იყო! მზით სავსე იყო მისი ხასიათი, მისი სული, მთელი მისი ბუნება…
ბედნიერად ვთვლი თავს, რომ ბედმა მასთან შემახვედრა, შემახვედრა ჩემი შემოქმედებითი გზის დასაწყისში. ბევრი რამ კეთილი და სასარგებლო მომცა მასთან და ტიციანთან მეგობრობამ. მოხიბლული ვიყავი მათი ნიჭიერებით, სიყვარულისა და მეგობრობის გასაოცარი უნარით…
თითქმის ყოველდღე მათთან ვიყავი. ერთი წუთითაც არ მიცილებდნენ. სხვათა შორის, ზედმეტსახელად ნიამორს მეძახდნენ – ჩემი სურათების გამო…
ჩვენს ცამეტს ვინმე ხომ არ გამოაკლდაო, – წერდა პაოლო ერთ ლექსში, რომელიც კოლაუ ნადირაძეს მიუძღვნა. ცამეტი კაცისგან შედგებოდა ცისფერყანწელების ჯგუფი…
ერთ-ერთი პირველი, რომელიც ამ ცამეტს გამოაკლდა, თვითონ პაოლო იყო. მის გზას მალე ტიციანიც მიჰყვა. და შეიცვალა ბევრი რამ, თვით თბილისის პეიზაჟშიც კი. მძიმეა იმ დღეების გახსენება. ასე მგონია, მას შემდეგ დიდხანს, ძალიან დიდხანს მხოლოდ დუმილი სუფევდა ირგვლივ. მათმა ტრაგიკულმა ბედმა მწვავედ მაგრძნობინა უსამართლობის დიდი ძალა…
მაშინ კი არა, დღესაც მიჭირს თბილისის უმათოდ წარმოდგენა…

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – ჩუქურთმა წითელი ქუდით

სამწუხაროდ, ისეთი ქიმერიონი, როგორიც საფრანგეთში წასვლისას დავტოვე, მე უკვე აღარ დამხვედრია. მოინდომეს თეატრის სარდაფის გაფართოება, კიბეები დაანგრიეს, კედლების ნაწილი ჩამოფხიკეს, ნაწილიც გადაღებეს. ასევე დაიღუპა „პოეტების ცეხიც“…
რაც შეეხება ახალ მხატვრობას: 1929 წელს მთხოვეს მომეხატა ინტურისტის ფოიე. სამუშაო საინტერესო მეჩვენა და მაშინვე გავაკეთე ესკიზური ჩანახატები. ავიღე ოთხი თემა: ნადირობა (დიდი ფრესკა იყო), ცეკვა-გასეირნება, თბილისის დაარსება და კომპოზიცია – წყაროსთან…
დიდი გატაცებით ვიმუშავე, თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ ისიც ჩამოფხიკეს და ზეთით გადაღებეს. ისეთი მხატვრობა იყო, შემდეგ ვერსად გავიმეორე. აღარც ესკიზები და ფოტოები შემომრჩა. ძალიან მეტკინა გული, მაგრამ მითხრეს: მადლობელიც უნდა იყოთ, რომ ამას მოვფხეკთ და გადარჩებითო. თუ რატომ მითხრეს ეს, არც მაშინ ვიცოდი და არც დღეს ვიცი. რა უნდა მექნა?
სხვათა შორის, ერთხელ პარიზის ერთ-ერთი რესტორნის კავო კოკაზიენის ორი კედელიც მოვხატე ძველი თბილისის მოტივებით. კარგა ხანს იყო. შემდეგ რესტორანი პატრონმა ვიღაცას მიჰყიდა და აღარ ვიცი, ისევ არსებობს თუ არა მის კედლებზე ჩემი ნახატები…

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – ფრესკის ღიმილი

დავით გარეჯი მაშინ მიუვალი იყო. ყოველ ფეხის ნაბიჯზე საშიშროება გველოდა, გველების შიშით მიწაზე ფეხს თითქმის ვერ ვადგამდით. ხშირად ურემზე ვიდექით და ისე ვმუშაობდით…
იმ დროს იქ ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ ბერები. ჩვენი მისვლა ძალიან გაუხარდათ და საგანგებო ტრაპეზი გაგვიმართეს, სათანადო რიტუალიც შეასრულეს…
იქ ისეთი ბერებიც იყვნენ, რომელთაც შეთქმული ჰქონდათ, არ ელაპარაკათ და ხმას არ იღებდნენ. მაქვს იმ ბერების და ეკლესიების მაშინდელი ჩანახატები…
ჩვენში ისტორიული ძეგლების სიმდიდრე რა გასაკვირია, მაგრამ დავით გარეჯი მაინც გასაოცარი ძეგლია! დიდი ხელოვანი იყო ის უსახელო მხატვარი (თუ მხატვრები), ვინც ის შექმნა…
დავით გარეჯის მთელი ვრცელი ტერიტორია სათანადოდ მოვლილი და მოწესრიგებული უნდა იყოს. ქვეყნად ბევრი როდია ასეთი უნიკალური ძეგლი.

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – ქაშუეთის ფრესკის ესკიზი

1947 წელს კათალიკოსმა კალისტრატე ცინცაძემ ჩემთვის მეტად მოულოდნელი, მაგრამ დიდად სასიხარულო წინადადება შემომთავაზა: ქაშუეთი უნდა მომეხატა!
დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული ეს საქმე, მაგრამ რაკი ნებართვა მივიღე, აღარაფრის წინაშე აღარ მსურდა უკან დახევა. მთავარი დაბრკოლება კი მაინც ის იყო, რომ იმ დროს ჩვენში ფერები არ მზადდებოდა. მე უარი ვთქვი ზეთის საღებავებზე. ქაშუეთი ენკაუსტიკის წესით უნდა მოხატულიყო. ცხელი, ადუღებული ფერებით. ეს ტექნიკა ბიზანტიელებმა გამოიგონეს. ძალიან კარგია იმ მხრივ, რომ საუკუნეებს უძლებს…
ძებნა-ძებნით მივაკვლიეთ ძველ მღებავებს. მათი დახმარებითა და რჩევით შევაზავეთ მცენარეთა ფერები. ზოგი ფხვნილი მწერებისაგან მზადდება. ყველა ეს ფხვნილი ავურიეთ თაფლის ფიჭაში, გავალხვეთ და დავიწყეთ მუშაობა. შეგირდები არ მყოლია. მეხმარებოდა მხოლოდ ორი ადამიანი: შალვა აბრამიშვილი და მუსკოსი არსენ ფოჩხუა…
უამრავი ესკიზი და ჩანახატი გავაკეთე. საკურთხევლის ძირითადი ფართობი, რომელიც მოხატულია, ცხრა თვეში დავამთავრე. ცხრა თვე ფანტასტიკურად მოკლე დროა ასეთი დიდი სამუშაოსათვის, მაგრამ ისეთი გატაცებით ვმუშაობდი, რომ დამცლოდა, ალბათ, სამ-ოთხ წელიწადში სულ მოვხატავდი…

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – ქაშუეთის ფრესკა

ფრესკის ცენტრალური ფიგურა ღვთისმშობელი და იესოა, აქეთ-იქით კი ანგელოსები. ეს დაკანონებული თემაა. ძნელია მასში რაიმე ცვლილების შეტანა…
ყველა მხატვარი, დიდიც და პატარაც, ღვთისმშობელს მუდამ ახალგაზრდას, ცოდვებისგან განწმენდილსა და სათნოს ხატავდა. გავიხსენოთ თუნდაც რაფაელი, როგორი მიწიერი და ამავე დროს, რა მშვენიერია მისი მადონები…
გადავწყვიტე ღვთისმშობელი ჩვენკენ, მიწისკენ, ადამიანებისაკენ წამომეყვანა, უფრო დღევანდელი სახე მიმეცა მისთვის. არ მიმაჩნდა სწორად მკაცრი ტრადიციის დაცვა…
ღვთისმშობლის სახის ასეთმა გადაწყვეტამ მაშინ, როგორც მოველოდი, აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგი რას ამბობდა და ზოგი რას. საბოლოოდ კი, ერთსადაიმავე დასკვნამდე მიდიოდნენ: რომ ეს არის ქართველი ქალი, ყოვლად მიწიერი, სიცოცხლითა და სიჯანსაღით სავსე, რომლისთვისაც არაფერი ამქვეყნიური უცხო არ არის…
საერთოდ, ბევრი უსიამოვნება შემხვდა ამ სამუშაოს დროს. მაშინ ჯერ კიდევ უჩვეულოდ გამოიყურებოდა ის ფაქტი, მხატვარს რომ რელიგიურ თემაზე რაიმე ეხატა. ბევრი გაღიზიანდა კიდეც…
ერთხელ ქაშუეთში იტალიის დელეგაცია გვეწვია. მკლავზე ხელს მკიდებდნენ: ნუთუ თქვენ მართლა ხატავთ, ნუთუ საბჭოთა კავშირში რელიგიურ თემაზე ხატვის უფლება არსებობსო… ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მთელი ჩვენი მოგზაურობიდან ამ ფაქტმა მოახდინაო…
რაც შეეხება კალისტრატეს, ის დიდებული ადამიანი იყო. დიდი პატრიოტი, განათლებული, ისტორიის, საეკლესიო მხატვრობის შესანიშნავი მცოდნე! უაღრესად კაცთმოყვარე! ის ისე მომწონდა, რომ მისი სახე ფრესკაში ერთ-ერთ მოციქულად ჩავხატე. მას ეს ძალიან ესიამოვნა.

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – ფიროსმანის შესანდობარი

გოგლა ლეონიძე სიცოცხლის განსახიერება იყო! მთელი თავისი გარეგნობით, ხასიათით, ხმით… ის თავდავიწყებით გვაყვარებდა სიცოცხლეს, გვარწმუნებდა მის სიკეთესა და სილამაზეში. პატარა, უბრალო ყვავილიც კი თავისებურად, სხვანაირად უყვარდა.
ადამიანებზე ზრუნვა ხომ მისი თანდაყოლილი თვისება იყო! ვის, რა პროფესიის ხალხს არ ნახავდით მასთან, ყველას რაღაც უნდოდა, ყველა რაღაცას სთხოვდა. და ისიც დაუზარებლად ეხმარებოდა, როგორც შეეძლო და რითაც შეეძლო…
1915-16 წლებში ის თითქმის ყოველდღე ხვდებოდა ფიროსმანს ავჭალის ქუჩაზე, სადაც იმჟამად თვითონ ცხოვრობდა. ფიროსმანსაც ხომ იქვე, მალაკნის ქუჩაზე ჰქონდა ბინა…
თავდაპირველად გოგლამ არ იცოდა, რომ ნიკალა იყო შემოქმედი იმ ნახატებისა, რითაც გამოჭედილი იყო ჩვენი ქუჩის სარდაფები, სადალაქოები, თონეები, საწვრილმანო დუქნები და სახარაზოები… მან მხოლოდ 1922 წელს შეიტყო ეს და ფიროსმანზე მოგონებების ჩაწერას და მასალების შეგროვებას შეუდგა…
მეტყოდა, მოდი, დღეს ფიროსმანის სურათებზე სანადიროდ წავიდეთო და გავუყვებოდით ძველი თბილისის ქუჩებს. დიდი შთაგონებით უყვარდა ფიროსმანი, კინოსცენარიც დაწერა მასზე, მაგრამ სადღაც დაიკარგა. სცენართან ერთად დაიკარგა მთელი წლების მანძილზე ფიროსმანზე შეგროვილი მრავალი მასალა და გოგლა ამას სიცოცხლის ბოლომდე განიცდიდა.

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – სამრეკლო

მახსოვს საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გახსნა. მისი მთავარი ინიციატორი, რა თქმა უნდა გოგლა იყო. მისი მოწყობა მან მე დამავალა. დიდი პასუხისმგებლობით მოვკიდე ხელი ჩემთვის ამ მეტად საპატიო სამუშაოს. ყველაფერი, რა თქმა უნდა, გოგლას დირიჟორობით კეთდებოდა. რამდენი დაძაბული თვე დასჭირდა მუზეუმის მოწესრიგებას, ილიას ნივთები მისი სიკვდილის შემდეგ ხომ მთლიანად გაფანტული იყო…
მე და გოგლამ თბილისში უამრავი ოჯახი მოვიარეთ. მოვძებნეთ ავეჯი, წიგნები, ინსტრუმენტები, ტანსაცმელი, ხელნაწერები… ყველაფერი, რაზეც ხელი მიგვიწვდა. დავადგინეთ მათი დოკუმენტური სიზუსტე, შეძლებისდაგვარად მოვაწესრიგეთ და გავმართეთ ექსპოზიცია, სპეციალურ ყუთში მოვათავსეთ ტყვია, რომლითაც დიდი პოეტის შუბლი განგმირეს…
ბოლოს, როცა ყველაფერი დამთავრდა, ხელმძღვანელობა მოვიდა. ნახეს, დაათვალიერეს, აღფრთოვანებულები იყვნენ მანამდე, სანამ ვიღაცამ არ იკითხა, მხატვარი ვინ არისო.
-გუდიაშვილია, – უპასუხა გოგლამ.
-რას ამბობთ… მაგ ხომ ფორმალისტია, – უთხრეს. გოგლა შეწუხდა…
მე იქვე, მათ უკან ვიდექი და ყველაფერი მოვისმინე. ძალიან მეტკინა გული. ჩუმად, ისე, რომ არავის შეემჩნია, ჩამოვრჩი, ბოლოს კი სულ წავედი და საღამომდე ტყეში ვიჯექი. ვიცოდი, გოგლა წუხდა, მაგრამ უკან დაბრუნება არ შემეძლო. რა სიყვარულით, რა თავდადებით ვიმუშავე, რამდენი უძილო ღამე მოვანდომე ამ საქმეს და ბოლოს ასეთი უმადურობა.

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – ნიკო ფიროსმანი და ანრი რუსო

არ მავიწყდება რა დიდი, გადამდები სიყვარულით უყვარდა გოგლას ვაჟა-ფშაველა! საოცარია, რომ ისიც ზუსტად იმ დღეს გარდაიცვალა, რა დღესაც ვაჟა – ცხრა აგვისტოს. და თუკი სიკვდილში შესაძლებელია, რომ ადამიანმა სიხარული განიცადოს, მაშინ ეს სიხარული უსათუოდ განიცადა გოგლამ…
ჩემთვის სალოცავი სახელია ვაჟა-ფშაველა! რაღაც ზეადამიანური და ასტრალურია მთელი მისი სამყარო! ხატად მესახება მისი სახე…
მუდამ თან დამყვება რაღაცნაირი გულისტკივილი და ფიქრი იმის გამო, რომ ვერა და ვერ შევძელი ჩემი მისდამი სიყვარული ცოტათი მაინც გამომეხატა, შემექმნა რაღაც ისეთი, რაც მნახველს ამ სიყვარულის თუნდაც მცირეოდენ ანარეკლს განაცდევინებდა…
დიდია ვაჟა! ისეთივე დიდი, როგორც მისი მთა, როგორც ის მითიური სამყარო, რომელშიც მისი გმირები სახლობენ…
მთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდექ, თვალწინ მეფინა ქვეყანა,
გულზედ მესვენა მზე-მთვარე, ვლაპარაკობდი ღმერთთანა…
ამბობს ის ერთ ლექსში და მე ეს ნამდვილად მჯერა. ჩემს წარმოდგენაში ის უსაზღვროდ მიუწვდომელი და მაღალია…
ძალიან ძნელია მისი პორტრეტის დახატვა, თითქმის შეუძლებელი!
ვის არ უცდია, ცოტათი მაინც მიახლოებოდა მის უმდიდრეს, რთულ სამყაროს. ზოგმა, მეტ-ნაკლებად, იქნებ შეძლო კიდეც თავისი დამოკიდებულებისა და სათქმელის გამოხატვა, მაგრამ მე პირადად, როცა ვაჟას თემაზე შექმნილ სურათსა თუ ქანდაკებას შევცქერი, ყველაზე ძლიერ მაინც უკმარისობის გრძნობა მეუფლება…
რამდენჯერმე ვცადე მისი პორტრეტის დახატვა, ჩარგალშიც ბევრჯერ ავედი, ხელიც შევახე იმ ჩანგურს, ვაჟა რომ უკრავდა, იმ კერასთანაც დიდხანს ვიდექი, სადაც „ალუდას“ წერდა და ამ განწყობით დავხატე მისი პორტრეტი…
მინდოდა კი რაღაც მეტი, უკეთესი…

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – ვაჟი და შველი

მე ერთი იმ ბედნიერი ადამიანთაგანი ვარ, ვისაც ცოცხალი ვაჟა-ფშაველას თვალები უნახავს. ახლოს არასდროს მივსულვარ, მაგრამ მახსოვს, ხურჯინითა და ჩოხის ფრიალით რომ ჩაივლიდა გოლოვინის პროსპექტს…
მახსოვს მისი ავადმყოფობაც, მისი უკანასკნელი დღეებიც. უნივერსიტეტში, ზუსტად იმ ოთახის პირდაპირ, სადაც მომაკვდავი პოეტი იწვა, ეთნოგრაფიული მუზეუმი იყო და მე ხშირად მიხდებოდა იქ ყოფნა. მუზეუმის დირექტორი გახლდათ ექვთიმე თაყაიშვილი, მოადგილე – იროდიონ სონღულაშვილი. ვინ არ მოდიოდა იმ მუზეუმში, მაგრამ იმ დღეებში ყველა შეწუხებული იყო, ყველა განიცდიდა…
სულის შემძვრელად იმოქმედა ჩემზე, როცა დიდმა პოეტმა მთის წყალი და ბალახები მოითხოვა…
თავზარდამცემი იყო მისი სიკვდილი…
უამრავი ხალხი დასტიროდა და მეც ერთი იმათთაგანი ვიყავი. ავადმყოფთან შესვლა ვერ გავბედე. მიცვალებულის სახის ნახატი კი გავაკეთე…
სულ სხვანაირი მახსოვდა ვაჟა-ფშაველა სიცოცხლეში: ძალზე მომხიბვლელი, შთამაგონებელი იერი ჰქონდა, როცა ქუჩაში დამინახავს, აქ კი თითქოს სულ სხვა იყო…
მახსოვს, იმ დღეებში ექვთიმე თაყაიშვილმა ვაჟას ერთი ლექსის ხელნაწერი მიჩვენა. მაშინვე გადავწერე. საოცარი იყო ეს ლექსი. ბრწყინვალე ლექსი ვაჟას სხვაც ბევრი აქვს, მაგრამ მაშინ ისე ამაღელვა ამის წაკითხვამ, მისმა პირველმა სტრიქონებმა:
რამ შექმნა ადამიანად, რატომ არ მოვედ წვიმადა…

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – გედების სიმღერა

ძალიან ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ ხელოვანის მოვალეობაა შექმნას ნამდვილი დიდი ნაწარმოები და საკუთარი თავი ცოცხალი ღმერთის სიყვარულს მსხვერპლად შესწიროს. ჩემს თანამედროვეთა შორის ეს მსხვერპლი ყველაზე მეტად და ყველაზე ნიჭიერად, ჩემის აზრით, კონსტანტინე გამსახურდიამ გაიღო…
უაღრესად საინტერესო და მდიდარი პიროვნება იყო იგი. ახალგაზრდობის წლებშივე დავუმეგობრდით ერთმანეთს, ერთად დავდიოდით საქართველოს გზებზე, ჭირშიც გვიცდია ერთმანეთი და ლხინშიც…
შემდეგ, როგორც თავად იტყოდა, „როცა განსწავლის წლები მოდგნენ“, ის გერმანიაში გაემგზავრა, მე პარიზში მომიხდა წასვლა. 1923 წელს ცნობილ კაფე როტონდაში შევხვდით ერთმანეთს…
რატომღაც მეგონა, რომ პარიზსა და განსაკუთრებით ლუვრის სახელგანთქმულ დარბაზებში კონსტანტინეს მეგზურობას მე გავუწევდი. მოხდა კი პირიქით: ის ლუვრში თავს ისე გრძნობდა, როგორც შინ…
ხელოვნების ჟანრიდან ყველაზე მეტად ფერწერა უყვარდა. ეს იყო მწერლის გულწრფელი აღიარება. ფერთა სიუხვით კალმის დიდოსტატი მხატვრებსაც გვაოცებდა. მისი წიგნები, ჩემის აზრით, ფერთა ენციკლოპედიაა, ხოლო მათი ავტორი ჩვენი თანამედროვეობის დიდი მხატვარი…

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – ძველთბილისური პარნასი

კინოკადრებივით ჩაივლის ხოლმე ხსოვნაში ძველი თბილისის კოლორიტული სურათები: აქლემების გრძელი ქარავნები, ოქრომჭედლების სახელოსნოები, ქვევრები, დოქები, ჭინჭილები, აზარფეშები, საოცარი ფერებით აჭრელებული ბაზრობები…
რა და რა ჯურის საქონელი არ მოჰქონდათ ამ ბაზრობებზე! შეუძლებელია ერთხელ მაინც გენახა ეს სურათი და როდესმე დაგვიწყებოდა…
მახსოვს დუდუკებზე ცეკვა, მტკვარზე ღამისთევა, ტივები, სანთლები და ბოლოს, დილით დაკრეფილი და ახლო სოფლებიდან ჩამოტანილი ქორფა მწვანილი, ხურჯინგადაკიდებული სახედრები, მემწვანილეები…
ძველი თბილისი განსაკუთრებით მხატვრებს იზიდავდა. მისი აივნიანი და ბანიანი, ჭრელნოხგადმოფენილი, ჩუქურთმიანი სახლები, ადამიანთა ჩაცმულობა, ჩიხტიკოპიანი მანდილოსნები, ვიწრო, ოკრო-ბოკრო ქუჩები და ღამით ამ ქუჩებში დანთებული ფარნები…
ჩემ თვალწინ დაინგრა მშვენიერი ქარვასლები, შესანიშნავად ნაშენი პატარ-პატარა სახელოსნოები, მოხატული დუქნები, ძველთბილისური ხიდები…
არც კი იცოდნენ, რას სჩადიოდნენ, რა სიმდიდრე განიავდა! დაამახინჯეს მეტეხის ულამაზესი კლდე, დატოვეს მხოლოდ რამდენიმე სახლი და ქუჩა…
მახსოვს რამდენს დაობდა, რამდენს კამათობდა ამის შესახებ ელენე ახვლედიანი. მომავალი თაობები ამას არ გვაპატიებენო, – ამბობდა ის და მეც ასე მგონია. ძალიან განიცდიდა ყოველივე ამას სოსო გრიშაშვილიც…

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – ძველი და ახალი

ძველი თბილისის წინაშე ყველაზე მეტი ხარკი, მე ასე მგონია, სოსო გრიშაშვილმა მოიხადა. მარტო მისი „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა“ რად ღირს, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ!
ახლაც თვალწინ მიდგას მისი მუდამ ღიმილიანი სახე! როგორ უყვარდა თბილისის ქუჩებში სიარული, თითოეული სახლის ისტორია იცოდა…
შემომხვდებოდა ხოლმე წიგნებით ხელში:
-ნახე, ბუკინისტებთან რა წიგნი ვიყიდე, ჩემს ბიბლიოთეკას შეემატება, – იტყოდა. და აუცილებლად ძველი თბილისისკენ გავუყვებოდით. ის ხომ იმ უბანში დაიბადა…
სოსო წიგნებთან ერთად დიდის მოწადინებით ეძებდა და აგროვებდა ძველი თბილისის მოქალაქეთა ნივთებს: ვერცხლეულს, ყანწებს, აზარფეშებს, ღვინის დოქებს, ვერცხლის ქამრებს, კრიალოსნებს… ასევე, ძველებურ საკრავებს: არღანს, თარს, დუდუკს, სტვირს…
ის ერთგან წერს: „როგორც ცხოვრებაში შემოიჭრა ახალი ტექნიკა, ახალი სული, ახალი აზროვნება, ისე ლიტერატურაში მოისპო რომანტიული სულის თვისება და ინდივიდუალიზმი. ვისა სცალიან „ლოპიანას დარდებისათვის“ და ქამანჩის უწყინარ მელოდიისათვის? ვის ეჭირვება „აბანოში ლხინები“ და ქუჩებში ანთებულ წმინდა სანთლებით სიარული? მაგრამ მწერლებო, პოეტებო, ნუ დავუთმობთ თბილისს არქეოლოგებს. უშუალოთ შევემეცნოთ მას, ვისუნთქოთ მისი ჰაერით, ქუჩაბანდებით და შევიყვაროთ იგი, როგორც ჩვენი პირველი ლექსი“.
ჩემი სათქმელიც ესაა…

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – ჩუქურთმა

მინდა მოვიგონო ერთი შესანიშნავი ახალგაზრდა პოეტი. მასთან ახლო ურთიერთობა არასდროს მქონია. მისი ლექსები მაშინ ხელნაწერის სახით მოჰქონდათ ხოლმე ჩემთან…
ლადო ასათიანი… მართლაც უღმერთოდ ადრე წასული ლადო ასათიანი…
ბოლო პერიოდში მაინც, ძალიან ხშირად ვხედავდი. აბასთუმნიდან ახლად დაბრუნებული, თავს ძალიან სუსტად გრძნობდა, აღმართზე სიარული არ შეეძლო და მეგობრებმა სასტუმრო ორიანტის შენობაში ერთი პატარა ოთახი უშოვეს…
ხსოვნაში მტკივნეულად ჩამრჩა მისი გრძელი, გამხდარი თითები და დიდრონი თვალები, რაღაცნაირი სევდით რომ შემოგანათებდნენ უეცრად…
გარდაცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ ანიკო ვაჩნაძემ გამიმხილა: ბევრჯერ უნდოდა ლადოს თქვენთან მოსვლა, მაგრამ ეკრძალებოდაო… თუ ოდესმე წიგნის გამოცემა მეღირსა, მინდა ლადო გუდიაშვილმა გააფორმოსო…
ჩემთვის მისი ეს სურვილი დიდი პატივი იყო. პოეტის ერთ-ერთი პირველი წიგნი, ასე რომ შეიყვარა ქართველმა მკითხველმა, მე გავაფორმე… პოეტის ავტოპორტრეტიც დავხატე.

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – ანანო ყვავილებით

მუდამ მიზიდავს და შთამაგონებს ილია ჭავჭავაძის თემა, კერძოდ, მისი „აჩრდილი“…
დიდი ხანია ვფიქრობ ამ ნაწარმოებზე, მაგრამ ვერა და ვერ მოვკიდე ხელი…
ამ რამდენიმე წლის წინ, ილიას იუბილეს დღეებში, ქართველმა მწერლებმა უაღრესად საინტერესო და ამაღელვებელი ლაშქრობა მოაწყვეს. ეს იყო ლაშქრობა წიწამურიდან მყინვარწვერამდე. მთამსვლელის თოკით მიაღწიეს ბეთლემის გამოქვაბულს და „განდეგილის“ ჯაჭვი შეარხიეს…
ამ ჯაჭვის ჩხრიალში, როგორც თვითონ ამბობდნენ, იყო ამირანის ტანჯვაც, წიწამურის ტკივილიც, ხალხთან განუყრელობის გრძნობაც, აწმყოსა და მომავლის რწმენაც და დიდი ილიას „აჩრდილის“ შთაგონებული ფიქრიც. ყველამ შეახო იმ ჯაჭვს ხელი…
გამოქვაბულიდან მუზეუმისთვის წამოიღეს ხის ძველებური შანდალი და ყანწად ხმარებული ჯიხვის ძველთაძველი რქა. ბეთლემში კი დატოვეს ილიას მცირე ქანდაკება და მისი ნაწერების კრებული. მათ შორის „განდეგილიც“ და „აჩრდილიც“. დატოვეს გვირგვინიც, რომელიც საგურამოდან წაიღეს…
ამ ფაქტმა ჩემზე წარუშლელი, ფანტასტიკური შთაბეჭდილება მოახდინა და ახალი შთაგონებით ამავსო. ასე შეიქმნა ჩემი კიდევ ერთი სურათი „აჩრდილი“. საკმაოდ დიდი ტილოა…
ვიმუშავე ოთხი თუ ხუთი თვე. არ ვიცი რა შთაბეჭდილებას ახდენს იგი მნახველზე, მაგრამ მე, პირადად, ძალიან მინდოდა ის დიდი მღელვარება და შთაგონება, რომელიც ჩემში ბეთლემის ჯაჭვის ჩხრიალმა და, საერთოდ, ამ მოვლენამ გამოიწვია, სურათში გამოხატულიყო…

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – ვეფხისტყაოსნის ილუსტრაცია

ბევრი ჩანაფიქრი და ოცნება დამრჩა განუხორციელებელი. მათ შორის ყველაზე უფრო მაღელვებს რუსთაველის სახე. ურიცხვი ესკიზი და ჩანახატიც გამიკეთებია, კომპოზიციაც მრავალჯერ მოვიფიქრე, მაგრამ ვერა და ვერ დავიწყე მუშაობა…
ბოლოს, ერთხელ კიდევ ამაღელვა იერუსალიმიდან ჩამოტანილი რუსთაველის ფრესკული პორტრეტის ნახვამ, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ფაქტმა და ისევ მოვკიდე ხელი ფუნჯს. ჩაფიქრებული მქონდა მონუმენტური ტილო, რომელსაც ერქმეოდა „რუსთაველის დაბრუნება“.
თითქოს ჯვრის მონასტრის ფრესკიდან გადმოსული რუსთაველი საქართველოსაკენ მოეშურება. პატარა ბავშვი მოუძღვება წინ, ბავშვი ახალი საქართველოს სიმბოლოა, რომელიც უხმობს და ეძახის თავის უპირველეს პოეტს.
სურათზე ერთ მხარეს მოჩანს ჯვრის მონასტრის ხედი, მეორე მხარეს კი, საითკენაც რუსთაველი მოაბიჯებს, ქართული პეიზაჟის შორეული კონტურებია. სურათის მთავარი კვანძი ბავშვია…
ძნელია ახლა დეტალებზე და, საერთოდ, განუხორციელებელ ჩანაფიქრზე საუბარი, მით უმეტეს რომ ეს ფერწერულ ნაწარმოებს ეხება, მაგრამ რაკი მაინც ვწერ ამაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ისევ მაღელვებს და მიზიდავს ეს ფიქრი.

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – მოძალადე

ჩემი ცხოვრების მანძილზე, სიჭაბუკეშიც და შემდეგაც, გატაცებით ვაგროვებდი ხელოვნების ნიმუშებს. ცოტაოდენი კოლექციაც მაქვს. ამ კოლექციის ერთ-ერთი ექსპონატია ბრინჯაოს ძველისძველი, პატარა სატევარი, რომელიც ერთხელ, კახეთში ყოფნის დროს მაჩუქეს.
ვინ იცის როდინდელია!
ძალზე ფაქიზი გემოვნებითაა ნაკეთები, მომწვანო ფერები დაჰყვება, სახელური კი იმდენად პატარა აქვს, ხელს რომ შემოვუჭერ, არ ჩანს…
ამ სატევარმა რაღაც ასოციაციით მამაკაცებთან მითოლოგიური ამორძალების ბრძოლის ისტორია გამახსენა. შესაძლოა ასეთი რამ კახეთის მიწაზეც მომხდარიყო. სატევარიც იმიტომ არის პატარა, რომ იგი, ალბათ, ქალს ეპყრა ხელთ. ვგულისხმობ ქართველ ქალს, რომელსაც არაერთხელ დასჭირვებია მომხვდურ მტერთან შებრძოლება. აი, ეს იდეა დაედო საფუძვლად ჩემს ერთ-ერთ სურათს, რომელსაც „დაჭრილი ამორძალი“ ჰქვია…

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი

ჩაიქროლეს ჩემი ბავშვობის, სიჭაბუკის ულამაზესმა დღეებმა, წლებმა… ჩათავდა… ჩაიარა ოციანი და ოცდაათიანი წლების თბილისის ბოჰემურმა სურათებმა… რომი… პარიზი… წავიდნენ ძვირფასი მეგობრები…
და მაინც, ისინი ისევ ჩემთან არიან, ისევ თავს ვევლები მათ, ისევ მიყვარს. ნათესავები, მეგობრები, მოკეთენი, მტრებიც კი, ახლა ჩემს წარმოდგენაში ერთი დიდი სპექტაკლის გმირები არიან და ამ სპექტაკლს ცხოვრება ჰქვია. რა თქმა უნდა, ბევრი რამ უკეთესად შეიძლებოდა ყოფილიყო… ჩემიც და სხვისიც… მაგრამ ეს იყო ცხოვრება და ბევრ რამეს, ყველაფერი რომ თავიდან დაიწყოს, ალბათ, ისევ ისე გავიმეორებდი…
ბევრ რამეს, რაც მე შევქმენი, რაც გავაკეთე, რაც იყო და როგორც იყო, უპირველეს ყოვლისა, მე ვუმადლი ჩემს მეგობარს, მეუღლეს ნინო გუდიაშვილს. ის მუდამ თავდადებით, ფანატიკური რწმენით ჩემდამი, ჩემი მომავლისადმი, აკეთებდა ყოველივეს და თუ მე ბევრი რამ, ასე თუ ისე გადავიტანე, ბევრ რამეს გავუძელი და მცირეოდენი რამ შევქმენი, იმიტომ, რომ ჩემს გვერდით მუდამ ნამდვილი მეგობარი იდგა. მე მისგან სიცოცხლით ვარ დავალებული…
მთავრდება ჩემი მოგონებების წიგნი. ბევრი რამ, ალბათ, უთქმელი დამრჩა. ბევრი რამ აღარც მახსოვს, უკვე ოთხმოც წელს გადავაბიჯე…
არ ვთვლი, რომ ამ გზაზე ყოველთვის მართალი ვიყავი, მაგრამ მუდამ იმას ვაკეთებდი, რასაც ვფიქრობდი, რაც მწამდა, რაც მიყვარდა…
მომავალი კი ჩვენგან დამოუკიდებელია. ჩვენ მხოლოდ წარსული გვეკუთვნის. მას ვერავინ შეცვლის, ვერავინ წაიღებს, უკვე ყველას და ყველაფერს თავ-თავისი ადგილი აქვს მიჩენილი. ცხოვრებას, საერთოდ, ყველაზე უკეთ მაშინ შევიცნობთ, როცა ის წარსულად იქცევა… მაგრამ ის, რაც იყო, ჩემთვის მოიცავს იმასაც, რაც უნდა იყოს, რაც იქნება – მოიცავს მომავალს.

დასასრული

ka_GEGeorgian