ჩემი ალბომები: ლადო გუდიაშვილის მოგონებები (II ნაწილი)

დედაენის ბაღში ბუკინისტების თაროებს ვათვალიერებდი და ლადო გუდიაშვილის მოგონებების წიგნიც, სერაფიტას სერიით გამოცემული, მაშინ ვიყიდე.

მხატვრობის დიდი მცოდნე არ ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში ფერწერა სულაც არაა მნიშვნელოვანი: ისეთი საინტერესო მოგონებები იყო, თან იმდენ საქვეყნოდ ცნობილ ხელოვანზე რომ, რა გითხრათ, მხოლოდ გირჩევთწაიკითხეთ, ძალიან საინტერესოა: XX საუკუნის დასაწყისის თბილისი და პარიზი, ფიროსმანი, ცისფერყანწელები, ექვთიმე თაყაიშვილი, გალაკტიონი, ვაჟა, პაბლო პიკასო, ამადეო მოდილიანი, გოგლა ლეონიძე, კონსტანტინე გამსახურდია

გუდიაშვილს ყველა მათგანთან და კიდევ უფრო მეტთან პირადი ურთიერთობა აკავშირებდა, უშუალო თვითმხილველია ძველი თბილისის ნგრევის და ახლის შენების, ყარაჩოღლების, ტივზე ქეიფის, პარიზის ბოჰემური ცხოვრების

მოდი და ნუ იტყვი, რომ მისი მოგონებები ფასდაუდებელი არაა! ჩემი აზრით, ისინი ცოტა ზღაპრულიცაა. რატომ? ბევრ ქართველს იცნობთ, რომელიც პირადად იცნობდა, ვთქვათ, პიკასოს ან მოდილიანის?

ვკითხულობდი გუდიაშვილის მოგონებებს და დროდადრო ვფიქრობდი, რა ბედნიერი და წარმატებული იქნებოდა საქართველო გასაბჭოება როგორმე თავიდან რომ აეცილებინა, რკინის ფარდის ქვეშ რომ არ მოქცეულიყო, მართლა ნიჭიერი ხალხი ტვინგარეცხილებს რომ არ გაეწყვიტათ

ქვეყანა სხვანაირად განვითარდებოდა. და თან, მხოლოდ უკეთესობისკენ. ამის ღრმად მწამს!

გუდიაშვილის მოგონებები გაგანია ზასტოის პერიოდში, 1979 წელსაა გამოცემული. მიუხედავად იმისა, რომ მხატვრის მოგონებებში მაქსიმალურად შერბილებულია უნდობლობა და იმედგაცრუება საბჭოთა წყობის მიმართ, მაინც იგრძნობა, რომ მას სხვანაირ საქართველოში ცხოვრება სურდა: ლაღ, ფერად, თავისუფალ ქვეყანაში, ისეთში, როგორ პარიზში ნახა და მიეჩვია და როგორ ტილოებსაც თავად ქმნიდა. ნუ, მისმა მოგონებებმა ჩემზე ასეთი შთაბეჭდილება დატოვა და თქვენ, წიგნს რომ წაიკითხავთ, თქვენი თქვით.

რაც შეეხება ამ ალბომს, მასში შეტანილი ფოტოები წიგნის წაკითხვის შემდეგ მოვიძიე ინტერნეტში. რამდენიმეც მხატვრის ალბომიდან გადავიღე. ვეცადე ნახატები მაქსიმალურად თემატურად შემერჩია. როგორ გამომივიდა, ეს თქვენ გადაწყვიტეთ.

ერთი სიტყვით, სულ ესაა.

დაგვიანებით, მაგრამ მაინც: გილოცავთ ვიზალიბერალიზაციას!

ლაშა გოდუაძე
2017 წლის 4 აპრილი

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – თავმოკვეთილი მეუღლე

დადგა ჩვენი გამგზავრების დღეც. მატარებელი ბათუმისკენ დაიძრა. გემით იტალიაში უნდა წავსულიყავით. ვჩქარობდით, ბათუმში დროზე ჩავედით, მაგრამ გემმა რამდენიმე დღე დაიგვიანა.
ყოველდღე გავდიოდით ნავსადგურში. ერთხელ, რომელიღაც დუქნიდან დუდუკის ხმა შემოგვესმა და შევედით. მაგიდას ყარაჩოხელები უსხდნენ. ვიღაც ლამაზი აღნაგობის ჭაბუკი ისე მოხდენილად ცეკვავდა კინტოურს, გაოცებულები იქვე თავისუფალ მაგიდასთან ჩამოვსხედით…
კინტოურს ზანგი ცეკვავდა! მაგიდასთან მივიწვიეთ. დავითი დაინტერესდა: ჩვენ ყველა თბილისელ კინტოს ვიცნობთ, შენ ვინა ხარო, ჰკითხა. ისიც მოჰყვა თავის ცხოვრებას ქართულად. ბედმა ბავშვობიდან აქ გამომრიყა, მომწონს აქაურობა, ამიტომ, ბედის კმაყოფილი ვარო.
ვკითხე, ეს ცეკვა როდის ისწავლე-მეთქი. სხვას რას ვაკეთებო, მიპასუხა. იშვიათად მინახავს, ვინმეს ასე ლამაზად ეცეკვოს კინტოური.
ბოლოს ჩვენი ნანატრი გემიც გამოჩნდა. ფრანს ჟოზეფ – ასე ერქვა იმ გემს. იტალიისა იყო. ნახევრად სამგზავრო, ნახევრად სატვირთო.

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – 1922 წელს, პარიზში

ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული, ჩემი სამშობლოს შემდეგ, ეკუთვნის პარიზს!
პარიზი… უსასრულოდ შემიძლია ვიმეორო ეს სიტყვა! უდიდესი მაგიური ძალა აქვს მას ჩემთვის!
როგორი აღფრთოვანების, როგორი სიყვარულის სიტყვები არ წამიკითხავს მასზე და მაინც, ყოველთვის მგონია, მათში სრულყოფილად ვერასდროს ვერ ითქვა ის მთავარი, რითაც ასე იზიდავს ყველას პარიზი.
ვერც მე ვიტყვი, მაგრამ ვიცი, რომ პარიზი ეს არის ჩემი ცხოვრების ერთი ძალზე მთავარი და განუშორებელი ნაწილი.
ის სუნთქავს…
მე ვგრძნობ მის გულისცემას, მის ფერს, მის ხმას, მის სიცოცხლეს მთლიანად! ვგრძნობ მის სულს, პარიზი ჩემი სულის ნაწილიცაა…
მადლობა მას!

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – პარიზის ხიდი

პარიზში პირველად რომ ჩავედით, წვიმდა. ყველაფერს რუხი ფერი ედო. ვაგონები მთლიანად დაიცალა, ჩვენ კი ადგილიდან არ ვიძროდით. პარიზი ზღაპარივით გვქონდა წარმოდგენილი…
-იქნებ სხვაგან ვართ? მოდი ვიკითხოთ, – მითხრა დავითმა. ენა არ ვიცოდით, მაგრამ მატარებელში რამდენიმე სიტყვა ვისწავლეთ და ახლა ამ სიტყვებით ვაპირებდით გზის გაგნებას.
პოლიციელი მოვიდა. მიხვდა ჩასულები რომ ვიყავით, პაპიროსი მოგვაწოდა და გამოგვყვა… აქ ომნიბუსია, იქით – ტაქსის გაჩერებაა, თქვენ რომელი გნებავთო… მიგვასწავლა სტუდენტების სასტუმროც და გამოგვეთხოვა. ასე გულთბილად მოგვექცა პირველი ფრანგი.
საოცარი დილა გათენდა პარიზში! აღარ წვიმდა, ოცნება იყო პარიზი!
ჩვენ გულით შევიყვარეთ ეს ქალაქი და მთლიანად მივენდეთ, დროებით მისი შვილები გავხდით. შემდეგ, თანდათან, გზებიც გავიკვლიეთ, ენაც ვისწავლეთ, განვცალკევდით კიდეც, თუმცა ერთ უბანში ვცხოვრობდით და მუდამ ერთად ვიყავით…
პარიზს ნაღვლიანი იერი დაჰკრავს. ამ ქალაქმა ნაღვლიანი ღიმილი იცის და ამაშია მისი განუმეორებელი სილამაზის ერთი საიდუმლოც.

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – კარის მოცეკვავეები

პირველ ხანებში მეც და დავითსაც გვიჭირდა. მაგრამ თუ რამემ გვიშველა, იმან, რომ ჩვენი სურათები ხშირად იფინებოდა.
რაც შეეხება აკადემიას, ჩვენ იქ არ გვისწავლია. როცა ნამუშევრები ნახეს, გვითხრეს: თუ გინდათ მიგიღებთ, მაგრამ არ გირჩევთ, თქვენ უკვე დასრულებული მხატვრები ხართ, საკუთარი სახე გაქვთ, აკადემია ვერაფერს მოგემთ… დარჩით პარიზში, თვალი მიადევნეთ მხატვრულ მიმდინარეობებს, იმუშავეთ დამოუკიდებლად, მიიღეთ მონაწილეობა გამოფენებზე, თქვენთვის ასე აჯობებსო…
ასეთმა პასუხმა ძალიან გაგვაკვირვა, მაგრამ მაინც დავუჯერეთ. მოგვიანებით მივხვდით, რომ მართალი უთქვამთ.

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – ვლადიმერ მაიაკოვსკი და ლადო გუდიაშვილი კაფე როტონდაში

იუგენსის ქუჩაზე, მონპარნასის უბანში ვცხოვრობდი. მქონდა პატარა სახელოსნო. რა თქმა უნდა მიჭირდა, მაგრამ ჩემი ცხოვრება მაინც უდიდესი შთაგონებით იყო სავსე…
თითქმის ყოველ დღე კაფე როტონდას სტუმრები ვიყავით. სულ, ვგონებ, თორმეტიოდე მაგიდა იდგა იმ ნახევრად ბნელ, პაპიროსის კვამლისგან ჩახუთულ ოთახში, სადაც მხატვრები და პოეტები იყრიდნენ თავს.
რა იყო ეს კაფე? არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ განუმეორებელი პოეტური ელფერი მიანიჭეს მას მეოცნებე ადამიანებმა! ვინ არ მოდიოდა აქ, საიდან ჩამოსულებს არ ნახავდით! იყო ერთი ხმაური, ლექსების ხმამაღალი კითხვა, დავა, კამათი… საუბრები კუბიზმზე, აბსტრაქციონიზმზე, რეალიზმზე…
კაფის პატრონი გახლდათ ვინმე ლიბიონი. ის უაღრესად კეთილი გულის კაცი იყო. მის სტუმრებს, უმეტეს შემთხვევაში, ერთი ფრანკიც არ ედოთ ჯიბეში, მაგრამ როცა ვისიმე, შიმშილისგან გატანჯულ სახეს ხედავდა, დაუფიქრებლად ყიდულობდა მათ ნამუშევარს. ამას მხოლოდ კეთილი გულით აკეთებდა, თან ისე, რომ მხატვარს უხერხულობა არ ეგრძნო.
არაერთმა მის თვალწინ მოიხვეჭა სახელი, მაგრამ როგორც წესი, ისინი, ჩვეულებისამებრ, მაინც მოდიოდნენ აქ. ასეთ შემთხვევაში ლიბიონი მათ მოწიწებით ესალმებოდა. უყვარდა ეს ხალხი, მათი ნაწარმოებები კი არ აინტერესებდა.
ამბობენ მერეც, როცა მან ეს კაფე გაყიდა, ზოგჯერ მაინც მოდიოდა და ნაღვლიანად იჯდა ხოლმეო…
მხატვრებსაც უყვარდათ ლიბიონი, მათვე გააცილეს უკანასკნელ გზაზე. პოეტები და მხატვრები ყოფილან მისი უკანასკნელი ჭირისუფლები…

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – ცდუნება . 2013 წელს ეს ტილო სოთბის აუქციონზე 782 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

როტონდაში მუდამ იცოდნენ, რომელი გამოფენა სად და როდის იმართებოდა. და აი, გავიგე, რომ ზამთრის სალონში (სალონ ლიივერ) ახალი გამოფენა ეწყობა. გადავწყვიტე მეც მეცადა ბედი და მეორე დღესვე გავაგზავნე ოთხი ნამუშევარი. ძალიან ვღელავდი. ახალი ნაცნობები არაფერს მეუბნებოდნენ, მაგრამ ჩამოსვლისთანავე სურათების ზამთრის სალონში გადაგზავნა მათ მეტად ნაადრევად მიაჩნდათ.
მაგრამ მოხდა დაუჯერებელი: ოთხი დღის შემდეგ მომივიდა ცნობა, რომ ყველა სურათი მიიღეს! ყველა გააკვირვა ამ ამბავმა! უცხოელისთვის ასეთი წარმატება ძალზე იშვიათი და მოულოდნელიაო, მეუბნებოდნენ.
მაგრამ უფრო მეტი სიხარული მელოდა. მალე ისევ მომივიდა ბარათი: „თქვენი ნამუშევრებიდან ერთი, კერძოდ „კინტოების ქეიფი ქალთან“ ესპანელ მხატვარ იგნასიო სულოახას მოეწონა და ფასი გვაცნობეთო.
მაშინვე მივედი. ფასი არ ვიცი, მაგრამ თუ ამდენი ნამუშევრებიდან სულოახამ ჩემი ამოარჩია, მზად ვარ ვაჩუქო-მეთქი.
არა, ასე არ შეიძლება, – მიპასუხეს.
მე ისევ უარზე ვიყავი. გაოცდნენ. რაკი ასეა, თქვენ სურვილს სულოახას გადავცემთო.

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – გიორგი სააკაძე

მეორე დღეს, საღამო ხანს, როცა ის-ის იყო როტონდაში წასვლას ვაპირებდი, სახელოსნოში მოულოდნელი სტუმარი მოვიდა.
-თუ არ ვცდები, მოვედი იმ მხატვართან, რომლის ნამუშევრები ზამთრის სალონში გამოფენზე ვნახე… გუდეა… შვილი… – თვალს არ ვუჯერებდი, ჩემ წინ იგნასიო სულოახა იდგა!
-დიახ, მაესტრო, მობრძანდით, – ვუპასუხე.
სულოახამ ქუდი მოიხადა და თავის ოდნავი დახრით ოთახში შემოვიდა. ერთხანს უხმოდ ათვალიერებდა კედელზე გამოფენილ სურათებს, შემდეგ სადაური ხართო, მკითხა.
-ქართველი გახლავართ, – ვუპასუხე.
-ქართველი… დიდი ხანია, რაც პარიზში ცხოვრობთ?
-სულ რამდენიმე თვეა, მაესტრო.
სულოახა ისევ ნამუშევრებს მიაჩერდა. მე სხვა სურათებიც გადავაწყვე, კარგა ხანს ათვალიერა. დაინტერესდა საქართველოს ისტორიით, მისი ხელოვნებით… მეც ვუამბობდი წარსულზე, ძეგლებზე, ქართულ ფრესკებზე და ხალხზე, რომლის ძირითადი ენერგია სიცოცხლისა და არსებობის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში დაიხარჯა. ის ინტერესით მისმენდა.
-თქვენ რომ საქართველოზე ლაპარაკობთ, მე ესპანეთის ისტორია მახსენდება, – მითხრა ბოლოს.

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – სადღეგრძელო განთიადისას

ვუთხარი: ასეთი აზრიც არსებობს, რომ ესპანეთში მცხოვრებ ბასკებსა და ქართველებს ერთი საერთო წინაპარი ჰყოლიათ-მეთქი.
გაოცდა! მიპასუხა: თუ ასეა, მაშინ მართლაც კარგი ალღო მქონია, რომ ამდენ ხალხში ჩემი „ძმა“ მიცვნია!
სულოახამ რამდენიმე სურათი გადათვალა, მკითხა, ამ ნახატებს თუ შეელევითო. როგორ არა, სიამოვნებით, თუ გნებავთ, მეტიც იყოს-მეთქი. მან გამიღიმა და ჯიბიდან ფრანკების ორი დასტა ამოიღო. უარზე ვიყავი, ფულს არ ავიღებ, ისე წაიღეთ-მეთქი, მაგრამ არც მომისმინა:
-მარტოოდენ კარგი სიტყვებით რომ შეიძლებოდეს ცხოვრება, რაღა გვიჭირდა. მე ბევრი რამ გამომიცდია და ყველაფრის ფასი ვიცი. თქვენ ახლა ეს ფული გჭირდებათ. აიღეთ და უკეთესი სურათები დაგვიხატეთ.
იმ დროს სულოახა დიდად განთქმული მხატვარი იყო და კლასიკოსად ითვლებოდა. ხან პარიზში ცხოვრობდა, ხანაც მადრიდში. ამ შემთხვევამ ძალიან დაგვაახლოვა. რამდენჯერმე, მისივე სურვილით, სახელოსნოშიც ვეწვიე. თავის ცხოვრებაზე მიამბობდა, ესპანეთზე, პარიზზე, საქართველოზე ვსაუბრობდით… ერთხელ მითხრა, შენი სურათები ჩემს კოლექციაში იქნება, შემდეგ კი მადრიდის მუზეუმს გადავცემო…
ზამთრის სალონში ჩემი მეორე სურათიც გაიყიდა – „სადღეგრძელო განთიადისას“ აკაკი ხოშტარიამ შეიძინა.

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – ფიროსმანი პარიზში

ერთ მშვენიერ დღეს მე, დავით კაკაბაძე და შალვა ქიქოძე პარიზის ერთ-ერთ ცნობილ ბულვარზე, რუ ბოიესიზე, კერძო გალერეებში მოწყობილ გამოფენებს ვათვალიერებდით. შევედით ერთ-ერთში, მადლენის მოედანზე, რომელსაც გალერი როზენბერგი ერქვა. ამ გალერეის პატრონი ჰფენდა მხოლოდ ისეთ მხატვრებს, როგორიც იყო პიკასო, მატისი, დერენი, ბრაკი… ამჯერად კუბისტური ნამუშევრების გამოფენა იყო…
უეცრად ქართული ლაპარაკი შემოგვესმა. ვხედავთ, დგას სამი კაცი და პიკასოს სურათებს უყურებს. მივაყურადეთ. ერთი აქებდა: რა კარგია, საქართველოში კი არ იცნობენ, უსათუოდ უნდა შევიძინოთო…
ჩვენ გაგვიკვირდა, ვინ უნდა ყოფილიყო, ისიც ქართველი, ასე ძვირადფასებული სურათის ყიდვას რომ აპირებდა?! დავაკვირდით და აკაკი ხოშტარია ვიცანით. მეორეს არ მოსწონდა, რად გინდა, ამას ვინ შეხედავსო, ეუბნებოდა. ხოშტარია მერყეობდა: ამბობენ, დიდი მხატვარია და იქნებ ჩვენ რა გვესმისო…
ძალიან ავღელდით, მივედით და გამოველაპარაკეთ:
-გაგვიხარდა პიკასოს ყიდვა რომ დააპირეთ, ახლა კი გვწყინს რომ აღარ ყიდულობთო, – ვუთხარით.
ისევ დაიწყეს კამათი, მაგრამ ჩვენ მათთვის ავტორიტეტები არ ვიყავით. აკაკი ხოშტარიამ პიკასო არ იყიდა. იყიდა ანდრე ლოტი, ფრანგი კუბისტი. შემდეგ მისი და ჩემი ნამუშევარი საქართველოს ხელოვნების მუზეუმს გადმოუგზავნა.

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – ამადეო მოდილიანის ნაჩუქარი ნახატი

როტონდას სტუმრებიდან ძალიან ბევრმა გაითქვა სახელი… ერთი მათგანი ამადეო მოდილიანი გახლდათ. ის ყოველ საღამოს თავის ადგილზე იჯდა როტონდაში და ჩანახატებს აკეთებდა. ხშირად ჩვენ თვალწინ იქმნებოდა მისი სასწაულებრივი სურათები. მაშინ ის ცნობილი არ იყო…
მოდილიანის სიცოცხლეში თითქმის არავინ იძენდა მის სურათებს, მისი სიკვდილის შემდეგ კი თითქმის უსასყიდლოდ დაისაკუთრეს ისინი.
მახსოვს, ერთ დღეს როტონდაში გამოფენა უნდა გაემართათ. მოდილიანიმაც მოიტანა თავისი სურათები. იქვე დააწყო და მაგიდას მიუჯდა. ხელში ჩანახატების ალბომი ეჭირა, მოწყენილი იყო. მის წინ ვიღაც ქალი და მამაკაცი ისხდნენ. გადაშალა ალბომი და ეს ქალი ჩახატა. როგორც ჩანს, არ მოეწონა, მეორედ ჩახატა და ქალს გადასცა. ქალმა იუკადრისა: ეს მე არ ვარო და უკან დაუბრუნა.
-ო, ეს ქალები, არაფერი რომ არ ესმით, – გაბრაზდა და ჩანახატები მე გადმომცა – აჰა, შენ გქონდესო.
წლების შემდეგ ერთი ფრანგი იყო ჩემ სახელოსნოში. ნახა ის ჩანახატები. ძალიან მოეწონა. მითხრა: ამათგან ერთი ნახატიც რომ გაყიდოთ დღეს საფრანგეთში, ნახევარ წელიწადს უზრუნველად იცხოვრებთო.

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – ამადეო მოდილიანი კაფე როტონდაში

მოდილიანი პოეტური იყო და გარეგნულადაც ლამაზი. მუდამ მოწყენილი დადიოდა, ფერმკრთალი. მაშინ ის უკვე ავად იყო და ჩემს იქ ყოფნაში გარდაიცვალა…
მახსოვს, კაფეს პატრონს, ლიბიონს არაფერი გაეგებოდა მისი ხელოვნებისა, მაგრამ ხედავდა, როგორ იტანჯებოდა. სთხოვდა რამდენიმე სურათს და სანაცვლოდ სადილზე ან ჭიქა ყავაზე იწვევდა. სხვა არც არაფერი სჭირდებოდა მოდილიანის, გარდა იმისა, რომ ეგრძნო: ვიღაცას მისი ნახატი მოეწონა… რომ იმ ვიღაცამ შეიცნო მისი სულის ტკივილი…
ახლა კი ის პარიზის ერთ-ერთ ძველ, პერლაშეზის სასაფლაოზეა დაკრძალული. საფლავზე იტალიურად აწერია: ამადეო მოდლიანი, მხატვარი. დაიბადა ლივორნოში, 12 ივლისს, 1884 წელს. გარდაიცვალა პარიზში, 24 იანვარს, 1920 წელს. სიკვდილმა მას დიდების დასაწყისში მოუსწრო.
ცოტა ქვემოთ, იმავე დაფაზე ვკითხულობთ: ჟანა ებიურტენი. დაიბადა პარიზში, 6 აპრილს, 1898 წელს. გარდაიცვალა პარიზში, 25 იანვარს, 1920 წელს. ამადეო მოდილიანის ცხოვრების ერთგული თანამგზავრი, ვინც არ მოისურვა უმისოდ სიცოცხლე…
მე დამინახავს ჟანა ებიურტენი, მოდილიანისთან ერთად რომ მიჰყვებოდა მონპარნასის ქუჩას.
ახლა იტალია და საფრანგეთი ერთმანეთს ვერ უთმობენ ამადეო მოდილიანის. ამ ქვეყნების უმდიდრეს ეროვნულ მუზეუმებში მისი მხოლოდ რამდენიმე სურათია, დანარჩენი კი კერძო კოლექციებშია გაფანტული.

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – პიკასო მოდელთან

პიკასოზე ბევრს წერენ, ბევრს ლაპარაკობენ… როცა მასზე ვფიქრობ, ჩემ ცნობიერებაში შორეული ახალგაზრდობის დღეები ცოცხლდება და კიდევ უფრო მიმზიდველად მეჩვენება კაფე როტონდა, ადგილი, სადაც მას ვხვდებოდი ხოლმე.
ერთხელ მაგიდასთან მარტო ვიჯექი და ყავას ვსვამდი. შემოვიდა პიკასო, თან წვრილ ჯაჭვზე გამობმული პატარა ფრანგული პუდელი მოიყვანა. პაპიროსის ბოლით დანისლულ დარბაზს თვალი მოავლო, ჩემ გვერდით თავისუფალი ადგილი შენიშნა და გამოემართა (მისი სკამი, რაც ეგზომ იშვიათად ხდებოდა, იმჟამად დაკავებული აღმოჩნდა)…
პიკასომ ღიმილით გადმომხედა და თავი დამიკრა. მერე გარსონი იხმო, ყავა და ბუტერბროდი მოატანინა. იმ დროს მას შორიდან ვიცნობდი, ვიცოდი, რომ პიკასო იყო. გამიხარდა, ჩემს მაგიდასთან რომ დაჯდა. ძალიან გართული იყო ძაღლით. ვაკვირდებოდი მის სახეს, ხელების მოძრაობას… გასაოცრად ლამაზი, პატარა ხელები ჰქონდა…
რაღაც მოუსვენრობა ემჩნეოდა. შემდეგში, როცა შედარებით უფრო კარგად გავიცანი, მივხვდი, რომ მოუსვენრობა მისი ხასიათის თვისება ყოფილა. არასოდეს სხვანაირი არ მინახავს. როცა უმოძრაოდ და უგუნებოდ გამოიყურებოდა, მაშინაც კი მოუსვენარი იყო. ამ თვისებას კიდევ უფრო უსვამდა ხაზს საოცრად ცოცხალი თვალები. უკვე შეჭაღარავებული თმა ჰქონდა…

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – პარიზელები

პიკასო ხშირად მინახავს სევდიანი, ფიქრში წასული. საათობით ჩუმად იჯდა ხოლმე როტონდაში. მინახავს ძალიან მხიარულიც…
უცბად ჩემკენ მოტრიალდა და მკითხა: რომელი საათიაო. არაფრანგული აქცენტი მქონდა…
-გეტყობათ, აქაური არ ხართ.
-დიახ, ქართველი გახლავართ. ჯორჯია თუ გაგიგონიათ?
-ოო, დიახ, დიახ… როგორ არა, გამიგონია… პარიზში რას აკეთებთ?
-მხატვარი ვარ…
-სასიამოვნოა. მე პიკასო ვარ, – მითხრა და მთლიანად ჩემკენ მოტრიალდა. გამომკითხა, როგორ ხარ, გამოფენებში თუ მონაწილეობო. კი-მეთქი. გაეცინა. შენ უკვე წინ წასულხარო. შემდეგ გამაფრთხილა: არ დაგჩაგრონ, აქ პარიზიაო…
ვკითხე როტონდაში რატომ არაფერი გამოფინეთ-მეთქი. იმ დღეებში იქ ახალი ჯგუფური გამოფენა იყო.
-ყველგან რომ გამოვფინო, არ შემიძლია, ვიღლები. მალე როზენბერგის სალონში ახალი გამოფენა მექნება და მობრძანდითო…
ასეთი იყო ჩვენი პირველი შეხვედრა.

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – ჩარლი ჩაპლინი და იმპრესარიო

მახსოვს, როტონდაში ერთხელ ჩარლი ჩაპლინიც მოვიდა…
ის წყნარად იჯდა მაგიდასთან და ხალხს ათვალიერებდა. როგორც შემდეგ გამოირკვა, მხატვრების ცხოვრებაზე აპირებდა ფილმის გადაღებას. იცნეს. ბოლოს გაეცინა და წავიდა.
ერთხელ როტონდას მეორე სართულზე ჭადრაკს ვთამაშობდით. ვიღაც კაცი მომიჯდა და ჩუმად მკარნახობდა, რა სვლები გამეკეთებინა. მოვიგე. ბოლოს თვითონ დაჯდა. ვერავინ აჯობა! დავინტერესდით ვინ იყო. ალეხინი ვარო, გვითხრა. ვასწავლეთ, აქ კი არა, სპეციალური საჭადრაკო კაფე არსებობს და იქ წაბრძანდით-თქო. წავიდა. და სულ მალე საფრანგეთის ჩემპიონიც გახდა!

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – 1923 წელს, პარიზში

მინდა ერთი კურიოზული ამბავიც გავიხსენო, რომელიც 14 ივლისს, საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულზე გადამხდა. იმ დღეს საოცრად ცხელოდა, ამიტომაც გადავწყვიტე თმა გადამეპარსა. პარიკმახერს დაენანა, დაუშნოვდები, არ გინდაო, მირჩია. მე მაინც ჩემი გავიტანე, მაგრამ მართლაც საოცრად დამამახინჯა. რაღა უნდა მექნა?! შინ თბილისიდან წაღებული წითელი ბაღდადი მქონდა, მოვიხვიე თავზე, დავიხურე ფართო ფარფლებიანი ქუდი და ნამდვილ კოვბოის გავემსგავსე! ძალიან მომეწონა ჩემი თავი…
კაფეში ჩავედი, იქ მეგობრები იყვნენ. ვდგავართ, ვლაპარაკობთ… უეცრად ვიღაცამ ზურგის მხრიდან ჯერ ერთი, შემდეგ მეორე ხელი დამიჭირა. მივიხედე და ვხედავ, ვიღაც ახმახი დაბღვერილი მამაკაცი დგას. მეგონა მეხუმრებოდა, მაგრამ ამასობაში ხელზე ჯაჭვები წამომაცვა. ყველანი სახტად დავრჩით. ჩემი მეგობარი ინგლისურად გამოელაპარაკა, ვინ ხარ და ამ კაცს რას ერჩიო, ჰკითხა. ამერიკელი პოლიციელი ვარ. რამდენი ხანია ამ ყაჩაღს დავეძებო! ამოიღო ფოტოსურათი და გვიჩვენა: აი, ნახეთ, ნამდვილად ეს არისო.
მართლაც ძალიან მგავდა! ჩემი მეგობარი უმტკიცებდა, შეგეშალათ, ეს ქართველი მხატვარია, ჯორჯია თუ იცით, იქაურიაო. პოლიციელმაც დაუდასტურა: დიახ, სწორედ ჯორჯიის შტატიდან არისო! ეს ისეთი დამთხვევა იყო, ყველას შეგვეშინდა. ბოლოს ძლივს დამიხსნეს. ყველაფერი იმ ფარფლებიანი ქუდის ბრალი იყო…
საბოლოოდ ყველანი კაფეში შევბრუნდით და ჩემი გადარჩენა ავღნიშნეთ. შემდეგ ხშირად ვიხსენებდით ამ ამბავს და ბევრს ვიცინოდით…

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – შავ ნაკადულთან . 2013 წელს, სოთბის აუქციონზე, ეს ნახატი 937 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

პარიზის გარეუბნებში ხშირად დავდიოდი. ბორდოშიც ვიყავი, ნიცაშიც, ერთი ზაფხული ბრიუნკელის რაიონში გავატარე… ძალიან ლამაზი ადგილებია, მრავალი ჩანახატი და ესკიზი გავაკეთე. ძირითადად კი მაინც პარიზში, ჩემ სახელოსნოში ვმუშაობდი. ბევრს ვმუშაობდი…
გული მწყდება, რომ იმ პერიოდის სურათებიდან ძალიან ცოტა შემომრჩა. მათი საკმაოდ დიდი ნაწილი ერთ-ერთი გალერეის დირექტორს, ჟოზეფ ბიეს დავუტოვე. მოგვიანებით ის ლუვრის დირექტორიც გახლდათ… ჩემი ბევრი სურათი ამერიკელმა, ბელგიელმა, ესპანელმა, იტალიელმა კოლექციონერებმა შეიძინეს. მათი ფოტოებიც კი აღარ მაქვს. შემომრჩა მხოლოდ რამდენიმე გამოფენის კატალოგი, სადაც ზოგიერთი ჩემი ნამუშევრის რეპროდუქციაა დაბეჭდილი…
1923 წელს პარიზში ჩამოვიდა ცნობილი კოლექციონერი ჯეიმს როზენბერგი. მან მეც მომინახულა და მთხოვა, საგამოფენოდ დამეთმო რამდენიმე სურათი. რვა ფერწერული ტილო და ექვსიც გრაფიკული ნამუშევარი გადავეცი. გამოფენა ნიუ იორკში გაიმართა. კატალოგს წინ უძღოდა მიმოხილვითი ხასიათის წერილი, სადაც მეც ვიყავი მოხსენიებული „ქართველი უფლისწულის“ ტიტულით…

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – 1925 წელი, პარიზი, ელენე ახვლედიანთან ერთად

პარიზში მარტო როდი ვიყავი. დავით კაკაბაძის გარდა, ჩემთან ერთად იყვნენ შალვა ქიქოძე, ელენე ახვლედიანი და ქეთევან მაღალაშვილი. ასე ვთქვათ, პატარა ქართული კუნძული გვქონდა. შემდეგ, როგორც ყველამ იცის, ამ „კუნძულმა“ თავი ისახელა. მხოლოდ ერთს, შალვა ქიქოძეს უმტყუნა ბედმა: სულ ორი წელი დაჰყო საზღვარგარეთ, ტუბერკულოზით იყო დაავადებული და სათანადოდ ვერ იმკურნალა…
ხალასი ნიჭის ახალგაზრდა იყო, გამხდარი, მაღალი, ლამაზი, ენამახვილი, განათლებული. იმ მცირეოდენი ნამუშევრებითაც, რომლებიც მან დატოვა, კარგად ეტყობა, რა ნათელი ინდივიდუალობის მხატვარი იყო.
პარიზში მისი ნახატები პირველად ჩვენს ნამუშევრებთან ერთად გამოიფინა გალერეა ლიკორნში. უცხოელ კრიტიკოსებს მისი სურათები ძალიან მოსწონდათ, მაგრამ ავადმყოფობამ დაჯაბნა და ექიმებმა გერმანიაში სამკურნალოდ წასვლა ურჩიეს. იქ კი ერთ-ერთ ეტიუდზე მუშაობის დროს კოკისპირულ წვიმაში მოჰყვა, ლოგინად ჩავარდა და ვეღარ წამოდგა.
მაქვს ერთი ფოტო, სადაც საფლავის ქვაზე წერია: „აქ განისვენებს ქართველი მხატვარი შალვა ქიქოძე. დაიბადა 1894 წელს, გარდაიცვალა 1921 წელს“.
მოგვიანებით მისი ნამუშევრები შეკრიბეს და ჩამოიტანეს. ახლა ყველა ხელოვნების მუზეუმშია.

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი – პირისპირ

1924 წელს, იუგენსის ქუჩაზე, სახელოსნოში უეცრად მოულოდნელი სტუმარი მეწვია. მაშინვე ვიცანი. ეს გახლდათ პარიზის ერთ-ერთი ცნობილი გალერეის პატრონი, გვარად როზენბერგი (ოღონდ ეს პარიზელი როზენბერგი იყო).
-შევიტყვე, რომ სამშობლოში ბრუნდებით.
-დიახ.
-იცით, პარიზი უცნაური სიურპრიზების ქალაქია. ის ფაქტიც, რომ მე თქვენთან მოვედი, რაღაცას ნიშნავს. ისეთი დიდი გალერეის პატრონი, როგორც მე ვარ, მხატვართან სახლში არ მიდის. მე მინდა თქვენ ეს დააფასოთ.
-დიახ. ეს მე მიკვირს… ეს დიდად საპატიოა!
-თქვენ მიდიხართ სწორედ იმ დროს, როცა იწყება თქვენი აღიარება. თუ არ გადაიფიქრებთ, იცოდეთ, ეს იქნება დიდი შეცდომა. ჯერ ადრეა თქვენი აქედან წასვლა. იცოდეთ, ამას გეუბნებათ კაცი, რომელსაც თქვენზე მეტი გამოცდილება აქვს და ცხოვრებასაც უკეთ იცნობს. თუ გინდათ, რომ ამაღლდეთ, დარჩით!
-ჰო, მაგრამ მე იმ ქვეყნის შვილი ვარ… ძალიან მიყვარს პარიზი, მან ბევრი რამ მომცა, ბევრი რამ მასწავლა, მაგრამ მაინც უნდა წავიდე, ჩემი ქვეყნის მზე და მიწა მენატრება, – ასეთი იყო მაშინ ჩემი პასუხი.
-რა გაეწყობა, ვგრძნობ თქვენს გულისტკივილს. ვგრძნობ, რომ სამშობლო გენატრებათ, მაგრამ თუ გადაიფიქრებთ, მაცნობეთ. გარწმუნებთ, თუ არ იჩქარებთ, არ წააგებთ, – მითხა მან და წავიდა.
დიდი დრო გავიდა მას შემდეგ. ბევრი რამ გამოვიარე, კარგიც და ავიც, ტკივილიც განვიცადე, სიხარულიც, თუმცა ახლა ბედნიერი ვარ, რომ მაშინ ცდუნებას არ ავყევი. პარიზი მპირდებოდა ყველაფერს, მაგრამ უფრო ნაკლებიც მიხარია, რაკი სამშობლოში ვარ.

II ნაწილის დასასრული

ka_GEGeorgian