ჩემი გუნდი: ბრაიან ლაუდრუპი
90იან წლებში ბრაიან ლაუდრუპი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ და სადაც კი ითამაშა, ყველგან გამორჩეული კვალი დატოვა.
კარიერა ბრონდბიუში დაიწყო, მაგრამ მისი ნიჭი მალე შეამჩნიეს ევროგრანდებმა მალე მიუნხენის ბაიერნში ამოჰყო თავი, შემდეგ ვარსკვლავებით გადავსებულ სერია აში – ფიორენტინასა და მილანში ითამაშა, გლაზგო რეინჯერსში კი ის უკვე სუპერვარსკვლავი გახლდათ. დიდმა დანიელმა კარიერა ამსტერდამის აიაქსში დაასრულა.
1992 წელს, როცა დანიელებმა სენსაციურად მოიგეს ევროპის ჩემპიონატი, ბრაიან ლაუდრუპი ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, 1995 წელს კი დანიის მთავარ გუნდთან ერთად მეორე დიდი ტიტული მოიგო – ფიფას კონფედერაციათა თასი.
ბრაიან ლაუდრუპი 4ჯერ დაასახელეს დანიის წლის ფეხბურთელად და ეს რეკორდია, 2008 წლის ივნისში კი მისი თამაში ქართველმა გულშემატკივარმაც იხილა თბილისში, შოთა არველაძის გამოსათხოვარ მატჩში.
დღეს ბრაიან ლაუდრუპი ტელეკომენტატორი გახლავთ.
ბრაიან ლაუდრუპის ოცნების გუნდი (4-4-2)
მეკარე: პეტერ შმეიხელი
ყველა დროის უდიდესი!
ძალიან ქარიზმატული გოლკიპერი, უბადლო ერთი ერთზე თამაშისას და კარიდან გამოსვლის დროს, შეუდარებელი ლიდერი და უბრალოდ დიდი ჩემპიონი!
საოცრად დიდ ზეგავლენას ახდენდა თანაგუნდელებზე.
მარჯვენა მცველი: შტეფან როიტერი
ჩემი დროის მიუნხენის ბაიერნში როიტერი ერთ-ერთი მაღალი დონის ფეხბურთელი გახლდათ.
საიმედო იყო დაცვაში, უნაკლო პერსონალური მეურვეობისას, ფიზიკურად ძლიერი, სწრაფი და შეტევაშიც დიდებული.
უმაღლესი დონის მცველი.
ცენტრალური მცველი: რიჩარდ გაფი
ძალიან მაღალი დონის მოთამაშე, სახიფათო სტანდარტული სიტუაციების დროს და უშიშარი, როგორც ყველა ნაღდი შოტლანდიელი!
არასდროს ერიდებოდა სახიფათო ორთაბრძოლებს და მუდამ გამარჯვებული რჩებოდა. საუკეთესო კაპიტანი და უნაკლო პროფესიონალი, რის წყალობითაც ძალიან დიდხანს ითამაშა უმაღლეს დონეზე.
ცენტრალური მცველი: ფრანკო ბარეზი
ლეგენდა!
90იან წლებში რამდენიმე მცველი ერთვებოდა შეტევაში და ფრანკო ერთ-ერთი მათგანი იყო. ელეგანტურად თამაშობდა და თუ თავდამსხმელს ბურთის ართმევას დაუპირებდა, შემტევი განწირული იყო.
დიდი კაპიტანი და მცველი!
მარცხენა მცველი: პაოლო მალდინი
90იანი წლების დიდი მილანის კიდევ ერთი სუპერვარსკვლავი, რომლის ჩაგდებული ან საშუალო დონის თამაში არ მახსენდება.
არასდროს მინახავს დაღლილი, თანაბრად სასარგებლო იყო დაცვასა და შეტევაში და ჩინებული დრიბლინგიც ახასიათებდა.
მას კაპიტნის ყველა თვისება ჰქონდა და არ გამიკვირდა, როცა ბარეზის წასვლის შემდეგ სწორედ ის გახდა მილანის გუნდისთავი.
მარჯვენა ნახევარმცველი: პოლ გესქოინი
ტალანტი ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით!
ჩვენ ერთად ვითამაშეთ გლაზგო რეინჯერსში და იმ წლებში პოლი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო.
ბევრს მიაღწია, მაგრამ გაცილებით მეტი შეეძლო და ცოტა რომ მოენდომებინა, ალბათ ყველა დროის უდიდესი ინგლისელი გახდებოდა.
ჩამშლელი ნახევარმცველი: მარსელ დესაი
საოცარი ჯანის წყალობით სამი კაცის სამუშაოს ასრულებდა!
იმ გუნდს, რომელსაც დესაი ჰყავდა, კონტრშეტევაზე ვერავინ დაიჭერდა.
ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო და სიმართლე გითხრათ, ვერც ვიხსენებ ვინმეს მისთვის ორთაბრძოლა მოეგოს.
მარცხენა ნახევარმცველი: შტეფან ეფენბერგი
ბევრს აღიზიანებდა და, შესაძლოა, ასეთიც იყო, მაგრამ მოედანზე ეფენბერგი შეუდარებელი გახლდათ.
ის იყო ლიდერი, გუნდის ძრავა, რომელსაც პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების არ ეშინოდა და ხშირად მარტოც იგებდა მატჩებს.
ჩემი დროის ბაიერნის სული და გული.
შემტევი ნახევარმცველი: მიქაელ ლაუდრუპი
კარიერის დასაწყისში თავდამსხმელი გახლდათ, მაგრამ მალევე დაწიეს უკან და ამით ყველა გუნდმა მოიგო.
თუ ვინმეზე ითქმის, რომ ტვინით თამაშობდა, პირველ რიგში ჩემ ძმაზე. ის შეუდარებელი იყო და ეს ყველგან დაამტკიცა – იტალიაშიც, ესპანეთშიც, ნიდერლანდებშიც და იაპონიაშიც.
თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი.
თავდამსხმელი: გაბრიელ ბატისტუტა
ფიორენტინაში პირველი ვარჯიშის შემდეგ გაოგნებული ვიყავი: ბატისტუტას ლამის ყველამ აჯობა, მაგრამ მითხრეს: გახვალ მასთან ერთად მოედანზე და ნახავ რა შეუძლიაო…
არგენტინელი მცველების ნამდვილი კოშმარი იყო, შეუბრალებელი თავდამსხმელი და უნაკლო გოლეადორი!
მასთან ერთად თამაში ერთ რამედ ღირდა!
თავდამსხმელი: ჯანფრანკო ძოლა
კარიერა მარადონას ნაპოლიში დაიწყო და ასე მგონია, მის ასლად იქცა: არც მანამდე და არც მას შემდეგ მინახავს ძოლას დარი ტექნიკური ფეხბურთელი, ბურთით ის საოცრებებს ახდენდა, ტყუილად კი არ შეარქვეს ჯადოქარი!
ძალიან, ძალიან მაღალი დონის მოთამაშე იყო! ალბათ ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი.
სათადარიგოები
იურგენ კოლერი – ის, ვის მეურვეობასაც იურგენს დაავალებდნენ, მოედანზე გასვლამდე განწირული იყო.
დეიან სავიჩევიჩი – მილანში ილ ჯენიოს ეძახდნენ და მართლა გენიოსი იყო. ბერლუსკონის ფავორიტი გახლდათ… მარცხენათი არაამქვეყნიურად თამაშობდა.
მარკ ჰეიტლი – კლასიკური ბრიტანელი ფორვარდი, რომელიც სახიფათო იყო თავით თამაშისას. ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო თანაკლუბელი რეინჯერსში.
მწვრთნელი: უოლტერ სმიტი
კარიერის განმავლობაში არაერთ დიდი მწვრთნელთან მიმუშავია, მაგრამ ჩემ რჩეულ გუნდს მაინც უოლტერ სმიტს ვანდობ. ის იყო სპეციალისტი, რომლისთვისაც მინდორზე ყველაფერს გააკეთებდი! რეინჯერსში ბევრი ინდივიდუალისტი ჰყავდა, მაგრამ ჩინებულად წვრთნიდა ყველას.
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 16 თებერვალი)