ჩემი გუნდი: დავიდ ვილია

2008-12 წლებში ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იყო. ფურია როხამ 5 წელიწადში 3 უდიდესი ტურნირი მოიგო: ევროპირველობა 2ჯერ, მათ შორის კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.
დავიდ ვილიას ზეობის წლები იმავე პერიოდს დაემთხვა, თუმცა გოლეადორს 2012 წლის ევროჩემპიონატი გაუცდა – ტრავმის გამო ვერ დაეხმარა გუნდს.
ამის მიუხედავად, მისი საკლუბო თუ სანაკრებო ტიტულების ჩამონათვალი შთამბეჭდავია.

კარიერის საუკეთესო წლები დავიდ ვილიამ ვალენსიაში გაატარა, შეუდარებელ ბარსაშიც ითამაშა 3 სეზონი, მადრიდის ატლეტიკოსთან ერთად ლა ლიგის მოგების შემდეგ კი, 2014 წელს, ესპანეთს გამოეთხოვა და კარიერის დასრულებამდე 3 კონტინენტი მოიარა: ჯერ ავსტრალიაში ითამაშა, შემდეგ ამერიკის ჩემიონატში, 2019 წელს კი იაპონიის ჯეი ლიგის კლუბ ვისელ კობეში გააგორა ბურთი ანდრეს ინიესტასთან ერთად.

ესპანეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა (59 გოლი) კარიერა 900მდე ოფიციალურ მატჩში გატანილი 400ზე მეტი გოლით დაასრულა.

დავიდ ვილიას ოცნების გუნდი (4-3-3)
მეკარე: იკერ კასილიასი
გოლკიპერზე წამითაც არ დავფიქრდები: მხოლოდ კასილიასი, მსოფლიოს საუკეთესო მეკარე!
მიუხედავად იმისა, რომ მისთვის არაერთი გოლი გამიტანია, ვთვლი, რომ ყველა შემთხვევაში გამიმართლა – კასილიასი უმაღლესი დონის მეკარეა და მისთვის გოლის გატანა ძალიან რთულია.

მარჯვენა მცველი: დანი ალვეში
ბევრმა ის მხოლოდ მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც ბარსაში გადავიდა, ჩემთვის კი დანი სევილიაშიც ბრწყინვალე იყო.
მიმაჩნია, რომ დანი ალვეში ლა ლიგის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მარჯვენა მცველთა შორის უნდა ვახსენოთ, ახლო წარსულის პრიმერაში კი ის უბრალოდ უკონკურენტოა.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ალვეში მხოლოდ მცველი არ იყო – შეტევაშიც ძალიან, ძალიან სასარგებლო გახლდათ.

ცენტრალური მცველი: რიო ფერდინანდი
როცა მანჩესტერ იუნაიტედი ევროპის საუკეთესო კლუბი იყო, რიო იმ გუნდის ლიდერი და ერთ-ერთი ვარსკვლავი გახლდათ.
მის წინააღმდეგ არაერთხელ ვითამაშე. ფერდინანდი ძალიან რთული მოწინააღმდეგე იყო. სევილიაში კი, როცა ინგლისის ნაკრებს გოლი გავუტანე, რიომ ვერ ითამაშა და სხვაობა თვალშისაცემი გახლდათ.

ცენტრალური მცველი: პეპე
რთული არჩევანის გაკეთება მომიწევს: კარლეს პუიოლი ან პეპე.
პუიოლი ნაღდი ლიდერია, სამაგალითო კაპიტანი, ძლიერი პერსონალური მეურვეობისას და უშიშარი შეტევაში.
პეპეც მაღალი დონის ცენტრალური მცველია, ფიზიკურად უნაკლო… მოდი პეპეს დავასახელებ. ის ერთ-ერთი ყველაზე რთული მოწინააღმდეგა.

მარცხენა მცველი: პაოლო მალდინი
ბევრი მოთამაშის ოცნების გუნდის შესახებ წავიკითხე და ამ პოზიციაზე ხშირად მალდინის ასახელებენ. მეც ასე მოვიქცევი მხოლოდ იმიტომ, რომ რაც პაოლომ ფეხბურთისთვის გააკეთა, ფასდაუდებელია.
ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი კი არა, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა.

ნახევარმცველი: ჩავი
ევრო 2008ზე მასთან ერთად თამაში უდიდესი სიამოვნება იყო!
ვფიქრობ, ჩავი სამაგალითო ნახევარმცველია, ფეხბურთელი, რომელსაც ბურთს ვერ წაართმევ!
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელი! ტყუილად ხომ არ აღიარეს ევრო 2008ის რჩეულად?!

ნახევარმცველი: ანდრეს ინიესტა
ვერ წარმომიდგენია, მაგრამ მაინც: თუ ჩავის რამე ნაკლი აქვს, მას ინიესტა ავსებს. და პირიქით.
ჩავი-ინიესტას წყვილი განუყრელია ბარსაში და ნაკრებში, ამიტომაც, ჩემი ოცნების გუნდში მათ ერთად ვათამაშებ.
ალბათ ბევრი დამეთანხმება: ბარსელონის და ჩვენი ნაკრების ყველა ბოლოდროინდელი წარმატება ამ ორი გენიოსის დამსახურებაა.

ნახევარმცველი: სტივენ ჯერარდი
გუნდი, რომელსაც ჩავი და ინიესტა ჰყავს, მუდმივად შეტევაშია, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, თუ მოხდა და ბურთი დაიკარგა, წინ წასული ბიჭები ვინმემ უნდა დააზღვიოს, ამას კი, სტივიზე უკეთ ვერავინ გააკეთებს.
ჩემი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი და საუკეთესო ინგლისელი.

თავდამსხმელი: ლეო მესი
ჩემი გუნდის შეტევაში ყველაფერი ნათელია – მესი და რონალდუ ხშირად გაცვლიან ფლანგებს, ცენტრიდან კი მე შევუტევ!
დარწმუნებული ვარ ლეო კიდევ დიდხანს ითამაშებს, მაგრამ ამის მიუხედავად ვთვლი, რომ ის ახლაც ერთ-ერთი უდიდესია.
რასაც ის ბურთით აკეთებს, უბრალოდ წარმოუდგენელია!

თავდამსხმელი: კრიშტიანუ რონალდუ
ჩემი, ლეოს და რონის ტრიო ყველაზე მაგარ დაცვასაც კი შავ დღეში ჩააგდებდა!
რაც მან მანჩესტერ იუნაიტედში შეძლო, დიდებულია, მაგრამ რეალში გადასვლის შემდეგ სულ სხვა სიმაღლეზე ავიდა.
გოლების მანქანა და მცველების კოშმარი, აი ვინაა რონალდუ.

თავდამსხმელი: დავიდ ვილია
ასეთ გუნდი შევკრიბო და სკამზე დავჯდე? არავითარ შემთხვევაში!
წარმოიდგინეთ რამდენ გოლს გავიტანდი ჩავის, ინიესტას, ჯერარდის, მესის და რონალდუს პასებით?!
უჰ, მათთან ერთად თამაში დიდებული იქნებოდა!

სათადარიგოები
კარლეს პუიოლი
– ძირითადში პეპე ვამჯობინე, მაგრამ ის ამ გუნდში აუცილებლად უნდა იყოს!
ტიერი ანრი – ჩემი გუნდის თავდასხმა შეუდარებელია, მაგრამ რომელიმეს აუცილებლად დაგვჭირდება დასვენება და ასეთ დროს მხოლოდ ანრი თუ შეგვცვლის.
რაული – ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ესპანელი გოლეადორი. მისი გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება.

მწვრთნელი: ლუის არაგონესი
ვისენტე დელ ბოსკემ ჩვენ ნაკრებს 2 უდიდესი ტიტული მოუტანა, მაგრამ ვთვლი, რომ 2010 და 2012 წლის ტრიუმფები იმ გზის გაგრძელებაა, რომელიც ლუის არაგონესმა დაიწყო.
ჩვენ დიდხანს ველოდით სანაკრებო ტრიუმფს, ნაკრებში არაერთმა კარგმა მწვრთნელმა იმუშავა, მაგრამ არაგონესამდე ვერავინ აღმართა თასი. ამიტომ, ჩემი ოცნების გუნდს მხოლოდ მას ვანდობ!

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 24 თებერვალი)
ფოტო:
FIFA.com

ka_GEGeorgian