ჩემი გუნდი: ემანუელ პეტი
90ების მიწურულს და 2000ების დასაწყისში საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იყო. 1998 წელს სამფეროვნებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს, ისტორიაში პირველად, 2000 წელს კი ევროპირველობა.
ემანუელ პეტი იმ დიდი ფრანგული გუნდების ძირითადის წევრი გახლდათ, მარცხენა, ცენტრალურ და ჩამშლელ ნახევარმცველად თამაშობდა.
გოლები იშვიათად გაჰქონდა, ერთ-ერთი კი სულაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში შეაგდო, 1998 წელს, ბრაზილიასთან უკანასკნელ წუთებზე. ის მატჩი მისმა გუნდმა 3:0 მოიგო.
საკლუბო კარიერაში ექვსასამდე შეხვედრაში ითამაშა, უმეტესობა მონაკოში, საუკეთესო წლები კი ლონდონის არსენალსა და ჩელსიში გაატარა.
ემანუელ პეტის ოცნების გუნდი (4-2-3-1)
მეკარე: ფაბიენ ბარტეზი
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი და ყველაზე არაორდინალური, ვისთან ერთადაც ფეხბურთი მითამაშია.
ყოველთვის მხიარული იყო და ვფიქრობ, ეს დამატებით ხიბლს სძენდა მის თამაშს.
მარჯვენა მცველი: ლილიან ტურამი
მასთან ერთად ორ გუნდში ვთამაშობდი: მონაკოსა და ნაკრებში. არც კი ვიცი რამდენჯერ გავსულვართ მინდორზე… ლილიანი ყველა შემთხვევაში უნაკლო იყო!
პაოლო მალდინი სამაგალითო მარცხენა მცველად ითვლება, საპირისპირო ფლანგზე კი ასეთად მხოლოდ ტურამი მესახება.
ცენტრალური მცველი: ფრანც ბეკენბაუერი
თუკი არსებობს რაიმე სიტყვა, რომლითაც ფეხბურთელს შევაქებთ, ფრანც ბეკენბაუერი ყველა მათგანით უნდა მოვიხსენიოთ.
ის იყო ჭკვიანი მოთამაშე, ლიდერი, დიდებული კაპიტანი და ალბათ, ერთ-ერთი პირველი ნაღდი უნივერსალი, რომელიც ყველა პოზიციაზე თანაბრად ძლიერად თამაშობდა.
ცენტრალური მცველი: ტონი ადამსი
თაობის ვარსკვლავი და ჩემი საუკეთესო პარტნიორი ლონდონის არსენალში.
როცა ინგლისში გადავედი, ის ჯერ კიდევ საკუთარ თავს და მავნე ჩვევებს ებრძოდა. საბედნიეროდ, მალე დაამარცხა საშინელი დაავადება და საუკეთესოდ ათამაშდა.
არსენალის ლეგენდა!
მარცხენა მცველი: პაოლო მალდინი
ფეხბურთის ისტორიაში ძალიან ცოტაა მოთამაშე, რომელიც ახალგაზრდებისთვის სამაგალითოდ გამოდგება. ვფიქრობ, პაოლო ასეთთა შორისაა.
მოედანზე უნაკლო იყო და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩინებული ადამიანი გახლდათ მინდორს მიღმა. ასეთი რამ კი ხშირად არ ხდება.
ყველა დროის სუპერვარსკვლავი.
ცენტრალური ნახევარმცველი: როი კინი
ჩვენი არსენალის და მისი მანჩესტერ იუნაიტედის დაპირისპირება ყოველთვის დიდებული სანახავი იყო, რადგან ეს იყო საფეხბურთო ომი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.
ჩემი აზრით იმ იუნაიტედის სული და გული სწორედ როი კინი გახლდათ. მასთან ყველა დაპირისპირება დაუვიწყარია.
ცენტრალური ნახევარმცველი: სტივენ ჯერარდი
დიდი ფეხბურთელი მხოლოდ წარმატებული სპორტსმენი არ არის. თუ მოთამაშის სიდიადეზე ვსაუბრობთ, ასეთები მინდორს მიღმაც დადებით ემოციებს უნდა იწვევდნენ.
ჯერარდი ასეთი იყო – მშვენიერი ფეხბურთელი და კარგი ადამიანი.
მარჯვენა თავდამსხმელი: პელე
მან დროს გაუსწრო და ამიტომ იყო უდიდესი.
თანამედროვე ფეხბურთში მთავარია უნაკლო ფიზიკური მომზადება და პირველიდან ბოლო წუთამდე თავდადებული თამაში. პელე კი ამ ყველაფრით ძალიან დიდი ხნის წინ გამოირჩეოდა.
ამიტომაც აღიარეს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ.
ათიანი: დიეგო მარადონა
მასთან ერთად არასდროს მითამაშია, თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: ყოველი მატჩი დღესასწაული იქნებოდა.
მისი ფეხბურთი იყო მხოლოდ და მხოლოდ მისი, სხვა სიმაღლეზე იდგა!
იმ იშვიათთაგანი, რომელსაც მარტოს შეეძლო თამაშის გადარჩენა.
მარცხენა თავდამსხმელი: ხრისტო სტოიჩკოვი
მასში ყველაზე ძალიან მებრძოლი, უტეხი სული მომწონდა. ერთი შეხედვით განწირულ მატჩებშიც კი ბოლომდე იბრძოდა და ასეთები ჩემში ყოველთვის დიდ პატივისცემას იწვევდნენ.
ერთ-ერთი საუკეთესო ცაცია ფეხბურთის ისტორიაში.
ცენტრალური თავდამსხმელი: ერიკ კანტონა
მასზე ახალს ვერაფერს ვიტყვი, თუ რამე იყო საჭირო, უკვე დაიწერა და ითქვა.
დიდებული ფეხბურთელი!
საკლუბო ფეხბურთში უამრავი მწვერვალი დაიპყრო, ნაკრებში კი გაცილებით მეტი შეეძლო. მიუხედავად ამისა, მაინც დიადია.
სათადარიგოები
მიშელ პლატინი – 1986 წლამდე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და ალბათ, ჩემი ბავშვობის უდიდესი ფრანგი.
ზინედინ ზიდანი – პლატინის მემკვიდრე და თაობის უდიდესი მოთამაშე.
დენის ბერხკამპი – მასთან ერთად თამაში ჩემთვის დიდი პატივი იყო. მისნაირად არავინ იღებდა ბურთს.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი და სერ ალექს ფერგიუსონი
უცნაური გადაწყვეტილებაა, თუმცა რატომაც არა?! მათი გუნდების მეტოქეობა წლებს გასწვდა და მიუხედავად იმისა, რომ არსენალის და მანჩესტერ იუნაიტედის პაექრობა ყოველთვის დაძაბული იყო, მათ არასდროს გადაუდგამთ უღირსი ნაბიჯი – ყოველთვის გამოირჩეოდნენ ერთმანეთის პატივისცემით. და ამის გამო ორივეს ძალიან ვაფასებ.
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 1 ივნისი)