ჩემი გუნდი: ერიკ კანტონა

„ჩემში მსახიობი ბავშვობიდან ცხოვრობდა. პატარაობისას მხოლოდ ვოცნებობდი, ოლდ ტრაფორდზე თამაშის დროს კი ვცდილობდი რაიმე ისეთი გამეკეთებინა, რაც გულშემატკივრებს გაახარებდა. ისინი ხომ მხოლოდ გოლებისთვის არ იხდიდნენ ბილეთის საფასურს. კარიერაც ამიტომ დავასრულე ადრე – მსურდა კინოში მალე მეცადა ბედი“.

ერიკ დანიელ პიერ კანტონა 31 წლის იყო, ფეხბურთიდან რომ წავიდა. მას არაფერი აკლდა: დიდი გუნდის ლიდერი გახლდათ, მწვრთნელი ბოლომდე ენდობოდა, ქომაგები აღმერთებდნენ, ის კი ადგა და წავიდა.

კანტონა ოლდ ტრაფორდის ლეგენდაა და მას დღემდე სიმღერებს უძღვნიან. ფრანგი კვლავ ნისლიან ალბიონზე ცხოვრობს, თუმცა დღეს კინოთეატრებსაც ხშირად სტუმრობს.

ერიკ კანტონას ოცნების გუნდი (3-3-4)
მეკარე: რენე იგუიტა
დროდადრო ჯამბაზივით იქცეოდა, მაგრამ ეგ არაფერი – იგუიტა ძალიან კარგი მეკარე იყო!
ინგლისთან მორიელის დარტყმა ხომ გახსოვთ? სიმბოლურ ნაკრებში შოუმენები მჭირდება, ხალხი, ვინც ქომაგებზე თამაშობს, ასე რომ… ყველაფერთან ერთად ის კარგი მოტივატორიც იყო.

მარჯვენა მცველი: ჟუნიორი
ბევრი თვლის, რომ 1982 წლის ბრაზილია უდიდესია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი ვერ გახდა. მეც ასე ვფიქრობ. ჟუნიორი კი იმ ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო, ძალიან ტექნიკური და ლამაზად შემტევი მცველი. დარწმუნებული ვარ მას მინდორზე გატარებული თითოეული წამი უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა.

ცენტრალური მცველი: ფრანც ბეკენბაუერი
სამაგალითო ლიდერი და ელეგანტური მოთამაშე, რომელმაც ძალიან დამწყვიტა გული: 1974 წელს, მსოფლიოს ფინალში ჰოლანდიას ვქომაგობდი, თასი კი ბეკენბაუერმა აღმართა… თამაშის მერე ვიტირე, მაგრამ მოგვიანებით კიდევ უფრო ნათლად დავინახე, თუ რა დიდი მოთამაშე იყო კაიზერ ფრანცი.

მარცხენა მცველი: ჯაჩინტო ფაკეტი
ვფიქრობ, დაცვაში აუცილებლად უნდა მყავდეს ერთი იტალიელი, ფაკეტიზე უკეთესი მცველი კი არასდროს მინახავს!
რამდენიმე მატჩი ვნახე პირდაპირ ეთერში, მაგრამ ეს საკმარისი გამოდგა მისი ოსტატობის დასანახად. სხვათა შორის, მცველის კვალობაზე ბევრი გოლი გაიტანა.

ცენტრალური ნახევარმცველი: როი კინი
მგონი, არჩევანის ახსნა არაა საჭირო, მაგრამ მაინც გეტყვით: ბედნიერი ვიყავი, რომ 4 სეზონის განმავლობაში კინი ჩემს უკან თამაშობდა. ბურთს მოიპოვებდა და მერე მე მაწვდიდა, ყოველი შემთხვევისთვის კი შეტევისას მაზღვევდა…
ყველგან შეეძლო თამაში, ნახევარდაცვაში კი საუკეთესო გახლდათ.
და ხასიათი? ირლანდიელი ყველა გუნდში ლიდერი იქნებოდა და მგონი, ამ ნაკრებშიც ის მოირგებდა კაპიტნის სამკლაურს.

მარჯვენა ნახევარმცველი: კარლოს ვალდერამა
კოლუმბიელი ბევრს ვარცხნილობით ახსოვს, მე კი მასთან ერთად ვითამაშე მონპელიეში და ის დრო ყოველთვის სასიამოვნოდ მაგონდება.
ფიზიკურად ძლიერი არ იყო, მაგრამ რა მერე? სხარტად აზროვნებდა და დიდებულად ხედავდა მოედანს. ის აუცილებლად უნდა იყოს რჩეულთა შორის!

მარცხენა ნახევარმცველი: დიეგო მარადონა
ამბობენ, რომ ყველა დროის უდიდესი მოთამაშე პელეა, მაგრამ მე ასე არ მიმაჩნია.
საუკეთესოდ მარადონას ვთვლი: 1986 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 90ში ფინალი წააგო, 1994 წელს კი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, თორემ დიდი ალბათობით, მაშინაც ჩემპიონი გახდებოდა.
იცით, პელეს გარეშე 50-60იანი წლების ბრაზილია ნაღდად მოიგებდა მსოფლი ჩემპიონატს – სელესაოში ბევრი ჩინებული ფეხბურთელი თამაშობდა, მარადონას გუნდში კი უმაღლესი დონისა მის გარდა არავინ იყო. მარადონა პირველია!

მარჯვენა გარემარბი: გარინჩა
ყოველთვის მხიბლავდა ასეთი ფეხბურთელები… გული მწყდება, რომ ნაადრევად დაასრულა კარიერა… ხალხი მას დღემდე აღმერთებს, ეს კი საკმარისია ჩემთვის, რომ ის საუკეთესოდ მივიჩნიო! გარინჩას დღეს რომ ეთამაშა, კვლავ უძლიერესთა შორის იქნებოდა.

მარცხენა გარემარბი: იოჰან კრუიფი
ბავშვობაში 70იანი წლების ჰოლანდიის ნაკრების გულშემატკივარი გახლდით, კრუიფი კი იმ გუნდის ლეგენდარული ლიდერი იყო.
რამდენი რამ შეცვალა ფეხბურთში!
იოჰანის დიდი პლაკატი საწოლთან მქონდა გაკრული… ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი შემოქმედი გახლდათ!

თავდამსხმელი: მარიო კემპესი
მსოფლიოს ჩემპიონი არგენტინის ლიდერი, ნაღდი გოლეადორი და შეუდარებელი ცენტრფორვარდი, რომელსაც ყველა გუნდი თვალდახუჭული აიყვანდა!
ვალენსია ესპანური საზომებითაც არ არის გრანდი, მაგრამ კემპესი ამ გუნდის სუპერვარკვლავი იყო.

თავდამსხმელი: ჯორჯ ბესტი
ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდის ინტერესების გარდა ფანების გართობაზეც ზრუნავდნენ.
ბესტი 60იანი წლების ერთ-ერთი დიდებული მოთამაშე იყო!
მას უყვარდა სიცოცხლე და ამიტომ წავიდა ოლდ ტრაფორდიდან ძალიან ადრე, მაგრამ ისიც მახსოვს, რომ ასევე თინეიჯერმა დაიწყო დიდი ფეხბურთის თამაში.

სათადარიგოები
პეტერ შმეიხელი
– პრემიერლიგის ლეგენდა. საუკეთესო მეკარე, ვისაც ჩემ გუნდებში უთამაშია.
დენის ირვინი – დიდი იუნაიტედის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, ძალიან საიმედო და თავდადებული. ალბათ, ყველა დროის გამორჩეული ირლანდიელი. კინის შემდეგ.
ალან შირერი – სამაგალითო გოლეადორი! მინდოდა, რომ იუნაიტედში მასთან ერთად მეთამაშა. საუკეთესო იყო.

მწვრთნელი: ერიკ კანტონა
ვფიქრობდი, რომ კრუიფი დამესახელებინა მთავარ მწვრთნელად. მის ყოველ იდეას თითქმის სრულად ვიზიარებ, მხიბლავდა მისი ბარსელონა და ისიც მახსოვს, თუ როგორ უშანსოდ მოგვიგეს კამპ ნოუზე 4:0, მაგრამ მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ ასეთი რჩეული გუნდი მხოლოდ მე უნდა გავწვრთნა! ასეთ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებ!

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 1 დეკემბერი)

ka_GEGeorgian