ჩემი გუნდი: გეორგე ჰაჯი

გეორგე ჰაჯი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი რუმინელი ფეხბურთელია, ხოლო ის, რომ 80-90იან წლებში ის თაობის გამორჩეული ნახევარმცველი იყო, ამას წყალი არ გაუვა: სტიაუაში, რეალსა თუ ბარსაში მან თავისი მაღალი კლასი დაამტკიცა.
ფეხბურთელის კარიერა კარპატელ მარადონად წოდებულმა ჰაჯიმ სტამბოლის გალათასარაიში დაასრულა, სადაც უამრავი ტიტული მოიგო, მათ შორის უეფას თასი და ევროპის სუპერთასი.

მეფე – მას ამ მეტსახელითაც იცნობდნენ. 1999 წელს ჟურნალმა უორლდ სოკერმა ჰაჯი XX საუკუნის 100 გამორჩეულ ფეხბურთელთა შორის 25ე ადგილზე დაასახელა, 2003 წელს კი უეფამ ის რუმინეთის 1954-2004 წლების საუკეთესო მოთამაშედ აღიარა.

დღეს გეორგე ჰაჯი კონსტანცას ვიიტორულის მფლობელია, მისი სიმბოლური ნაკრები კი ასეთია:

გეორგე ჰაჯის ოცნების გუნდი (4-4-2)
მეკარე: კლაუდიო ტაფარელი
მასთან ერთად გალათასარაიში არაერთი შესანიშნავი სეზონი გავატარე. ჩვენი დაცვა ყოველთვის თავდაჯერებული იყო, რადგან ბიჭებმა იცოდნენ, რომ მათ უკან ტაფარელი იდგა. ბრაზილიელი მოთამაშეების უმეტესობის მსგავსად, ისიც ტექნიკური იყო, მაგრამ კარში იდგა და ეს არაფერში ადგებოდა.

მარჯვენა მცველი: ჟორჟინიო
ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენაფლანგელია, ვინც ჩემ დროს თამაშობდა. 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იტალიის წინააღმდეგ შეუდარებელი იყო! ვფიქრობ, ყველა მოთამაშეს ესიამოვნება მისნაირი თანაგუნდელი.

ცენტრალური მცველი: ფერნანდო იერო
რამდენიმე წლის განმავლობაში მის მხარდამხარ ვითამაშე რეალში. როგორ გითხრათ, სრულყოფილი გახლდათ: ფიზიკურად ძლიერი, ორივე ფეხით შესანიშნავად თამაშობდა, ჩინებული იყო საჰაერო ორთაბრძოლების დროს და რაც მთავარია, შორი მანძილიდან ხშირად იტანდა გოლს. თუ გავითვალისწინებთ, რომ იერო მცველი გახლდათ, მისი გოლების რაოდენობა უბრალოდ გასაოცარია!

ცენტრალური მცველი: ფრანკო ბარეზი
1989 წელს მისმა მილანმა ჩემპიონთა თასის ფინალში ჩემ სტიაუას 4:0 მოუგო და საკუთარი თვალით ვნახე, თუ რამდენად დიდი მცველი იყო ბარეზი! მას გოლი არ გაუტანია, მაგრამ ვან ბასტენმა და გულიტმა დუბლები რომ შეასრულეს, ეს მისი დამსახურებაა – ბარეზის თავკაცობით დაცვამ დანარჩენ გუნდს ყველა პრობლემა მოუხსნა!

მარცხენა მცველი: პაოლო მალდინი
ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი მცველი, თაობის სიმბოლო და სამაგალითო ფეხბურთელი. ვფიქრობ, ახალმა თაობამ ხშირად უნდა ნახოს მისი თამაშის ჩანაწერები. უბრალოდ დიადი!

ჩამშლელი ნახევარმცველი: ხოსეპ გვარდიოლა
გვარდიოლა, მგონი, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელსაც ბარსელონაში შეტევების ჩაშლა და ბურთის მოპოვება დაევალა. და ის ამას უმაღლეს დონეზე ასრულებდა. ძალიან ტექნიკური გახლდათ და ჭკვიანი, რომელიც მშვენივრად ასრულებდა საჯარიმო დარტყმებს.

მარჯვენა ნახევარმცველი: ლუიშ ფიგუ
მასთან ერთად ბარსელონაში ვითამაშე. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი სეზონი ვიყავით თანაგუნდელები, ეს დრო მეყო, რომ მისით მოვხიბლულიყავი: უნაკლო ტექნიკა, მოედნის შეუდარებელი ხედვა, ზუსტი პასი და დარტყმა… ვფიქრობ, უდიდეს პორტუგალიელთა სამეულშია ეუსებიოს და რონალდუს მხარდამხარ.

მარცხენა ნახევარმცველი: ზინედინ ზიდანი
გული მწყდება, რომ ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მხოლოდ მის წინააღმდეგ ვითამაშე და არა მასთან ერთად. როცა მას ვუცქერდი, ვგრძნობდი, რომ მოედანზე ლიდერი იყო, რომელიც მხოლოდ მაშინ გახლდათ ბედნიერი, თუ ბურთს ფლობდა. უნაკლო მოთამაშე!

შემტევი ნახევარმცველი: დიეგო მარადონა
პირველად რომ ვნახე, 21 წლის იყო. ულაპარაკოდ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა! ერთი სიტყვით რომ მთხოვონ მისი დახასიათება, ასე ვიტყოდი: გენიოსი!

თავდამსხმელი: მარკო ვან ბასტენი
მცველების კოშმარი, თანაგუნდელების იმედი და უბრალოდ უნაკლო შემტევი. იშვიათად, რომ ფორვარდი ყველა პოზიციიდან უტევდეს კარს. ვან ბასტენი სწორედ ასეთი იყო. გახსოვთ ევრო 88ის ფინალში საბჭოელებისთვის გატანილი გოლი?

თავდამსხმელი: რუუდ გულიტი
ბევრს, შესაძლოა, უცნაურად ეჩვენოს ჩემი არჩევანი, მაგრამ გულიტი ძალიან მაგარი იყო! ვან ბასტენზე ფიზიკურად ძლიერი გახლდათ, ორივე ერთად კი თავდასხმის იდეალურ წყვილს ქმნიდა. მწვრთნელი რომ ვიყო, სწორედ ასეთ შემტევებზე ვიოცნებებდი. რუუდი ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო!

სათადარიგოები
გეორგე პოპესკუ
– მხოლოდ იმიტომ არა, რომ რუმინელია და… ნათესავი. ის ერთ-ერთი უდიდესი რუმინელი მოთამაშეა!
რომარიო – უნიჭიერესი, რომელსაც ბევრი მუშაობა არ უყვარდა, მაგრამ ყველა გადამწყვეტ მომენტში შეუდარებელი გახლდათ.
ფერნანდო რედონდო – გუნდის მეტრონომი. სამაგალითო უკანდახეული ნახევარმცველი.

მწვრთნელი: იოჰან კრუიფი
გამიმართლა, რომ მის ბარსელონაში ვითამაშე. ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მწვრთნელია. მიყვარდა მისი მოსმენა, რადგან ყოველთვის რაღაცას ვსწავლობდი.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 7 დეკემბერი)

ka_GEGeorgian