ჩემი გუნდი: ჯანლუკა ვიალი

ჯანლუკა ვიალი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული თავდამსხმელია, 1992 წელს ტურინის იუვენტუსში 12,5მილიონგირვანქიანი ტრანსფერის წყალობით კი ერთი პერიოდი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახლდათ.

კარიერის საუკეთესო წლები მან გენუის სამპდორიასა და იუვენტუსში გაატარა, მოთამაშის კარიერა კი ლონდონის ჩელსიში დაასრულა, სადაც მცირე ხნით მწვრთნელის თანამდებობასაც ითავსებდა.

კრემონელი მილიონერის ოჯახში დაბადებული თავდამსხმელი კიდევ იმით გახლავთ გამორჩეული, რომ ერთადერთია, ვინც უეფას სამივე ევროთასის გამარჯვებულის და ფინალისტის მედლებს ფლობს.

დღეს ის ლონდონსა და იტალიაში ცხოვრობს ინგლისელ მეუღლე ქეთრინ უაით-კუპერთან და ორ ქალიშვილთან – ოლივიასთან და სოფიასთან ერთად.

მისი ოცნების გუნდი ასეთია:

ჯანლუკა ვიალის ოცნების გუნდი (4-3-3)
მეკარე: ვალტერ ძენგა
ანჯელო პერუცის, ჯანლუკა პალიუკას და ვალტერ ძენგას მხარდამხარ და ჯიჯი ბუფონის წინააღმდეგ მითამაშია, ოთხივე შესანიშნავი მეკარე იყო, თუმცა ჩემი ნაკრების კარს ძენგას ვანდობ. საუკეთესო წლებში ის დიდებული გახლდათ, მიუხედავად იმისა რომ მისთვის არაერთხელ გამიტანია გოლი.

მარჯვენა მცველი: პაოლო მალდინი
მალდინი მარცხენა მცველია, მაგრამ მაინც მარჯვენა ფლანგზე დავაყენებ, რადგან ის მემარჯვენე იყო. პაოლო მილანის დიდებული დაცვის ერთ-ერთი წევრი იყო, თუმცა იმ ოთხეულს ჩემი და რობერტო მანჩინის წყვილის ძალიან ეშინოდა.

ცენტრალური მცველი: ფრანკო ბარეზი
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია! ფიზიკურად ძლიერი არ იყო, მაგრამ დაღლილი არ მინახავს და ამასთანავე, ტექნიკური და ძალიან გონიერი იყო, პოზიციის შერჩევა არ ეშლებოდა. რაც მთავარია, ის დიდი ჩემპიონი იყო!

ცენტრალური მცველი: პიეტრო ვერხოვოდი
ძველი ყაიდის ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენელი იყო… ვერ ვიტყვი, რომ სწრაფი გახლდათ, მაგრამ პერსონალური თამაში არ ეშლებოდა. 8 წელი ვიყავი მის მხარდამხარ სამპდორიაში… მცველი სერია ას 40 წლამდე რომ შერჩება, დასაფასებელია.

მარცხენა მცველი: ანტონიო კაბრინი
ჩემი არ იყოს ისიც კრემონელია… თითქმის ერთნაირი გზა გავიარეთ: კრემონეზე, იუვენტუსი, ნაკრები… ის მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი შემტევი განაპირა მცველი იყო და ალბათ… ყველაზე სიმპათიური!

ნახევარმცველი: რუუდ გულიტი
ვერ ვიტყვი, რომ დიდებული ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია: გულიტი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთანაც კი მითამაშია. როცა სამპდორიაში გადმოვიდა, ასე მეგონა ბავშვებთან ერთად ასაკოვანი კაცი გადიოდა მინდორზე… მას უამრავ პოზიციაზე თამაში შეეძლო.

ნახევარმცველი: მიშელ პლატინი
ბრწყინვალე მოთამაშე და დიდებული ფორვარდი, ნამდვილი ბომბარდირი, ჭკვიანი, ტექნიკური თავდამსხმელი! თუკი რამ საუკეთესოა ფრანგულ და იტალიურ ფეხბურთში, პლატინი ყველა თვისებას აერთიანებდა.

ნახევარმცველი: ტონინიო სერეზო
როცა სამპდორიაში გადმოვიდა, თქვა 31 წლის ვარო, მაგრამ მგონი 44-ის იყო… მიუხედავად ამისა, მშვენიერი შემტევი ნახევარმცველი იყო, ძალიან სწრაფი და არც პასებს იშურებდა. 78ის და 82ის მსოფლიოზე ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული წევრი გახლდათ.

მარჯვენა შემტევი: დიეგო მარადონა
მგონი, დიეგო ჯერ კიდევ დაწყებამდე იგებდა თამაშებს… არასდროს აკრიტიკებდა თანაგუნდელებს და წამითაც ვერ იფიქრებდი, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის მხარდამხარ იდექი. ნუ, ტექნიკაზე არაფერს ვამბობ – ზღაპრული იყო!

ცენტრალური თავდამსხმელი: მარკო ვან ბასტენი
საოცარი თავდამსხმელი იყო, ერთ-ერთი იმ იშვიათთაგან, ვისთანაც ვერხოვოდს პერსონალური თამაში უჭირდა… ნამდვილი მოტივატორი… მის წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია და საკუთარი თვალით მინახავს როგორ აგულიანებდა ბიჭებს.

მარცხენა შემტევი ნახევარმცველი: ზიკო
როცა სერია აში მოვიდა – უდინეზეში, 30ს გადაცილებული იყო, მაგრამ რამდენიმე მშვენიერი სეზონი ჩაატარა. ნამდვილი გოლეადორი გახლდათ! არ ვაჭარბებ: ვერ ვიხსენებ ზიკოს მიერ გაცუდებულ მომენტს! თუ ბურთს საჯარიმოში მიიღებდა, უეჭველი გოლს იტანდა!

სათადარიგოები:
ალესანდრო დელ პიერო
– რამდენჯერაც ბურთი მივაწოდე, იმდენი გოლი გაიტანა.
რობერტო მანჩინი – სამპდორიაში გოლეადორ ტყუპებს გვეძახდნენ.
რობერტო ბაჯო – იუვენტუსში თამაშის დროს მთავარი იყო მისთვის მიმეცა ბურთი, დანარჩენს ათიანზე ასრულებდა.

მწვრთნელი: მარჩელო ლიპი
ჩემ გუნდს მარჩელოს ჩავაბარებ, ვუადინ ბოშკოვს კი მის თანაშემწედ დავასახელებ. ამ ორმა კაცმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და ალალად ვიტყვი: დიდწილად მათ მაქციეს იმ ფეხბურთელად და ადამიანად, რაც ახლა ვარ.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 8 დეკემბერი)

ka_GEGeorgian