ჩემი გუნდი: ჰარი რედნაპი

ჰარი რედნაპი ინგლისურ ფეხბურთში ავტორიტეტული მწვრთნელია: 1983 წელს დაასრულა ფეხბურთელის კარიერა და მას შემდეგ სხვადასხვა კლუბებში მოღვაწეობს. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს უმუშავია გრანდში, ყველგან მოახერხა საკუთარი სიტყვის თქმა.

1 400მდე მატჩი მწვრთნელის რანგში და ერთადერთი დიდი ტიტული – 2008 წელს პორტსმუთთან ერთად მოგებული ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი.

ასეთია ჰარი რედნაპის სავიზიტო ბარათი, თუმცა ეს ფურცელზე, ისე კი ის ბევრი კლუბისთვის სასურველი მწვრთნელია.

რედნაპი ამჟამად ტელეწამყვანის, ახლო წარსულში კი ფეხბურთელი ჯეიმი რედნაპის მამა და ფრენკ ლამპარდის ბიძა გახლავთ, არის პოპულარული ავტობიოგრაფიის ავტორი და მეუღლესთან ერთად სამშენებლო კომპანიას ფლობს.

ჰარი რედნაპის ოცნების გუნდი (4-4-2)
მეკარე: დევიდ ჯეიმსი
მეკარეებში ყოველთვის მიმართლებდა, თითქმის ყველა გამორჩეული იყო: ბრედ ფრიდელი, შაკა ჰისლოპი…
მაგრამ პირველ ნომრად დევიდ ჯეიმსს დავასახელებ – ჩემ პორტსმუთში ის იდეალურად თამაშობდა.

მარჯვენა მცველი: გლენ ჯონსონი
ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი, თანაბრად ძლიერი როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.
გული მწყდება, რომ მისი პოტენციალის ფეხბურთელმა შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინა – მეტი შეეძლო. ჯონსონი, გარდა იმისა, რომ ჩინებული მცველი იყო, მშვენიერი ბიჭია.

ცენტრალური მცველი: სოლ კემპბელი
მეკარეების არ იყოს, ცენტრალური მცველებიც ყოველთვის გამორჩეული მყავდა: სილვენ დისტინი, ლედლი კინგი, მაიკლ დოუსონი, იუნეს ქაბული…
თუმცა სიმბოლურ ნაკრებში პირველ ნომრად აუცილებლად სოლ კემპბელს დავასახელებ. ის ყოველთვის შეუდარებელი იყო!

ცენტრალური მცველი: რიო ფერდინანდი
კემპბელის მხარდამხარ მხოლოდ რიო! რას იტყვით, როგორი დაცვის ცენტრი მყავს?!
პირველად ვესტ ჰემში მუშაობის დროს გავიცანი და შემდეგ მის პროგრესს ინტერესით ვაკვირდებოდი. ბრწყინვალე მცველი და ჩინებული კაცი!

მარცხენა მცველი: სტიუარტ პირსი
პირსმა ჩემ ვესტ ჰემ იუნაიტედში კარიერის მიწურულს ითამაშა – ნაიჯელ უინთერბერნი უწევდა კონკურენციას…
უნაკლო მარცხენა მცველი და ნაღდი ლიდერი გახლდათ, ყველა გუნდი რომ ისურვებს, ისეთი.

მარჯვენა ნახევარმცველი: პოლ მერსონი
2003 წელს, როცა პორტსმუთმა ჩემპიონშიფში გაიმარჯვა და აღზევდა, მერსონი გუნდის ლიდერი გახლდათ.
არ იყო იოლი პიროვნება, თავისებური ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ეს არ მაღელვებდა – ის უნაკლოდ თამაშობდა, ვერავინ აჩერებდა და ჩემთვის მთავარი სწორედ ეს იყო.

ცენტრალური ნახევარმცველი: ფრენკ ლამპარდი
მგონი, ფრენკი ყველა მწვრთნელის სასურველი ფეხბურთელია. არც კი ვიცი როგორ დავახასიათო: ჩინებული ბიჭი და მშვენიერი ნახევარმცველი. მისი გოლების რაოდენობამ შეუძლებელია რომ არ განგაცვიფროს.

ცენტრალური ნახევარმცველი: ჯეიმი რედნაპი
ყველამ იცის როგორ ვამაყობ მისით, ყველაფრით, რასაც ფეხბურთში მიაღწია…
ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო მოგონებად დარჩება მასთან თანამშრომლობა ჯერ ბორნმუთში, შემდეგ კი საუთჰემპტონში.

მარცხენა ნახევარმცველი: ჯო კოული
როცა სიმბოლური ნაკრების შედგენა მთხოვეს, ზუსტად ვიცოდი, რომ ჯო კოული აუცილებლად მოხვდებოდა მასში და არ აქვს მნიშვნელობა მარცხნივ თუ მარჯვნივ. გული მწყდება, რომ ინგლისში მისნაირი ფეხბურთელები იშვიათად ჩნდებიან.

თავდამსხმელი: პაოლო დი კანიო
მინდოდა სიმბოლური ნაკრები მხოლოდ ინგლისელებით შემედგინა, მაგრამ ამ გადარეულ იტალიელზე უარს ვერ ვიტყვი!
დი კანიო ყველა თანაგუნდელისთვის შთაგონების წყარო იყო… ჩემი ვესტ ჰემის ნომერ პირველი კაცი, 100 პროცენტით!

თავდამსხმელი: ნვანკვო კანუ
ჩემი პორტსმუთის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი!
2008 წელს ასოციაციის თასი მოვიგეთ და ეს, დიდწილად, მისი დამსახურებაა.
საუკეთესო ფორმაში მყოფი კანუ გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ!

სათადარიგოები
შაკა ჰისლოპი
– დიდებული მეკარე, ვესტ ჰემ იუნაიტედში და პორტსმუთში ვწვრთნიდი.
მაიკლ ქერიკი – ძალიან გონიერი ფეხბურთელი. არ მიკვირს, რომ სერ ალექს ფერგიუსონი გვერდიდან არ იშორებდა და არც ის მიკვირს, რომ ახლა მწვრთნელია.
პიტერ კრაუჩი – შესაძლოა არ იცოდეთ: კრაუჩი 3ჯერ შევიძინე და ყველა კლუბში გამიმართლა!

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 18 დეკემბერი)

ka_GEGeorgian