ჩემი გუნდი: ხრისტო სტოიჩკოვი
ხრისტო სტოიჩკოვი ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ბულგარელ ფეხბურთელად ითვლება. ის ყველგან საუკეთესო იყო სოფიის არმიის სპორტული კლუბიდან დაწყებული იოჰან კრუიფის საოცნებო ბარსელონის ჩათვლით.
ტიტულები? საკლუბო დონეზე ყველაფერი მოიგო, 1994 წელს კი ბულგარეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშიც ითამაშა. იმავე წელს ფრანს ფუტბოლმა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულით და ოქროს ბურთით დააჯილდოვა.
გენიალურ ბრაზილიელ ცენტრფორვარდ რომარიოსთან ერთად ბარსაში თავდასხმის უნაკლო წყვილი შექმნა, ჟურნალისტებმა კი მეტსახელად ელ პისტოლერო შეარქვეს.
კარიერა 600მდე ოფიციალურ მატჩში გატანილი 326 გოლით დაასრულა, 1990 წელს ევროპის ოქროს ბუცი მოიგო, 1994 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორიც გახდა.
ხრისტო სტოიჩკოვის ოცნების გუნდი (4-4-2)
მეკარე: ანდონი სუბისარეტა
ყველა დიდი გუნდი ძლიერი მეკარით იწყება. სუბისარეტა კოლოსალური ფიგურა გახლდათ და მიუხედავად იმისა, რომ მილანთან ჩემპიონთა ლიგის 1994 წლის ფინალი მის საუკეთესო თამაშად ვერ ჩაითვლება, ჩემთვის ის მაინც ნომერ პირველია. არც ის მავიწყდება, რომ ბარსას ძალიან დიდი დრო დასჭირდა მისი ღირსეული შემცვლელის მოსაძებნად.
მარჯვენა მცველი: ანტონიო ბენარივო
სერია აში გადასვლამდე მის შესახებ ბევრი არაფერი მსმენოდა, მაგრამ პარმაში დავრწმუნდი, რომ ბენარივო ძალიან მაღალი დონის მცველი იყო. მას ორივე ფლანგზე შეეძლო თამაში და ნახევარდაცვაშიც საუკეთესო იყო. პარმა არასდროს ყოფილა იტალიური გრანდი, მაგრამ ბენარივომ შეძლო და პატარა კლუბიდან სკუადრა აძურას ძირითადში დამკვიდრდა.
ცენტრალური მცველი: რონალდ კუმანი
თითზე ჩამოსათვლელია მცველები, რომლებიც კუმანივით შედეგიანები არიან. ჩვენი დაუმარცხებელი ბარსა მის გარეშე ძალიან დასუსტდებოდა. მიხარია, რომ სამწვრთნელო ასპარეზზეც წარმატებულია.
ცენტრალური მცველი: ხოსე რამონ ალეხანკო
80იან წლებში ბასკეთიდან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გამოჩნდა ესპანურ კლუბებში და ალეხანკო ერთ-ერთი მათგანი გახლდათ.
ბარსას ფანებს ის ძალიან უყვარდათ. კრუიფმა ეს ძალიან კარგად იცოდა და სამპდორიასთან 92ის ფინალში სწორედ ამიტომ ჩართო თამაშში.
სამაგალითო დამიანი!
მარცხენა მცველი: ტრიფონ ივანოვი
უშიშარი და საიმედო მცველი! შინაგანად ყოველთვის მიხაროდა, როცა ის ძირითად შემადგენლობაში იყო – გაცილებით თავდაჯერებული ვუტევდი! სახიფათო იყო სტანდარტული სიტუაციების დროს.
მარჯვენა ნახევარმცველი: ჩიკი ბეგირისტაინი
ფიზიკურად ძლიერი შემტევი ნახევარმცველი იყო, მოუსვენარი და შეუჩერებელი. მეეჭვება რომელიმე მცველი მის გამოჩენას მშვიდად შეხვედროდა. ჩვენი ბარსას ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.
ცენტრალური ნახევარმცველი: მიქაელ ლაუდრუპი
ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ევროპელი ფეხბურთელი!
ბარსელონამდე იუვენტუსსა და რომაში თამაშობდა, მაგრამ ვთვლი, რომ საუკეთესოდ კრუიფის ხელში ათამაშდა – იოჰანმა სრული თავისუფლება მიანიჭა და მიქაელმაც გაამართლა. 1994 წელს, როცა რეალში გადავიდა, გული დამწყვიტა. და მასთან ერთად რეალი პირველივე სეზონში ჩემპიონი გახდა!
ცენტრალური ნახევარმცველი: კრასიმირ ბალაკოვი
90იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო ევროპელი ნახევარმცველი, ბულგარეთის ოქროს თაობის გამორჩეული ფეხბურთელი!
1994 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე IV ადგილზე რომ გავედით, ბალაკოვის დიდი დამსახურებაა.
მარცხენა ნახევარმცველი: იორდან ლეჩკოვი
ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი, ვისთანაც ოდესმე მითამაშია!
გაცილებით დიდ კლუბებში უნდა გადასულიყო და გულდასაწყვეტია, რომ ვერ შეძლო.
ამერიკაში, მსოფლიო ჩემპიონატის 1/4ფინალში გერმანიის კარში გატანილი გოლი, ვფიქრობ, ერთ-ერთი ოქროს გოლია ბულგარული ფეხბურთის ისტორიაში.
თავდამსხმელი: ემილ კოსტადინოვი
მასთან ერთად ცსკაში ძალიან დიდ წარმატებებს მივაღწიე, ჩვენ ბევრი ჯილდო მოვიგეთ ერთად…
ემილმა პორტუში და ბაიერნშიც დაამტკიცა, რომ საუკეთესო იყო! ნაკრებში ერთად გატარებულ თითოეულ წუთს უდიდესი სიამოვნებით ვიხსენებ, ჩემი საუკეთესო პარტნიორი!
თავდამსხმელი: რომარიო
ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი თავდამსხმელი! ხშირად საყვედურობდნენ, რომ ბევრს არ დარბოდა, მაგრამ ყველაფერს პატიობდნენ იმის გამო, რომ არსაიდან ქმნიდა გოლებს! მისნაირ ცენტრფორვარდს დღეს ვერ ვხედავ. უდიდესი!
სათადარიგოები
ბორისლავ მიხაილოვი – საიმედო მეკარე. დღემდე ვერ გამიგია, რატომ არ ითამაშა რომელიმე გრანდში.
ხულიო სალინასი – ესპანელთათვის უჩვეულოდ დიდი და ძლიერი ფორვარდი, ცივსისხლიანი მკვლელი.
ჯანფრანკო ძოლა – როცა პარმაში გადავედი, ის ინგლისში წავიდა და პრემიერლიგაშიც დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი ათიანი იყო.
მწვრთნელი: იოჰან კრუიფი
ბარსა რომ დღეს მსოფლიო ფეხბურთის გრანდია, მისი დამსახურებაა – მან საკლუბო ფილოსოფია შეცვალა! კი, ჩვენ ხშირად გვიკამათია სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ ხმამაღლა ვიტყვი – ჩემი ყველა წარმატება და სახელი პირველ რიგში მისი დამსახურებაა! ის ძალიან დიდი იყო!
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 27 იანვარი)