ჩემი გუნდი: იან რაიტი

იან ედუარდ რაიტი 57 წლის გახლავთ და BBCის მიმომხილველია, 80-90იან წლებში კი ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი თავდამსხმელი გახლდათ.
საყოველთაო ყურადღება მან კრისტალ პალასში თამაშით მიიქცია, ლონდონის არსენალში გადასული კი გოლეადორად იქცა – 6 სეზონი გატარა პალასში, მეთოფეთა შორის – 7 და ორივე გუნდის ისტორიაში ყველა დროის ბომბარდირთა სამეულშია.

აქვე გეტყვით, რომ ტიერი ანრიმდე სწორედ ის იყო არსენალის ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელი – 288 მატჩში 185 გოლი შეაგდო, მათ შორის 104 პრემიერლიგაში.

1991-98 წლებში რაიტმა 33ჯერ ითამაშა ინგლისის ნაკრებში, ევრო 96ის შემოდგომით კი ის თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზეც ვიხილეთ: საქართველოსთან შეცვლაზე ითამაშა – 81ე წუთზე ლეს ფერდინანდის ნაცვლად შეიყვანა გლენ ჰოდლმა…

იან რაიტს 8 შვილი ჰყავს, მისი სიმბოლური გუნდი კი ასეთია:

იან რაიტის ოცნების გუნდი (4-4-2)
მეკარე: დევიდ სიმენი
90იანი წლების მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე! ყველაზე ძალიან მასში სადა თამაში მომწონდა.
ინგლისური ფეხბურთის სახედ ვინმეს დასახელება რომ მთხოვონ, მას ავირჩევ. დევიდი ჩინებული მეგობარია.

მარჯვენა მცველი: კაფუ
ლამის 40 წლამდე ითამაშა და თან უმაღლეს დონეზე. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მსოფლიოს 3 ჩემპიონატის ფინალში ენდნენ, უკვე მეტყველებს მის სიდიადეზე. საოცარი მცველი, უბრალოდ უნაკლო. და შეტევაშიც ჩინებული.

ცენტრალური მცველი: ტონი ადამსი
საუკეთესო კაპიტანი, დიადი მცველი და სამაგალითო ლიდერი! როცა მის მხარდამხარ გავდიოდი მინდორზე, ერთ რამეში დარწმუნებული ვიყავი: მოედანზე ბოლომდე დავიხარჯებოდი!

ცენტრალური მცველი: ფაბიო კანავარო
მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე ის შეუდარებელი იყო!
როცა მცველი ხდება წლის მოთამაშე, ყველაფერი ნათელია – ასეთი ფეხბურთელი ლეგენდაა!
ის ჯერ კიდევ ნაპოლიში თამაშობდა, როცა პირველად შევხვდი. ერთხელ ნაკრებშიც ვითამაშე მის წინააღმდეგ. ძალიან ძლიერი იყო, განსაკუთრებით პოზიციური თამაშის დროს.

მარცხენა მცველი: პაოლო მალდინი
ამ პოზიციაზე რობერტო კარლოსზეც ვიფიქრე, მაგრამ ბრაზილიელი შეტევაში კი კარგი იყო, მაგრამ როგორც მცველი, ნაკლებად…
მალდინიმ 25 წელი ითამაშა მილანში – ასეთი რამ დღეს წარმოუდგენელია. წლების განმავლობაში იყო კლუბის და ნაკრების კაპიტანი, ეს კი დამატებითი პლუსია. და სხვათა შორის, ის შეტევაშიც კარგი იყო.

მარჯვენა ნახევარმცველი: ზინედინ ზიდანი
მგონი, ზიზუ იმ იშვიათთაგანია, რომლის თამაშით მხოლოდ ფანები კი არა, მეტოქე გუნდის მოთამაშეებიც ტკბებოდნენ.
რა დროც უნდა გავიდეს, მის ერთ-ერთ თაყვანისმცემლად დავრჩები!
ზიდანი ძალიან დიდი გახლდათ. როცა მას ვუცქერდი, ვფიქრობდი, რომ ფეხბურთზე ადვილი თამაში არ არსებობს. და მგონი ჩემსავით ბევრი ფიქრობდა.

ცენტრალური ნახევარმცველი: პატრიკ ვიეირა
კიდევ ერთი სამაგალითო არსენალელი ჩემს რჩეულთა შორის.
ვიეირა ლიდერად იყო დაბადებული!
დამიჯერეთ: არსენალში კაპიტნის სამკლავური რომ გიბოძონ, გამორჩეული უნდა იყო, ის კი ერთნაირად საიმედო იყო დაცვასა და შეტევაში.
ვფიქრობ, არსენალის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერია.

ცენტრალური ნახევარმცველი: როი კინი
ჩემი გუნდის კიდევ ერთი ლიდერი! ვერ წარმოიდგენთ რა რთული იყო მის წინააღმდეგ თამაში: უტეხი სულის ფეხბურთელი, ძალიან ამტანი და თავგანწირული…
ჩემი აზრით, ის მანჩესტერ იუნაიტედის უდიადეს ფეხბურთელთაგანია, სერ ალექსის დიდი იუნაიტედის სიმბოლო.

მარცხენა ნახევარმცველი: რაიან გიგზი
ყოველთვის მომწონდა მოთამაშეები, რომელთა კარიერა ლამის ორ ათეულ წელიწადს გაგრძელდა. როცა ფეხბურთელი 20 წელზე დიდხანს შერჩები მანჩესტერ იუნაიტედს, ესე იგი ერთ-ერთი საუკეთესო ხარ. პრემიერლიგის ყველა დროის გამორჩეული ფეხბურთელი!

თავდამსხმელი: ალან შირერი
ხშირად მიფიქრია, რომ შირერი 50-60იანი წლებისთვის დამახასიათებელი ცენტრფორვარდი გახლდათ, რომელიც დროის მანქანით აღმოჩნდა 90ებში.
მეტოქის საჯარიმოში ის ცივსისხლიანი მკვლელი იყო: თანაბრად კარგად ურტყამდა თავით და ორივე ფეხით. და მისთვის ჩვეული გოლის აღნიშვნა დღეს, მგონი, ყველამ ზეპირად იცის.

თავდამსხმელი: დენის ბერხკამპი
თუ ვინმე დაამშვენებდა შირერს, ეს ბერხკამპია თავის საოცარი ტექნიკით, ფინტებით და ეშმაკური ფეხბურთით.
სიმბოლურ გუნდში მეორე ცენტრფორვარდის ადგილზე მხოლოდ და მხოლოდ მას ვხედავ!

სათადარიგოები
რობერტო კარლოსი
– მის წინააღმდეგ რამდენჯერმე ვითამაშე და მერწმუნეთ, ძალიან დიდი იყო.
პოლ გესქოინი – ჩვენი დროის ჯორჯ ბესტი. მას ყველა თვისება ჰქონდა, რომ პელეს, კრუიფის და მარადონას დონის ფეხბურთი ეთამაშა. გული მწყდება, რომ ვერ შეძლო.
ჯანფრანკო ძოლა – დენის ბერხკამპი რომ არა, სასტარტო შემადგენლობაში მას დავაყენებდი. ძოლა ჩელსიში ცალკე წიგნს იმსახურებს.

მწვრთნელი: ფაბიო კაპელო
რადგან გუნდში ყველა სუპერვარსკვლავია, უმაღლესი ავტორიტეტი მჭირდება. ასეთად კი ფაბიო კაპელოს ვხედავ, 90იანი წლების უდიდეს საკლუბო მწვრთნელს.
იტალიელმა ყველგან დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის სპეციალისტი იყო და დარწმუნებული ვარ, ჩემ რჩეულ ბიჭებსაც მშვენივარდ გაწვრთნიდა.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 26 იანვარი)

ka_GEGeorgian