ჩემი გუნდი: ივან სამორანო

90იან წლებში ივან სამორანო ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდი გახლდათ, კარიერის დასრულების შემდეგ კი ის 3 უდიდეს ჩილელ მოთამაშეთა შორის დასახელდა ელიას ფიგეროას და მარსელო სალასის მხარდამხარ.
სევილია, რეალი, ინტერი… სამორანო დიდი კლუბების გოლეადორი იყო, არაერთი მნიშვნელოვანი ტიტულიც მოიგო, თუმცა მთავარ წარმატებად ნაკრების მაისურით მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე თამაშს მიიჩნევს – 1982 წლის შემდეგ ჩილე სწორედ საფრანგეთში დაუბრუნდა უდიდეს საფეხბურთო შეჯიბრს.

სამორანოს მაისურები სევილიის, რეალის და ინტერის საკლუბო მუზეუმებში, ასევე სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის სათაო ოფისშია გამოფენილი.

ივანე მრისხანე – მას ამ მეტსახელითაც მოიხსენიებდნენ. ერთ-ერთი უდიდესი ჩილელის სიმბოლური გუნდი ასეთია:

ივან სამორანოს ოცნების გუნდი (3-4-3)
მეკარე: რინატ დასაევი
ყველაზე საიმედო მეკარე იყო, ვისთანაც კი მითამაშია: ესპანეთში, სევილიაში რომ გადავედი, რუსი იქ დამხვდა. ჭკვიანურად თამაშობდა, ერთი ერთზე კი მისნაირად ვერავინ იცავდა კარს.
ჩემი აზრით 80-90ების შესაყარზე დასაევი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იყო.

მარჯვენა მცველი: ივან კორდობა
ნაღდი სამხრეთამერიკელი, გაუტეხელი! მიუხედავად იმისა, რომ მაღალი არ იყო, საჰაერო ორთაბრძოლებში ბადალი არ ჰყავდა. და იყო ძალიან სწრაფი, ალბათ უსწრაფესი მცველი, ვინც კი დღემდე მინახავს. ფორვარდების მოურჩენელი პრობლემა, აი ვინ იყო კორდობა!

ცენტრალური მცველი: ფერნანდო იერო
ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და სუფთა ცენტრალური მცველი. თანაბრად ძლიერი იყო შეტევასა და დაცვაში და ჭკვიანური პასები ეხერხებოდა, არც კი მახსოვს რამდენი გოლი შევაგდე მისი გადაცემების შემდეგ. საჯარიმოს ბატონ-პატრონი და გუნდის სამაგალითო ლიდერი!

მარცხენა მცველი: ხავიერ ძანეტი
ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მცველი, რომელიც სამაგალითო უნივერსალი გახლდათ! საუკეთესო იყო პერსონალური თამაშის დროს.
ინტერში რომ გადავედი, ძალიან დამეხმარა ადაპტაციაში. პროფესიონალი იყო და არ მიკვირს, რომ ძალიან დიდხანს ითამაშა უმაღლეს დონეზე.
ინტერის ლეგენდა!

ჩამშლელი ნახევარმცველი: ფერნანდო რედონდო
ამ პოზიციის ბევრი ფეხბურთელი მინახავს, განსაკუთრებით ბოლო წლებში, მაგრამ არავის აქვს ისეთი ტექნიკა, როგორც რედონდოს. მას სათამაშო ტემპის მართვა შეეძლო, ხოლო გოლები ერთიმეორეზე უკეთესი გამოსდიოდა.

მარჯვენა ნახევარმცველი: მიჩელი
იმ წლებში, რაც რეალში გავატარე, მიჩელი ჩემი საუკეთესო თანაგუნდელი იყო!
ყველაზე ძალიან, რაც მასში მომწონდა, ზუსტი გადაცემები იყო – ბევრჯერ გამატანინა გოლი. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ის კარგი ადამიანიცაა.

მარცხენა ნახევარმცველი: მიქაელ ლაუდრუპი
ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ მიქაელს, მგონი, 3 თვალი ჰქონდა.
მეც და ყველა მისი თანაგუნდელი მაქსიმალურად ყურადღებით ვიყავით, რადგან არსაიდან ისეთ გადაცემას გააკეთებდა, უბრალოდ ვალდებულნი ვიყავით გოლი გაგვეტანა. საოცარი ფეხბურთელი იყო უნაკლო ტექნიკით!
სხვათა შორის, ბრწყინვალედ თამაშობდა მინი-ფეხბურთს.

შემტევი ნახევარმცველი: რობერტო ბაჯო
2 სეზონი ვითამაშეთ ინტერში და, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადის ფეხბურთელი არ იყო, ტიფოზებს ყველაზე ძალიან სწორედ ის უყვარდათ. მგონი, მთელი თაობის ლიდერი იყო, შესანიშნავი ადამიანი და თანაგუნდელი გახლდათ ზღაპრული ტექნიკით! ის იმ იშვიათთაგანი იყო, რომელსაც თამაში უყვარდა და მინდორზე გატარებული თითოეული წუთით მაქსიმალურ სიამოვნებას იღებდა.

თავდამსხმელი: მარსელო სალასი
ვერ წარმოიდგენთ როგორ მიხარია, რომ მე და მარსელო ერთი თაობის ვართ.
უამრავი შესანიშნავი მოგონება მაკავშირებს მასთან, ბევრი თამაში მოვიგეთ და არაერთი გოლი გავიტანეთ, საუკეთესო დღეები კი 1998 წლის ზაფხულია, საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდი.
მარსელო დიდებული იყო!

თავდამსხმელი: რონალდო
გამიმართლა, რომ მასთან ერთად რამდენიმე სეზონი გავატარე ინტერში. რონალდოზე ბევრს არ ვისაუბრებ – ყველას ისედაც კარგად ახსოვს რა დიდი ფეხბურთელი იყო.
ხოლო ის, რომ რონალდო მშვენიერი ბიჭია, ბევრმა არ იცის. უბრალოდ საუკეთესო!

თავდამსხმელი: დავორ შუკერი
არაერთ შესანიშნავ თავდამსხმელთან ერთად მითამაშია, დავორ შუკერი კი გამორჩეულია მათ შორის – ჩვენ ბევრი გოლი გავიტანეთ სევილიის მაისურით.
კარგად ასრულებდა საჯარიმო დარტყმებს, ხოლო ცაციათი სნაიპერივით ისროდა.

სათადარიგოები
კლარენს ზეედორფი
– ძანეტის მსგავსად, მასაც ბევრ პოზიციაზე შეეძლო თამაში. დირიჟორი იყო, გუნდის ძრავა!
რაული – 17 წლისაც არ იყო რეალის პირველ გუნდში რომ დააწინაურეს. იმთავითვე ეტყობოდა, რომ ძალიან ნიჭიერი იყო.
კრისტიან ვიერი – იდეალური ცენტრფორვარდი! ყველა გუნდი ინატრებდა მისნაირ თავდამსხმელს.

მწვრთნელი: ხორხე ვალდანო
არაერთ კარგ სპეციალისტთან მიმუშავია, მაგრამ არგენტინელს გამოვარჩევ. მან საკუთარი თავის რწმენა შემმატა და ეს შესაძლებლობების გამოვლენაში ძალიან დამეხმარა.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 22 დეკემბერი)

ka_GEGeorgian