ჩემი გუნდი: იააპ სტამი

90-იანი წლების მიწურულს ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი იყო. სპეციალისტების ყურადღება პსვ ეინდჰოვენში ძლიერი თამაშით მიიქცია, მანამდე კი სამი პატარა კლუბი გამოიცვალა – ცვოლე, კამბური და ვილემ II.
1996-1998 წლებში სტამი ეინდჰოვენური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ, 1997 წელს კი სულაც ქვეყნის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედმა ის 10,6 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა, რითაც ნიდერლანდელი ინგლისური კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი შეიქნა.

ოლდტრაფორდულ წლებს სერია ა-ში გატარებული ხუთი სეზონი მოჰყვა, 2007 წელს კი, აიაქსთან ერთად ერედივიზიეს და იოჰან კრუიფის სახელობის სუპერთასის მოგების შემდეგ, სტამმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა.

იააპ სტამის ოცნების გუნდი (4-4-2)
მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი
უნაკლო გოლკიპერი იყო! რამდენჯერმე ვითამაშე მის წინააღმდეგ და ვგრძნობდი, თუ რამხელა გავლენას ახდენდა მეტოქეებზე. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა რომ პიტერ შმაიხელი და ედვინ ვან დერ სარიც მისი დონის მეკარეებად მიმაჩნია.

მარჯვენა მცველი: კაფუ
ის არასდროს ჩერდებოდა, საოცარი ფიზიკური მონაცემების წყალობით მთელ ფლანგს აკონტროლებდა. დაღლილი არ მინახავს. შესაძლოა ბევრს კაფუ შეტევაში უფრო ახსოვს, მაგრამ მე გეტყვით, რომ ბრაზილიელი დაცვაშიც საიმედო იყო.

ცენტრალური მცველი: ალესანდრო ნესტა
ის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად მიმაჩნია, ერთი ერთზე კი უბრალოდ დიდებული იყო! მას ყველა საჭირო თვისება ჰქონდა: სიტუაციის შეგრძნება, ტექნიკა, ძალა, სისწრაფე, მაღალი ნახტომი… ტრავმები რომ არა, გაცილებით მეტს მიაღწევდა.

ცენტრალური მცველი: პაოლო მალდინი
24 წელიწადი გაატარა საუკეთესო მილანში და სხვა მიღწევებს რომ თავი დავანებოთ, ხოლოდ ამიტომ იმსახურებს პატივისცემას! ჩემი აზრით ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, პაოლო სამაგალითო იყო როგორც მინდორზე, ასევე მის მიღმა. კარიერის პიკზე შეტევაშიც ძალიან სახიფათო იყო.

მარცხენა მცველი: რობერტო კარლოსი
არ მახსენდება მარჯვენაფლანგელი, რომელმაც რობერტო კარლოსს აჯობა. როცა ის თამაშობდა, დაცვის მარცხენა ფრთა საიმედოდ იყო დაკეტილი. მის დარტყმაზე კი რა ვთქვა? საბედნიეროდ, მე არასდროს ვმდგარვარ ცოცხალ კედელში, როცა კარლოსი საჯარიმოს ასრულებდა.

მარჯვენა ნახევარმცველი: ლუიშ ფიგუ
ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი, რომელსაც ჩემი გუნდების წინააღმდეგ უთამაშია. დიდებული ფინტები ახასიათებდა, რის გამოც მისი შეჩერება ძალიან რთული იყო.

ცენტრალური ნახევარმცველი: როი კინი
ის იდეალურად აკონტროლებდა გუნდის თამაშს და ზოგადად, სიტუაციას კლუბში. შეუდარებელი იყო ორთაბრძოლების დროს. თუ კლუბს წარმატების სურვილი აქვს, აუცილებლად უნდა ჰყავდეს როის მსგავსი მოთამაშე.

ცენტრალური ნახევარმცველი: ზინედინ ზიდანი
ზიზუ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიმაჩნია. ის ჯადოქარი იყო, ბურთთან ერთად ყველაფერი შეეძლო! ვფიქრობდი, რომ მისნაირად თამაში იოლია, მაგრამ საკმარისი იყო მისი ილეთების გამეორება მეცადა და უმალ ვხვდებოდი, რომ ურთულეს ფინტებს ფლობდა. როცა მის წინააღმდეგ გვიწევდა თამაში, მწვრთნელები ერთადერთს გვთხოვდნენ – მისთვის გასაქანი არ მიგვეცა.

მარცხენა ნახევარმცველი: ალესანდრო დელ პიერო
ერთი შეხედვით ფიზიკურად სუსტი იყო, მაგრამ ვინც ასე ფიქრობდა, ის ძალიან მწარედ ცდებოდა. უამრავ გოლს იტანდა, თუმცა თანაგუნდელებსაც ბევრ მომენტს უქმნიდა. ხშირად მითამაშია მის წინააღმდეგ და ყველა შემთხვევაში ჩინებული იყო.

თავდამსხმელი: დენის ბერხკამპი
ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ნიდერლანდელი ფეხბურთელია! ის არ იყო ბომბარდირი კლასიკური გაგებით, მაგრამ ძალიან დიდი წვლილი შეჰქონდა საერთო წარმატებაში, ხოლო რამდენიმე გოლი უბრალოდ ფანტასტიკურ სტილში გაიტანა! ძალიან ნიჭიერი და ეფექტური იყო.

თავდამსხმელი: რომარიო
ეინდჰოვენსა და ბარსელონაში შეუდარებელი გახლდათ და ლოგიკურია, რომ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრფორვარდად ითვლება. მის წინააღმდეგ 2000 წელს ვითამაშე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე. მაშინ რომარიო ფლამენგოს ფორვარდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ასაკში გახლდათ, ძველებურად მოუხელთებელი იყო.

სათადარიგოები
ტონი ადამსი
– ნამდვილი ლიდერი! კარიერის მიწურულს, როცა სისწრაფე დაკარგული ჰქონდა, გამოცდილების ხარჯზე დიდებულად თამაშობდა დაზღვევაზე.
რონალდო – მის შესაძლებლობებზე ყველაზე კარგად მისი მეტსახელი მეტყველებს, ნაღდი ფენომენი იყო!
კაკა – ელეგანტური ფეხბურთელი. სისწრაფესთან ერთად ძალიან ტექნიკური გახლდათ და მცველებს ჯოჯოხეთად ევლინებოდა.

მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი
ის მხოლოდ იმიტომ იმსახურებს პატივისცემას, რომ რამდენიმე ჩემპიონი გუნდი შექმნა!

ლაშა გოდუაძე
ჟურნალი
FourFourTwo (ინგლისი)
2024 წლის 5 თებერვალი

ka_GEGeorgian