ჩემი გუნდი: ჯეიმი კარაგერი

ჯეიმი ლი დანკან კარაგერი დღეს საფეხბურთო კომენტატორია, CBS-ზე მუშაობს ჩემპიონთა ლიგის მატჩების დროს, ახლო წარსულში კი ლივერპულის მცველი გახლდათ. ის იმ იშვიათ მოთამაშეთა რიგს მიეკუთვნება, რომლებმაც მთელი კარიერა ერთ კლუბში გაატარეს.
კარაგერმა პირველად 1996-1997 წლების სეზონში ითამაშა მთავარ გუნდში, მომდევნო ჩემპიონატიდან კი ძირითადის ფეხბურთელი გახდა და 17 წლის შემდეგ, როცა კარიერა დაასრულა, ლივერპულს 737 ოფიციალურ მატჩში გატანილი 4 გოლით გამოეთხოვა. ჩატარებული მატჩების მხრივ ის მეორეა კლუბის ისტორიაში.

მას ლივერპულის ერთი საინტერესო რეკორდი ეკუთვნის – ევროპის საკლუბო ტურნირებში ყველაზე მეტჯერ, 149-ჯერ ითამაშა! ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი და ევროპის ორი სუპერთასი, ასეთია მისი საერთაშორისო ტიტულების ჩამონათვალი, ინგლისში კი ორჯერ მოიგო ასოციაციის თასი და სუპერთასი, სამჯერ კი ლიგის თასი. კარაგერი ერთხელაც ვერ გახდა პრემიერლიგის გამარჯვებული.

ჯეიმი კარაგერის ოცნების გუნდი (4-4-2)
მეკარე: ნევილ საუთჰოლი
ბავშვობაში ევერტონს ვგულშემატკივრობდი და ხშირად ვმდგარვარ იმ კარის უკან, რომელსაც საუთჰოლი იცავდა. მაშინ ის გოლიათად მეჩვენებოდა, მის გარდა ვერავის ვხედავდი. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ბევრი ძლიერი მეკარე ვნახე, მაგრამ ის მაინც უდიდესია.

მარჯვენა მცველი: კაფუ
მან ზედიზედ სამი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა და მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია. როცა ამას გაიაზრებ, მარტივად მიხვდები, თუ რამდენად დიდი ფეხბურთელი იყო კაფუ. ხანდახან თავს მის ადგილზე წარმოვიდგენდი და ეს დიდებული იყო!

ცენტრალური მცველი: ფრანკო ბარეზი
80-იანი წლების მიწურულის და 90-იანი წლების დასაწყისის მილანი უდიდესი კლუბია, რომელსაც კი ფეხბურთი უთამაშია და ფრანკო იმ გუნდის საყრდენი იყო. კი, იმ მილანს საოცარი ფეხბურთელები ჰყავდა, თუნდაც რუუდ გულიტი და მარკო ვან ბასტენი, მაგრამ მათი წარმატებების საფუძველი მტკიცე დაცვა იყო, რომელსაც ბარეზი ხელმძღვანელობდა.

ცენტრალური მცველი: მარსელ დესაი
მას უყვარდა დიდი მატჩები, ძლიერ მეტოქეებთან თამაში. ეს მის თითოეულ მოქმედებაში იგრძნობოდა. როცა პრემიერლიგაში გადმოვიდა, ხშირად ვხედავდი ენფილდზე და ყველა მატჩში დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ბიჭებს დიდი კაცი გვეთამაშებოდა.

მარცხენა მცველი: პაოლო მალდინი
ამ პოზიციაზე ორი ფავორიტი მყავს – მალდინი და რობერტო კარლოსი. ორივე უმაღლესი კლასის მოთამაშეა, ორივე ბრწყინვალე იყო კლუბსა და ნაკრებში, მაგრამ მაინც პაოლოს ავირჩევ, რადგან როგორც მცველი, ის უკეთესია. თუმცა, შეტევაშიც ძალიან სახიფათოდ ერთვებოდა ხოლმე, თუნდაც ის გოლი გავიხსენოთ, ჩვენ რომ გაგვიტანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

მარჯვენა ნახევარმცველი: ზინედინ ზიდანი
მე რომ მწვრთნელი ვიყო, მას ოფიციალურად მარჯვენა ფრთაზე დავაყენებდი, მაგრამ აბსოლუტურ თავისუფლებას მივანიჭებდი, რადგან ჩემ დროს არავის ეხერხებოდა თამაშის ისე წარმართვა, როგორც ზიზუს. ის შეუდარებელი იყო! ფინტები, დრიბლინგი, პასი… ის ყველაფერში უნაკლო იყო.

ცენტრალური ნახევარმცველი: გრემ სუნესი
ამ პოზიციაზე სტივენ ჯერარდიც დიდებული იქნებოდა, მაგრამ მაინც სუნესს ავირჩევ. ის როი კინის და გლენ ჰოდლის სტილის მოთამაშე იყო, რომელიც ყველა კლუბს სჭირდება. ის დაცვაშიც ჩინებული გახლდათ და კარგი პასებიც ეხერხებოდა… მისი ბევრი თამაში მინახავს და მგონი, ლივერპულის სიმბოლურ ნაკრებში ადგილს აუცილებლად იმსახურებს.

ცენტრალური ნახევარმცველი: როი კინი
სუნესს და კინს მართლა რომ ეთამაშათ ერთ გუნდში, დარწმუნებული ვარ მათი მეტოქეები მოედნის ცენტრს ვერ გაივლიდნენ. მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი პასის კულტურით, ალბათ ჩამოუვარდება სუნესს, მაგრამ მას ჰქონდა ის ჟინი და შემართება, რაც იუნაიტედს ძალიან ეხმარებოდა მძიმე წუთებში. ჰოდა, ასეთი ფეხბურთელი აუცილებლად ჩემი გუნდის ძირითადში უნდა იყოს.

მარცხენა ნახევარმცველი: ჯონ ბარნსი
ის საუკეთესოა, რომელთან ერთადაც ფეხბურთი მითამაშია ან მივარჯიშია. არ ვაჭარბებ, ის ფენომენი გახლდათ! ვერ ვიხსენებ, რომ მას ოდესმე ბურთი დაეკარგოს, გნებავთ თამაშის დროს, გნებავთ ვარჯიშისას. დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მას და ზიზუს ერთ გუნდში, საოცრებებს მოახდენდნენ!

თავდამსხმელი: მარკო ვან ბასტენი
მარკო ყველა დროის უდიდესი ცენტრალური თავდამსხმელია! როცა მას ახსენებენ, ყველას ევრო 1988-ის ფინალში გატანილი საოცარი ბურთი აგონდება, მაგრამ როცა მილანში თამაშობდა, არანაკლებ ეფექტური გოლები გაჰქონდა. ის ბურთსაც დიდებულად „იჭერდა“, არადა ბევრს აღარ ახსოვს ეს.

თავდამსხმელი: კენი დალგლიში
ჩემთვის კენი უდიდესია, ვისაც კი ოდესმე უთამაშია ლივერპულის მაისურით. მის დროს ლივერპული მსოფლიოს საუკეთესო კლუბი იყო, სხვა თუ არაფერი, სამჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი და დალგლიშმა ყველა შემთხვევაში უდიდესი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში. მგონი, მარკოს ესიამოვნებოდა მასთან ერთად თავდასხმაში თამაში.

სათადარიგოები და მწვრთნელი
ტიერი ანრი, ალან შირერი და მე
რადგან ეს ჩემი გუნდია, ამიტომ მოთამაშე-მწვრთნელი ვიქნები და მატჩებს სათადარიგოთა სკამიდან დავიწყებ, მერე კი ვინმეს შევცვლი.
კიდევ, ორი თავდამსხმელი მეყოლება, ტიერი ანრი და ალან შირერი. ვფიქრობ, ანრი საუკეთესოა, ვისაც კი ოდესმე უთამაშია პრემიერლიგაში, შირერი კი მის შემდეგ მეორე საუკეთესო ფეხბურთელად მიმაჩნია.

ლაშა გოდუაძე
ჟურნალი
FourFourTwo (ინგლისი)
2024 წლის 21 თებერვალი

ka_GEGeorgian