ჩემი გუნდი: კევინ კიგანი

70იან წლებში ინგლისის ნაკრები საშუალო გუნდი იყო, სამაგიეროდ კლუბები იყვნენ უძლიერესნი – ლივერპული, ნოტინგემ ფორესტი, ლიდს იუნაიტედი…
კევინ კიგანი ბილ შენკლის და ბობ პეისლის ლეგენდარული ლივერპულის სუპერვარსკვლავი გახლდათ, რომელმაც მალევე დატოვა ინგლისი და კარიერა ბუნდესლიგაში გააგრძელა – ჰამბურგში გადაინაცვლა. ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება და ფრანს ფუტბოლის 2 ოქროს ბურთიც ჩრდილოგერმანული კლუბის ფეხბურთელის რანგში მოიგო.

არც მანამდე და არც მას შემდეგ სხვა ინგლისელს ფრანს ფუტბოლის რეფერენდუმი ორჯერ არ მოუგია.

კიგანის შესანიშნავი თამაში თბილისის დინამოს გულშემატკივრებმა 1979 წლის მიწურულს ჩემპიონთა თასზეც იხილეს: ინგლისელმა დინამოს ჰამბურგშიც გაუტანა და თბილისშიც.

ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ის სამწვრთნელო ასპარეზზე გამოჩნდა, ბოლო წლებში კი დოღებით ერთობა.

ინგლისის საფეხბურთო დიდების დარბაზის წევრის ყველა დროის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

კევინ კიგანის ოცნების გუნდი (4-4-2)
მეკარე: პეტერ შმეიხელი
კარიერის მიწურულს ჩემს მანჩესტერ სიტიში თამაშობდა და გამორჩეული იყო, საუკეთესო წლებში კი მსოფლიოს ნომერ პირველი მეკარე გახლდათ!
1996ში ჩემი ნიუკასლი ჩემპიონი რომ ვერ გახდა, მთავარი „დამნაშავე“ სწორედ ისაა – ლამის მარტომ მოაგებინა მანჩესტერს პრემიერლიგა!

მარჯვენა მცველი: მანფრედ კალცი
ჰამბურგის და გერმანიის ნაკრების ლეგენდაა!
ვიცი, რომ ჰამბურგში ჩემ ტრანსფერს დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდა, მაგრამ ეს დასაწყისში, მერე კი ჩვენ შორის ყველაფერი დალაგდა. ძალიან ძლიერი იყო!

ცენტრალური მცველი: ბობი მური
საოცარი მოთამაშე და დიდებული ადამიანი! ბედნიერი ვარ, რომ მასთან ერთადაც მითამაშია და მის წინააღმდეგაც. 1972 წელს, როცა ჩემი დებიუტი შედგა ნაკრებში, ის კაპიტანი გახლდათ…
უნაკლო ფეხბურთელი იყო, სამაგალითო!

ცენტრალური მცველი: ფრანც ბეკენბაუერი
ნაღდი ლიდერი! ყოველთვის ვიამაყებ, რომ ოქროს ბურთის ლაურეატთა ჩამონათვალში მასთან ერთად ვარ.

მარცხენა მცველი: ნორმან ჰანტერი
ვიცი, რომ კარიერის დიდი ნაწილი სხვა პოზიციაზე გაატარა, მაგრამ ეს კაცი აუცილებლად უნდა იყოს ჩემ გუნდში. თუ რამე პრობლემაა, პირადად გავარკვევთ…
ჰანტერი უპრობლემო იყო, თუმცა მოედანზე მის წინააღმდეგ გასული ამას ნაღდად ვერ იფიქრებდი – თავს შეგაკლავდა და არაფერს დაგითმობდა.

მარჯვენა ნახევარმცველი: ალან ბოლი
მსოფლიოს ჩემპიონი ინგლისის ერთ-ერთი მშვენება!
80იანი წლების დასაწყისში ერთად ვთამაშობდით საუთჰემპტონში და ის პერიოდი ყოველთვის კარგად მაგონდება.

ნახევარმცველი: ტრევორ ბრუკინგი
ერთ-ერთი იმ თითზე ჩამოსათვლელ თანაგუნდელთა შორის, რომელიც უსიტყვოდ მიგებდა. საოცრად ხედავდა მოედანს და დროული და ზუსტი პასები იცოდა. მის მხარდამხარ თამაში ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა.

ნახევარმცველი: დიეგო მარადონა
მის შესახებ ყველაფერია ნათქვამი და ბევრს არ ვისაუბრებ – დიდებული იყო!
მის წინააღმდეგ ერთადერთხელ ვითამაშე, 1980 წელს უემბლიზე და მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის იყო, უკვე ეტყობოდა სუპერვარსკვლავი რომ გახდებოდა.

მარცხენა ნახევარმცველი: იოჰან კრუიფი
ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი! მის წინააღმდეგ საკლუბო დონეზეც მითამაშია და ნაკრების მაისურითაც. საოცარი ტექნიკა ჰქონდა და სამაგალითოდ ხედავდა მინდორს. ნაღდი დირიჟორი გახლდათ!

თავდამსხმელი: ალან შირერი
1996 წელს სარეკორდო ფასად ვიყიდეთ – 15 მილიონ გირვანქა სტერლინგად! და მან თითოეული ცენტი სრულად გაამართლა. შეუდარებელი გოლეადორი იყო!
მისნაირი უპრობლემო სუპერვარსკვლავი არასდროს მინახავს!
სხვათა შორის, სერ ალექსს მისი გადაბირება ძალიან სურდა, მაგრამ მანჩესტერს ვაჯობეთ. როცა კონტრაქტზე ვესაუბრებოდით, ორ რამეს ითხოვდა: მე9 ნომერს და პენალტების შესრულების უფლებას…

თავდამსხმელი: პიტერ ბერდსლი
1992 წელს, როცა ნიუკასლი ჩავიბარე, ბერდსლი ერთ-ერთი პირველი გახლდათ, ვინც მივიყვანე. უნიჭიერესი ფეხბურთელი იყო! მიმაჩნია, რომ ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული ინგლისელია.

სათადარიგოები
ბილი ბრემნერი
– ლიდს იუნაიტედის ლეგენდა… მის ცქერას არაფერი სჯობდა!
პელე – მეფე! ის ყველგან ითამაშებდა.
მაიკ ჩენონი – საუთჰემპტონში დავმეგობრდით. ცხენების სიყვარულმა კიდევ უფრო დაგვაახლოვა.

მწვრთნელი: ჯო მერსერი
ის მცირე ხნით წვრთნიდა ინგლისის ნაკრებს – დროებით ჩააბარეს გუნდი. მიუხედავად ამისა, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა – სურდა, რომ თამაშით სიამოვნება მიგვეღო. ალბათ, ესაა ფეხბურთში მთავარი.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 25 დეკემბერი)

ka_GEGeorgian