ჩემი გუნდი: მარკო ვან ბასტენი
80-90იანი წლების შესაყარზე მისი დონის თავდამსხმელი არავინ იყო – მარკო ვან ბასტენი სუპერფორვარდი გახლდათ და ეს ყველგან დაამტკიცა, სადაც კი ითამაშა.
ევრო 88ის ფინალში მის გოლს ლეგენდარულმა ფრანც ბეკენბაუერმა საუკუნის გოლი უწოდა. თუ ვინმეს არ გინახავთ, გირჩევთ: უკეთესს ბევრს ვერაფერს ნახავს გულშემატკივარი.
ფეხბურთიდან 28 წლისა წავიდა – კოჭზე გაკეთებული 5(!) ოპერაციის შემდეგ მიხვდა, რომ საშველი არ იყო.
კარიერა უხეშმა მცველებმა კი არა, უვიცმა ქირურგებმა დამიმთავრეს, – იტყვის წლების შემდეგ გულდაწყვეტილი.
იმ დროისთვის ვან ბასტენი 3ჯერ იყო აღიარებული ევროპის წლის მოთამაშედ. ესეც დასტურად, თუ რამდენად დიდი იყო.
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნიდერლანდელის სიმბოლური გუნდი, ვფიქრობთ, ბევრს დაგაინტერესებთ.
მარკო ვან ბასტენის ოცნების გუნდი (4-3-3)
მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი
მის წინააღმდეგ ჩემმა გუნდმა ითამაშა, ევრო 2008ზე, როცა ნიდერლანდებს ვწვრთნიდი. ძალიან ძლიერია და ასეა 20 წელზე მეტია. ბრწყინვალე მეკარეა! ისაა მოთამაშე, რომელიც სხვაობას იძლევა. უბრალოდ ნომერ პირველი.
მარჯვენა მცველი: მაურო ტასოტი
იმ მილანის გამორჩეული ფეხბურთელი იყო, რომლის შემადგენლობაში ყველაფერი მოვიგე. ძალიან საიმედო იყო, უსიტყვოდ ესმოდა დანარჩენი სამეულის. დაცვის მარჯვენა ფლანგს მას სრულად ვანდობ.
ცენტრალური მცველი: ფრანკო ბარეზი
ფრანკო ბრწყინვალე, ელეგანტური მცველი გახლდათ. დაცვა ხელოვნების დონემდე აიყვანა, შესანიშნავად ირჩევდა პოზიციას და იშვიათად, რომ უხეშად ეთამაშა. არ გაუმართლა, თორემ ფრანს ფუტბოლის ოქროს ბურთს ნაღდად იმსახურებდა.
ცენტრალური მცველი: ალესანდრო კოსტაკურტა
ვერ ვიტყვი, რომ ბარეზის დონის ფეხბურთელი იყო, მაგრამ დაცვაში შეუცდომლად ირჯებოდა. სწრაფად იღებდა გადაწყვეტილებას და დაძაბულ მომენტებში სიმშვიდეს ინარჩუნებდა. ძალიან მაღალი დონის ცენტრალური მცველი გახლდათ.
მარცხენა მცველი: პაოლო მალდინი
ჩემ დროს მილანის დაცვას გაუვალს უწოდებდნენ და იმ ოთხეულში პაოლო მარცხენა ფლანგზე იდგა. სუპერმცველი იყო, ფიზიკურად ძლიერი და ამტანი. ხშირად ერთვებოდა შეტევაში, რაც მას კიდევ უფრო ფასეულს ხდიდა. მცველი ხომ შესანიშნავი იყო და მინდვრის მიღმა უფრო კარგი ტიპია.
ნახევარმცველი: ფრანკ რაიკაარდი
მის მხარდამხარ 10 წელი ვითამაშე – 5 სეზონი აიაქსში გავატარეთ, 5იც მილანში და ამას გარდა ნაკრებშიც ერთად ვიყავით. დრიბლინგი, პასი, დარტყმა… მას ყველაფერი ჰქონდა. ნამდვილი მებრძოლი იყო! ფრანკი კარგი მეგობარიცაა.
ნახევარმცველი: იოჰან კრუიფი
მის მხარდამხარ მითამაშია და მის წინააღმდეგაც – როცა ფეიენოორდში გადავიდა… ის იყო ჩემი მეგობარი, მწვრთნელი და უბრალოდ კაცი, ვინც ძალიან, ძალიან ბევრი მასწავლა! ფეხბურთი უზომოდ უყვარდა და სიღრმისეულად ესმოდა. მან უდიდესი როლი ითამაშა ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.
ნახევარმცველი: არნოლდ მიურენი
შესაძლოა სხვა რჩეულებივით ცნობილი არაა, მაგრამ ჩემთვის ის საუკეთესოა. ჩვენთან, აიაქსში ის მანჩესტერ იუნაიტედიდან მოვიდა. ჭკვიანი მოთამაშე იყო, ნაღდი ინტელექტუალი… მისი ჩაწოდებებით ბევრი გოლი გავიტანე.
მარჯვენა თავდამსხმელი: რუუდ გულიტი
მას ყველა მაღალი დონის მოთამაშედ იცნობს, მე კი გეტყვით, რომ გულიტი ძალიან კარგი ადამიანია და მშვენიერი მეგობრობა შეუძლია. თუმცა, მხოლოდ ამის გამო არ ამირჩევია: ის უნაკლო იყო ნახევარდაცვაშიც და თავდასხმაშიც.
ცენტრალური თავდამსხმელი: მარკო ვან ბასტენი
ასეთ გუნდს ცენტრში მხოლოდ და მხოლოდ მე თუ მოვუხდები…
რა თქმა უნდა ვხუმრობ, მაგრამ როცა მინდორზე 10 ჩემი მეგობარი გადის, მე11 ნომერს ვერავის დავუთმობ!
მარცხენა თავდამსხმელი: იესპერ ოსლენი
აიაქსში ახალმისული ვიყავი, ის კი თავის თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. ერთი სიამოვნება იყო მისი ცქერა: ძალიან სწრაფი, ტექნიკური, მოუხელთებელი… მარცხნივ მხოლოდ ის უნდა იდგეს!
სათადარიგოები
რონალდ კუმანი – ძალიან ჭკვიანი მცველი, რომელმაც წინ თამაშიც იცოდა. მის გოლებზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი – სტატისტიკა საოცარია!
კარლო ანჩელოტი – მის მხარდამხარ მილანში ვთამაშობდი. ჭკვიანი, გონიერი ნახევარმცველი იყო.
დანიელე მასარო – ის არ ითვლებოდა მილანის ძირითადის წევრად, მაგრამ 1994 წლის ლეგენდარულ ფინალში 2ჯერ გაუტანა ბარსელონას.
მწვრთნელი: იოჰან კრუიფი
მასზე ორი წინადადების თქმა ძალიან გამიჭირდება, ამიტომ, ასე დავწერ: იოჰან კრუიფი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც კი ოდესმე მიმუშავია!
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 3 დეკემბერი)