ჩემი გუნდი: მარიო კემპესი

ელ ტორო… ელ მატადორ…
70-80იანი წლების არგენტინის ნაკრების ნომერ პირველი გოლეადორი მარიო კემპესი ერთ-ერთია იმ 3 ფეხბურთელიდან, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ და იმავე ტურნირის საუკეთესო მოთამაშისთვის და ბომბარდირისთვის განკუთვნილი ოქროს ბურთი და ოქროს ბუციც ჩაიბარეს.
პირველი, ვინც უნიკალური ჰეთ-თრიქი შეასრულა, ლეგენდარული ბრაზილიელი, მანოელ ფრანსისკო დოს სანტოს გარინჩა გახლდათ. ხალხის სიხარულმა ეს 1962 წელს გააკეთა. მარიო ალბერტო კემპეს ჩიოდიმ იგივე 1978 წელს მოახერხა, ხოლო 4 წლის შემდეგ კი მათ იტალიელი პაოლო როსი შეუერთდა.

არგენტინელმა ბევრი კლუბის მაისურით ითამაშა, მაგრამ საუკეთესო წლები ესპანეთში, ვალენსიაში გაატარა, სადაც ესპანეთის თასი, აწ უკვე გაუქმებული თასების მფლობელთა თასი და ევროპის სუპერთასი მოიგო.

1977 და 1978 წლებში ის ლა ლიგის საუკეთესო გოლეადორიც გახდა, კარიერა კი 629 ოფიციალურ მატჩში შეგდებული 340 გოლით დაასრულა.

1978 წლის ყველა ინდივიდუალური ჯილდოს მომგები კემპესის რჩეული გუნდი ასეთია:

მარიო კემპესის ოცნების გუნდი (4-3-3)
მეკარე: მიგელ რეინა
დარწმუნებული ვარ ჟურნალისტებს მის შვილზე, პეპეზე უფრო მეტი დაუწერიათ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მიგელი ძალიან ძლიერი იყო. არ ვხუმრობ: კარიერა რომ დაასრულა, ძალიან გამიხარდა. ის საუკეთესო მეკარეა, ვის წინააღმდეგაც კი მითამაშია.

მარჯვენა მცველი: ხოსე ანტონიო კამაჩო
წლების წინ რომელიღაც ჟურნალში წავიკითხე, რომ კამაჩო ერთ-ერთი ყველაზე… ოფლიანი მწვრთნელი იყო. გამეცინა! ამის დამწერს, ალბათ, არ ახსოვს მისი ფეხბურთელობის წლები – თითქმის ყველა თამაშის შემდეგ მისი მაისური გასაწური იყო!
რომ მეგონა გავექეცი-მეთქი, მივიხედავდი და ზურგს უკან მედგა. თავდამსხმელების ნამდვილი კოშმარი იყო!

ცენტრალური მცველი: ხუან კარლოს არტეჩე
მადრიდის ატლეტიკოს სული და გული იყო, მცველი, რომელსაც დიდი ძალისხმევით თუ გასცდებოდი და თუ ამას მაინც მოახერხებდი, წამში მინდორზე გართხმული აღმოჩნდებოდი. ზოგიერთ დღევანდელ მცველს მებრძოლს რომ უწოდებენ, მე არტეჩე მახსენდება და მეცინება. თუ ვინმე იყო მებრძოლი, პირველ რიგში ის.

ცენტრალური მცველი: ანდონი გოიკოეჩეა
ყველაზე უშიშარი, დაუნდობელი და თავგანწირული მცველი, ვის წინააღმდეგაც კი ოდესმე მითამაშია. მასთან პაექრობის შემდეგ გასახდელში ჩემით რომ შევდიოდი, ღმერთს მადლობას ვწირავდი.
დიეგო არმანდო მარადონას და ბერნდ შუსტერს არ გაუმართლათ – გოიკოეჩეას ვარდნების სიმწარე მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს.

მარცხენა მცველი: პაულ ბრაიტნერი
ის ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს გერმანელ მცველად მიმაჩნია. ზოგადად, ფლანგის ფეხბურთელები, რომლებიც კარგად უტევენ, დაცვაში მოიკოჭლებენ ხოლმე, მაგრამ ბრაიტნერი ასეთი არ იყო – დაცვაშიც საიმედო იყო და თუ გუნდს სჭირდებოდა, ყველა პოზიციაზე უმაღლეს დონეზე თამაშობდა. უშიშარი!

მარჯვენა ნახევარმცველი: ჟუნიორი
როცა ნახევარმცველი ორი ათწლეულის განმავლობაში თამაშობს, ხვდები, რომ მოვლენასთან გაქვს საქმე.
ჟუნიორი გამორჩეული იყო არა მხოლოდ სტაბილური ასპარეზობით, არამედ სუფთა თამაშითაც – მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ერთვებოდა ორთაბრძოლებში, მისი უხეშობა არ მახსოვს. და ძალიან ტექნიკური იყო, ბრაზილიელის კვალობაზეც კი. ეს დამატებით პლუსად უნდა ჩავუთვალო.

ცენტრალური ნახევარმცველი: მიგელ ალონსო
კიდევ ერთი უშიშარი და თავგანწირული მებრძოლი ჩემ სიმბოლურ გუნდში.
ის არ იყო ფიზიკურად დიდი და ძლიერი, მაგრამ ამის მიუხედავად, მოედნის შუაგულის კონტროლი არასდროს უჭირდა. ბევრი თვლის, რომ მისი შვილი, ჩაბი ალონსო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველია. ვერ დაგეთანხმებით – პერიკო შვილზე კარგი გახლდათ.

მარცხენა ნახევარმცველი: ზიკო
იმის გათვალისწინებით, რომ ჩემ გუნდში აქამდე მხოლოდ მებრძოლებს ვასახელებდი, ზიკოს სრულ თავისუფლებას მივანიჭებ – რაც უნდა ის აკეთოს, ვიცი, რომ ამით ჩემი ნაკრები მხოლოდ მოიგებს.
გენიალური გამთამაშებელი იყო და ძალიან სწრაფი. თვალის დახამხამებაში აკეთებდა იმას, რასაც სხვები რამდენიმე წამს ანდომებდნენ.
ძალიან დიდი ბრაზილიელი!

თავდამსხმელი: ემილიო ბუტრაგენიო
ის მაშინ გამოჩნდა, როცა კარიერას ვასრულებდი. პირველად მისი თამაში კასტილიაში ვნახე და მივხვდი, რომ რეალს ძალიან მაგარი ბიჭი ეზრდებოდა.
როგორც კი დაწინაურდა, ყველა მიხვდა, რომ სანტიაგო ბერნაბეუზე გენიოსმა შეაბიჯა.
ელ ბუტრე – თაობის ლიდერი, რეალის ლეგენდა!

თავდამსხმელი: პაოლო როსი
როცა მას ახსენებენ, ყველას ბრაზილიის ნაკრების კარში გატანილი ის 3 გოლი ახსენდება. ასეც უნდა იყოს – 1982 წელს იტალია მსოფლიოს ჩემპიონი რომ გახდა, მისი გოლების წყალობით მოხდა.
1978ში ჩვენ ერთადერთი თამაში წავაგეთ და სწორედ იტალიასთან, როსის გოლით. იმ მატჩის შემდეგ პაოლო ავითვალწუნე, მაგრამ მალე მივხვდი რომ არ ღირდა – ის სამაგალითო ცენტრფორვარდი იყო!

თავდამსხმელი: ხუან კარლოს ერედია
დღევანდელ ქომაგებს მისი სახელი, ვფიქრობ, არც სმენიათ, მაგრამ ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არგენტინელია, ვინც კი ევროპაში ითამაშა. წლების შემდეგ ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და ბარსელონაში რამდენიმე მშვენიერი სეზონი გაატარა. მილონხუიტას გარეშე ჩემი გუნდი სრულყოფილი ვერ იქნება.

სათადარიგოები
დიეგო მარადონა
– ის ჯერ ბოკაში, შემდეგ კი ბარსელონაში იყო, როცა მის წინააღმდეგ ვითამაშე. ახალს ვერაფერს ვიტყვი – ძალიან დიდი!
რობერტო ბეტეგა – ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი იტალიელი. როსის და მისი წყვილი 1978 წელს შეუდარებელი იყო.
მიგელი – გოიკოეჩეას რამე რომ დაემართოს, იდეალურად შეცვლის. კიდევ ერთი მებრძოლი ჩემს გუნდში.

მწვრთნელი: ხავიერ კლემენტე
მარტივი მიზეზის გამო: მისი გუნდების წინააღმდეგ თამაში არასდროს მსიამოვნებდა.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 1 თებერვალი)

ka_GEGeorgian