ჩემი გუნდი: ოტმარ ჰიცფელდი

ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გერმანელი მწვრთნელია, რომელმაც კარიერის განმავლობაში არაერთი დიდი ტიტული მოიგო, მათ შორის ორჯერ ჩემპიონთა თასი. სხვათა შორის, ის მხოლოდ მეორე გახლდათ, რომელმაც ევროპის მთავარი საკლუბო თასი ორ კლუბთან ერთად მოიპოვა – 1997 წელს დორტმუნდის ბორუსიაში მუშაობის დროს, 2001 წელს კი მიუნხენის ბაიერნში. ამ შედეგით მან ერნსტ ჰაპელის რეკორდი გაიმეორა.

ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ ჰიცფელდი ორჯერ აღიარა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად. 1997 წელს იგივე პატივი ერგო უორლდ სოკერის ვერსიით, 2001 წელს კი უკვე უეფამ დააჯილდოვა.

და ბოლოს: ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის წინ, რომელსაც ავსტრიამ და შვეიცარიამ მხარდამხარ უმასპინძლეს, შვეიცარიის ერთ-ერთი მთის ფერდობზე მოწყობილ სტადიონს მისი სახელი მიენიჭა.

ოტმარ ჰიცფელდის ოცნების გუნდი (4-3-3)
მეკარე: ოლივერ კანი
ფანტასტიკური მეკარე, რომელსაც ბრწყინვალე რეაქცია ჰქონდა. ოლივერი სულითაც ძლიერი გახლდათ, ნამდვილი მებრძოლი, რაც ძალიან ეხმარებოდა გუნდს. თანამედროვე ენით რომ ვთქვა, ის ჩინებული ინფლუენსერი იყო, დიდი გავლენა ჰქონდა გუნდზე. ჩემი აზრით, ის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი ფეხბურთელია.

მარჯვენა მცველი: ვილი სანიოლი
საუკეთესო მარჯვენა მცველი, ვისთანაც კი მიმუშავია. გონებაგახსნილი ფეხბურთელი იყო, ყველაფერზე საკუთარი აზრი ჰქონდა და ხშირ შემთხვევაში თვლიდა, რომ მისი არჩევანი უკეთესი იყო. ზოგჯერ ბიქსენტ ლიზარაზუს ვთხოვდი მის გაკონტროლებას, რადგან ვხედავდი, რომ ვილი არ მემორჩილებოდა, მე კი მსურდა ზედმიწევნით ზუსტად შეესრულებინა ჩემი დავალება.

ცენტრალური მცველი: პატრიკ ანდერსონი
მშვიდი და კარგი ბიჭი იყო, შვედისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნით. არასდროს მინახავს აღელვებული ან წყობიდან გამოსული. ფიზიკურ მომზადებაზე არაფერს ვამბობ, უნაკლო იყო. ის იყო ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე რთულ მომენტში ასი პროცენტით ვენდობოდი.

ცენტრალური მცველი: ლოთარ მათეუსი
მასზე რაიმე ახლის თქმა ძალიან ძნელია, ყველაფერს მიაღწია ფეხბურთში, რადგან ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალური მოთამაშე გახლდათ. ყველა გუნდში, სადაც კი მივიდა, ურთულესი ამოცანები გადაჭრა. ის იყო ჩემი მთავარი დასაყრდენი ბაიერნში. ნაღდი კაცი-კლდე!

მარცხენა მცველი: ბიქსენტ ლიზარაზუ
ყველაფერს რომ თავი დავანებო, ლიზარაზუს მხოლოდ იმიტომ დავასახელებდი ჩემს სიმბოლურ გუნდში, სანიოლისთვის რომ მიეხედა. უამრავი ტიტული მოიგო და სრულიად დამსახურებულად, ის ხომ შეუცვლელი იყო კლუბსა და ნაკრებში. გარდა იმისა, რომ ფიზიკურად ძლიერი იყო, არ იღლებოდა, ტექნიკურიც გახლდათ, რაც ფლანგის მცველისთვის ძალიან დიდი პლუსია.

ცენტრალური ნახევარმცველი: შტეფან ეფენბერგი
ის იყო გუნდის ბოსი და ამას ყველა კარგად ხედავდა. ბუნებით ლიდერი გახლდათ, იდეალური კაპიტანი. გუნდში სიტუაციას დიდებულად აკონტროლებდა. გარდა ამისა, ჩინებული გამთამაშებელი გახლდათ, ასე ვთქვათ ფლეიმეიქერი, რომელსაც მარტოს შეეძლო თამაშის მოგება.

ცენტრალური ნახევარმცველი: პოლ ლამბერტი
ის ჩემი ბორუსიის ერთ-ერთი ვარსკვლავი გახლდათ. ჩემპიონთა ლიგის 1997 წლის ფინალში იდეალურად ითამაშა ზინედინ ზიდანის წინააღმდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ ფრანგი თამაშს გამოთიშა, რაც ძალიან დაგვეხმარა გამარჯვებაში. ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩეოდა, მაგრამ მისი სადა თამაშის მიღმა საიმედოობა იმალებოდა.

შემტევი ნახევარმცველი: მეჰმეთ შოლი
ის გახლდათ არტისტი, შემოქმედი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ერთი ერთზე ნებისმიერ მეტოქეს გაუმკლავდებოდა. სამაგალითო ინდივიდუალისტი გახლდათ, მაგრამ არც გუნდური თამაში ესწავლებოდა. ამიტომაც, ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული ჰქონდა.

მარჯვენა თავდამსხმელი: ჯოვანი ელბერი
მსოფლიო დონის ფორვარდი იყო, რომელიც იდეალურად არჩევდა პოზიციას და ნებისმიერი სიტუაციიდან უტევდა. ძალიან ტექნიკური თავდამსხმელი იყო, რა გასაკვირია, ის ხომ ბრაზილიელი გახლდათ. ცენტრფორვარდის პოზიციაზე რომ ეთამაშა, მისი სტატისტიკა, ალბათ, უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა.

ცენტრალური თავდამსხმელი: კარლ-ჰაინც რიდლე
სათამაშო მონაცემებით ის, შესაძლოა, ბევრს ჩამოუვარდებოდა, მაგრამ საჭირო მომენტში მთავარი როლის შესრულება შეეძლო. ჩემპიონთა ლიგის 1997 წლის ფინალი გაიხსენეთ. იმ სეზონში ბუნდესლიგაში სულ შვიდი გოლი გაიტანა, მაგრამ იუვენტუსის წინააღმდეგ უნაკლოდ იასპარეზა და დუბლი შეასრულა. ძალიან ძლიერი იყო საჰაერო ორთაბრძოლების დროს, ვერავინ სჯობდა.

მარცხენა თავდამსხმელი: სტეფან შაპუიზა
ის ჩემი ბორუსიის მთავარი ვარსკვლავი გახლდათ და ერთ-ერთი საუკეთესო, ვისთანაც კი ოდესმე მიმუშავია. მინდორს მიღმა მშვიდი და გაწონასწორებული მოთამაშე იყო, მაგრამ მოედანზე ვერავინ აჩერებდა.

სათადარიგოები
სამუელ ოსეი კუფური
იენს იერემისი
პაულო სოუზა

მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი
უდიდესი! 1999 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში შევხვდით ერთმანეთს და ის მატჩი არასდროს დამავიწყდება. ყველაფერს რომ თავი დავანებო, მას მხოლოდ იმიტომ დავაფასებ, ასე დიდხანს რომ გაწვრთნა მანჩესტერ იუნაიტედი

ლაშა გოდუაძე
ჟურნალი
FourFourTwo (ინგლისი)
2024 წლის 11 ივნისი

ka_GEGeorgian