ჩემი გუნდი: რაიან გიგზი

ძალიან ცოტა ფეხბურთელია, რომელთაც ათასზე მეტ ოფიციალურ მატჩში უთამაშიათ. რაიან გიგზი ერთ-ერთი მათგანია.
24წლიანი კარიერის განმავლობაში მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედის მაისური 963ჯერ მოირგო და ეს ოლდტრაფორდული კლუბის რეკორდია!
გიგზი 13ჯერ გახდა პრემიერლიგის ჩემპიონი. ესეც საუკეთესო მიღწევაა, მასზე ხშირად კი ინგლისის ჩემპიონატის ოქროს მედალი მხოლოდ… მანჩესტერ იუნაიტედს და ლივერპულს მოუგიათ, ფეხბურთელთაგან – არავის.
უელსელს პრემიერლიგის კიდევ ერთი გასაოცარი მიღწევა უკავშირდება – 162 საგოლე პასი შეასრულა!

2003 წელს ფეხბურთის ასოციაციამ უელსელი მსოფლიოს უძველესი საკლუბო ტურნირის, ინგლისის თასის გათამაშების საუკუნის ნაკრებში დაასახელა, 2007 წელს კი მას იგივე პატივი მიაგო პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ.

გიგზი ერთადერთია, რომელმაც ზედიზედ 22 სეზონი გაატარა პრემიერლიგაში და მიჯრით 21 სეზონში გაიტანა გოლი.

ის ოლდ ტრაფორდს 2014 წელს 34 ტიტულით დაემშვიდობა. პრემიერლიგის ლეგენდარული გარემარბის სიმბოლური ნაკრები ასეთია:

რაიან გიგზის ოცნების გუნდი (4-3-1-2)
მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი
მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა, ყველაზე ეფექტური გოლკიპერი, ვინც კი ოდესმე მინახავს!
რამდენჯერმე ვითამაშე მის წინააღმდეგ და ყველა შემთხვევაში საიმედო იყო. როცა ფეხბურთს ამდენი ხნის განმავლობაში შემორჩები და თან, უმაღლეს დონეზე, მხოლოდ პატივისცემას იმსახურებ.

მარჯვენა მცველი: ხავიერ ძანეტი
ყველაზე დიდი მცველი, ვის წინააღმდეგაც ჩემპიონთა ლიგაში ვითამაშე!
ის სწრაფი, საიმედო, შეუჩერებელი და ძალიან ჭკვიანი გახლდათ. ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც სიამოვნებით ვიხილავდი ჩემ გუნდში.

ცენტრალური მცველი: ლილიან ტურამი
ტურამი ყველა იმ თვისებას აერთიანებდა, რაც უმაღლესი დონის მცველს უნდა ახასიათებდეს: ჭკვიანი იყო, ფიზიკურად ძლიერი და მშვენივრად ხედავდა მოედანს. წლების წინ იუნაიტედი ხშირად ხვდებოდა იუვენტუსს და ტურამის ძალა ბევრმა ჩემმა თანაგუნდელმა გამოსცადა.
ტოპ-კლასის ფეხბურთელი!

ცენტრალური მცველი: რონალდ კუმანი
ყოველთვის მხიბლავდა შემტევი მცველები და კუმანი ამ მხრივ სამაგალითო იყო. მისი სტატისტიკა საოცარია, ბევრი თავდამსხმელი ინატრებს მის მიერ შეგდებულ გოლებს!
კარიერას რომ ვიწყებდი, ის მსოფლიოს საუკეთესო მცველთა შორის იდგა.
ალბათ, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ჰოლანდიელი უკანახაზელია.

მარცხენა მცველი: რობერტო კარლოსი
ამ პოზიციაზე ბიქსენტ ლიზარაზუსაც განვიხილავდი, მაგრამ მაინც ბრაზილიელს დავასახელებ.
არ მესმის როგორ შეელია მას ინტერი, მისი რეალში გაშვება მილანელთა ერთ-ერთ უდიდეს შეცდომად მიმაჩნია.
კარლოსი მკვლელი-მცველი იყო ყუმბარისებური დარტყმით. იშვიათად მინახავს ასეთი სწრაფი განაპირა ფეხბურთელი.

მარჯვენა ნახევარმცველი: ლუიშ ფიგუ
საუკეთესო მარჯვენაფლანგელი, ვის წინააღმდეგაც კი მითამაშია!
ეფექტური მოთამაშე იყო, ძალიან ტექნიკური, რომელსაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა მეტოქის მოტყუება. ასევე ახასიათებდა ლამაზი დრიბლინგი, რომელსაც ხშირად ეფექტური გოლით აგვირგვინებდა.
ყველა გუნდისთვის სანატრელი მოთამაშე.

ცენტრალური ნახევარმცველი: ედგარ დავიდსი
90იანი წლების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, ნამდვილი პიტბული, მებრძოლი, უშიშარი, საიმედო…
იუვენტუსში მისი და ზიდანის წყვილი საოცარი იყო! ჰოლანდიელი თავის ნახევარს აკონტროლებდა, ფრანგი კი საოცარ კომბინაციებს იწყებდა.
არ მეგულება ფეხბურთელი, რომელსაც დავიდსის წინააღმდეგ თამაში უადვილდებოდა.

მარცხენა ნახევარმცველი: ხრისტო სტოიჩკოვი
ჩემპიონთა ლიგის პირველ წლებში ბულგარელი ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი იყო.
ჩემი რჩეულების მსგავსად, ისიც სწრაფი და ჭკვიანი ფორვარდი გახლდათ. მარტო ის ფაქტი, რომ კრუიფის ბარსელონაში შეუცვლელი იყო, ბევრ რამეზე მეტყველებს.

შემტევი ნახევარმცველი: ზინედინ ზიდანი
გენიალური ფეხბურთელი! მის მხარდამხარ თამაში უდიდესი სიამოვნებაა – რამდენჯერმე ერთ გუნდში ვიყავით საქველმოქმედო მატჩებში, თუმცა კარიერის მანძილზე ჩვენ ყოველთვის სხვადასხვა მხარეს ვიდექით.
გენიოსი!
მისი ფეხბურთი უნაკლო იყო!
საფეხბურთო მხატვარი!

თავდამსხმელი: ანდრეი შევჩენკო
შევა ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს თავდამსხმელად მიმაჩნია. გული მწყდება, რომ ჩელსიში სრულად ვერ გამოავლინა პოტენციალი, არადა მილანში ნომერ პირველი იყო. სან სიროზე რომ დარჩენილიყო, ვფიქრობ, სერია ას ბევრ რეკორდს მოხსნიდა. საკუთარ ძალებში დარწმუნებული შემტევი… სიამოვნებით ვიხილავდი ჩემ გუნდში.

თავდამსხმელი: რომარიო
მეტოქეებს ყოველთვის აღიზიანებდა მისი ფეხბურთი… ნამდვილი ჯადოქარი იყო, მეკარის საჯარიმოში კი მისნაირი მოქნილი არავინ მინახავს.
კრუიფის ბრუნი იოჰანის შემდეგ რომარიოზე უკეთ არავის შეუსრულებია.

სათადარიგოები
პაოლო მალდინი
– ამ სიმბოლურ ნაკრებში მისი ძირითადს მიღმა დატოვება რთულია, მაგრამ ჩემ გუნდში სათამაშო დროს პაოლო აუცილებლად მიიღებს!
რივალდო – 90იანი წლების ბარსას ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.
რონალდო – ყველა დროის გამორჩეული ცენტრფორვარდი. მისი თამაში ოლდ ტრაფორდზე ლეგენდად დარჩა.

მწვრთნელი: მარჩელო ლიპი
იმედია ამ გადაწყვეტილების გამო მიწასთან არ გამასწორებენ – ლიპი ყველაზე დიდი ტაქტიკოსია, რომლის გუნდების წინააღმდეგაც კი მითამაშია.
90იან წლებში მისი იუვენტუსი საუკეთესო იყო!
ჩვენ, იუნაიტედმა და, დარწმუნებული ვარ სხვებმაც, ზუსტად ვიცოდით, რომ ლიპის იუვენტუსთან ერთი წუთითაც ვერ მოვდუნდებოდით.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 8 იანვარი)

ka_GEGeorgian