ჩემი გუნდი: რონალდ კუმანი

დაბა ზაანდამში დაბადებულმა ბიჭმა მამას მიბაძა და ფეხბურთელი გახდა, თუმცა გაცილებით დიდ წარმატებებს მიაღწია, ვიდრე არ განსვენებულმა მარტინ კუმანმა, რომელმაც ერთადერთხელ ითამაშა ნიდერლანდების ნაკრებში.
რონალდი კი ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურით 1988 წლის ზაფხულში ევროპის ჩემპიონი გახდა, ამსტერდამის აიაქსში, პსვ ეინდჰოვენსა და ბარსელონაში კი უამრავი ტიტული მოიგო, ჩემპიონატებით დაწყებული და ჩემპიონთა თასებით დასრულებული.

დღეს რონალდ კუმანი ბარსას მთავარი მწვრთნელია, მეუღლესთნ ერთად კი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო აქციაში. ერთ-ერთი, ყველაზე პოპულარული, თამბაქოს წინააღმდეგაა მიმართული.
ნიდერლანდური ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული მცველი ამბობს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმისკენ უფროსი მეგობრის, იოჰან კრუიფის სიკვდილმა უბიძგა, ვინც ძალიან ბევრს ეწეოდა და ფილტვების სიმსივნით დაიღუპა.

რონალდ კუმანის ოცნების გუნდი (4-4-1-1)
მეკარე: ჰანს ვან ბრეკელენი
მასთან ერთად 3 წლის განმავლობაში ვითამაშე პსვ ეინდჰოვენში, ნაკრებში – კიდევ უფრო დიდხანს. ამის გათვალისწინებით, სრულიად დარწმუნებულმა შემიძლია ვთქვა, რომ ჰანსი დიდებული გოლკიპერი იყო.
მას ლიდერის ყველა თვისება ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ კარში იდგა, მშვენივრად ხელმძღვანელობდა თამაშს.

მარჯვენა მცველი: ერიკ გერეტსი
ჩემთვის ის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მარჯვენა მცველია და იმ პირველთა შორის დგას, რომლებმაც მთელ ფლანგზე თამაში დაიწყეს.
80იანი წლების ერთ-ერთ სუპერვარსკვლავად მიმაჩნია, ამავდროულად კი ვთვლი, რომ არ იყო საკმარისად აღიარებული.

ცენტრალური მცველი: ფრანკო ბარეზი
კლასიკური იტალიელი მცველი: თამაშობდა მსუბუქად, მაგრამ ძალიან საიმედოდ; მშვენივრად ფლობდა ბურთს და თავდამსხმელთა ნამდვილი შავი ჭირი იყო.
ის 80იანი წლების დასაწყისშივე ძალიან დიდი იყო, უბრალოდ მილანის აღმავლობა ათწლეულის მიწურულს დაემთხვა და ფრანკოც მხოლოდ ამის შემდეგ დააფასეს სპეციალისტებმა.

ცენტრალური მცველი: რონალდ კუმანი
ჩემი გუნდი ჩემს გარეშე წარმოუდგენელია! მიმაჩნია, რომ ასეთი დონის სუპერვარსკვლავებთან დიდებულად ვითამაშებდი.
ჩემი გუნდის დაცვაში ისეთი მცველები დგანან, ვინც მშვენივრად ერთვებოდა შეტევაში და თავის დროზე მეც ზუსტად ასეთი ვიყავი – მიყვარდა წინ წასვლა და გოლების გატანა. ვფიქრობ, ჩემი ნაკრების დაცვა ყველა გუნდს უდიდესი პრობლემას შეუქმნიდა.

მარცხენა მცველი: პაოლო მალდინი
ფეხბურთის ისტორიაში პაოლოზე დიდი მარცხენა მცველი არ ყოფილა და არც იქნება!
ტექნიკური, ორივე ფეხით ჩინებულად მოთამაშე, გაუვალი და საოცარი ჯანის პატრონი, დიდებული კაპიტანი… მალდინი უმაღლესი დონის ფეხბურთელთათვის საჭირო აბსოლუტურად ყველა თვისებას ფლობდა.
1994 წელს, როცა მილანმა ბარსელონა გაანადგურა, იტალიელებს ბარეზი და კოსტაკურტა აკლდათ, მალდინი კი მათ ნაცვლადაც თამაშობდა.

მარჯვენა ნახევარმცველი: რუუდ გულიტი
არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ 80იან წლებში იყო პერიოდი, როცა გულიტი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას თვით დიეგო მარადონას ეცილებოდა.
ნახევარდაცვის შუაში თუ ფლანგებზე, თავდამსხმელთა უკან თუ მცველების წინ, გულიტი ყველგან საიმედო იყო! ტრავმებმა შეუშალა ხელი, თორემ გაცილებით მეტს მიაღწევდა.

ცენტრალური ნახევარმცველი: ხოსეპ გვარდიოლა
გამორჩეულად ნიჭიერი გამთამაშებელი, რომელიც სიღრმიდან მართავდა გუნდის თამაშს. მის დარად უკანდახეული გუნდის ტვინი არასდროს მინახავს.
მოედნის ჩინებული ხედვა, გრძელი და საოცარი გადაცემები და უნაკლო ტექნიკა – ამ ყველაფრის წყალობით პეპი ბარსასთვის შეუცვლელი იყო.
მის გარეშე ის ბარსელონა გაცილებით სუსტი იქნებოდა.

ცენტრალური ნახევარმცველი: ფრენკ რაიკაარდი
როცა არიგო საკიმ მილანში გადაიბირა, ფრენკის კარიერაში უდიდესი გარდატეხაც მაშინ მოხდა: სერია აში ის აგრესიულ, ძლიერ, შემტევ ნახევარმცველად იქცა, ვინც ძალიან სახიფათო იყო მეტოქის საჯარიმოსთან.
მოგვიანებით იგივე პოზიცია ეჭირათ დუნგას, მარსელ დესაის, პატრიკ ვიეირას და როი კინს, მაგრამ ფრენკი მათზე ერთი თავით მაღლა იდგა!

მარცხენა ნახევარმცველი: ხრისტო სტოიჩკოვი
ფეთქებადი ხასიათის მიუხედავად, ძალიან ძლიერი იყო. ჩემთვის ის ერთ-ერთი საუკეთესო ცაციაა ფეხბურთის ისტორიაში.
მიქაელ ლაუდრუპთან, მოგვიანებით კი რომარიოსთან ერთად ის ბარსას ისტორიაში საოცარ წყვილს ქმნიდა და ამიტომაც უყვარდათ კატალონიელთა ფანებს.

გამთამაშებელი: მიქაელ ლაუდრუპი
ყველაზე ტექნიკური და ჭკვიანი ათიანი, ვის მხარდამხარ მოედანზე გავსულვარ.
განსხვავებულად გრძნობდა თამაშს, სრულყოფილად ფლობდა ბურთს და წამებში, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ფინტებით შეეძლო მატჩის ბედის გადაწყვეტა.
მიმაჩნია, რომ თავდასხმაში უფრო აგრესიულად რომ ეთამაშა, ან მეტი გოლი გაეტანა, მას დღემდე ყველა უდიდესთა შორის დაასახელებდა.

თავდამსხმელი: მარკო ვან ბასტენი
28 წლისამ ტრავმის გამო დაასრულა კარიერა, თუმცა ამის მიუხედავად, მან იმაზე მეტი მოასწრო, ვიდრე სხვამ გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში.
როცა მის საუკეთესო გოლებზე საუბრობენ, პირველ რიგში ევრო 88ის ფინალში, საბჭოეთის ნაკრებთან შეგდებულ იმ საოცარ გოლს იხსენებენ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ვან ბასტენმა გაცილებით ეფექტური გოლები შეაგდო აიაქსში და მილანში.
ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი 9 ნომერია, სუპერვარსკვლავი!

სათადარიგოები
რომარიო
– ის არ იყო მებრძოლი, ცოტა ზარმაცობდა კიდეც და ამისთვის ხშირად აკრიტიკებდნენ, მაგრამ მასზე საიმედო ბომბარდირი იშვიათად მინახავს.
ჯერალდ ვანენბურგი – 1987-88 წლების სეზონის ერთ-ერთი ვარსკვლავი და მსოფლიო დონის მარჯვენა ნახევარმცველი.
ხოსე მარი ბაკერო – ის, ვიზეც ააშენა იოჰან კრუიფმა ოცნების ბარსელონა.

მწვრთნელი: იოჰან კრუიფი
არაერთ დიდებულ მწვრთნელთან მითამაშია, რინუს მიხელსი და გუუს ჰიდინკი გამორჩეულად მაღალი დონის სპეციალისტები იყვნენ, მაგრამ ჩემი ოცნების გუნდის მწვრთნელად მაინც იოჰან კრუიფს დავასახელებ.
მას სურდა, რომ მის კლუბებს მხოლოდ კი არ მოეგოთ, არამედ გაემარჯვათ ისეთ სტილში, რომელზეც გულშემატკივრები და სპეციალისტები ძალიან დიდი ხნის მანძილზე ისაუბრებდნენ.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 15 მარტი)

ka_GEGeorgian