ჩემი გუნდი: რონალდო

ინგლისურ საფეხბურთო გამოცემა FourFourTwoს ერთი კარგი რუბრიკა აქვს: ყოველ ნომერში გამორჩეული ვარსკვლავების სიმბოლურ გუნდებს გვთავაზობს.
ბევრი რჩეულ თერთმეტეულს მსოფლიო დონის მოთამაშეებით ადგენს, სხვები თანაგუნდელებს ანიჭებენ უპირატესობას, მთლიანობაში კი ძალიან საინტერესო სურათი იქმნება.

FourFourTwoს 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ერთი ნომრით ჟურნალის რედაქტორობა ყველა დროის ერთ-ერთ სუპერფორვარდ რონალდოს შესთავაზეს.

ლუის ნაზარიუ დე ლიმამ ჩინებული ნომერი შემოგვთავაზა, ბოლო გვერდზე კი თავის სიმბოლური ნაკრებიც დაურთო. მაშ ასე: მსოფლიოს 2გზის ჩემპიონი, უდიდესი საფეხბურთო ტურნირის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი და მისი სიმბოლური გუნდი.

რონალდოს ოცნების გუნდი (4-3-3)
მეკარე: იკერ კასილიასი
ეს ბიჭი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე მგონია. რეალში გადასვლის დროს გავიცანი და მას შემდეგ ვმეგობრობ. ბოლო პერიოდში ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ის დიდი ჩემპიონია და ვიცი, რომ ყველა პრობლემას დაძლევს.

მარჯვენა მცველი: დანი ალვეში
მოუღლელია! მგონი, მხოლოდ ნახევარდაცვაში რომ ეთამაშა, უფრო მეტ გოლს გაიტანდა. ვთვლი, რომ კაფუს შემდეგ საუკეთესო მარჯვენა მცველია. და დიდებული ხასიათი აქვს – ბანანის ცნობილი ამბავი ზუსტად ამაზე მეტყველებს.

ცენტრალური მცველი: სერხიო რამოსი
ვთვლი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. რეალი თამამად რომ უტევს, სწორედ მისი დამსახურებაა – თანაგუნდელები დაცვას უსიტყვოდ ანდობენ. მან ნაკრებშიც დაამტკიცა, რომ საუკეთესოა.

ცენტრალური მცველი: ტიაგუ სილვა
ლიდერადაა დაბადებული, ნამდვილი წინამძღოლია! ფიზიკურად ძლიერია, რაც მასთან ორთაბრძოლას შეუძლებელს ხდის. საჯარიმოს ნამდვილი ბატონ-პატრონია! ამდენი ღირსებით რომ არ გამოირჩეოდეს, სელესაოს კაპიტანი არ იქნებოდა.

მარცხენა მცველი: მარსელო
რობერტო კარლოსს არაერთხელ უთქვამს, რომ მარსელო მასზე ტექნიკურია. ამ აზრს ვერ დავეთანხმები, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ მარსელო ყველა დროის საუკეთესო მარცხენა მცველთა შორის მოიაზრება. მომაკვდინებელია შეტევაში და ეს ჩინებულია.

ნახევარმცველი: ჩავი
ბარსელონა ასე სტაბილური რომაა, მისი დამსახურებაა. გუნდის სული და გულია, ტვინი, რომელიც თამაშს წარმართავს. ძალიან მიყვარს მისი თამაშის ცქერა და ვიმედოვნებ, კიდევ დიდხანს არ დაასრულებს კარიერას.

ნახევარმცველი: ანდრეს ინიესტა
ჩავის მესაიდუმლეა! და მათ თვალდახუჭული ესმით ერთმანეთის. ბარსას ბოლო წარმატებების დიდი წვლილი მისია – ძალიან სწრაფია, ბურთთან უნაკლოა და თანაბრად შეუდარებელია კლუბსა და ნაკრებში. ლეგენდაა!

ნახევარმცველი: ფრენკ ლამპარდი
მისი დონის მოთამაშე ყველა გუნდისთვის ზედგამოჭრილი და სასურველია. დიდებულად ავსებს ჩემ სიმბოლურ გუნდს. ფრენკი მოუღლელი მოთამაშეა, რომელიც დაცვაშიც ჩინებულია და თავდასხმაშიც.

მარჯვენა თავდამსხმელი: ლეო მესი
აქ ბევრი არაფერია სათქმელი – არგენტინელი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ თამაშობს, ბარსას სიმბოლოა, ხოლო მისი საკლუბო რეკორდები, ვფიქრობ, სამუდამოა.

ცენტრალური თავდამსხმელი: ნეიმარი
იშვიათად, რომ ბრაზილიელმა ევროპაში სადებიუტო სეზონი მაღალ დონეზე ჩაატაროს, თუმცა ნეიმარის გამოჩენა ზღაპრული იყო – ისე ჩაეწერა ბარსაში, თითქოს ლა მასიას აღზრდილი იყო. ცუდია ტრავმებმა რომ დატანჯა. ის ფანტასტიკურია!

მარცხენა თავდამსხმელი: კრიშტიანუ რონალდუ
უნაკლო ათლეტი და დიდებული მოთამაშე! დრო გადის, მას კი თითქოს ასაკი არ ეტყობა! მისი სტატისტიკა რეალში გასაოცარია – 9 სეზონი და ყველა ერთმანეთზე უკეთესი! ეუსებიო დიდი იყო, მაგრამ მგონი, რონალდუ ნომერ პირველი პორტუგალიელია.

სათადარიგოები
ზლატან იბრაჰიმოვიჩი
– გული მწყდება, რომ შვედეთის ნაკრებში ვერ იყო ისეთი წარმატებული, როგორც საკლუბო დონეზე.
გარეთ ბეილი – ყველა გუნდი ინატრებდა მისნაირ მე-12 მოთამაშეს.
ლუის სუარესი – ცივსისხლიანი მკვლელი. რომ არა ნეიმარი, ძირითადში დავაყენებდი.

მწვრთნელი: ლუიშ ფელიპე სკოლარი
ბევრი უწუნებს ტაქტიკას, მაგრამ ვთვლი, რომ ყველა დროის უდიდესი ბრაზილიელი მწვრთნელია. მისი 2002 წლის ნაკრები საუკეთესოა, რომელშიც კი ოდესმე მითამაშია. ჩემ რჩეულ ნაკრებს მხოლოდ და მხოლოდ მას ვანდობ!

 

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 30 ნოემბერი)

ka_GEGeorgian