ჩემი გუნდი: რუუდ გულიტი
ნიდერლანდების ნაკრებმა ისტორიაში ერთადერთი ტიტული მოიგო – ანრი დელონეს სახელობის თასი 1988 წელს. რუუდ გულიტი იმ გუნდის კაპიტანი გახლდათ.
ერთი წლით ადრე ის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი შეიქნა – მილანმა მის სანაცვლოდ პსვ ეინდჰოვენს, ახლანდელი კურსით თითქმის 7 მილიონი ევრო გადაუხადა.
80იანი წლების მიწურულს სილვიო ბერლუსკონის მილანი მსოფლიოს საუკეთესო კლუბი რომ გახდა, ეს ნიდერლანდური ტრიოს დამსახურებაცაა – შავ-წითელი მაისურით, გულიტის გარდა, ფრენკ რაიკაარდი და მარკო ვან ბასტენი თამაშობდნენ, თაობის ვარსკვლავები…
კარიერის მიწურულს გულიტმა ინგლისში გადაინაცვლა და 1997 წლის გაზაფხულზე, მოთამაშე-მწვრთნელის რანგში, ჩელსის ასოციაციის თასი მოაგებინა, პირველი ტიტული 28 წელიწადში!
რუუდ გულიტის ოცნების გუნდი (4-4-2)
მეკარე: პეტერ შმეიხელი
1992 წელს, ევროპის ჩემპიონატზე, ნახევარფინალში დავმარცხდით დანიასთან და იმ გუნდის კარში შმეიხელი ძალიან საიმედოდ იდგა. მარტო ნაკრებში კი არა, კლუბებშიც დიდებული იყო, განსაკუთრებით მანჩესტერ იუნაიტედში.
ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი გოლკიპერია, რომელიც ძალიან დიდ გავლენას ახდენდა თავის გუნდებზე.
მარჯვენა მცველი: მანფრედ კალცი
ის ჯერ კიდევ ჰამბურგიდან მახსოვს, სადაც საოცარი ფეხბურთელები თამაშობდნენ.
კალცი, მგონი, ერთ-ერთი პირველი მცველი იყო, მთელ ფლანგზე რომ დაქროდა, კაფუს და რობერტო კარლოსის გამოჩენამდე კარგა ხნით ადრე.
ძალიან ტექნიკური გახლდათ და გოლებიც ხშირად გაჰქონდა.
ცენტრალური მცველი: ფრანკო ბარეზი
საიმედო, გონიერი და სწრაფი მცველი.
სანამ თავდამსხმელები რამეს მოიფიქრებდნენ, მას უკვე მზად ჰქონდა პასუხი! როგორ გინდა რომ ასეთ მცველს რომ აჯობო?!
მილანში მისი ყველას ეიმედებოდა.
ცენტრალური მცველი: მარსელ დესაი
ფიზიკურად ძალიან ძლიერი მცველი და უბრალოდ შეუდარებელი საჰაერო ორთაბრძოლებისას. ფრანკო ბარეზის მხარდამხარ დაცვის გაუვალ ცენტრს ქმნიდა.
ვერ ვიტყვი, რომ ლიდერი იყო, მაგრამ მასთან დაპირისპირება ყველა ფორვარდს ეშინოდა.
მარცხენა მცველი: პაოლო მალდინი
მისი კარიერა მიუთითებს, თუ რამდენად დიდი ფეხბურთელი იყო მალდინი.
ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მცველი, თუმცა უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი – დიადი ფეხბურთელი!
ის იყო მისაბაძი მოთამაშე, საიმედო თანაგუნდელი და საშინელი მეტოქე.
ლეგენდა!
მარჯვენა ნახევარმცველი: კაკა
უნაკლო შუახაზელი, თაობის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე.
ვფიქრობ, კაკა იმ იშვიათთა შორისაა, რომლებიც ბურთით უფრო სწრაფად დაქროდნენ, ვიდრე მის გარეშე.
ბევრს მიაღწია და მეტს შეძლებდა მილანიდან რომ არ წასულიყო, ის როსონერისთვის იყო დაბადებული.
ცენტრალური ნახევარმცველი: ფრენკ რაიკაარდი
წლების განმავლობაში ერთად ვითამაშეთ კლუბსა და ნაკრებში და ფრენკი ყველგან დიდებული იყო.
საუკეთესოდ აბალანსებდა ყველა შემადგენლობას და ერთნაირად სასარგებლო იყო დაცვასა თუ შეტევაში. ყველა დიდი გუნდი ისურვებდა მისნაირ ნახევარმცველს – ბრწყინვალე ჩამშლელს და სახიფათო შემტევს.
ცენტრალური ნახევარმცველი: დიეგო მარადონა
აუცილებლად უნდა განვმარტო?
წლების მანძილზე ერთად ვთამაშობდით სერია აში, დროდადრო მეტოქეები ვიყავით და დამიჯერეთ: ის ისეთ სიმაღლეზე იდგა, სხვებისთვის მიუღწევლად დარჩა.
პელე? არა, დიეგო გაცილებით მაღალი დონის იყო.
მარცხენა ნახევარმცველი: დევიდ კუპერი
ამ პოზიციაზე ბევრი მოთამაშე განვიხილე, მაგრამ ყველა თანაგუნდელსა თუ მეტოქეს მაინც კუპერი მირჩევნია.
ის შესანიშნავი შემტევი იყო! კი, ვიცი, რომ ნაკლებად იცნობენ, მაგრამ ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს – მისნაირი ტექნიკური, სწრაფი და მრავალმხრივი მარცხენა ნახევარმცველი არ მინახავს.
თავდამსხმელი: იოჰან კრუიფი
მისტერ ფეხბურთი!
მთელი კარიერის მანძილზე გამთამაშებლად, ხანდახან თავდამსხმელად თამაშობდა, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ვთქვათ მეკარე, მცველი ან ჩამშლელი ნახევარმცველი რომ ყოფილიყო, ამ პოზიციებზეც მსოფლიო დონის ფეხბურთს აჩვენებდა.
მან უდიდესი გავლენა მოახდინა ნიდერლანდურ ფეხბურთზე.
თავდამსხმელი: მარკო ვან ბასტენი
თუ სხვებისთვის სიმაღლე პრობლემაა, მარკომ ის დამატებით იარაღად აქცია – შეტევაში უნაკლო იყო, საჰაერო ორთაბრძოლებისას კი უბრალოდ შეუდარებელი!
შორიდან გასროლა, თავურები, მაკრატელა, მოწყვეტილი დარტყმა, დრიბლინგი… მარკოს ყველაფერი დიდებულად ეხერხებოდა!
სათადარიგოები
ზინედინ ზიდანი – ყველა მნიშვნელოვან მატჩში საუკეთესო იყო. ახლო წარსულის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი!
რონალდინიო – კიდევ ერთი სუპერვარსკვლავი, რომელსაც ყველაფერი ხელეწიფებოდა. არ ვიცი რამდენად კმაყოფილი იქნება სათადარიგოთა სკამზე, თუმცა სათამაშო დროს, თან საკმაოდ ბევრს, აუცილებლად მიიღებს.
რონალდ კუმანი – ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მცველი! შეუდარებელი იყო სტანდარტულების დროს და ამის გამო ბევრ მცველზე დიდია.
მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი
ასეთი გუნდი მხოლოდ და მხოლოდ სერ ალექსმა უნდა გაწვრთნას, კაცმა, რომელიც ერთნაირად წარმატებული იყო როგორც მოქალაქე და როგორც საფეხბურთო სპეციალისტი.
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 25 მაისი)