ჩემი გუნდი: სამუელ ეტოო

სამუელ ეტოო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო აფრიკელია, ვისაც კი ოდესმე უთამაშია ევროპულ გრანდში.
ბარსელონის და ინტერის მაისურით მან 3ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 2011 წელს კი, ინტერის შავ-ლურჯი მაისურით თასების ჰეთ-თრიქი შეასრულა – სერია ა, თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო!

ეტოო აფრიკის თასის ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელიცაა, შავი კონტინენტის წლის ფეხბურთელის 4 ტიტულით კი რეფერენდუმის რეკორდსმენი გახლავთ და ამავდროულად, ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი აფრიკელიცაა.

მას კიდევ უამრავი საინტერესო მიღწევა ეკუთვნის, მაგრამ ჩინ-მედლებს თავი დავანებოთ და უდიდესი კამერუნელის ყველა დროის სიმბოლურ გუნდს გავეცნოთ

სამუელ ეტოოს ოცნების გუნდი (4-3-3)
მეკარე: იკერ კასილიასი
ყველა დროის 3 მეკარეს თუ დაასახელებენ, ერთ-ერთი ნაღდად კასილიასია. ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი, როცა რეალის მეორე გუნდში თამაშობდა და ბაზაზე მოპედით მოდიოდა. კიდევ ის მახსენდება, რომ საშინლად იცვამდა…
ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი მინახავს, მაგრამ იკერმა შეძლო და ნიჭი ბოლომდე გამოავლინა. ამას ყველა ვერ ახერხებს.

მარჯვენა მცველი: დანი ალვეში
ჩვენი დროის კაფუა, უმაღლესი დონის ფეხბურთელი! არასდროს მინახავს აღელვებული, ყოველთვის მშვიდად თამაშობდა.
უმაღლესი დონის ტექნიკის და მოედნის ხედვის გამო ის ყველა გუნდისთვის შეუცვლელია.

ცენტრალური მცველი: ჯონ ტერი
ჩემი წარმოდგენით იდეალური ინგლისელი ჯონ ტერის ჰგავს. მხოლოდ ფეხბურთელებს არ ვგულისხმობ, ზოგადად ვამბობ. მნიშვნელოვანია, რომ მცველი წინასწარ გრძნობდეს სიტუაციას და წამებში იღებდეს გადაწყვეტილებას. ტერი სწორედ ასეთი იყო. მას სხვადასხვა ცერემონიებზე ვხვდებოდი და ყოველთვის სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა.

ცენტრალური მცველი: რიო ფერდინანდი
მის წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია, რთული იყო მასთან ბრძოლა: სწრაფი, ძალიან ძლიერი და ჭკვიანი გახლდათ. ჯონ ტერისთან ერთად დაცვის ცენტრში სუპერ წყვილს ქმნიდა. ერთ-ერთი საუკეთესო, ვინც ჩემ დროს თამაშობდა.

მარცხენა მცველი: პატრის ევრა
პირადად არ ვიცნობ, არადა რამდენჯერმე შევხვდით. მიუხედავად ამისა, ვაღიარებ, რომ მშვენიერი განაპირა მცველია, დაცვაში საიმედო და შეტევაში ძალიან სახიფათო. არასდროს მინახავს დაღლილი.

ნახევარმცველი: სტივენ ჯერარდი
ყოველთვის ვეთაყვანებოდი იმ მოთამაშეებს, რომლებიც ბავშვობიდან ერთ კლუბში თამაშობდნენ და საკლუბო ისტორიას ლეგენდად შემორჩნენ. ჯერარდი ამ მხრივ სამაგალითოა – ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ლივერპულელია! მის წინააღმდეგ თამაში სასიამოვნოდ მახსენდება.

ნახევარმცველი: მაჰამადუ დიარა
როცა ივან ელგერა რეალიდან წავიდა, მის პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი გამოსცადეს, თუმცა დიარას გარდა ვერავინ გაამართლა. გარდა იმისა, რომ შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, ის ჩინებული ადამიანიცაა.

ნახევარმცველი: ალესანდრო დელ პიერო
იტალიური ფეხბურთის ლეგენდაა, მოედანს მიღმა კი დახვეწილი და კარგი ადამიანია. ჩემი ერთ-ერთი კერპი იყო – როცა მაიორკაში გადავედი, დელ პიერო უკვე სუპერვარსკვლავი გახლდათ.
ის აუცილებლად უნდა იყოს ჩემს გუნდში!

თავდამსხმელი: დიდიე დროგბა
ჩემი არ იყოს, მან რამდენჯერმე მოიგო აფრიკის წლის მოთამაშის ტიტული, რაც უნდა ვთქვა, რომ იოლი არასდროს ყოფილა.
დიდიე ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრფორვარდად მიმაჩნია!
საუკეთესო კოტდივუარელია, რომელსაც კი ოდესმე შევხვედრივარ.

თავდამსხმელი: რაული
რეალის ნამდვილი სიმბოლო და, თუ გადაჭარბებული არ მოგეჩვენებათ, ალბათ მადრიდის ღმერთიც.
ნებიმიერი ფეხბურთელი ისურვებდა ისეთ კარიერას, როგორც მას ჰქონდა.
უნაკლო ცენტრფორვარდი იყო!

თავდამსხმელი: ემანუელ ადებაიორი
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო აფრიკელი. განსაკუთრებით არსენალში მომწონდა.

სათადარიგოები
უეინ რუნი
– მხიბლავდა ამ ბიჭის ენერგია და ურთულესი პოზიციებიდან გატანილი გოლები.
კრიშტიანუ რონალდუ – დრო გადის, ის კი არ იცვლება, პირიქით, უფრო ძლიერდება. საოცარი ფორვარდი და ფეხბურთელი. ერთმნიშვნელოვნად ყველა დროის გამორჩეული მოთამაშე!
ფრედერიკ კანუტე – დღემდე მიკვირს, როგორ არ დააფასეს ინგლისურმა კლუბებმა და ესპანეთში გადასვლის შანსი მისცეს.

მწვრთნელი: ლუის არაგონესი
თუ ვინმე ოდესმე იცნობდა მას, დამეთანხმება, რომ საოცარი ადამიანი იყო. არაფერს ვამბობ იმაზე, თუ რა ძლიერი სპეციალისტი გახლდათ.
ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ – ლუის არაგონესი ჩემი ესპანელი ბაბუა იყო და ასეთად დარჩება ყოველთვის.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 18 იანვარი)

ka_GEGeorgian