ჩემი გუნდი: ტონი ადამსი

ბრიტანეთის იმპერიის ბრწყინვალების ორდენის კავალერი, მისტერ არსენალი ტონი ალექსანდერ ადამსი 22 წლის განმავლობაში ემსახურა ლონდონის არსენალს. მეთოფეების ფანების აზრით, ის საკლუბო ისტორიაში უდიდესი ფეხბურთელია.
არსენალის სტადიონთან, ემირეითსის ტერიტორიაზე 3 გამორჩეული კაცის ძეგლია: ჰერბერტ ჩეპმენის, ტიერი ანრის და… ტონი ადამსის.
670 მატჩში გატანილი 48 გოლით და 13 ტიტულით ადამსმა ეს პატივი ნამდვილად დაიმსახურა.

ის ერთადერთია, რომელმაც სამ ათწლეულში კაპიტნის რანგში მოიგო ინგლისის ჩემპიონის ტიტული და ერთ-ერთი იმ ასიდან, რომელიც საფეხბურთო ლიგის ლეგენდის სტატუსი დაიმსახურა.
დიდმა კაპიტანმა კარიერა 2002 წლის გაზაფხულზე დაასრულა და მალე პრემიერლიგის პირველი ათწლეულის სიმბოლურ ნაკრებშიც დასახელდა. ახლო წარსულში მწვრთნელობა სცადა, ნიდერლანდებში, აზერბაიჯანსა და ესპანეთში მოსინჯა ძალები, მაგრამ ამ საქმე მალე შეეშვა.

ტონი ადამსის ოცნების გუნდი (4-3-3)
მეკარე: დევიდ სიმენი
არსენალში რომ მივედი, კარს ჯერ კიდევ პატ ჯენინგსი იცავდა, მაგრამ მალე გამოჩნდა სიმენი და მივხვდი, რომ მან დიდი ხნით დაიკავა ნომერ პირველი მეკარის პოზიცია.
მასში ყველაზე ძალიან თავდაჯერებულობა მომწონდა – ჩვენ, მცველები, მშვიდად ვიყავით, რადგან ვიცოდით, რომ ზურგს საიმედო მეკარე გვიმაგრებდა.

მარჯვენა მცველი: ვივ ანდერსონი
ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი განაპირა მცველი, ვისთანაც და ვის წინააღმდეგაც მითამაშია!
მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. სამაგალითო იყო მოედანზე და მის მიღმაც. 2ჯერ მოიგო თასების მფლობელთა თასის მედალი!

ცენტრალური მცველი: ფრანკო ბარეზი
ის არ იყო ფიზიკურად ძლიერი, ახმახი და დაკუნთული, თუმცა ეს ხელს არ უშლიდა უნაკლოდ წაეკითხა თამაში.
ვფიქრობ, ის ჩინებული იქნებოდა ლიბეროს პოზიციაზეც.
ბარეზი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია, ვინც კი ოდესმე მინახავს!
არ დავმალავ: მისი ტიტულების ჩამონათვალიც მხიბლავს.

ცენტრალური მცველი: პაოლო მალდინი
ბარეზის ბრწყინვალე მემკვიდრე! მახსოვს, როცა არსენალს ჯორჯ გრემი წვრთნიდა, მცველებს ხშირად გვირთავდა მილანის უკანახაზელების თამაშის ჩანაწერებს.
პაოლო დიდებული იყო, სუფთა და სამართლიანი მოთამაშე. მისნაირი კაპიტნით ყველა კლუბი იამაყებდა.
სხვათა შორის ძალიან ლამაზი მეუღლე ჰყავს.

მარცხენა მცველი: კენი სენსომი
როცა ნაკრებში 80ზე მეტ შეხვედრას ჩაატარებ, ესე იგი ძლიერი ხარ.
კენი დიდებული იყო პერსონალური მეურვეობისას, თუმცა შეტევაშიც ჩინებულად ერთვებოდა.
სენსომი 80იანი წლების ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო.

მარჯვენა ნახევარმცველი: პატრიკ ვიეირა
უნაკლო ნახევარმცველი უშრეტი ენერგიით! მთელი შეხვედრის განმავლობაში არ ჩერდებოდა და წარმოუდგენელი მოცულობის სამუშაოს ასრულებდა.
მას ხშირად ადარებდნენ როი კინს, მაგრამ ვთვლი, რომ ერთი თავით სჯობდა ირლანდიელს.

ცენტრალური ნახევარმცველი: დუნგა
გულშემატკივრებს ბრაზილიელი თავდამსხმელები უყვართ, მაგრამ მხოლოდ ფორვარდებით ისინი მსოფლიოს ჩემპიონატს 5ჯერ ვერ მოიგებდნენ. სელესაოს ყოველთვის ჰყავდა ჩრდილში მყოფი ლიდერი და დუნგა საუკეთესოა ასეთთა შორის. მას ყველა პოზიციაზე შეეძლო თამაში, თან რამდენი მატჩი ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატებზე!

მარცხენა ნახევარმცველი: რობერ პირესი
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთანაც კი მითამაშია!
ის არაა სათანადოდ დაფასებული, არადა უნაკლო იყო: სწრაფი, ტექნიკური, ორივე ფეხით უტევდა…
თუ ვინმე შლიდა მეტოქის დაცვას, ერთ-ერთი პირესი იყო. თან, ის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია და ვფიქრობ, ამით ბევრი რამაა ნათქვამი.

უკანდახეული თავდამსხმელი: დენის ბერხკამპი
გოლები კარგია, მაგრამ ისინი უფრო მომწონდა, რომლებიც გოლებს ქმნიდნენ.
ბერხკამპი სწორედ ასეთი იყო: ნიჭიერი, ტექნიკური, ზუსტი დარტყმით და დროული პასით.
ის არსენალის ლეგენდაა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო უცხოელი, ვისაც კი ჰაიბერიზე უთამაშია.

თავდამსხმელი: მარკო ვან ბასტენი
ჩემთვის მარკო დიეგო მარადონაზე უკეთესია! კი, არგენტინელი საოცრად ტექნიკური იყო, უნაკლო დრიბლიორი, მაგრამ მარკოს ვერ შევადარებ!
ვან ბასტენის წინააღმდეგ არაერთხელ ვითამაშე და არ დავმალავ: მისი დაჭერა ურთულესი იყო!
ცენტრფორვარდისთვის ძალიან მაღალი გახლდათ, მაგრამ ეს უამრავი და ეფექტური გოლების გატანაში ხელს არ უშლიდა.

თავდამსხმელი: ტიერი ანრი
იცით რას მეკითხებოდნენ ჩვენი ფანები ყველაზე ხშირად? არის თუ არა ანრი უდიდესი, ვისაც კი არსენალის ფორმით უთამაშია.
გულშემატკივრებს ასე ვპასუხობდი და ახლაც იგივეს გავიმეორებ: ანრი ერთ-ერთი საუკეთესოა, რომელიც არათუ არსენალში, პრემიერლიგაში გვინახავს.
არსენალის, ინგლისის ჩემპიონატის და ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა!

სათადარიგოები
რუუდ გულიტი
– ჩემზე და მარკოზე მაღალი იყო… საოცრად ძლიერი მოთამაშე… კართან იშვიათად ჩნდებოდა, მაგრამ უამრავ პრობლემას გვიქმნიდა.
მარსელ დესაი – ვფიქრობ, ის უკეთესო ნახევარმცველი იყო, ვიდრე მცველი, თუმცა ვერსად გავექცევით იმ ფაქტს, რომ მსოფლიოს ჩემპიონის მედალი დაცვის ცენტრში თამაშით მოიგო.
იან რაიტი – პრემიერლიგის გარიჟრაჟზე საუკეთესო თავდამსხმელთა შორის იდგა.

მწვრთნელი: არავინ
ერთხელ არსენ ვენგერმა თქვა, რომ კარგი მენეჯერი პირობითი ცნებაა, მთავარი ძლიერი და ჭკვიანი ფეხბურთელებია. მას სრულად ვეთანხმები – ჩემ გუნდს დამრიგებელი არ სჭირდება, ისინი თავადაც ჩინებულად ითამაშებენ.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 13 იანვარი)

ka_GEGeorgian