ჩემი კობი

1990 წლის შემოდგომა იდგა…

გერმანია გაერთიანდა, თბილისში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა მიტინგს მიტინგზე აწყობდა, ზაფხულის არდადეგების შემდეგ სკოლაში დაბრუნებული ბიჭები იტალიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვკამათობდით და პოპულარული საღეჭი რეზინის, ტურბოს და ფინალ 90-ის ქაღალდებს ვაგროვებდით.

კიდევ რა მახსოვს? ერთ მშვენიერ საღამოს ტელევიზიით მხატვრული ფილმი „მთელი ძალით“ უჩვენეს, რემბო-სილვესტერ სტალონეს მონაწილეობით, და მეორე დილით მთელი სკოლის ბიჭები ერთმანეთს მკლავის გადაწევაში ვეჯიბრებოდით.

ვერ ვიტყვი, რომ ცუდი დრო იდგა. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, 12 წლის ბიჭისთვის, ყველაფერი ნორმალურად იყო – სკოლა, მეგობრები და კვირაში ორჯერ ფეხბურთი და კალათბურთი: ორი დღე ნორჩი დინამოელის მოედანი და ორჯერაც დიდუბის მძლეოსანთა დარბაზი…

მამის მეგობარი, რომელიც ჩვენი მეზობელიც იყო, პატარა კალათბურთელებს ვერის პარკში ავარჯიშებდა. ვიდეოც ახალი შეძენილი ჰქონდა და ერთ მშვენიერ დღეს კასეტა მოიტანა, მაგარ თამაშს გაყურებინებთო, გვითხრა.

მე და მეგობრებს სპორტს არაფერი გვერჩივნა – თუ რამე სანახავ-წასაკითხი იყო, ყველაფერს ვისრუტავდით ფეხბურთით დაწყებული ფიგურული სრიალით და კატარინა ვიტით დასრულებული.

და ამ დროს, ბახ: ვიდეო და ამერიკული კალათბურთი!

ჯადოსნური საღამო გამოვიდა: მეჯიქ ჯონსონის ლეიკერსი აიზია ტომასის დეტროიტს ეთამაშებოდა. ორივეს შესახებ იმ საღამოს პირველად გავიგე. ხოლო სუპერფინალი იყო თუ რეგულარულის მატჩი, მაგას ახლა ნაღდად ვერ გეტყვით. მაგრამ ლეიკერსი, რომელმაც იმ კასეტაში გაიმარჯვა, შემიყვარდა! პირველი შთაბეჭდილების ამბავია, ყველა ასე არ ვართ?!

90-იანი წლების NBA-ში, როცა რუსული რტრ (გაითვალისწინეთ: საკაბელო ტელევიზიებამდე ხდება ეს ამბები) საკალათბურთო მიმოხილვებს და დროდადრო, სრულ მატჩებსაც გამოურევდა, მაიკლ ჯორდანი, სკოტი პიპენი და მათი ჩიკაგო ბულზი მეფობდა.

ჯორდანის არყოფნაში ჰაკიმი და ჰიუსტონიც გამოერია, ნელ-ნელა კი ჩარლზ ბარკლის ფინიქსი, კლაიდ დრექსლერის პორტლენდი და ჯონ სტოქტონის და კარლ მელოუნის ლამაზი იუტა ჯაზიც გავიცანი. ნუ, გადარეული დენის როდმანი კიდე სულ სხვა თემა იყო…

და სანამ ძმაკაცები ჯორდანის და ბულზის ზღაპრული თამაშებით ტკბებოდნენ, „ჩემი“ ლეიკერსი წვალობდა: მეჯიქი, შიდსის გამო, მალე წავიდა, ლოს ანჯელესში კი გოლიათი იუგოსლავიელი, ლიგის ერთ-ერთი პირველი ლეგიონერი ვლადე დივაცი იყო საუკეთესო. დღევანდელი საზომებით ისე რა მოთამაშე.

90-ების ბოლოს სიტუაცია შეიცვალა: ჯერ შაკი გამოჩნდა ორლანდოში, ყველაფერი მილეწ-მოლეწა და აწ განსვენებულმა ჯერი ბასმა მალე ლეიკერსის ყვითელ ფორმაში გამოაწყო.

მერე კი კობიც მოვიდა ხარების მომთვინიერებელ ფილ ჯექსონთან ერთად და მეც ამოვისუნთქე: ჩემპიონობა, ჩემპიონობა, ჩემპიონობა!

კობის და შაკის ლეიკერსი შეუჩერებელი იყო! არავის ინდობდა! კი, ლოს ანჯელესში სხვებიც იყვნენ, მაგრამ ეს ორი ძალიან მაღლა იდგა, თვალუწვდენელ მწვერვალზე. შაკი რომ წავიდა, კობის ცოტა გაუჭირდა, მაგრამ მალე ლეიკერსის გასახდელი პო გასოლმა შეაღო და მეც კიდევ ორჯერ გავიხარე.

და მარტო სტატისტიკა ხომ არაა მნიშვნელოვანი? ბრაიანტი, ზღაპრულ შედეგებთან ერთად, ძალიან ეფექტური მოთამაშე იყო, ლიდერი, ელეგანტური… სწორედ ამის გამო დავაფასე და გამორჩეულად ვგულშემატკივრობდი.

ჯორდანი, კობი, მეჯიქი – ასეთი იყო ჩემი სამეული.

გასული ათწლეული კვლავ მძიმე გამოდგა – ბრაიანტი ტრავმებმა გატანჯა, მის გარეშე კი ლეიკერსმა 90-ებში დამაბრუნა…

ზუსტად 24 საათის წინ ბედნიერი ვიყავი – ჩემი საყვარელი გუნდის ყველა თამაში და მიმოხილვა ვნახე ამ სეზონში, ყოველი მატჩის შემდეგ ჩავხედავდი ხოლმე ლიგის შთამბეჭდავ სტატისტიკას…

ახლაც მჯერა, რომ ლებრონ ჯეიმსის ეს ლეიკერსი სუპერფინალში ითამაშებს, მაგრამ წუხანდელი საშინელი ამბის გამო, თითქოს ყველაფერმა აზრი დაკარგა. ნუ, ჩემთვის ასეა და სხვამ თავისი თქვას.

მეფე და მისი ბიჭები, შესაძლოა, გახდნენ კიდეც ჩემპიონები. თუ ასე მოხდა, გამიხარდება, მაგრამ ბედნიერი ნაღდად ვერ ვიქნები. კობის ტრაგედიამ ეს სეზონი (და არა მარტო) გადაწონა.

შემაძრწუნებელი ამბავია!

41 წელი – თვალის ერთი დახამხამება…

დონალდ ტრამპმა თქვა სამძიმარში – კობი ახლა იწყებდა ცხოვრებასო. პრეზიდენტმა ათიანში მოარტყა.

კობიმ მილიონებისთვის საოცნებო გზა განვლო. ყველა პირობა ჰქონდა ბედნიერებისთვის: საყვარელი მეუღლე და შვილები, მეგობრები, სახელ-დიდება…

და ამ დროს: სიკვდილი ჰაერში.

ძალიან მძიმე ამბავია – ტრაგედიამ მთელი მსოფლიო შეძრა. ვინ აღარ გამოეხმაურა…

ითქვა, რომ 13 წლის ქალიშვილთან და მეგობრებთან ერთად საკალათბურთო მატჩზე მიდიოდა.

ვერავინ გადარჩა…

კობი ჩემი თანატოლი იყო.

კობი კალათბურთი იყო.

და ის ჩემი კობი იყო.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 27 იანვარი)

ka_GEGeorgian