ჩემი კოხტა კატარინა
ხვალ პეკინის ოლიმპიადა იწყება და ეს ამბავიც ამიტომ გამახსენდა: ფოტოებზე 80იანი წლების მსოფლიო სპორტის ერთ–ერთი ვარსკვლავია, აღმოსავლეთგერმანელი მოციგურავე კატარინა ვიტი.
სწორედ ისაა პირველი, ვის გამოც ზამთრის თამაშებით დავინტერესდი.
კატარინას დიადი გამარჯვებები და სპორტით ჩემი დაინტერესება საბჭოეთის რყევას დაემთხვა. მიუხედავად იმისა, რომ რკინის ფარდის საბოლოო ჩამოშლამდე დიდი დრო არ იყო დარჩენილი, სასურველი ცნობების მოძიება ჯერ კიდევ რთული საქმე გახლდათ და მეც სხვადასხვა საშუალებებით, გაჭირვებით ვიკმაყოფილებდი ინტერესს: მწირი სატელევიზიო ცნობები იქნებოდა, ლელო თუ ჩემს სამეგობროში აღმოჩენილი სპორტული ჟურნალები ფერადი, დიდი პლაკატებით.
კატარინა ვიტის ფოტოებიც ჩეხურ თუ პოლონურ გამოცემაში ვნახე, ახლა აღარ მახსოვს სტარტი იყო თუ სტადიონი. მოგვიანებით უფროსების საუბარსაც მოვკარი ყური და… მოკლედ, კალგარი 88ს მის გამო ვუყურე.
იმ წელს კატარინას საპატივცემულოდ დასტამბული საფოსტო მარკაც ჩამივარდა ხელში (ახლაც შენახული მაქვს). კალგარიში ის მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიო-ევროპის ოქროები მანამდეც არ აკლდა, აი რაც შეეხება მარკებს, მათი შეგროვება და გაცვლა და მათით თამაში ჩემი თაობის ბიჭების ერთ-ერთი საყვარელი გასართობი იყო. ერთი სიტყვით, ლამის ყველა მხრიდან ამ კოხტა გერმანელ გოგონას ვხედავდი: გაზეთებში, ტელეეკრანზე, მარკებზე, მეგობრობის დღიურებში…
კალგარის ოლიმპიადის შემდეგ კატარინამ ჯერ სამწლიანი და ძალიან წარმატებული ამერიკული ტურნე დაიწყო მასავით ოლიმპიურ ჩემპიონთან, ბრაიან ბოიტანოსთან ერთად, შემდეგ კი პროფესიონალის სტატუსით დაბრუნდა.
ამერიკული თავგადასავლის შემდეგ მისი სპორტული კარიერა დაღმა დაეშვა, სამაგიეროდ სხვა ასპარეზზე გაუმართლა: კინოში ეპიზოდური როლებით დაწყებული საქველმოქმედო პროექტების ხელმძღვანელობით დასრულებული.
მეორე ოლიმპიური ოქროს მოგებიდან ათი წლის შემდეგ, 33 წლისა, ფრაუ კატარინა ფლეიბოისთვის გაშიშვლდა. და ამას ისეთი ამბავი მოჰყვა, რომ მის შესახებ 56 წლის ქალბატონს დღემდე ეკითხებიან.
თავად მოციგურავემ იხუმრა, შიშველი ფოტოების გადაღება მეგობარმა მამაკაცმა მთხოვაო. ასე იყო თუ ისე, 1998 წლის საახალწლო ფლეიბოი, რომლის პირველ გვერდსაც კატარინა ამშვენებდა, ჰავაის ფოტოსესიის კადრები კი თორმეტ გვერდზე გაიშალა, სრულად გაიყიდა! სუპერპოპულარული გამოცემის რედაქციამ მოგვიანებით დაადასტურა, რომ მერლინ მონროთი დამშვენებული სადებიუტო ნომრის შემდეგ ეს იყო პირველი, რომლის ყველა ეგზემპლარი დაიტაცეს…
2018 წელს ზამთრის ოლიმპიადას პიონჩანმა უმასპინძლა. იმ თამაშების მიღება მიუნხენსაც სურდა. გერმანელთა პროექტის სათავეში სწორედ კატარინა ვიტი იდგა, თუმცა წარუმატებლად.
ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ამაზე არც უდარდია და კვლავ ცხოვრებით ტკბება: საზეიმო ცერემონიების თუ პრემიერების სასურველი სტუმარია, ცეკვავენ ვარსკვლავების გერმანულ ვერსიაშიც გამოჩნდა, კოვიდამდე ხშირად სტუმრობდა ოქტობერფესტს, ყინულზეც სრიალებს კომერციულ შოუებში, ერთხელ კი ბერლინის ოლიმპიაშტადიონზეც ვიხილე, ფინალის წინ, გერმანიის თასით ხელში…
ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის არქივის დიდი ნაწილი რამდენიმე წლის წინ ხელმისაწვდომი გახდა და სწორედ მაშინ შეიტყო ყველამ რომ შტაზი კატარინას წლების განმავლობაში უთვალთვალებდა, ოლიმპიური ჩემპიონის პირადი საქმე კი სამ ათას გვერდს მოიცავდა.
კაცმა არ იცის იყო თუ არა იმ დოკუმენტებში ფრაუ ვიტის და ჩვენი ესტრადის ერთი ვარსკვლავის სასიყვარულო თავგადასავლის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამ მხიარული და ხანმოკლე რომანის შესახებ მეგობარმა, თავადაც შესანიშნავმა მომღერალმა მიამბო, თუმცა აქ, ცხადია, არაფერს დავწერ.
როგორც დიდი მიდი მოადე იტყოდა, ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა…
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 3 თებერვალი)
ფოტო: Playboy, Kicker