ჩემი მეათე ევროპა
ორი დღეც და ჩემი მეათე ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. პირველი ევრო 1988 იყო, რომელიც ასევე გერმანიაში გაიმართა, თუმცა მაშინ ეს მშვენიერი ქვეყანა ორად იყო გაყოფილი და ის, რომელმაც კონტინენტის რვაგუნდიან პირველობას უმასპინძლა, ანუ დასავლეთ ნაწილი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკად იწოდებოდა.
იმ დროს ათი წლის ვიყავი, კიდევ ერთი კლასი ახალი დამთავრებული მქონდა და ზაფხულის არდადეგებს სოფელში ვატარებდი. თამაშებსაც იქ ვუყურე, ბიძაჩემთან, რამდენჯერმე მის მეგობრებთან და ერთი-ორჯერ ბაბუასთან ერთად. საბჭოთა კავშირი-იტალიის ნახევარფინალი მე და ბაბუაჩემმა ერთად რომ ვნახეთ, ეს გუშინდელი დღესავით მახსოვს. სხვათა შორის, საბჭოელებს, ფინალში გასვლის გამო, გაზ 24-10-ის უსახსოვრეს (მანქანა იყო ასეთი, პრესტიჟული) და ის, რომელიც ვასილი რაცს შეხვდა, ორ წელიწადში ბიძაჩემმა იყიდა…
ევრო 1988 პირველი დიდი საფეხბურთო ტურნირი იყო, რომლის კედლის კალენდარი ჩემი ხელით შევავსე. ბუხრის გვერდით, საწოლთან მქონდა გაკრული. თან მქონდა რუსული ჟურნალი „ბერნიც“ (ქართული არ გამოცემულა, მხოლოდ ლელოში დაიბეჭდა რვავე გუნდის ეგრეთ წოდებული პროფაილი), სადაც ყველა ნაკრების ფოტო იყო დაბეჭდილი და გუნდური ფოტოები მაშინ უკვე ძალიან მომწონდა. ჩემპიონატის მერე, შემოდგომით, „ბერნის“ მეორე ნომერიც გამოიცა, შემაჯამებელი წერილებით და ახალი გუნდური ფოტოებით. უნგრული კეპეშ სპორტიც მაშინდელია. კიდევ ჩეხოსლოვაკიური სტადიონიც მქონდა და სტარტიც, მაგრამ ახლა ვერ ვიპოვე და როცა მივაგნებ, იმათაც დავასკანერებ. სხვა თუ არაფერი, ტკბილ მოგონებებს აცოცხლებს.
ძალიან მომწონდა იმ ევროჩემპიონატის თილისმა, ბაჭია ბერნი, რომელსაც ყველა ტელერეპორტაჟის დაწყების წინ გვიჩვენებდნენ და კიდევ, ჰოლანდიის ნაკრების მაისური, უცხო და ლამაზი იყო.
ისე მოხდა რომ ჰოლანდია, ანუ ნიდერლანდები, როგორც ახლა ეწოდება ამ ლამაზ ქვეყანას, აღმოჩნდა პირველი უცხოური ქვეყანა, სადაც ვიმოგზაურე და ჩემთვის იქაურობა ამის გამო კიდევ უფრო დასაფასებელი გახდა. ოცი წლის ვიყავი იქ რომ მოვხვდი, 90-იანი წლების თბილისიდან ამსტერდამში ჩასვლა კი, თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ რა შთაბეჭდილებას მოახდენდა…
ევრო 88-ის მაშინდელი სპეცგამოშვება, ნიდერლანდური ჟურნალი, ამსტერდამში მორიგი მოგზაურობის დროს, ამ რამდენიმე წლის წინ ვიყიდე. ერთ-ერთ ქუჩაზე იქაურ ბუკინისტებში შევედი და… ამ ჟურნალის და სხვა გამოცემების წამოსაღებად კიდევ ერთი ჩემოდანი ვიყიდე! სულ საფეხბურთო წიგნები და ალბომები: მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები, შოთას დროინდელი აიაქსის ენციკლოპედია, აიაქსის საშინაო თამაშების პროგრამები…
1988 წლის ივნისში ვერც ვიფიქრებდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვდებოდა და მე ჩემი საყვარელი გუნდის თამაშებზე დასასწრებად გერმანიაში გავემგზავრებოდი. მე თუ მკითხავთ, ლოდინი ძალიან გაგვიგრძელდა, გაუმართლებლად დიდხანს. 90-იან წლებში რაღაც-რაღაცები რომ არ შეგვშლოდა დიდს და პატარას, ალბათ, საფეხბურთო და არასაფეხბურთო პრობლემები გაცილებით იოლად მოგვარდებოდა, მაგრამ რაც არის, არის, ამაზეც მადლობელი ვარ. მთავარია ევროპის ლოდინში კიდევ 36 წელიწადი არ გავიდეს და ისევ ჩაკეტილ წრეზე არ ვიბოდიალოთ.
საქართველოს გაუმარჯოს!
ლაშა გოდუაძე
2024 წლის 12 ივნისი
ფოტო: UEFA.com