ჩემი მსოფლიო ფინალები
დღეს 20 ოქტომბერია. ზუსტად ერთ თვეში, 20 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. კატარი 2022 ჩემთვის მეცხრე მსოფლიო თასია, რომელსაც შეგნებულად ველი.
მექსიკა 1986-ის რამდენიმე თამაში მახსოვს, მათ შორის ფინალიც, რომელიც ჩემ დაბადების დღეს დაემთხვა და ძალიან ტკბილად მაგონდება, მაგრამ რასაც ქვია მოლოდინი, დღეების თვლა და ასე შემდეგ, ეს იტალია 1990-დან დამეწყო.
მექსიკა 1986-ის ფინალს სოფელში ვუყურე. ცხონებული ბიძაჩემი მეგობრებთან ერთად ჩემ დაბადების დღეს აღნიშნავდა და იყო ერთი გაგიმარჯოს, დიდი ბიჭი გაიზარდე, გენაცვალე და, 2:2-ზე გამარჯვებულის გამოცნობის შემდეგ, წითელი თუმნიანების წვიმა.
იტალია 1990-ის უკანასკნელი თამაშიც ისევ სოფელში ვნახე, მომდევნო ფინალებს კი ასე ვუყურე:
1994 – შინ, თბილისში
1998 – ვაკის პარკში, ღია კინოთეატრში
2002 – ძმაკაცთან, თბილისში
2006 – ფეხბურთის ფედერაციაში, მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის კაბინეტში
2010 – ძმაკაცთან, თბილისში
2014 – ჩემთან, მეგობრებთან ერთად
2018 – ჩემთან, მეგობრებთან ერთად
რაც შეეხება წლევანდელს, დიდი ალბათობით ისევ იქ მივალ, სადაც შარშანდელი ევროფინალი ვნახე ოქრო ბიჭებთან ერთად – ზემო ვაკის ერთ კოხტა ეზოში.
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 20 ოქტომბერი)
ფოტოკოლაჟი: ემილიო სანსოლინი