ჩემი პირველი ფავორიტი
90იანი წლების დასაწყისში მასზე მაგრად ფეხბურთელი არ მიყვარდა – დღეს რობერტო ბაჯო 54 წლის გახდა.
იტალია 90ზე ხომ დაგლიჯა, მერე იუვენტუსში გადავიდა და 1992-95 წლებში უბრალოდ შეუდარებელი იყო!
ღვთაებრივი ცხენისკუდა – მისი უამრავი მეტსახელიდან ეს განსაკუთრებით მომწონდა.
ძალიან მაგარი იყო, საოცარი: ტექნიკა, დრიბლინგი, მოჭრილი და საჯარიმო დარტყმები, პასები… თან, რაღაცნაირად მსუბუქად აკეთებდა ყველაფერს.
94ში, მსოფლიოზე, იტალიამ ბეწვის ხიდზე რომ იარა და ფინალში გავიდა, ბაჯოს ძალიან დიდი დამსახურებაა: ნიგერიასთან პირადად გადაარჩინა უიმედო თამაში, ესპანეთთან დიდებული იყო, ბულგარეთთან უბრალოდ დახატა…
მერე ის ფინალური პენალტი იყო და საკიმ ჯვარი გადაუსვა. და რატომღაც, არიგოს სხვებმაც მიბაძეს.
არადა, იტალია მსოფლიოს ჩემპიონი რომ გამხდარიყო, ზედიზედ მეორედ ჩაიხუტებდა ყველა იმ ინდივიდუალურ პრიზს, ერთი წლის ადრე რომ მოხიკა.
95ის ზაფხულში იუვე დატოვა და მეც ძალიან გული დამწყდა. მილანში და უფრო გვიან, ინტერში გადასულს, მხოლოდ მას ვქომაგობდი.
ბოლონიასა და ბრეშაში ძველებურად უძლიერესი იყო…
ეს ფოტო 97ის შემოდგომით გადავიღე თბილისში, ეროვნულზე, ჩეზარემ ტრავმირებული დელ პიეროს ნაცვლად რომ ჩამოიყვანა, მაშინ.
მეგონა უფროსი მალდინი თავიდანვე ძირითადში დააყენებდა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წუთი გაიმეტა გენიოსისთვის. იმიტომაც დაისაჯა იტალია…
ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი!
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 18 თებერვალი)