ჩემი სარბიელი
სარბიელი 1991 წლის ზაფხულში გავიცანი.
იმ აგვისტოს ფოთმა წყალმოთხილამურეთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა და რეპორტაჟებს დღეში რამდენჯერმე ვკითხულობდი. ფოთი 91ის ვარსკვლავებიც მახსოვს: ავსტრიელი ბრიტა გრებე, მის ევროპა რომ გახდა… იტალიელი მარინა მოსტი… ჩვენებიდან გენადი გურალია და ხათუნა კორკელია…
გაზეთის ის ნომრები ახლაც შენახული მაქვს!
1991ის შემოდგომით საქართველო ორად გაიყო და სარბიელიც პირველად დაიხურა.
1993 წლის ზაფხულში რომ დაბრუნდა, დინამო-ლინფილდის ისტორიული თამაშის წინ, უკვე სპორტზე გადარეული მეთქმოდა და სპორტულ ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი.
1996 წლის შემოდგომით კონკურსი გამოცხადდა, გავიარე და მომდევნო 4 წელი ამ საოცარ გამოცემაში გავატარე, სადაც ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი და კიდევ უფრო მეტი ვისწავლე, არასპორტულიც, მათ შორის.
სარბიელს დაუვიწყარი და სევდიანი პირადი ამბებიც უკავშირდება:
94ის შემოდგომით მე და ჩემი ძმაკაცი გაზეთის გამო ვიღაც ნაბიჭვრებმა დანით დაგვჭრეს. ვიცი, წარმოუდგენელი ამბავია, მაგრამ ასე იყო – ნანატრი ნომრის შესაძენად ნუცუბიძიდან დილით გასულებმა დინამოს სტადიონამდე ფეხით ვიარეთ, იქ ერთ კიოსკში ვიპოვეთ სარბიელი და გამყიდველს რომ გამოვართვით, ვეღაცებმა ეგ გაზეთი უნდა დათმოთ, ძმებოო. ნუ, სიტყვას სიტყვა მოჰყვა და საბოლოოდ ნახალოვკაში, საავადმყოფოში ამოვყავით თავი…
სარბიელშივე გავიცანი ჩემი მეუღლე – 1999 წელს ვიქორწინეთ და მას შემდეგ ერთად მოვდივართ…
ასევე სარბიელის წყალობით მოვხვდი პირველად უცხოეთში, ჰოლანდიაში და ის ამბავი ახლაც უტკბილესად მაგონდება…
ყაზბეგის 42ში, მე4 სართულზე განთავსებულ რედაქციაში შეძენილ მეგობრებს კი აღარ ჩამოვთვლი – ბედნიერი ვარ ეს ხალხი რომ გავიცანი და აგერ უკვე მეოთხედი საუკუნეა მათი დანახვა მიხარია…
დღეს დილით გაზეთების სტენდზე სარბიელი რომ შევნიშნე, გამიხარდა და არ დავმალავ, გულიც დამწყდა.
გამიხარდა იმიტომ, რომ ძველმა გრძნობებმა შემახსენეს თავი.
გული კი იმიტომ დამწყდა, რომ ვიცი – 2020 წლის 28 დეკემბრის ნომერი საიუბილეოა, ერთჯერადია და არავინ იცის, დაბრუნდება თუ არა ყოველდღიური სარბიელი.
არადა ქართული სპორტი კი არა, ძალიან ხმამაღლა ნათქვამი თუ არ გამომივა – მთელ ქვეყანას სჭირდება ეს გაზეთი.
იმიტომ რომ როცა სარბიელი სარბიელობდა, ის გაცილებით მეტი იყო ვიდრე ყოველდღიური სპორტული გამოცემა.
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 28 დეკემბერი)