ჩემი უძლეველი უქიმერიონი
ათი დღეც და ეროვნული ნაკრები 2021 წლის სეზონს დაიწყებს: მსოფლიოს საგაისო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ვილი სანიოლის გუნდი 25 მარტს შვედეთში ითამაშებს, 28ში კი თბილისს კიდევ ერთხელ ეწვევა ესპანეთის ნაკრები. რამდენიმე დღეში საქართველო კვლავ გავა მინდორზე – 31 მარტს, საბერძნეთში.
ჩვენი ფეხბურთის ქომაგებს დიდი ამბები გველის!
ამ წერილის მომზადება კი მოახლოებულმა სანაკრებო თამაშებმა და წლების წინ გაზეთ სარბიელში გამოქვეყნებულმა ერთმა წერილმა მაფიქრებინა.
1996 წლის ნოემბერში, ინგლისის ნაკრების თბილისში სტუმრობის წინ, სარბიელმა საინტერესო ოცნების გუნდი შეადგინა: მასში ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებმაც 1976-96 წლებში სხვადასხვა კლუბის თუ ნაკრების შემადგენლობაში თბილისში, დინამოს სტადიონზე ითამაშეს.
სარბიელის საოცნებო გუნდი ასე დაკომპლექტდა:
მეკარე – ტონი შუმახერი (კიოლნი; გფრ)
მცველები – მანფრედ კალცი (ჰამბურგი; გფრ), ივან ბულიანი (ჰამბურგი; იუგოსლავია), ერიკ გერეტსი (სტანდარდი; ბელგია), რუუდ კროლი (ნაპოლი; ნიდერლანდები)
ნახევარმცველები – ჟან ტიგანა (ბორდო; საფრანგეთი), ენცო შიფო (ანდერლეხტი; ბელგია), ლეონიდ ბურიაკი (კიევის დინამო; უკრაინა)
თავდამსხმელები – იურგენ კლინსმანი (გერმანია), ანდრაშ ტიოროჩიკი (უნგრეთი), კევინ კიგანი (ჰამბურგი; ინგლისი)
ქართველმა გულშემატკივრებმა მსოფლიო ფეხბურთის ეს ვარსკვლავები სხვადასხვა დროს იხილეს თბილისის დინამოს, საბჭოთა კლუბების, საკავშირო თუ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ. გეცოდინებათ: კიევის დინამო, მოსკოვის სპარტაკი და დინამო, ასევე მინსკის დინამო თუ მოსკოვის ტორპედო ევროპის საკლუბო ტურნირებზე მეტოქეებს, დროგამოშვებით, თბილისშიც მასპინძლობდნენ.
1996 წლის შემდეგ მთელი 25 წელიწადი გავიდა!
მას შემდეგ ეროვნულ სტადიონზე ბევრმა დიდმა გუნდმა ითამაშა. სხვა თუ არაფერი საქართველოს ნაკრებმა 3ჯერ უმასპინძლა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს – 2006 წლის შემოდგომით იტალიას, 2012 წელს ესპანეთს, 2015 წლის გაზაფხულზე კი გერმანიას.
და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია (მთავარი თუ არა): 2015 წლის ზაფხულში დინამო არენაზე ევროპის სუპერთასის მფლობელიც გამოვლინდა – ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორმა ბარსელონამ ევროპალიგის გამარჯვებული სევილია 5:4 დაამარცხა…
საქართველოს მთავარ საფეხბურთო სარბიელზე ნანახი დიადი გუნდების ჩამონათვალმა და ესპანელთა მომავალმა სტუმრობამ ოცნების გუნდის ჩამოწერა მაფიქრებინა. იქიდან გამომდინარე, რომ ახლო წარსულში თბილისში, ეროვნულზე ბევრი ბრწყინვალე მოთამაშე ვნახე, ჩემი უქიმერიონის ძირითადის გარდა რჩეული სათადარიგოები და მწვრთნელიც დავასახელე:
მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია)
ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა გოლკიპერმა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე 3ჯერ ითამაშა: 2001 წლის 2 ივნისს, 2006 წლის 11 ოქტომბერს და 2009 წლის 5 სექტემბერს.
ჩვენდა სამწუხაროდ, მისმა იტალიამ ყველა თამაში მოიგო, ჯიჯიმ კი მხოლოდ მესამე სტუმრობისას არ გაუშვა გოლი: პირველ მატჩში მას გოგა გახოკიძემ გაუტანა გოლი, 2006 წლის ოქტომბერში კი ბუფონს დიდებული ბურთი შეუგდო გიორგი შაშიაშვილმა. იმ დროს იუვენტუსის მეკარე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გახლდათ და… სერია ბში თამაშობდა.
თუ რატომ მიმაჩნია ბუფონი ჩვენ ეროვნულ სტადიონზე ნანახ უდიდეს მეკარედ, ამაზე ბევრს არ დავწერ. ვფიქრობ, მისი კარიერა ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს იძლევა.
სათადარიგო: მანუელ ნოიერი (გერმანია)
მარჯვენა მცველი: ლილიან ტურამი (საფრანგეთი)
მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, უამრავი საკლუბო ტიტულის მფლობელი და საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი.
ტურამი თბილისს ევრო 2008ის შესარჩევში ესტუმრა: 2006 წლის 2 სექტემბერს, პენალტებში წაგებული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ საფრანგეთის ძალიან ძლიერმა გუნდმა საქართველოს 3:0 მოუგო.
ლილიან ტურამი იმ დღეს, ისევე როგორც კარიერის მანძილზე, უბრალოდ შეუვალი იყო!
სათადარიგო: დანი ალვეში (ბარსელონა)
ცენტრალური მცველი: ალესანდრო ნესტა (იტალია)
XX და XXI საუკუნის შესაყარზე ეს სიმპათიური იტალიელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი გახლდათ: ლაციოში, მილანსა თუ სკუადრა აძურაში ის უბრალოდ უკონკურენტო იყო!
რამდენიმე სეზონის მანძილზე მილანში მისი მეწყვილე კახი კალაძე გახლდათ, ნაკრების მაისურით თამაშისას კი 2000 წელს წამები დააკლდა ევროპის ჩემპიონობამდე, თუმცა 2006 წელს მთავარი საფეხბურთო ჯილდო – ფიფას ოქროს თასი – მაინც აღმართა.
ნესტამ თბილისში 3ჯერ ითამაშა, ყველა შემთხვევაში სკუადრა აძურას მაისურით:
1997 წლის 10 სექტემბერს – 0:0
2001 წლის 2 ივნისს – 2:1
2006 წლის 11 ოქტომბერს – 3:1
სათადარიგო: ჟერარ პიკე (ესპანეთი)
ცენტრალური მცველი: ფაბიო კანავარო (იტალია)
ნესტას მეწყვილედ იტალიის ნაკრების ლეგენდა და ექს-კაპიტანი ფაბიო კანავარო შევარჩიე. სკუადრა აძურაში დებიუტიდან ფეხბურთიდან წასვლამდე ფაბიო შეუდარებელი იყო, ტრიუმფით დასრულებული გერმანია 2006ის შემდეგ კი მას „ბერლინის კედელი“ შეარქვეს. არ დაგავიწყდეთ: იმ მსოფლიოზე იტალიამ მხოლოდ 2 გოლი გაუშვა – ჯერ კრისტიან ძაკარდომ გაიტანა საკუთარ კარში, ფინალში კი ზინედინ ზიდანმა შეაგდო, ისიც პენალტი.
კანავაროს სიდიადეს ისიც ხაზს უსვამს, რომ სუპერფორვარდების ეპოქაში – 2006 წელს – მსოფლიოს და ევროპის საუკეთესო მოთამაშის წოდება მოიპოვა!
კანავარო იტალიის ნაკრებთან ერთად 4ჯერ ვიხილე ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე:
1997 წლის 10 სექტემბერს – 0:0
2001 წლის 2 ივნისს – 2:1
2006 წლის 11 ოქტომბერს – 3:1
2009 წლის 5 სექტემბერს – 2:0
სათადარიგო: სერხიო რამოსი (ესპანეთი)
მარცხენა მცველი: პაოლო მალდინი (იტალია)
ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მარცხენა მცველი და ზოგადად, უკანახაზელი; სამაგალითო კაპიტანი; მილანის უამრავი რეკორდის მფლობელი და რეკორდსმენი; ყველა საკლუბო ტიტულის მომგები…
მსოფლიო ფეხბურთის დიმიტრი გელოვანი!
მალდინი საქართველოს დედაქალაქს პირველად 1997 წლის 10 სექტემბერს ეწვია (0:0), მეორედ კი კორეა-იაპონია 2002ის საკვალიფიკაციოში – 2:1. ორივე შემთხვევაში ის სკუადრა აძურას კაპიტანი გახლდათ.
მოგვიანებით, დიდი ავიაციიდან წასვლის შემდეგ, მან კიდევ 2ჯერ ითამაშა ეროვნულზე: 2013 წელს კახი კალაძის გამოსათხოვარ მატჩში და 4 წლის შემდეგ, საქველმოქმედო შეხვედრაში.
სათადარიგო: პატრის ევრა (საფრანგეთი)
ნახევარმცველი: ჩავი (ესპანეთი)
2012 წლის 11 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა – ვისენტე დელ ბოსკეს ის უნაკლო გუნდი მსოფლიოს და ევროპის 2გზის მოქმედი ჩემპიონი გახლდათ. თბილისში სტუმრობამდე 3 თვით ადრე ესპანელებმა ევროჩეპიონატის ფინალში 4:0 გაანადგურეს იტალია, საქართველოს კი მატჩის ბოლოს გატანილი ერთადერთი ბურთით სძლიეს.
ჩავი იმ დიადი ფურია როხას სული და გული გახლდათ!
ქვეყნის პირველ გუნდში გატარებული ზღაპრული წლების მხარდამხარ ეს ტანმორჩილი ნახევარმცველი ბარსელონაშიც ბრწყინავდა, სადაც 30ზე მეტი ტიტულიც მოიგო.
სათადარიგო: ფრანკ რიბერი (საფრანგეთი)
ნახევარმცველი: ანდრეს ინიესტა (ესპანეთი; ბარსელონა)
ჩემი ოცნების გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრებიდან ეს დიდებული ფეხბურთელი ერთადერთია, რომელიც დინამო არენას ნაკრებშიც ესტუმრა და კლუბშიც. და მან ორივე შემთხვევაში მოგებულმა დატოვა ეროვნული სტადიონი.
ჩავისთან ერთად ინიესტა დაუმარცხებელი ესპანეთის ნაკრების და ბარსელონის ლიდერი გახლდათ, უფროსი ასაკის ჟურნალისტებს თუ დავესესხები: ტყავის ბურთის სწორუპოვარი დიდოსტატი.
თბილისში პირველ სტუმრობამდე რამდენიმე თვით ადრე, ევრო 2012ზე, ინიესტა კონტინენტის პირველობის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
სათადარიგო: პატრიკ ვიეირა (საფრანგეთი)
ნახევარმცველი: ანდრეა პირლო (იტალია)
მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი სკუადრა აძურას კიდევ ერთი წევრი ჩემს რჩეულთა შორის – ანდრეა პირლო!
მილანის და იუვენტუსის ვარსკვლავმა მთელი ეპოქა შექმნა კალჩოში, დღეს კი ტურინული გრანდის თავკაცია.
პირლომ 2ჯერ ითამაშა თბილისში: 2006 წლის 11 ოქტომბერს და 2009 წლის 5 სექტემბერს. მისმა იტალიამ ორივე თამაშში ორბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა – 3:1 და 2:0.
სხვათა შორის, პირლო ჩემი ოცნების გუნდის ორიდან ერთ-ერთი წევრია (მეორე ანდრეს ინიესტა გახლავთ), რომლის ავტობიოგრაფიაც ქართულად ითარგმნა. ბარემ აქვე გეტყვით, რომ ივანე ჩხიკვაძის მიერ თარგმნილი და არტანუჯის მიერ გამოცემული ეს წიგნი ძალიან საინტერესოა და გირჩევთ.
სათადარიგო: ტონი კროოსი (გერმანია)
თავდამსხმელი: ანდრეი შევჩენკო (უკრაინა)
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო უკრაინელი დღეს ეროვნულ გუნდს წარმატებით წვრთნის.
ევროპის 2003 წლის უძლიერეს ფეხბურთელად აღიარებულმა ანდრეი შევჩენკომ თბილისში 2005 წლის 3 სექტემბერს და 2007 წლის 8 სექტემბერს ითამაშა. ორივე შემთხვევაში ის ნაკრების კაპიტანი იყო, მატჩები კი 1:1 დასრულდა.
პაოლო მალდინის დარად, ახლო წარსულში შევჩენკო კიდევ 2ჯერ ესტუმრა თბილისს, თუმცა იმ თამაშებს, სადაც სხვათა შორის რამდენიმე გოლიც გაიტანა, ცხადია არ გავითვალისწინებ.
სათადარიგო: ლუის სუარესი (ურუგვაი)
თავდამსხმელი: ტიერი ანრი (საფრანგეთი)
თბილისში ნანახი გუნდებიდან ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მსოფლიოს 2006 წლის ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთია. რაიმონ დომენეკის ის ნაკრები მაშინ უძლიერესი იყო და ეს ევრო 2008ის შესარჩევის სტარტზეც დაამტკიცა, როცა მსოფლიოს ჩემპიონი იტალია 3:1 დაამარცხა.
ის საფრანგეთი თბილისს 2006 წლის 2 სექტემბერს ესტუმრა და კლაუს ტოპმიოლერის საქართველოს შანსი არ დაუტოვა – 3:0.
ლონდონის არსენალის სუპერვარსკვლავმა ტიერი ანრიმ გრიგოლ ჭანტურიას კარში გოლი ვერ შეაგდო, მაგრამ იმ დღეს ბრწყინვალედ, თითქმის უნაკლოდ ითამაშა. ჩემი ნათქვამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ ტოპმიოლერმა ანრის წინააღმდეგ გამწესებული მცველი შესვენებამდე, 37ე წუთზე შეცვალა.
სათადარიგო: იურგენ კლინსმანი (გერმანია)
თავდამსხმელი: ლეო მესი (ბარსელონა)
ბედნიერებაა, როცა ფეხბურთი გიყვარს, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე კი შენი კლუბის ლიდერია.
ბარსელონას ქომაგებს ძალიან გაუმართლათ, ის ქართველი გულშემატკივრები კი, რომლებიც 2015 წლის 11 აგვისტოს ეროვნულის ტრიბუნებზე ისხდნენ, ძალიან, ძალიან, ძალიან იღბლიანები აღმოჩნდნენ!
11 აგვისტოს იმ საღამოს დინამო არენაზე ევროპის სუპერთასის ისტორიაში საუკეთესო მატჩი გათამაშდა – ბარსელონამ 5:4 სძლია სევილიას, კატალონიელთა არგენტინელმა ათიანმა კი დიდებული გოლები გაიტანა.
ერთ რამეში ღრმად ვარ დარწმუნებული: წლების შემდეგ, როცა კიდევ შევადგენ სხვადასხვა სახის სიმბოლურ გუნდებს, მესი კვლავ ძირითადში იქნება.
სათადარიგო: რობერტო ბაჯო (იტალია)
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი)
მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი…
ჩემპიონთა ლიგის 2გზის გამარჯვებული…
ევროპის სუპერთასის მფლობელი…
საკონტინენტთაშორისო თასის ტრიუმფატორი…
ესპანეთის პრიმერადივიზიონის 2გზის მომგები…
ვისენტე დელ ბოსკე უნაკლო ესპანეთის ნაკრებს 2012 წლის შემოდგომით ჩამოუძღვა თბილისში. ეს ლეგენდარული სპეციალისტი სხვადასხვა ვერსიით 11ჯერ დასახელდა წლის მწვრთნელად და ჩემი ოცნების გუნდიც მას ვანდე.
მადრიდის რეალს „გალაქტიკო“ მის პერიოდში შეარქვეს – რონალდოს, ზინედინ ზიდანის, ლუიშ ფიგუს, დევიდ ბექემის, რობერტო კარლოსის, რაულის, ფერნანდო მორიენტესის, ფერნანდო იეროს და სხვების თანავარსკვლავედს დელ ბოსკე მშვიდად და ჭკვიანურად წვრთნიდა. ხოლო ის, რომ 70-80იან წლებში კოლორიტული ესპანელი რეალის ფეხბურთელიც გახლდათ, ნამდვილად გეცოდინებათ.
სხვათა შორის, სენიორ ვისენტე თბილისს პირველად სწორედ რეალის მოთამაშის რანგში ესტუმრა. ეს 1981 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა მოსკოვის სპარტაკმა საქართველოში უმასპინძლა სამეფო კლუბს. ის თამაში 0:0 დასრულდა, მოსკოვურ კლუბში კი იმხანად მანუჩარ მაჩაიძე თამაშობდა…
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 15 მარტი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია