ჩემი წიგნები და პრეზენტაციები

ფეხბურთი ყოველკვირეული ჟურნალი იყო, რომელსაც 2000 წელს, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე შევუერთდი, 2001 წლიდან კი მთავარი რედაქტორი გავხდი.

2004 წლის იანვარში, ევრო 2004-თან დაკავშირებით, ჟურნალს სპეციალური ჩანართი დავამატე, რომელიც კონტინენტის პირველობების ისტორიას აცნობდა მკითხველს. ერთი წლის შემდეგ ხსენებული ჩანართები ერთად შევკარი და 2005 წლის გაზაფხულზე საკუთარი ხარჯით გამოვეცი ჩემი პირველი წიგნი: „ევროპის ჩემპიონატების ისტორია – 1960-2004“.

2006 წელს ფრანს ფუტბოლის „ოქროს ბურთს“ 50 წელი შეუსრულდა. და სწორედ ამ, ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ ჯილდოს და მის ისტორიას მივუძღვენი ჩემი მე-2 წიგნი – „ოქროს ბურთის ისტორია 1956-2006“. იმ პერიოდში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ვმუშაობდი და წიგნიც სფფ-ის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა, 17 დეკემბერს კი, ფედერაციის საკონფერენციო დარბაზში, პრეზენტაციაც გაიმართა.

2009 წლის გაზაფხულზე გაზეთ მსოფლიო სპორტთან ერთად დავიწყე პროექტი „გრანდები“. საერთო ჯამში 14 ჟურნალი უნდა გამოგვეცა – 7 საკლუბო გრანდებზე და 7 უდიდეს ნაკრებ გუნდებზე. მასალა თითოეულ მათგანზე მზად იყო, მაგრამ მხოლოდ 5 კლუბის შესახებ მომზადებული ჟურნალები დაისტამბა.

ბარსელონა, მანჩესტერ იუნაიტედი, მილანი, რეალი და ბაიერნი – 2009 წლის 2 ნოემბერს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ პრეზენტაციაზე ეს გამოცემები იხილეს სტუმრებმა. გული მწყდება, რომ სხვები აღარ დაიბეჭდა – მეც და სარედაქციო ჯგუფმაც მართლა ძალიან ბევრი ვიშრომეთ.

დაახლოებით იმავე პერიოდში დავიწყე მსოფლიო სპორტის კიდევ ერთ პროექტზე მუშაობა და 2010 წლის 1 ივნისს, კაფე მსოფლიო სპორტში ჩემი მესამე წიგნის, „მსოფლიო თასის ისტორია 1930-2010“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი უმაღლესი ხარისხით დაიბეჭდა და თითოეული ტურნირის ისტორიის გარდა მსოფლიო ჩემპიონატზე ნათამაშევ ქართველ ფეხბურთელებზე, ასევე საკვალიფიკაციო ტურნირებში საქართველოს ნაკრების მატჩებზე მოუთხრობდა მკითხველს. თითოეული ჩემპიონატის სტატისტიკური ნაწილი რევაზ შენგელიამ მოამზადა.

ამ გამოცემის უდიდესი პლუსი იყო 2 დისკი, რომელზეც მსოფლიო ჩემპიონატების ვიდეო მიმოხილვა, ასევე საუკეთესო გოლები იყო ჩაწერილი.

2014
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის დაკვეთით, 2014 წელს 3 პროექტზე ვუმუშავე: „რამაზ შენგელია“, „თბილისის დინამო 1964 – ოქროს ბიჭების 50 წლის იუბილე“ და „ბაჩო სვანიძე – ღიმილის ბიჭი“. სამივე გამოცემა კონკრეტულ თემაზე საუკეთესო წერილებს აერთიანებს.

2015
ქართული სპორტის მუზეუმმა (რომელიც დღეს, სამწუხაროდ, აღარ არსებობს – ეროვნულ მუზეუმს შეუერთდა) 2015 წელს 50 წლის იუბილე იზეიმა.

ამასთან დაკავშირებით, მუზეუმთან ერთად წიგნი-ალბომი მოვამზადე – „ქართული სპორტის მუზეუმი – 50 წლის იუბილე“.

საზეიმო მიღება 2015 წლის 20 ოქტომბერს გაიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარ დარბაზში და გამოცემაც იქვე წარვუდგინეთ სტუმრებს.

2016
2016 წელს, კვლავ ქართული სპორტის მუზეუმის დახმარებით, გამოიცა ჩემი შედგენილი „13 მაისის 35 წლის იუბილე – 1981-2016“.

გული მწყდება, რომ ეს მართლა ძალიან კარგი და საინტერესო წიგნი-ალბომი მცირე ტირაჟით დაისტამბა. მასში თბილისის დინამოს ისტორიული გამარჯვებისადმი მიძღვნილი უამრავი ფოტო და ძალიან კარგი წერილებია თავმოყრილი.

2016 წლის 13 მაისს თბილისის საკრებულოში ქართული ფეხბურთის უდიდესი გამარჯვების 35 წლის იუბილე აღინიშნა და ამ გამოცემის პრეზენტაციაც იქვე გაიმართა.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე ეს გამოცემა ნუგზარ შატაიძის სახელობის პრემიით აღინიშნა.

2017
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის თანადგომით, 2017 წელს ჩემი მე-4 წიგნი გამოვეცი.

„ბასკებით დაწყებული ისტორია – თბილისის დინამოს საერთაშორისო თამაშები 1937-2017“ საინტერესოა იმ მხრივ, რომ პირველად გამოიცა დინამოს საერთაშორისო მატჩების სრული ჩამონათვალი რამდენიმე საინტერესო წერილის და უამრავი თემატური ფოტოს თანხლებით.

2017 წლის 7 ივნისს ამ წიგნის პრეზენტაცია თბილისში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა, ნოემბრის მიწურულს კი, ბასკეთის მთავრობის ინიციატივით და მხარდაჭერით, ესპანეთში.

აქვე უნდა აღვნიშნო თამარ ამილახვარის ყურადღება და ძალისხმევა: რომ არა ქალბატონი თამარი და მისი კავშირები, ესპანეთში – ბილბაოში, ვიტორიასა და ეიბარში ამ წიგნის პრეზენტაცია ვერ შედგებოდა.

ეს გამოცემა სან მამესზე, ბილბაოს ატლეტიკის საკლუბო მუზეუმშიც გამოიფინა, რომელსაც 2 ეგზემპლარი საჩუქრად გადავეცი, ეიბარში გამართულ პრეზენტაციას კი ბასკეთის ორი საუკეთესო კლუბის, ატლეტიკის ლეგენდარული მეკარე ხოსე ანხელ ირიბარი და სან სებასტიანის რეალ სოსიედადის ყოფილი კაპიტანი აიტორ ლოპეს რეკარტეც დაესწრნენ.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე ეს გამოცემა ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემიით აღინიშნა.

2017 წელს კიდევ 3 პროექტზე ვიმუშავე: ქართული სპორტის მუზეუმის მხარდაჭერით თბილისის დინამოს საკალათბურთო გუნდის მიერ ევროპის ჩემპიონთა თასის მოგებას მივუძღვენით წიგნი; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით კი ვიტალი დარასელიას 60 წლის იუბილე აღვნიშნეთ წერილების კრებულით.

„დიდი გამარჯვების 55 წლის იუბილე – საკალათბურთო დინამოს ევროტრიუმფი“, რომელსაც საქართველოს რადიოს მხრიდან ქართული სპორტის მუზეუმისთვის საჩუქრად გადაცემული აუდიო დისკიც ახლდა, გულშემატკივრებსა და ჩვენ საკალათბურთო სამყაროს 2017 წლის 29 ივნისს წარვუდგინეთ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, „ვიტალი დარასელია 60“-ის პრეზენტაციას კი 1 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზმა უმასპინძლა.

2017 წლის 19 აპრილს კი ქართული სპორტის მუზეუმში გაიმართა პირველი ფოტოკრებულის „ქართული სპორტის დიდი სახელები“ – პრეზენტაცია. გულით მსურდა, რომ ეს ფოტოკრებული ყოველ წელს გამოგვეცა, მუზეუმის მხრიდან სიტყვიერი თანხმობაც იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ეს პროექტი შეწყდა.

2018
2017 წლის დეკემბერში NBA-ის ჩემპიონმა გოლდენ სტეიტ უორიორზმა ზაზა ფაჩულიას დღე აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით სან ფრანცისკოში რამდენიმე ღონისძიება მოეწყო, რომელშიც ანსამბლი შვიდკაცა მონაწილეობდა.

ანსამბლის წევრების მონათხრობით და მათივე ფოტოებით დავაკაბადონე ბუკლეტი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ 2018 წლის იანვარში გამოსცა.

2018 წელს ჩემი მე-5 წიგნი გამოვიდა: „მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია 1930-2018“, რომელიც 2010 წელს გამოცემული წიგნის განახლებული და შევსებული ვარიანტია.

„მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია 1930-2018“-ის პრეზენტაცია რუსეთი 2018-ის დასრულების შემდეგ, 2018 წლის 3 აგვისტოს გაიმართა თბილისში, თბილისში, ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ კლუბში – პაბ ჯონ დონში.

საზეიმო ღონისძიების სტუმრებს ზაზა ფაჩულიას დღისადმი მიძღვნილი ბუკლეტიც წარვუდგინეთ და ვუსახსოვრეთ.

2019
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინტერნეტ-გვერდისთვის წლების განმავლობაში ვაკეთებდი პროექტს „კარიერა ფრაზებში“.

პროექტის არსი ასეთია: ქართულ, საბჭოთა და უცხოურ პრესაში წლების მანძილზე გამოქვეყნებულ სხვადასხვა ავტორთა ინტერვიუებს ვამუშავებდი, მათგან ამოკრეფილი მეტ-ნაკლებად საინტერესო ფრაზებით კი ვადგენდი ერთიან წერილს, რომელშიც კონკრეტული სპორტსმენი განვლილ გზას იხსენებს.

ამ წიგნის პირველი ნაწილი სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ეგიდით 2019 წლის მარტში დაისტამბა.

ორიოდ თვეში, მაისში გამოვიდა ჩემს მიერ წიგნად შეკრული სოლომონ გულისაშვილის წერილების კრებული, რომელიც მკითხველს უეფას თასების მფლობელთა თასის ისტორიას აცნობს და რომელიც ისევ და ისევ სსჟა-ის ეგიდით გამოიცა.
ამ ორი წიგნის – „კარიერა ფრაზებში“ და „თასების თასის ისტორია 1961-1999“ – პრეზენტაცია ზაფხულში, ინტელექტუალური თამაშის (მე-12 მოთამაშე) მსვლელობისას მოეწყო სასტუმრო ჰუალინგში.

2020
კოვიდ 19-ის გამო 2020 წელს სპორტული კი არა, ლამის ყოველდღიური ცხოვრება შეწყდა, თუმცა მეორე ნაწილი წიგნისა „კარიერა ფრაზებში“ მაინც გამოიცა, ისევ და ისევ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მხარდაჭერით.

წიგნები და სხვა გამოცემები

 პრეზენტაციები