ჩერნობილი: ფეხბურთის სიკვდილი
1986 წლის 26 აპრილი – დღე, რომელმაც რადიკალურად შეცვალა კაცობრიობის ისტორია.
ამ თარიღის შესახებ ბევრმა HBO-ს სუპერპოპულარული სერიალის შემდეგ შეიტყო, თუმცა მათ, ვინც საბჭოთა კავშირი გამოიარა, 1986 წლის 26 აპრილის შესახებ ძალიან კარგად იციან.
იმ დღეს ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის მე-4 ბლოკი აფეთქდა. საკავშირო ხელისუფლება ძალიან კი ეცადა მომხდარის მიჩქმალვას, მაგრამ 80-იანი წლების მიწურულს, ტექნიკური პროგრესის წლებში, მათი მცდელობა ამაო გამოდგა.
ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის აფეთქების მასშტაბი და სიმძაფრე პირველ რიგში საბჭოთა კავშირმა გამოსცადა და ძალიან მალე მას კაცობრიობის ისტორიაში ადამიანის ხელით მომხდარი უდიდესი ტრაგედია ეწოდა. 6 ათასზე მეტი დაღუპული და 300 ათასამდე დაზარალებული – ასეთია რადიაციის გამოისობით გარდაცვლილთა და დაზარალებულთა არაოფიციალური რაოდენობა, თუმცა ამბობენ, რომ რეალურად რიცხვი გაცილებით მეტია.
ჩერნობილში აფეთქება 26 აპრილს, გამთენიისას მოხდა, შუადღით კი კიევის მხარის თასის გათამაშების ნახევარფინალური მატჩი უნდა შემდგარიყო პრიპიატის სტროიტელსა და ბოროდიანკის მაშინოსტროიტელს შორის. პრიპიატი, გეცოდინებათ, ჩერნობილთან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ქალაქი იყო, ბოროდიანკა კი მეორე ახლომდებარე დასახლებული პუნქტი.
მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, როცა მაშინოსტროიტელის ფეხბურთელები მსუბუქად ვარჯიშობდნენ, მოედანზე ვერტმფრენი დაეშვა, საიდანაც სპეცსამოსში გამოწყობილი ხალხი გადმოვიდა. ერთ-ერთმა გუნდის მთავარ მწვრთნელ ვიქტორ ჟილინს უთხრა, რომ პრიპიატში გამგზავრება საჭირო აღარ იყო.
ერთ კვირაში გუნდის რამდენიმე წევრი ჩერნობილის ტრაგედიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო, ისევე როგორც არაერთი პრიპიატელი ფეხბურთელი.
პრიპიატის სტადიონი ავანგარდი, რომლის მშენებლობაც ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე დასრულდა, ოფიციალურად 1 მაისს უნდა გახსნილიყო, მშრომელთა საერთაშორისო დღეს.
28 აპრილს ქალაქის ევაკუაცია დაიწყო: პრიპიატი ერთ დღეში დაცარიელდა. იქ მხოლოდ სამხედროები და მაშველები დარჩნენ. რეაქტორის გადახურვის შემდეგ, წლის ბოლოს, ტერიტორია მათაც დატოვეს.
დღეს პრიპიატი მკვდარი ქალაქია, იმ ადგილზე კი, სადაც ფეხბურთი უნდა ეთამაშათ, სახელდახელოდ გაყვანილი სამანქანო გზის ნაწილია დარჩენილი და ხეები ხარობს.
1987 წელს ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის თანამშრომელთათვის ქალაქი სლავუტიჩი ააშენეს. პრიპიატის სტროიტელი იქ გადაბარგდა, თუმცა საშინაო შეხვედრებს მეზობელ ვიშგოროდში ატარებდა.
1988 წელი უკანასკნელია სტროიტელის ისტორიაში: კიევის ზონის საფეხბურთო კლუბების პირველობაზე გუნდმა VIII ადგილი დაიკავა და არსებობა შეწყვიტა.
3 წელიწადში საბჭოთა კავშირიც დაიშალა…
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 5 ივნისი)