ჩეხეთის გულში ანუ სამი კაკალი კონკიასათვის (II ნაწილი)

იყო და არა იყო რა რა შუაშია და დაგეგმილ მოგზაურობაზე ჩინებული და სასიამოვნო, მგონი, ბევრი არც არაფერია ამ ქვეყანაზე.

ზუსტად ასე, კარგად გაწერილი დღის (უფრო სწორად 3 დღის) განრიგით და რუკებით დახუნძლული აღმოვჩნდი პრაღაში, რომელზეც ბევრი წამეკითხა და მომესმინა, მაგრამ აქამდე ჩემი თვალით არ მენახა. მარტო ხეტიალი კი მიყვარს, მაგრამ ახალი ქვეყნების ეულად მონახულება – არა, და ამ შემთხვევაში კიდე 5 მეგობარი მახლდა (მათ შორის მეუღლეც).

კეთილისმსურველებთან ერთად მოგზაურობას კიდე რა ხიბლი აქვს, უჩემოდაც კარგად გეცოდინებათ.

ქალაქის საინტერესო ისტორიის მოყოლას არ ვაპირებ. თუ გაინტერესებთ მშვენივრად მოიძიებთ ინტერნეტში.

არც თანამედროვე პრაღაზე გავილექსები, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს დედაქალაქზე მართლა გაუთავებლად შეიძლება საუბარი. მხოლოდ და მხოლოდ ჩემ ფოტოებს შემოგთავაზებთ და ვეცდები ასე გაფიქრებინოთ პრაღაში მოგზაურობა მათ, ვინც ჯერ არ ყოფილხართ იქ. ძალიან დიდი სიამოვნება გელით და იმიტომ!

სხვისი რა გითხრათ და ჩემთვის პრაღა ფერადი და კოხტა ქალაქია, სადაც საუკუნეების წინ თითქოს იმ ზღაპრების გმირები ცხოვრობდნენ, ძილის წინ რომ გვიკითხავდნენ: პრინცებზე შეყვარებული კონკიები და მეფის ულამაზეს ასულებზე მეოცნებე თავქარიანი ვაჟები.

ამაზე მაშინ დაფიქრდებით, თუ პეტრშინის ქედზე აღმართულ პრაჟსკი ჰრადს, იგივე მეფის სასახლეს დაათვალიერებთ, უმშვენიერესი საკათედრო ტაძრის ეზოში ისეირნებთ, ბოლოს კი გალავნიდან ქალაქს გადმოხედავთ.

დარწმუნებული ვარ ამ ალბომის სათაურად მოშველიებული სუპერპოპულარული ფილმ-ზღაპარიც (თუ ნანახი გაქვთ, რა თქმა უნდა) უთუოდ გაგახსენდებათ. ჩემსავით.

სხვათა შორის „სამი კაკალი კონკიასათვის“ ჩეხებმა XX საუკუნის საუკეთესო ფილმ-ზღაპრად აღიარეს.

პრაჟსკი ჰრადი (ეს ისეთი შთამბეჭდავი კომპლექსია, მას ცალკე ალბომი მივუძღვენი), კარლის ხიდი, თითქმის მთელი ძველი პრაღა – სტარე მესტო თავის ასტრონომიული საათით და ცენტრალური მოედნით, კაფკას მუზეუმი, იქვე – ევროპის ყველაზე ვიწრო ქუჩა, ვიშეჰრადზე აღმართული მოციქულების პეტრეს და პავლეს სახელობის კათოლიკური, მართლა სულისშემკვრელი ტაძარი, ახალი პრაღის სიმბოლო – ტანჩიცი დუმ ანუ მოცეკვავე სახლი (სხვანაირად – ფრედი და ჯინჯერი), ვაცლავის მოედანი, ძველი ბაზარი, უამრავი ლუდის პაბი და ყავის სახლი, მდინარე ვლტავა განუყრელი გედებით და კატამარანებით და რა თქმა უნდა, პრაღის სიმბოლოდ ქცეული, მთელ ქალაქს მოდებული ტრამვაი – ამ ყველაფრით ძალიან მოვიხიბლე!

მოკლედ, სულით და გულით გირჩევთ ჩეხეთის დედაქალაქს.

თუ ლუდი გიყვართ, მაშინ მართლა ყველა საქმე გვერდზე უნდა გადადოთ და იქაურობას ესტუმროთ. ჩვენ, მაგალითად, ყოველ საღამოს საოჯახი რესტორნებს ვსტუმრობდით და ყველგან ნაკლებად ცნობილ, მაგრამ მაინც ჩინებულ ლუდს გეახლებოდით.

როგორც ერთ-ერთი პაბის მეპატრონემ გვითხრა, პრაღაში, და ზოგადად, ჩეხეთში, ლამის ყველა საოჯახო ლუდი სხვადასხვა გემოვნური თვისებებით გამოირჩევა და როგორც ზემოთ აღვნიშნე, თამასა ძალიან მაღლა უჭირავს. ზუსტად ისე, როგორც ჩვენთან ცნობილი საოჯახო მეღვინეობებია…

ხოლო რაც შეეხება ფეხბურთს, ძალიან არ გამიმართლა: ჯენერალი არენაზე (ყოფილ ლეტნაზე) პრაღის 290-ე დერბი შედგა – სპარტამ სლავიას უმასპინძლა. ყველა ბილეთი გაყიდულიაო, მოლარეებმა „მახარეს“.

ისე გავმწარდი, ისე რომ… მხოლოდ მატჩის პროგრამა ვიყიდე და სპარტას საკლუბო მაღაზიაში კიდევ რაღაც-რაღაცები.

ყოველი შემთხვევისთვის – სამახსოვროდ.

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
პრაღა, ჩეხეთი; 2018 წლის 4-6 ნოემბერი

ka_GEGeorgian