ჭიდაობის პროფესორი

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ლეგენდარულ ქართველ ფალავანს ვახტანგ ბალავაძეს ახალი წიგნი მიუძღვნა – ჭიდაობის პროფესორი. წიგნის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

ვახტანგ ბალავაძე პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონია თავისუფალ ჭიდაობაში. მან ეს ტიტული 2-ჯერ მოიგო. ამას გარდა 5-ჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, მოიგო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი და მრავალი საერთაშორისო ტურნირი. ამას გარდა, მან დიდ წარმატებას მიაღწია სამწვრთნელო ასპარეზზეც. ათწლეულებია თბილისი მისი სახელობის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს.

წიგნის ავტორი ვახტანგ ბალავაძის შვილი, სპორტული ჟურნალისტი თამარ ბალავაძეა, რედაქტორი კი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი.

ღონისძიების დასაწყისში შეკრებილმა საზოგადოებამ ვახტანგ ბალავაძისადმი მიძღვნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმიც იხილა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა:

„ბატონი ვახტანგი ქართული სპორტის ვარსკვლავია და მართლაც რომ აუცილებელი იყო მის შესახებ ასეთი კარგი წიგნის გამოცემა. მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა. ვახტანგ ბალავაძე რომ სპორტის ამ რაინდული სახეობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია, ამას მისი მეტსახელებიც ადასტურებს – ჭიდაობის პროფესორი, ჩემპიონთა ჩემპიონი… მის დროს სპორტსმენებს უფრო ხშირად რომ ეასპარეზათ საერთაშორისო ტურნირებში, დარწმუნებული ვარ მის მიერ მოგებული მედლების ჩამონათვალი გაცილებით შთამბეჭდავი იქნებოდა“.

პრეზენტაციის სტუმრებს გამოცემა საჩუქრად გადაეცათ.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2017 წლის 7 დეკემბერი)

ka_GEGeorgian