ჩოგბურთი 150 წლისაა

დღეს ჩოგბურთის დაბადების დღეა.
150 წლის წინ, 1874 წლის 23 თებერვალს, უელსელმა უოლტერ კლოპტონ უინგფილდმა „ბალახის ტენისის“ წესები დააპატენტა, რომელიც ძალიან განსხვავდებოდა იმ დროს პოპულარული დარბაზის თამაშისგან. უინგფილდის პატენტი დღეს კლასიკური ჩოგბურთის პირველ სახელმძღვანელოდაა მიჩნეული.


ერთ წელიწადში უელსელმა სათამაშო იარაღების (ჩოგნები, ბადე, ბურთები) ათასზე მეტი კომპლექტი გაყიდა თანდართულ სახელმძღვანელოსთან ერთად.

უინგფილდის ჩოგბურთი სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. მალე თამაშის წესები კიდევ უფრო დაიხვეწა, 1877 წელს კი ინგლისის ბალახის ტენისის და კროკეტის კლუბმა (All England Lawn Tennis and Croquet Club) პირველი ჩემპიონატი ჩაატარა ლონდონთან ახლოს, უიმბლდონში. შეჯიბრება, რომელშიც ოცდაორი ბრიტანელი მამაკაცი მონაწილეობდა, სპენსერ უილიამ გორმა მოიგო. მან სამ სეტში – 6:1, 6:2, 6:4 – სძლია უილიამ სესილ მარშალს, ვინც მანამდე და შემდეგ არაერთი ბალახის კორტი დააპროექტა ლონდონსა და დუბლინში…

ოჯახური ტრაგედიის გამო თანამედროვე ჩოგბურთის მამა ნელ-ნელა ჩამოშორდა სპორტულ ცხოვრებას. ის 1912 წელს, 78 წლისა გარდაიცვალა.

1997 წელს უოლტერ კლოპტონ უინგფილდი ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის დიდების დარბაზში შეიყვანეს, წლებით ადრე კი მისი სახელი ეწოდა უიმბლდონში მდებარე ინგლისის ბალახის ტენისის და კროკეტის კლუბის მთავარ რესტორანს.

* * *

23 თებერვალი ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელის ნიკა ბასილაშვილის დაბადების დღეცაა. ახლო წარსულში ნიკამ ATP-ის მსოფლიო სერიის ხუთი ტურნირი მოიგო.

ლაშა გოდუაძე
202
4 წლის 23 თებერვალი
ფოტო:
wimbledon.com

ka_GEGeorgian